ბრძანება N 30434

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 08.10.2020
№ დოკუმენტი 30434
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 30434

08/10/2020

შპს ---------------

(მის.: ------------)

2020 წლის 14 თებერვლის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 17 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №69) განიხილა შპს ----- ს 2020 წლის 14 თებერვლის №31868/21 საჩივარი ,აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 24 იანვრის №006-10 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი წარმოდგენილი საჩივრის თანახმად არ ეთანხმება შემოწმების აქტით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, რომელიც გამოწვეულია შპს ----- ს მიერ 100%-იანი წილით დაფუძნებული საწარმოდან , შპს ----- დან დივიდენდის სახით მიღებული მოთხოვნის უფლების (სესხის ხელშეკრულება) სესხად განხილვით და მოგების გადასახადით დაბეგვრით. ასევე, განმარტავს, რომ პროცენტის ღირებულებით მოხდა სესხის ძირითადი თანხის გაზრდა, რაც არასწორია.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 5 აგვისტოს №27045 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ----- ს საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. თემატური კამერალური საგადასახადო შემოწმება, 2017 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე შპს ----- ს დივიდენდის სახით მიღებული მოთხოვნის ფარგლებში (2014 წლის 01 ნოემბრის N01/11-14 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე), ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 17 იანვარს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 24 იანვრის №1429 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №006-10 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი თანხები განისაზღვრა სულ 2 369 065, მათ შორის: გადასახადი 1 227 442 ლარი, ჯარიმა 613 721 ლარი და საურავი 527 902 ლარი.

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:

შპს ----- მა როგორც შპს ----- ს ერთპიროვნულმა დამფუძნებელმა (100% წილის მფლობელი) მიიღო გადაწყვეტილება დივიდენდის სახით მიიღოს შპს ----- ს მოთხოვნა და მისი უფლებები სრულად 2014 წლის 01 ნოემბრის N01/11-14 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით შპს ----- ს მიერ ------- დმი სესხის სახით გაცემული თანხის ოდენობა მასზე დარიცხული პროცენტის ჩათვლით შეადგენს 6955502 ლარს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ზ" ქვეპუნქტის შესაბამისად მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, თუ მოხდა გაცემული სესხის თანხის დაბრუნება პირი უფლებამოსილია სესხის თანხის დაბრუნების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე შპს ----- ს მიერ ფიზიკურ პირზე გაცემული თანხა დაიბეგრა მოგების გადასახადით და შესაბამისად საწარმოს მოგების გადასახადში დამატებით დაერიცხა სულ 1 841 162 ლარი, მათ შორის გადასახადი 1227442 ლარი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად 613721 ლარი.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხის განხილვის შედეგად შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:

ა) განაწილებული მოგება;

ბ) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ

არის;

გ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა; დ) ამ კოდექსით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ზ" ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ურთიერთობების რეგულირებისას ამ კოდექსში გამოყენებული საქართველოს კანონმდებლობის ტერმინები და ცნებები გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობაც მათ აქვთ შესაბამის კანონმდებლობაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში აცხადებს, რომ შპს ----- ს მიერ ----- ზე სესხის გაცემა მოხდა 2014 წელს. 2017 წლის აგვისტოში კი არსებული სასესხო მოთხოვნა (ძირის და დარიცხული პროცენტის სახით) გაცემული იქნა დამფუძნებელზე შპს ----- ზე დივიდენდის სახით. ამავდროულად, მხარეებს შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შპს ---- მა ჩაანაცვლა მოთხოვნის მფლობელი ისე, რომ არ მომხდარა სესხის პროცენტის სესხის ძირ თანხად აღიარება და ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის არსებული სასესხო მოთხოვნები უცვლელად გადავიდა მესამე პირის მფლობელობაში. გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ შპს ----- ს მიერ სესხის ძირი 5 386 500 ლარი გატარებულია ანგარიშზე 1450 - მოთხოვნები პარტნიორებზე გაცემული სესხებიდან, ხოლო სესხის პროცენტი - 1 569 002,20 ლარი, გატარებულია ანგარიშზე 1820 - მისაღები პროცენტები. შესაბამისად, ბუღალტრული გატარებებიც შეესაბამება ოპერაციის შინაარსს, რომლის მიხედვითაც კომპანია მხოლოდ ჩაენაცვლა თავდაპირველი სესხის გამცემს სასესხო ურთიერთობაში.

მომჩივნის განმარტებით, გაანგარიშების ცხრილიდან, რომელიც შემოწმების აქტს დანართად ახლავს, იკითხება, რომ შემოწმების შედეგად სესხი გაცემულად ჩაითვალა მოთხოვნის მთლიანი ოდენობით (ძირი და დარიცხული პროცენტი) და მთლიან თანხას დაერიცხა მოგების გადასახადი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ შემოწმების შედეგად მოგების გადასახადში განხორციელებული დარიცხვა მართლზომიერია მოთხოვნის უფლების დათმობისას არსებული სესხის ძირთან მიმართებაში, თუმცა შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო ოპერაციისას ხელშეკრულების გაფორმების შედეგად სასესხო ურთიერთობაში მოხდა სუბიექტის ჩანაცვლება და მოთხოვნის უფლება გადაეცა შპს -------- ს ნაცვლად ახალ კრედიტორს შპს -------- ს ხოლო თავად მოთხოვნა უცვლელი დარჩა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოთხოვნის ფარგლებში გადაცემული სესხის პროცენტის სესხის გაცემად მიჩნევა და მოგების გადასახადით დაბეგვრა არამართლზომიერია, რამდენადაც არ განხორციელებულა სესხის პროცენტის მოდიფიცირება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს პროცენტის სესხის გაცემად განხილვის საფუძვლით, მოგების გადასახადში დარიცხული თანხები შემცირება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს ----- ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის მიერ მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების ფარგლებში პროცენტის სესხის გაცემად განხილვის საფუძვლით, მოგების გადასახადში დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების აქტით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, რომელიც გამოწვეულია მის მიერ 100%-იანი წილით დაფუძნებული საწარმოდან დივიდენდის სახით მიღებული მოთხოვნის უფლების სესხად განხილვით და მოგების გადასახადით დაბეგვრით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების აქტის მიხედვით, საწარმომ მიიღო გადაწყვეტილება 100% წილით დაფუძნებული საწარმოდან დივიდენდის სახით მიიღოს მოთხოვნა და უფლებები სრულად, რომელიც დაფუძნებული საწარმოს 2014 წლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე გააჩნდა ფიზიკური პირის მიმართ.

სსკ-ს 982 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ზ" ქვეპუნქტის და. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, დაფუძნებული საწარმოს მიერ ფიზიკურ პირზე გაცემული თანხა დაიბეგრა მოგების გადასახადით და შესაბამისად საწარმოს მოგების გადასახადში დამატებით დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა სსკ-ს 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მოგების გადასახადში განხორციელებული დარიცხვა მართლზომიერია მოთხოვნის უფლების დათმობისას არსებული სესხის ძირთან მიმართებაში, ხოლო მოთხოვნის ფარგლებში გადაცემული სესხის პროცენტის სესხის გაცემად მიჩნევა და მოგების გადასახადით დაბეგვრა არამართლზომიერია, რამდენადაც არ განხორციელებულა სესხის პროცენტის მოდიფიცირება. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა პროცენტის სესხის გაცემად განხილვის საფუძვლით, მოგების გადასახადში დარიცხული თანხები შემცირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9,,ბ“); 97(1); 982(3,,ზ“); 982(8); 275

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198(1) მუხლი