გადაწყვეტილება №21646/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.04.2024
№ დოკუმენტი 21646/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№21646/2/2023

10 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ ------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----ის 18.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21646/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 12.06.2023 წლის №13039 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 18.10.2023 წლის №052-24 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 28.11.2023 წლის №29503 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 310 076,87 ლარი.

მათ შორის: გადასახადი - 190 522

დღგ - 120 087

საშემოსავლო გადასახადი - 70 435

ჯარიმა - 94 517

საურავი - 25 037,87

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე პერიოდი. ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 3.02.2023 წლამდე პერიოდი.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 11.04.2023 წლის №052-10 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 12.06.2023 წლის №13039 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შემოწმებით გაანგარიშებულ ფულის ნაშთის საფუძველზე განხორციელებული დარიცხვის საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორის ხელფასად დაკვალიფიცირების საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 12.06.2023 წლის №13039 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის დასკვნის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორის ხელფასად დაკვალიფიცირების საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება საკმარისი ფინანსური მოგება დივიდენდის გასანაწილებლად, შესაბამისად, აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.

აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 18.10.2023 წლის №052-24 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 28.11.2023 წლის №29503 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და 304- ე მუხლის 21 ნაწილზე.

შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლითაც დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ცხრილის შესწავლის საფუძველზე, ირკვევა, რომ ფინანსური მოგების დათვლისას საწარმოს შემოსავალში და ხარჯებში არასწორად აქვს გათვალისწინებული სესხის ძირითადი და საპროცენტო თანხები, საიდანაც დათვლილია დივიდენდი და მოგების გადასახადი. კერძოდ, პირს გაანგარიშებაში არ უნდა გაეთვალისწინებინა სესხის ძირითადი და პროცენტის თანხები. აღნიშნული საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება საკმარისი ფინანსური მოგება დივიდენდის გასანაწილებლად.

შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ასევე, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ამასთან, მომჩივანს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის 28.11.2023 წლის №29503 გადაწყვეტილება არის სრულიად დაუსაბუთებელი და მიღებულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე. საჩივარში მითითებული იყო, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 1.02.2023 წლის №1555 ბრძანების მიხედვით ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვით 2.02.2023 წლისთვის სალაროს ნაშთი შეადგენდა 1 181,4 ლარს. ასევე 2.02.2023 წლის №1673 ბრძანებით ჩატარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია, რის მიხედვით ფაქტობრივი მდგომარეობით სმფ-ების ნაშთმა საბაზრო ღირებულებით შეადგინა 203 302 ლარი.

1.01.2020 წლის მდგომარეობით, დებიტორული და კრედიტორული დავალიანების საწყისი და საბოლოო ნაშთები შეადგენს 0 ლარს, სალაროს და ბანკის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის შეადგენს 21 100 ლარს, საწესდებო კაპიტალი შეადგენს 200 254 ლარს, რომელიც შემოტანილია დამფუძნებლის მიერ. სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი 1.01.2020 წლისთვის შეადგენდა 215 016 ლარს თვითღირებულებით.

კომპანია ეწევა საცალო ვაჭრობას სურსათით, სიგარეტით და სხვა საქონლით. საქმიანობას ახორციელებს -----ის რაიონის სოფელ -----ში იჯარით აღებულ ფართში. ფართის მესაკუთრეა დირექტორი ----- (პ/ნ -----), რომლისთვის გადასახდელი ყოველთვიური საიჯარო თანხა შეადგენს 250 ლარს. კომპანია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესყიდვას ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ამ ეტაპზე ვერ აწარმოებს საქონლის სახეობების მიხედვით რაოდენობრივ-თანხობრივ აღრიცხვას პროგრამაში.

შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შეძენილ პროდუქციაზე, სიგარეტსა და სხვა საქონელზე საცალოდ რეალიზებული პროდუქციის ფასნამატის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა საშუალო შეწონილი დოკუმენტური ფასნამატი, რომელიც შედარდა აუდირებულ ფასნამატს იგივე რეგიონში. შესაბამისად შემოწმების მიერ გაანგარიშებული იქნა რპთ ცალკეული კატეგორიის მიხედვით, რომელზეც გავრცელდა ცალკეული კატეგორიის ფასნამატი. საბოლოოდ, შემოწმებით საშუალო შეწონილი ფასნამატი განისაზღვრა 15 პროცენტით. შესაბამისად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დარიცხულია დღგ. აგრეთვე არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა ფულის მოძრაობა, შემოწმებით დადგენილ შემოსავალს შეუპირისპირდა დოკუმენტურად დადასტურებული დადგენილი ხარჯი, საწყისი და საბოლოო კაპიტალის ოდენობა. აღნიშნულის შედეგად გამოვლენილი ფულის დანაკლისი შესამოწმებელ პერიოდში დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე -------ზე გაცემულ ხელფასად და დარიცხულია საშემოსავლო გადასახადი.

შემოწმების დროს ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური მარაგების და ფულის ინვენტარიზაცია. აუდიტორს ფულის მოძრაობა გაკეთებული აქვს 1.01.2023 წლის მდგომარეობით და არა ინვენტარიზაციის მომენტისთვის.

აუდიტორის გაანგარიშება არის არასწორი, ფულის მოძრაობის ანგარიშის დროს, არ აქვს გათვალისწინებული გაცემული ხელფასი და კომუნალური გადასახადი, მის მიერ გამოგზავნილი ცხრილის მიხედვით, რომელიც წარმოდგენილია დანართის სახით. შეცდომით აქვს ექსელის ფაილში ფორმულა, დაჯამებისას არ აქვს გათვალისწინებული გაცემული ხელფასი და ელ. ენერგიის ხარჯი. დანართად წარმოდგენილია შემმოწმებლის მიერ გამოგზავნილი ექსელის ფაილი. ფულის ანგარიშის დროს გრაფაში „სულ“ უნდა ეწეროს 3 079 817,48 ლარი და წერია 2 982 143,36 ლარი, სხვაობა არის 97 674,12 ლარი.

ფულის დანაკლისი დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, კომპანიას აქვს მოგება და მიღებული სხვაობა დაკვალიფიცირდა როგორც მოგება და დარიცხულია მოგების და საშემოსავლო გადასახადი. 29.09.2023 წელს შედგენილ დასკვნაში აუდიტორი წერს, რომ ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორის ხელფასად დაკვალიფიცირების საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს არ უფიქსირდება საკმარისი ფინანსური მოგება დივიდენდის გასანაწილებლად, შესაბამისად აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, დანართად წარმოდგენილია შემმოწმებლის მიერ გამოგზავნილი ექსელის ფაილი.

შემოწმებით საშუალო შეწონილი ფასნამატი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, საშუალო შეწონილი ფასნამატი განისაზღვრა 15 პროცენტით, შესაბამისად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. რეალიზაცია არის როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისთვის საგადასახადო ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს კომპანიის რეალიზაციით.

შემოსავლების სამსახურს სრულყოფილად არ გამოუკვლევია და შეუფასებია ფაქტობრივი გარემოება, რომელიც საჩივარში იყო მითითებული. სადავო გადაწყვეტილებაში შემოსავლების სამსახური უთითებს არაერთ ნორმაზე, თუმცა ვერ ასაბუთებს კონკრეტულად რომელ გარემოებასა და მტკიცებულებას შეუსაბამა ეს ნორმები. ადმინისტრაციული ორგანო სათანადო პასუხისმგებლობით არ მიუდგა განსახილველ საკითხს, მარტივად მიიღო გადაწყვეტილება და დაარღვია გადასახადის გადამხდელის კანონიერი უფლებები და ინტერსები და მიიღო დაუსაბუთებელი, უკანონო გადაწყვეტილება, რაც რა თქმა უნდა ქმნის მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 601 და 96-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ შემოწმება ჩატარდა არაკვალიფიციურად, რამაც კომპანიის როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელის ინტერესები მნიშვნელოვნად დააზიანა, კერძოდ კომპანიაში არსებული დოკუმენტები ფაქტობრივად არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული. კომპანიას გააჩნდა ნდობა ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუმცა აღნიშნულმა ფაქტებმა ეს დამოკიდებულება სრულად შეცვალა.

უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული აქტები და მოხდეს გადასახადის გადამხდელის ჩართვა შემოწმების პროცესში, აუდიტორებმა საფუძვლიანად შეისწავლონ წარმოდგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები. შეცვალონ დარიცხვისთვის გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდი და მოიხსნას დარიცხული ჯარიმა და საურავი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოსავლების სამსახურის 12.06.2023 წლის №13039 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორის ხელფასად დაკვალიფიცირების საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის დასკვნის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორის ხელფასად დაკვალიფიცირების საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება საკმარისი ფინანსური მოგება დივიდენდის გასანაწილებლად, შესაბამისად, აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.

საბჭო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორის ხელფასად დაკვალიფიცირების საკითხი აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილია შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად და ვინაიდან შესწავლის შედეგების გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება საკმარისი ფინანსური მოგება დივიდენდის გასანაწილებლად, არ განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას აუდიტის დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხი შესწავლილია შემოსავლების სამსახურის 12.06.2023 წლის №13039 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

მომჩივანი მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურს სრულყოფილად არ გამოუკვლევია და შეუფასებია ფაქტობრივი გარემოება, რომელიც საჩივარში იყო მითითებული. სადავო გადაწყვეტილებაში შემოსავლების სამსახური უთითებს არაერთ ნორმაზე, თუმცა ვერ ასაბუთებს კონკრეტულად რომელ გარემოებასა და მტკიცებულებას შეუსაბამა ეს ნორმები. შემოწმება ჩატარდა არაკვალიფიციურად, რამაც კომპანიის როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელის ინტერესები მნიშვნელოვნად დააზიანა, კერძოდ კომპანიაში არსებული დოკუმენტები ფაქტობრივად არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული. უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული აქტები და მოხდეს გადასახადის გადამხდელის ჩართვა შემოწმების პროცესში, აუდიტორებმა საფუძვლიანად შეისწავლონ წარმოდგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები. შეცვალონ დარიცხვისთვის გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდი და მოიხსნას დარიცხული ჯარიმა და საურავი.

საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 12.06.2023 წლის №13039 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 12.06.2023 წლის №13039 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 12.06.2023 წლის №13039 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორის ხელფასად დაკვალიფიცირების საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება). აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის დასკვნის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორის ხელფასად დაკვალიფიცირების საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება საკმარისი ფინანსური მოგება დივიდენდის გასანაწილებლად, შესაბამისად, აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 18.10.2023 წლის №052-24 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.11.2023 წლის №29503 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 12.06.2023 წლის №13039 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 304 (1 „გ“).