გადაწყვეტილება №23049/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.07.2024
№ დოკუმენტი 23049/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23049/2/2024

16 ივლისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------ი“ (ს/ნ --------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,6.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ის 13.05.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23049/2/2024).

 

დავის საგანი:

1. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების და ფიზიკური პირებისათვის უსასყიდლოდ მომსახურების გაწევის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 22.03.2024 წლის №006-109 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 24.04.2024 წლის №9540 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 202 401,56 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 735 733 დღგ - 3 172

მოგების გადასახადი - 4 241

საშემოსავლო გადასახადი - 728 320

ჯარიმა - 366 588

საურავი - 100 080,56

 

პროცედურული გარემოებები

მომჩივნის საქმიანობას წარმოადგენს ლაბორატორიული მომსახურება, ოჯახის ექიმებისა და სპეციალისტების კონსულტაცია, კლინიკური კვლევები, სპეც კვლევები.

აუდიტის დეპარტამენტის 18.03.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.12.2022 წლიდან 1.10.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 22.03.2024 წლის №006-109 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 24.04.2024 წლის №9540 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების და ფიზიკური პირებისათვის უსასყიდლოდ მომსახურების გაწევის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდებოდა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები და ასევე, ფიზიკური პირებისათვის უსასყიდლოდ მომსახურების გაწევა. შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

აღნიშნულ საკითხს მომჩივანი არ ხდიდა სადავოდ შემოსავლების სამსახურში და შესაბამისად გასაჩივრებულ ბრძანებაში არ არის ასახული.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების აქტის მე-2 საკითხის შესაბამისად მოგების გადასახადით დაბეგრილია თანხები იმ მოტივით, რომ ხდებოდა ფიზიკურ პირებზე მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა. ასევე იმ მოტივით, რომ საწარმოს არ გააჩნია ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები.

ფიზიკურ პირებისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება ხშირ შემთხვევაში ხდება კომბინირებულად, რა დროსაც მომსახურების ღირებულების ნაწილს იხდის პაციენტი, ნაწილს - შესაბამისი სადაზღვევო კომპანია. საქმიანობის პროცესში ხშირად ადგილი ჰქონდა ისეთ ხარვეზებს, როდესაც პაციენტი განიხილებოდა ხოლმე დაზღვევით მოსარგებლე პაციენტად, დაზღვევის პირობებისგან გამომდინარე მის მიერ ხდებოდა მომსახურების ღირებულების მხოლოდ საკუთარი ნაწილის (გარკვეული პროცენტი, სადაზღვევოს წილი ანაზღაურების გამოკლებით) გადახდა, შესაძლოა ადგილი ჰქონოდა ისეთ შემთხვევას, როდესაც პაციენტი საერთოდ არ იხდიდა მომსახურების თანხას (თუ ასეთს ითვალისწინებდა დაზღვევის პირობა). გარკვეული მიზეზებისგან (ხარვეზებისგან) გამომდინარე მომსახურების გაწევის შემდეგ კლინიკა ვერ ახერხებდა სადაზღვევო კომპანიებისგან შესაბამისი პაციენტზე გაწეული მომსახურების თანხის მიღებას.

სადაზღვევო კომპანიისგან მიუღებელი თანხა ბუღალტრულად აღირიცხებოდა როგორც უსასყიდლოდ გაწეული მომსახურება და რიგ შემთხვევებში იბეგრებოდა კიდეც მოგების გადასახადით (დეკლარაციებით). თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი შემთხვევების უმეტეს ნაწილში არ მომხდარა ფიზიკური პირებისათვის მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა და ადგილი ჰქონდა მომსახურების საფასურის მხოლოდ ნაწილის მიღებას (იმ ნაწილის, რომლის გადახდის ვალდებულება სადაზღვევო პირობებისგან გამომდინარე ჰქონდა პაციენტს), მაგალითად თუ მომსახურების სრული ღირებულება შეადგენდა 100 ლარს, საიდანაც სადაზღვევო კომპანია ანაზღაურებდა 65 ლარს, ხოლო პაციენტი 35 ლარს, მსგავს (ხარვეზიან) შემთხვევებში გადაიხდებოდა მხოლოდ პაციენტის კუთვნილი 35 ლარი.

საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის შესაბამისად დაბეგვრას ექვემდებარება ფიზიკური პირისათვის მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა (და არა ფასდაკლებით). აღსანიშნავია, რომ ეს ფიზიკური პირები არ წარმოადგენენ თანამშრომლებს ან საწარმოს ურთიერთდამოკიდებულ პირებს, რაც იქნებოდა იმის პირობა, რომ საწარმოს ამ ნაწილში წარმოეშობოდა საგადასახადო ვალდებულებები სხვა კუთხით (როგორც ურთიერთდამოკიდებულ პირზე ან თანამშრომელზე საბაზროზე დაბალი ფასით გაწეული მომსახურება), აღნიშნულიდან გამომდინარე ვფიქრობთ შემცირებას ექვემდებარება ამ ნაწილში, როგორც შემოწმების აქტით დაბეგრილი თანხები, ასევე ის თანხები, რომლის დეკლარირებაც განხორციელდა ჩვენს მიერ შეცდომით. გთხოვთ დაავალოთ აუდიტის დეპარტამენტს ამ საკითხის შესწავლა ჩვენი მონაწილეობით.

მომჩივანი ითხოვს დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების ნაწილში მიეცეს საშუალება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებით დოკუმენტები და მტკიცებულებები, რაც დაადასტურებს ხარჯს/ხარჯის საჭიროებას.

2023 წლის იანვარში კომპანიაში თანამშრომლების მონაწილეობით ჩატარდა ღონისძიება ე.წ კორპორატიული. დეკლარირებული მონაცემებით ღონისძიება განხილულია, როგორც თანამშრომლების მიერ მიღებული სარგებელი. ამ საკითხის დეკლარირება (და საშემოსავლო გადასახადის გადახდა) განპირობებული იყო საგადასახადო რისკების დაზღვევის და მომავალში მოსალოდნელი საგადასახადო სანქციების გამორიცხვის მიზნით, თუმცა აღნიშნული ღონისძიება რეალურად არ წარმოადგენს თანამშრომელთა სარგებელს და უპირველეს ყოვლისა ემსახურება საწარმოს ეკონომიკურ მიზნებს, მათ შორის: ე.წ ,,თიმ ბილდინგს“ (მათ შორის საწარმოს ხელმძღვანელი პირები ,,არასამუშაო რეჟიმში“ ხვდებიან თანამშრომლებს, ღონისძიების ფარგლებში ასევე ადგილი აქვს თანამშრომლებისათვის საწარმოს მიერ მიღებული საქმიანობის შედეგების და მომავალი გეგმების გაცნობას. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ემსახურება თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებას, თანამშრომლებში კეთილგანწყობის გაზრდას, როგორც ერთმანეთის, ასევე კომპანიის და შესასრულებელი სამუშაოს მიმართ.

აქედან გამომდინარე მომჩივნის პოზიციაა აღნიშნული ხარჯი განხილული უნდა იქნეს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯად, რომელიც არ წარმოშობს დამატებით საგადასახადო ვალდებულებებს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციის და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში.

დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილი საჩივრით გადასახადის გადამხდელი ითხოვს, მიეცეს საშუალება წარუდგინოს აუდიტის დეპარტამენტს დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების ნაწილში დამატებით დოკუმენტები და მტკიცებულებები, რაც დაადასტურებს ხარჯის საჭიროებას. ასევე აღნიშნული ხარჯი განხილული იქნეს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯად, რომელიც არ წარმოშობს დამატებით საგადასახადო ვალდებულებებს.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრით მომჩივანი ითხოვდა დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე და სადავოდ არ ხდიდა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების და ფიზიკური პირებისათვის უსასყიდლოდ მომსახურების გაწევის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 24.04.2024 წლის №9540 ბრძანებაში აღნიშნული საკითხი ასახული არ არის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს შემოწმებით განსაზღვრული დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების და ფიზიკური პირებისათვის უსასყიდლოდ მომსახურების გაწევის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე.

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული 22.03.2024 წლის №006-109 საგადასახადო მოთხოვნით მომჩივანს დაერიცხა სულ 1 202 401 ლარი, მათ შორის, ჯარიმა 366 588 ლარი და საურავი 100 080,56 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 274-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და 275-ე მუხლზე.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები და საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ ვალდებულებებზე სანქციის შეფარდება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული ჯარიმისა და საურავის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შპს ------ი დაფუძნდა 2019 წლის 25 მარტს, თუმცა ოფიციალურად კლინიკა გაიხსნა 2020 წლის 1 აპრილიდან. კომპანიის გახსნა დაემთხვა Covid-19-ის დასაწყისს და სრულ „ლოქდაუნს“, რომელიც 10 დღით ადრე გამოცხადდა. სახელმწიფო რეგულაციებიდან გამომდინარე, პაციენტების მიღება ვერ ხდებოდა კლინიკაში და ოჯახის ექიმები და სპეციალისტები იძულებული იყვნენ მათი ჯანმრთელობა დისტანციურად, სატელეფონო კონსულტაციებით ემართათ. აღსანიშნავია, რომ ოჯახის ექიმებმა კოვიდის პერიოდში 30,000-მდე კოვიდ-პაციენტს მოემსახურნენ. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ამ მომსახურების ღირებულებას არ ანაზღაურებდნენ არც სახელმწიფო და არც სადაზღვევო კომპანიები.

კომპანიას დასაწყისში არ ჰქონდა საწესდებო-საბრუნავი კაპიტალი და კლინიკის გახსნისთვის საჭირო ინვესტიციების (ფართის რემონტი/ავეჯით უზრუნველყოფა; სამედიცინო აღჭურვილობა/დანადგარების შეძენა) მოძიება მოხდა ბანკიდან აღებული სესხისა (1 100 000 ლარი) და ლიზინგის საშუალებით.

ასევე, კომპანიას ეკონომიკური საქმიანობის დაწყებიდან, დაახლოებით ერთ წელიწადში სახსრების უქონლობის გამო, მიმდინარე დაგროვილი ხარჯების დასაფარად, მოუწია კომპანიის წილის 49%-ის გაყიდვა და დამატებითი სესხის აღება მომავალი თანამესაკუთრისგან.

დღევანდელი მდგომარეობით, კომპანია დღეში იღებს საშუალოდ 1200-1300 პაციენტს და კლინიკის გახსნის დღიდან დღემდე წლიურად პაციენტების საშუალო ზრდა შეადგენს 64%-ს.

კომპანიას შემოსავლების სამსახურთან დავალიანებების მართვასთან დაკავშირებით 2022 წლის ზაფხულშიც ჰქონდა კომუნიკაცია. იმ პერიოდისთვის კოვიდ პროგრამიდან ჰქონდა სახელმწიფოსგან მისაღები მომსახურების თანხები, რომლის ჩარიცხვისთანავეც ერთიანად მოახდინა დაგროვილი ვალდებულების დაფარვა. მიმდინარედ, ოქტომბრის პერიოდიდან ყოველთვიურად ხდება დეკლარაციების დროულად წარდგენა და ჯამური ბიუჯეტში გადასახდელი თანხა საშუალოდ ყოველ თვე შეადგენს 90,000 ლარს. კომპანიის ოპერირებისთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა 4 ფაქტორი:

1. შრომის ანაზღაურების დროულად გადახდა თანამშრომლებისთვის (რადგან სერვისის ბიზნესს განეკუთვნება კლინიკა);

2. ლაბორატორიული & სახარჯი მასალების შესყიდვა;

3. ფართის იჯარა;

4. კომუნალური გადასახადები.

ამ რომელიმე ფაქტორის დარღვევა სრულიად აჩერებს ბიზნესს. კლინიკას ჰქონდა ძალიან რთული პერიოდი და ამიტომაც იყო შეფერხებები საბიუჯეტო გადასახადების გადახდის ნაწილში 2023 წლის მდგომარეობით, პანდემიიდან გამომდინარე კლინიკას ჰქონდა დაგროვილი ვალდებულებები, როგორც ლაბორატორიულ და სახარჯ მასალებზე, ასევე იჯარაზე (შესაძლებელია მაგალითად 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით გადმოგიგზავნოთ მათ წინაშე დაგროვილი ვალდებულებები). კრედიტორების მხრიდან როგორც წერილობით, ასევე სიტყვიერად მოხდა გაფრთხილება (და შესაძლებელია ამ მასალის წარმოდგენა) რომ დაგროვილი ვალდებულებისა (გრაფიკით) და მიმდინარე გადახდების არ გადახდის შემთხვევაში, კლინიკას შეუწყვეტდნენ კონტრაქტს. ეს კი გამოიწვევდა ბიზნესის გაჩერებას 1 დღეში. გარდა ამისა, გვიანდებოდა ხელფასების გადახდა, რის გამოც თანამშრომლებში უკმაყოფილება იმატებდა. იყო შემთხვევები, როდესაც ხელფასების ჩარიცხვა ერთი თვითაც კი დაგვიანდა (მიმდინარე დროისათვის თანამშრომელთა საშუალო რაოდენობა შეადგენს 350 დასაქმებულ პირს). იმ შემთხვევაში თუკი კომპანია დაიწყებდა საშემოსავლო გადასახადის გადახდას, ხელფასების გადახდის თეორიული შესაძლებლობა არ ექნებოდა. ასევე კომპანია ვერ შეძლებდა როგორც იჯარის, ასევე სახარჯი მასალების ვალდებულებების გადახდის დაწყებასა და მიმდინარე შესყიდვის უზრუნველყოფას. შესაბამისად, კლინიკა ყველა არსებულ რესურსს იყენებდა იმისათვის, რომ დაეფარა ზემოთ ჩამოთვლილი 4 ტიპის ხარჯი, რათა ბიზნესი არ გაჩერებულიყო. მეტად მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ პროცესი მიმდინარეობდა კორონავირუსის პანდემიისაგან გამოწვეული წნეხის პირობებში, გარემოში, სადაც ყველა მომწოდებელს და პარტნიორს თავისი დამატებითი რისკები ჰქონდა. კომპანიის მდგრადობაზე, ცხადია, მეტად უარყოფითად მოქმედებდა მისი მეტად ხანმოკლე ისტორია, რაც იწვევდა დამატებით ზეწოლას როგორც „გარედან“-მომწოდებლების, ისე „შიგნიდან“ თანამშრომლების/დასაქმებულების მხრიდან. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კომპანიის დამფუძნებლებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი კომპანიის საოპერაციო საქმიანობაში, ხელფასის გარდა კომპანიიდან სხვა სარგებელი არ მიუღიათ. პირიქით, მოუწიათ კომპანიაში პირადი სახსრებით (ბანკისგან აღებული პირადი სესხი) ჩაედოთ კაპიტალი, რაც დღეის მდგომარეობით შეადგენს დაახლოებით 180,000 ლარს. კომპანიამ ყველა ღონე იხმარა იმისთვის, რომ კლინიკა გამოჯანსაღებულიყო, მათ შორის, პროცესებში ჩართო ექსპერტთა ჯგუფი, რათა განესაზღვრა გადარჩენის გზა და შეემუშავებინა შესაბამისი ფინანსური პროგნოზი. შპს -----ი სრულად და კეთილსინდისიერად აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. კომპანიას აუდიტის შემოწმების პროცესში სრულად და დაუფარავად ჰქონდა კომუნიკაცია შემოსავლების სამსახურის აუდიტორული დეპარტამენტის აუდიტორებთან, მიაწოდა ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. აღსანიშნავია, რომ აუდიტორების მიერ მიღებული დასაბეგრი ბრუნვა შემთხვევა ბუღალტრულ ბაზაში უკვე არსებულ მონაცემებს (დარიცხულ ვალდებულებას ბიუჯეტის წინაშე).

კომპანია მუდმივად ახდენს ბიზნეს პროცესების მიმდინარეობის შეფასებას, სამომავლო გეგმების დასახვასა და ბიუჯეტირებას. აუდიტის დანიშვნის ბრძანებამდე კომპანიას ჰქონდა წინასწარ დადგენილი ბიუჯეტი, რომელიც მოიაზრებდა ბიუჯეტის წინაშე არსებული ვალდებულების სრულად დაფარვას.

მიმდინარე პერიოდისთვის, ფირმას შესწევს ძალა ეტაპობრივად მოაბილიზოს თანხები და მიმართოს ბიუჯეტში გარკვეული გრაფიკის მიხედვით. მომჩივანი ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციისაგან გათავისუფლებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსის გათვალისწინებული შემთხვევებში. საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების და ფიზიკური პირებისათვის უსასყიდლოდ მომსახურების გაწევის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.12.2022 წლიდან 1.10.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №006-109 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №9540 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს შემოწმებით განსაზღვრული დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების და ფიზიკური პირებისათვის უსასყიდლოდ მომსახურების გაწევის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე.

ამასთან, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7);