გადაწყვეტილება №21156/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21156/2/2023
01 მარტი 2024
გადაწყვეტილება
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------“-ს 24.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21156/2/2023).
დავის საგანი:
1. საწარმოზე რიცხული კომერციული და საცხოვრებელი ფართების იჯარით გაცემულად მიჩნევა;
2. კომუნალური ხარჯების გათვალისწინებით ბინების რეალიზებულად მიჩნევა;
3. საწარმოს შემოსავლების გრძელვადიანი კონტრაქტის პრინციპის გათვალისწინებით და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრა;
4. სალაროში ფულის რეალურ და შემოწმებით განსაზღვრულ სალაროს ფულად ნაშთებს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით გაცემულად ჩათვლა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 9.12.2021 წლის №086-72 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 13.07.2022 წლის №18442 ბრძანება;
3. შემოსავლების სამსახურის 3.10.2023 წლის №24385 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 775 531 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 392 024
დღგ - 326 102
საშემოსავლო გადასახადი - 65 922
ჯარიმა - 182 446
საურავი - 201 061
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.04.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 18.11.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 8.12.2021 წლის №37876 ბრძანება და 9.12.2021 წლის №086-72 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 13.07.2022 წლის №18442 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
1. მე-4 დავის საგნის ნაწილში (საწარმოს შემოსავლების გრძელვადიანი კონტრაქტის პრინციპის გათვალისწინებით და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრა) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით დამატებით შეესწავლა სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
2. მე-5 დავის საგნის ნაწილში დაევალა აუდიტის დეპარტამენტს მე-4 დავის საგანზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს სალაროს ფულადი ნაშთის გაანგარიშება და აღნიშნულის გათვალისწინებით ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 13.07.2022 წლის №18442 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 2.12.2022 წლის №17389/2/2023 გადაწყვეტილებით:
1. საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 13.07.2022 წლის №18442 ბრძანება;
3. ნაწილობრივ გაუქმდა აუდიტის დეპარტამენტის 9.12.2021 წლის №086-72 საგადასახადო მოთხოვნა;
4. საჩივარი პირველი დავის საგნის ნაწილში (სხვაობა დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის), დარჩა განუხილველი;
5. საჩივარი მე-2 დავის საგნის ნაწილში (საწარმოზე რიცხული კომერციული და საცხოვრებელი ფართების იჯარით გაცემულად მიჩნევა), დაკმაყოფილდა. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
6. საჩივარი, მე-3 დავის საგნის ნაწილში (კომუნალური ხარჯების გათვალისწინებით ბინების რეალიზებულად მიჩნევა), ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს;
7. მე-5 დავის საგნის ნაწილში (სალაროში ფულის რეალურ და შემოწმებით განსაზღვრულ სალაროს ფულად ნაშთებს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით გაცემულად ჩათვლა), საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მე-2 სადავო საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, უზრუნველყოს სალაროს შემოწმებით დადგენილი ნაშთის (საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლილი თანხის), გადაანგარიშება (შემცირება);
8. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დავების განხილვის საბჭოს 2.12.2022 წლის №17389/2/2023 გადაწყვეტილებით, ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი (კომუნალური ხარჯების გათვალისწინებით ბინების რეალიზებულად მიჩნევის ნაწილში), შემოსავლების სამსახურის 3.10.2023 წლის №24385 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-8 ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით, საცხოვრებელი ფართების მიწოდებად განხილვის საფუძვლით შემოწმებით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 3.10.2023 წლის №24385 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
1. საწარმოზე რიცხული კომერციული და საცხოვრებელი ფართების იჯარით გაცემულად მიჩნევა
ფაქტების აღწერა
გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, საწარმოს მიერ საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების ნაწილი რეალიზებულია ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რაზეც გაფორმებულია, როგორც წინარე ნასყიდობის, ასევე საბოლოო ნასყიდობის ხელშეკრულებები, ხოლო ნაწილი ფართებისა (კომერციული და საცხოვრებელი) კვლავ ირიცხება საწარმოს ბალანსზე. შემოწმების მსვლელობისას აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ენერგო-პრო ჯორჯიასაგან და ბათუმის წყალისაგან, საიდანაც მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ გარკვეულ კომერციულ და საცხოვრებელ ფართებში ფიქსირდება ელ. ენერგიისა და წყლის ხარჯვა. აღნიშნული ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მითითებული ფართები სხვადასხვა პერიოდში გაცემული იყო იჯარით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული სამეურნეო ოპერაციებიდან მიღებული შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, საწარმოზე რიცხული კომერციული ფართების იჯარიდან მიღებული შემოსავალი განისაზღვრა თვეში 300 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარებში, ხოლო საცხოვრებელი ფართები თვეში 200 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარებში. საწარმოს დაერიცხა კუთვნილი დღგ, ასევე, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციის გაცნობისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
მომჩივანი 24.10.2023 წლის №21156/2/2023 საჩივრით სადავოდ ხდის საწარმოზე რიცხული კომერციული და საცხოვრებელი ფართების იჯარით გაცემულად მიჩნევას და მოითხოვს გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 9.12.2021 წლის №086-72 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 13.07.2022 წლის №18442 ბრძანება.
ზემოთ აღნიშნულ სადავო საკითხზე და აქტების თაობაზე მიღებულია საბჭოს 2.12.2022 წლის №17389/2/2023 გადაწყვეტილება. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
2. კომუნალური ხარჯების გათვალისწინებით ბინების რეალიზებულად მიჩნევა
ფაქტების აღწერა
კომპანიას საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების ნაწილზე გაფორმებული აქვს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც კლიენტების მიერ ნაკისრი ვალდებულებები თითქმის სრულადაა შესრულებული. თუმცა გადამხდელის მიერ აღნიშნული ფართების რეალიზაცია (გადაფორმება) არ ფიქსირდება და შესაბამისი პერიოდების მიხედვით, საგადასახადო ორგანოში წარდგენილ დღგ-ის დეკლარაციებში არ ისახება.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ენერგო-პრო ჯორჯიასაგან და ბათუმის წყალისაგან, საიდანაც მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ კონკრეტულ საცხოვრებელ ფართებში ფიქსირდება ელ. ენერგიისა და წყლის ხარჯვა, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული ფართები ფაქტობრივად გადაცემულია ბინის მესაკუთრეების მფლობელობასა და სარგებლობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსასაზღვრად საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით და აღნიშნული სამეურნეო ოპერაციები შინაარსის ფორმაზე აღმატებულების პრინციპიდან გამომდინარე, დაკვალიფიცირდა მიწოდებად. კერძოდ, სახელშეკრულებო ღირებულებებით რეალიზებულად ჩაითვალა ზემოხსენებული საცხოვრებელი ფართები. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ, ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მომჩივანი უარს აცხადებს დავის გაგრძელებაზე.
მომჩივანი კომუნალური ხარჯების გათვალისწინებით ბინების რეალიზებულად მიჩნევასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა 3.10.2023 წლის №24385 ბრძანებით დააკმაყოფილა საჩივარი და აუდიტის დეპარტამენტს დაავალა ბინების მიწოდების შედეგად დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას, ამიტომ ამ საკითხზე პრეტენზია არ გააჩნია და ამ ნაწილში არ ითხოვს საჩივრის განხილვას.
იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ მომჩივანმა უარი განაცხადა აღნიშნულ სადავო საკითხზე დავის გაგრძელებაზე, საბჭოს მიაჩნია, რომ სახეზეა საჩივრის ამ ნაწილში განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
3. საწარმოს შემოსავლების გრძელვადიანი კონტრაქტის პრინციპის გათვალისწინებით და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრა
ფაქტების აღწერა
გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციით, კლიენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით და საჯარო რეესტრის ამონაწერის მონაცემებით დგინდება, რომ კომპანიის საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების ნაწილზე გაფორმებულია ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვითაც კლიენტების მიერ ნაკისრი ვალდებულებები სრულადაა შესრულებული და გადამხდელის მხრიდან აღნიშნული ფართები გადაცემულია მფლობელებისათვის, რაც თავის მხრივ რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.
შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი საქმიანობას (ბინათმშენებლობა) ეწევა 2014 წლიდან და საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად მისი საქმიანობა ხორციელდება გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე. ასევე, ფართების რეალიზაცია, რომლებზეც გაფორმებულია ნასყიდობის (საბოლოო ნასყიდობა) ხელშეკრულებები დაწყებულია 2015 წლიდან. თუმცა, გადამხდელის მიერ დასაბეგრი ოპერაციების თანხები და დრო არაა განსაზღვრული 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად.
საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილის გათვალისწინებით, 2018 წლის 1 იანვრამდე რეალიზებული საცხოვრებელი ფართების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების თანხები გაანგარიშდა ამავე კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე არაპირდაპირი მეთოდით. 2018, 2019, 2020 და 2021 წლებში გაწეული ხარჯები შეპირისპირებულ იქნა შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით გაანგარიშებულ საერთო ხარჯთან, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა დასაბეგრი ბრუნვები. რაც აისახა შესაბამისი პერიოდების (საანგარიშო წელი) დეკემბრის თვეებში. შედეგად გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციის გაცნობისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
მომჩივანი 24.10.2023 წლის №21156/2/2023 საჩივრით სადავოდ ხდის საწარმოს შემოსავლების გრძელვადიანი კონტრაქტის პრინციპის გათვალისწინებით და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრას, მოითხოვს გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 9.12.2021 წლის №086-72 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 13.07.2022 წლის №18442 ბრძანება.
ზემოთ აღნიშნულ სადავო საკითხზე და აქტების თაობაზე მიღებულია საბჭოს 2.12.2022 წლის №17389/2/2023 გადაწყვეტილება. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
4. სალაროში ფულის რეალურ და შემოწმებით განსაზღვრულ სალაროს ფულად ნაშთებს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით გაცემულად ჩათვლა
ფაქტების აღწერა
შემოწმების პროცესში ჩატარებული ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზით ირკვევა, რომ საწარმოს სალაროში 2021 წლის 1 აპრილის მდგომარეობით უნდა ერიცხებოდეს ნაღდი ფულის ნაშთი 261 824 ლარის ოდენობით, საბუღალტრო პროგრამის მონაცემებით კი ერიცხება 3 771 ლარი.
საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, სალაროში ფულის რეალურ ნაშთსა და შემოწმებით განსაზღვრულ ნაშთს შორის სხვაობა დაკვალიფიცირდა დაქირავებულ პირზე, დირექტორზე, განხორციელებულ სახელფასო განაცემად, გადახდის წყაროსთან დასაკავებელი გადასახადი გაიზარდა 322 567 ლარით. აგრეთვე, გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციის გაცნობისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
მომჩივანი 24.10.2023 წლის №21156/2/2023 საჩივრით სადავოდ ხდის სალაროში ფულის რეალურ და შემოწმებით განსაზღვრულ სალაროს ფულად ნაშთებს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით გაცემულად ჩათვლას, მოითხოვს გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 9.12.2021 წლის №086-72 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 13.07.2022 წლის №18442 ბრძანება. ზემოთ აღნიშნულ სადავო საკითხზე და აქტების თაობაზე მიღებულია საბჭოს 2.12.2022 წლის №17389/2/2023 გადაწყვეტილება. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
ფაქტობრივი გარემოებები
1.გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, საწარმოს მიერ საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების ნაწილი რეალიზებულია ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე.გარკვეულ კომერციულ და საცხოვრებელ ფართებში ფიქსირდება ელ. ენერგიისა და წყლის ხარჯვა. აღნიშნული ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მითითებული ფართები სხვადასხვა პერიოდში გაცემული იყო იჯარით. საწარმოს დაერიცხა კუთვნილი დღგ, ასევე, დაეკისრა ჯარიმა.
2.კონკრეტულ საცხოვრებელ ფართებში ფიქსირდება ელ. ენერგიისა და წყლის ხარჯვა, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული ფართები ფაქტობრივად გადაცემულია ბინის მესაკუთრეების მფლობელობასა და სარგებლობაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,აღნიშნული სამეურნეო ოპერაციები შინაარსის ფორმაზე აღმატებულების პრინციპიდან გამომდინარე, დაკვალიფიცირდა მიწოდებად. კერძოდ, სახელშეკრულებო ღირებულებებით რეალიზებულად ჩაითვალა ზემოხსენებული საცხოვრებელი ფართები. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ, ასევე, დაეკისრა ჯარიმა.
3.შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი საქმიანობას ეწევა 2014 წლიდან და სსკ-ის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად მისი საქმიანობა ხორციელდება გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე. ასევე, ფართების რეალიზაცია, რომლებზეც გაფორმებულია ნასყიდობის ხელშეკრულებები დაწყებულია 2015 წლიდან. თუმცა, გადამხდელის მიერ დასაბეგრი ოპერაციების თანხები და დრო არაა განსაზღვრული 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი სსკ-ის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად. საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილის გათვალისწინებით, 2018 წლის 1 იანვრამდე რეალიზებული საცხოვრებელი ფართების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების თანხები გაანგარიშდა ამავე კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე არაპირდაპირი მეთოდით. გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
4.სალაროში ფულის რეალურ ნაშთსა და შემოწმებით განსაზღვრულ ნაშთს შორის სხვაობა დაკვალიფიცირდა დაქირავებულ პირზე, დირექტორზე, განხორციელებულ სახელფასო განაცემად, გადახდის წყაროსთან დასაკავებელი გადასახადი გაიზარდა.აგრეთვე, გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.საბჭოს მიაჩნია, რომ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
2.საბჭოს მიაჩნია, რომ სახეზეა საჩივრის ამ ნაწილში განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
3.საბჭოს მიაჩნია, რომ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
4.საბჭოს მიაჩნია, რომ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
301(ზ).