გადაწყვეტილება №28238/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№28238/2/2026
03 ნოემბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---ს“ 5.10.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №28238/2/2026).
დავის საგანი:
1. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;
2. დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 6.07.2026 წლის №002-114 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 17.09.2026 წლის №20442 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 111 018,25 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 67 320
დღგ - 19 144
საშემოსავლო გადასახადი - 48 176
ჯარიმა - 33 661
საურავი - 10 037,25
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საკანალიზაციო მილების წმენდა. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.04.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე პერიოდის სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება, შემოწმების შედეგები აისახა 30.06.2026 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც 6.07.2026 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №15149 ბრძანება და გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №002-114 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 17.09.2026 წლის №20442 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებზე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ პირველად დოკუმენტაციასა და ბუღალტრულ პროგრამაზე დაყრდნობით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ბანკის ამონაწერით უფიქსირდებოდა ფიზიკურ პირებზე ჯამში 172 720 ლარის გაცემა. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 2024-2025 წლის საანგარიშო პერიოდებში საწარმომ დირექტორზე გასცა სესხი 91 000 ლარის ოდენობით. 2024 წლის 25 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ ნაღდი ანგარიშსწორებით გასცა სესხი 20 000 ლარის ოდენობით შპს „---“-ზე (ს/ნ ---). შპს „---“ გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირებულია 2023 წლის 12 აპრილს, თუმცა ეკონომიკურ საქმიანობას არ ეწევა. სესხად გაცემული თანხები დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის და 154-ე მუხლის შესაბამისად საზოგადოებას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებებსა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი წერილობითი პოზიციაზე, რომლის თანახმად, საწარმოს მიერ გაცემული იყო სესხი ნაღდი ანგარიშსწორებით შპს „---“-ზე და ასევე შპს „---ს“ დირექტორზე, რომელიც არ იყო დეკლარირებული. ამასთან, ადგილი არ ჰქონია არც ერთი სესხის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნებას. დამატებით, შპს „---“-სთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ კომპანია დაფუძნების დღიდან სამეწარმეო საქმიანობას არ ახორციელებს, შესაბამისად, არ არსებობდა სესხის აღების მიზანიც. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ არც შემოწმების და მათ შორის არც დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
RS.GE ზე ატვირთული იყო დეკლარაციები №----, №--- რომელთა გადაგზავნაც დროულად ვერ მოხერხდა საგადასახადო შემოწმების შესახებ შეტყობინების მიღების გამო, შესაბამისად მომჩივანი აღიარებს დღგ-ის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს თუმცა ითხოვს დეკლარაციების გადაუგზავნელობისთვის დაკისრებული 9573 ლარის ოდენობის ჯარიმის პატიებას.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრა დირექტორზე გაცემული სესხი 91 000 ლარის ოდენობით, რომელსაც მომჩივანი აღიარებს და ითხოვს მის ნაწილში კუთვნილი მოგების გადასახადის დარიცხვის და არა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად უნდა იყოს დარიცხული მოგების გადასახადი და ნაცვლად 22750 ლარის აის უნდა იყოს 16059 ლარი. ჯარიმა კი უნდა შემცირდეს 3346 ლარის ოდენობით.
მომჩივანი არ ეთანხმება შპს „---“-ზე სესხად გაცემული 20 000 ლარის დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად განხილვას. ის ფაქტი რომ კომპანია ეკონომიკურ საქმიანობას არ ახორციელებდა არ ნიშნავს იმას, რომ ეს სესხი ამ კომპანიაზე არ გაცემულა, რის დასადასტურებლადაც საჩივარს ერთვის ამ კომპანიის წარმომადგენლის წერილობითი დასტური სესხის მიღების თაობაზე. მომჩივანი ასევე ითხოვს მოგების გადასახადის დარიცხვის შემდგომ დარჩენილი ჯარიმის პატიებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში ბანკის ამონაწერით უფიქსირდებოდა ფიზიკურ პირებზე ჯამში 172 720 ლარის გაცემა. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს კომპანიას 2024- 2025 წლის საანგარიშო პერიოდებში დირექტორზე გაცემული აქვს სესხი 91 000 ლარის ოდენობით, ხოლო 4 2024 წლის 25 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების თანახმად, ნაღდი ანგარიშსწორებით, სესხი, 20 000 ლარის ოდენობით, გაცემულია შპს „---“-ზე. მომჩივანი მიიჩნევს, რომ დირექტორზე სესხის გაცემის ოპერაცია უნდა განხილულიყო მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად, ხოლო შპს „---ს“ მიმართ გაცემული სესხი უნდა განხილულიყო სესხად მათ შორის ამ საზოგადოებისგან წარმოდგენილი თანხმობის წერილის საფუძველზეც.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გაცემულ სესხთაგან არც ერთი არ ყოფილა სრულად ან ნაწილობრივ დაბრუნებული მომჩივნისთვის. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლმა საბჭოს სხდომაზე დამატებით განმარტა, რომ მსესხებელი კომპანია შპს „---“ დაფუძნების დღიდან სამეწარმეო საქმიანობას არ ახორციელებს, შესაბამისად, არ არსებობდა სესხის აღების მიზანიც. მომჩივანს არ წარმოუდგენია რელევანტური მტკიცებულებები აუდიტის დეპარტამენტის პოზიციის გასაქარწყლებლად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნომრების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა
საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის გადასახადის გადამხდელს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისას მოქმედებდა საქმიანობისთვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერებით, სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი აღიარებს დღგ-ის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და ითხოვს დეკლარაციების გადაუგზავნელობისთვის დაკისრებული 9 573 ლარის ოდენობის ჯარიმის პატიებას. ასევე ითხოვს მოგების გადასახადის დარიცხვის შემდგომ დარჩენილი ჯარიმის პატიებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;
2. დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების შედეგების განსაზღვრის მიზნით დამუშავებული და შესწავლილი იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (საბუღალტრო პროგრამა, ბანკის ამონაწერები). პირველადი დოკუმენტაციასა და ბუღალტრულ პროგრამაზე დაყრდნობით დადგინდა, რომ მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში ბანკის ამონაწერით უფიქსირდება ფიზიკურ პირებზე თანხის გაცემა ჯამური თანხით 172 720 ლარი.
შემოწმების შედეგად დადგინდა რომ მომჩივნის მიერ 2024-2025 წლის საანგარიშო პერიოდებში დირექტორზე გაცემულ იქნა სესხი 91 000 ლარის ოდენობით. 2024 წლის 25 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების თანახმად, საწარმომ ნაღდი ანგარიშსწორებით გასცა სესხი 20 000 ლარის ოდენობით. სესხად გაცემული თანხები დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,9,); 101 (1); 154 (1,2); 269 (7).