გადაწყვეტილება №20476/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 28.11.2023
№ დოკუმენტი 20476/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20476/2/2023

28 ნოემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ "-------" )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "------" ის 4.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20476/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის სამსახურის 9.12.2022 წლის №31191 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2023 წლის №125-7 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 26.07.2023 წლის №18080 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 149 232 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 67 106

დღგ - 63 739

მიწა-არასასოფლო - 24

მოგების გადასახადი - 3 232

ქონების გადასახადი - 111

ჯარიმა - 62 405

საურავი - 19 721

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ვაჭრობა ავტომანქანისთვის საჭირო პროდუქციით (ზეთები, ანტიფრიზები და ა.შ).

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 13.06.2019 წლიდან 1.01.2022 წლამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის მიზნებისათვის 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით, პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 28 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

1. კომპანია გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2019 წლის 13 ივნისს. საქონლის შესყიდვას ახორციელებს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საბაჟო ოპერაციებით. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ხორციელდება საქონლის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოწერები, არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე, ვერ იშიფრება საცალოდ რეალიზებული პროდუქცია და სასაქონლომატერიალური ფასეულობების საწყისი-საბოლოო ნაშთები. ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების რაოდენობრივი მონაცემები. მოგების გადასახადის მარტის თვის დეკლარაციებიდან ირკვევა, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება 2019 წლის ბოლოს შეადგენს 168 124 ლარს, 2020 წლის ბოლოს 357 255 ლარს, ხოლო 2021 წლის საბოლოო ნაშთთან დაკავშირებით ინფორმაცია არ არის მითითებული.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 18 მარტის №6904 ბრძანების საფუძველზე კომპანიაში ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია (ფაქტობრივი აღწერა). შედეგებიდან გაირკვა, რომ 2022 წლის 21 მარტის მდგომარეობით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის საბაზრო ღირებულება შეადგენს 476 447 ლარს, საიდანაც აღურიცხავი საქონლის ნაშთის საბაზრო ღირებულებაა 45 656 ლარი. ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით პროდუქციის საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 36.7%-ს. ანალიზი ჩატარდა დოკუმენტური ფასნამატის კუთხით და გამოვლინდა შემდეგი: დოკუმენტით რეალიზებული პროდუქციის საშუალო შეწონილი ფასნამატი 2019 წელს შეადგენს 10%-ს, 2020 წელს 13%-ს, ხოლო 2021 წელს 22%-ს.

გადასახადის გადამხდელის შემოსავლები გაანგარიშდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის 5-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის (2021 წლის 31 დეკემბერი) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი გაანგარიშდა შემდეგნაირად: ინვენტარიზაციით დადგენილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის თვითღირებულებას (აღურიცხავი საქონლის გამოკლებით) გამოაკლდა 2022 წლის 1 იანვრიდან 21 მარტამდე მიღებული შემოსავლის თვითღირებულება, (რპთ-ს გაანგარიშებისთვის აღნიშნული პერიოდის შემოსავალს გამოაკლდა 2022 წლის დოკუმენტური ფასნამატი 23%).

აღნიშნული გაანგარიშებით, 2022 წლის 1 იანვრისთვის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთის თვითღირებულებამ შეადგინა 266 792 ლარი. გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი/რეალიზებული საქონელი და საქონლის ნაშთები დაჯგუფდა საქონლის სახეობების მიხედვით (11 ჯგუფი), სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთები საქონლის ჯგუფების მიხედვით გადანაწილდა შეძენების პროპორციულად. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, გამოანგარიშდა მთლიანად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება წლების მიხედვით, გაიმიჯნა დოკუმენტური და საცალო რეალიზაცია. საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, წლების მიხედვით, გავრცელდა შემდეგი ფასნამატი: 2019 წელს 17%, 2020 წელს 21% და 2021 წელს 35%. შემოწმების მიერ გამოყენებული ფასნამატი გაანგარიშებულია შემდეგნაირად: 2022 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის ფასნამატსა 36.7%-სა და ამავე წლის დოკუმენტურ ფასნამატს 23%- ს შორის არსებული პროპორციის შესაბამისად. საშუალო შეწონილი ფასნამატები, საქონლის ჯგუფების მიხედვით განსხვავებულია. აღნიშნული გაანგარიშებით, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული შემოსავალი გაიზარდა 402 309 ლარით, რაზეც დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით;

2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 18 მარტის №6904 ბრძანების საფუძველზე კომპანიაში ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის (ფაქტობრივი აღწერა) შედეგებიდან თანახმად, 2022 წლის 21 მარტის მდგომარეობით, სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის საბაზრო ღირებულება შეადგენს 476 447 ლარს, საიდანაც აღურიცხავი საქონლის ნაშთის საბაზრო ღირებულებაა 45 656 ლარი. საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღურიცხველობაზე განისაზღვრა ჯარიმა 22 828 ლარის ოდენობით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 6.07.2022 წლის №17598 ბრძანება და №125-12 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 9.12.2022 წლის №31191 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:

- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, კერძოდ, რეალიზებულ პროდუქციაზე გავრცელებული ფასნამატის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 18 მარტის №6904 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ფარგლებში დადგენილი მონაცემებით, ხოლო 2019- 2020 წლის საანგარიშო პერიოდზე დოკუმენტური ფასნამატით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული ჯარიმის კორექტირება;

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 9.12.2022 წლის №31191 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 აპრილის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 4 193 ლარით (გადასახადი 2 850 ლარი და ჯარიმა 1 343 ლარი), დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2023 წლის №125-7 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 26.07.2023 წლის №18080 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, დადგენილ გარემოებაზე, რომ შემოწმების შედეგების გადაანგარიშებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე გამოყენებულია 2022 წელს გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ფარგლებში დადგენილი მონაცემები, ხოლო 2019-2020 წლების საანგარიშო პერიოდზე დოკუმენტური ფასნამატი. ამასთან, 2022 წლის 18 მარტის №6940 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს დამატებით მტკიცებულებები არ წარუდგენია, შესაბამისად დარიცხული ჯარიმა არ დაკორექტირდა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივრებში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და აღნიშნავს შემდეგს:

• აუდიტის დეპარტამენტი საგადასახადო შემოწმების აქტში მიუთითებდა, რომ დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი 2019 წელს შეადგენს 10%-ს, 2020 წელს 13%-ს. 2019 წლის საბოლოო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი 2019 წლის ბოლოს დაფიქსირებული იყო 168 124 ლარი, 2020 წლის ბოლოს 357 255 ლარი;

• ზემოაღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით, 2019 წლის ბრუნვა გადაანგარიშების შედეგად უნდა დადგენილიყო 55 165 ლარი, ნაცვლად 63 295 ლარისა, ხოლო 2020 წელს 118 003 ლარი, ნაცვლად შემოწმების მიერ დადგენილი 119 833 ლარისა.

• ითხოვს ზემოაღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირებას შემცირების გზით.

მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, ამავე კოდექსის 96-ე მუხლზე, აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება, ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან აღნიშნული დარიცხვა გამოწვეულია შეცდომით/არცოდნით, ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოსათვის კანონით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, სადავო საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციისაგან (ჯარიმასაურავი) გათავისუფლებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 აპრილის დასკვნიდან ირკვევა შემდეგი:

- რეალიზებულ პროდუქციაზე გავრცელებული ფასანამატის განსაზღვრისას 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე გამოყენებულია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 18 მარტის №6904 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ფარგლებში დადგენილი მონაცემები, ხოლო 2019-2020 წლების საანგარიშო პერიოდთან დაკავშირებით - დოკუმენტური ფასნამატი. შედეგად, 4 193 ლარით შემცირდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები;

- გადასახადის გადამხდელი 2022 წლის 9 დეკემბრის №31191 ბრძანებას გაეცნო გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 2022 წლის 9 დეკემბერს, მაგრამ 2022 წლის 18 მარტის №6940 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგებთან დაკავშირებით დამატებითი მტკიცებულებები არ წარუდგენია, შესაბამისად დარიცხული ჯარიმა არ დაკორექტირდა

მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და საჩივარში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით ითხოვს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირებას.

საბჭო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საქმესთან არსებული მასალების, მომჩივნის არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 26.07.2023 წლის №18080 ბრძანება;

3. საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მოჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და აღნიშნავს შემდეგს.

მომჩივანი ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოსათვის კანონით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, სადავო საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი/რეალიზებული საქონელი და საქონლის ნაშთები დაჯგუფდა საქონლის სახეობების მიხედვით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთები საქონლის ჯგუფების მიხედვით გადანაწილდა შეძენების პროპორციულად. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, გამოანგარიშდა მთლიანად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება წლების მიხედვით, გაიმიჯნა დოკუმენტური და საცალო რეალიზაცია. გაანგარიშებით, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ დეკლარირებული შემოსავალი გაიზარდა,რაზეც დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

2.კომპანიაში ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგებიდან თანახმად, 2022 წლის 21 მარტის მდგომარეობით, სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის საბაზრო ღირებულება შეადგენს 476 447 ლარს, საიდანაც აღურიცხავი საქონლის ნაშთის საბაზრო ღირებულებაა 45 656 ლარი. საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღურიცხველობაზე კომპანიას განესაზღვრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

269(7).