გადაწყვეტილება №19206/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.05.2023
№ დოკუმენტი 19206/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19206/2/2023

4.05.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------- 21.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19206/2/2023).

 

დავის საგანი:

1. სატრანსპორტო საშუალების იჯარის დღგ-ით დაბეგვრა და მიღებული შემოსავლის დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად განხილვა;

2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 7.10.2022 წლის №002-163 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2.03.2023 წლის №4027 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 84 095,79 ლარი

მათ შორის:

გადასახადი - 47 658 დღგ - 11 881

საშემოსავლო გადასახადი - 33 106

ქონების გადასახადი - 2 671

ჯარიმა - 22 815

საურავი - 13 622,79

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 27.09.2022 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 7.10.2022 წლის №002- 163 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2.03.2023 წლის №4027 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. სატრანსპორტო საშუალების იჯარის დღგ-ით დაბეგვრა და მიღებული შემოსავლის დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად განხილვა

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შპს „----------“ (ს/ნ ----------) შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული აქვს დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა 1 928 926 ლარის ოდენობით. პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, საბანკო ამონაწერების, გადამხდელის ახსნა-განმარტებების ანალიზის შედეგად დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 1 994 932 ლარი.

დადგინდა, რომ გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში არ ბეგრავდა სატრანზიტო მანქანის გაქირავებიდან მიღებულ შემოსავალს, რომელიც დაადასტურა შესაბამისი ახსნა-განმარტებითი ბარათითაც. ამდენად, 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის და 2021 წლიდან მოქმედი 158-ე და 159-ე მუხლების საფუძველზე, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ასევე ყოველთვიური გაქირავებით მიღებული შემოსავალი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით, ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან ამავე კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით. პირს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 73- ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სატრანზიტო მანქანა, რომელიც შემოსავლების სამსახურს მიჩნეული აქვს, რომ გაქირავებული ჰქონდა მომჩივანს და იღებდა შემოსავალს, რეალურად იყო გაყიდული და არ ეკუთვნოდა ამ პირს, რასაც ადასტურებს ხელშეკრულება მყიდველთან. ასევე, ის გარემოება, რომ არანაირი დარიცხვა საბანკო გზით თუ ნაღდი ანგარიშსწორება ქირის თანხის ხელზე მიღებასთან დაკავშირებით არ არსებობს, რადგანაც რეალურად არ მომხდარა სატრანზიტო მანქანის გაქირავება. იგი გაყიდული იყო სხვა პირზე. გაურკვევლობა კი მათ შორის ბუღალტრისთვის ის იყო, რომ მანქანის გაყიდვისას არ მომხდარა სრული თანხის გადახდა მხარეთა შორის შეთანხმების თანახმად, რომელიც შედგა სპარსულ ენაზე, მანქანის მყიდველზე გადაფორმება მოხდებოდა მას შემდეგ, რაც სრულად დაიფარებოდა დავალიანება. მყიდველმა სატრანზიტო მანქანის ფაქტობრივი ფლობა დაიწყო მაშინვე, როდესაც მოხდა შეთანხმების გაფორმება. სატრანზიტო მანქანა, რომელიც რეალურად იყო გაყიდული და ფაქტობრივად ფლობდა სხვა პირი, არა ქირავნობის, არამედ ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ვერ იქნება მიჩნეული გაქირავებულად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში არ ბეგრავდა სატრანზიტო მანქანის გაქირავებიდან მიღებულ შემოსავალს, რომელიც დადასტურებულ იქნა გადამხდელის ახსნა-განმარტებითი ბარათითაც. შემოსავლის/დებიტორული დავალიანების მიღებულად განხილვასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციასა და შესაბამის დანართზე (გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი ახსნა-განმარტებითი ბარათი), რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ საწარმოს დებიტორული დავალიანება შეადგენს 0 ლარს. შესაბამისად, შემოწმებით დღგ-ით დაიბეგრა სატრანსპორტო საშუალების იჯარის მომსახურება და მიღებული შემოსავლი ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად.

საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 7.10.2022 წლის №002-163 საგადასახადო მოთხოვნით მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა - 22 815 ლარი და საურავი - 13 622,79 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269- ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არის ძალიან მოწესრიგებული და კანონმორჩილი პირი. იგი ყოველთვის სწორად იხდის გადასახადებს, რაც დასტურდება საგადასახადო შემოწმების აქტით. 3 წლის მანძილზე ზემოაღნიშნული გაუგებრობის გარდა ყველა გადასახადი ზედმიწევნით აქვს გადახდილი. იგი მზადაა გადაიხადოს სატრანზიტო მანქანის გაყიდვით წარმოშობილი დღგ, ხოლო მასზე არ მოხდეს ჯარიმის და საურავის დაკისრება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას. კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას), ხოლო იმ შემთხვევაში თუ პირი მოქმედებდა თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით არ შეიძლება გათავისუფლდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების და მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

 

სადაო საკითხს წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების იჯარის დღგ-ით დაბეგვრა და მიღებული შემოსავლის დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად განხილვა; ასევე ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციებისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

დადგინდა, რომ გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში არ ბეგრავდა სატრანზიტო მანქანის გაქირავებიდან მიღებულ შემოსავალს, რომელიც დაადასტურა შესაბამისი ახსნა-განმარტებითი ბარათითაც. ამდენად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ასევე ყოველთვიური გაქირავებით მიღებული შემოსავალი ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.. პირს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების და მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 158; 159; 101, 154, 275; 2021 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 161