ბრძანება N 22672

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.10.2024
№ დოკუმენტი 22672
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 22672

22 ოქტომბერი 2024

ბრძანება

ლიბანის მოქალაქე "--------"-ის (პასპ/ნ "-------")

(მის.: "-------")

2024 წლის 16 სექტემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 4 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №108) განიხილა "--------"-ის (პასპ/ნ "--------") №153848/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 31 აგვისტოს №EL260530 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ არადეკლარირებულად მიჩნეული თანხის ნახევარი (9500 აშშ დოლარი) წარმოადგენდა მისი მეგობრის საკუთრებას, რომელმაც დაკარგვის და მოპარვის შიშით, სთხოვა შენახვა. მებაჟე-ოფიცერმა გააერთიანა ეს თანხები და შეუდგინა სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი. ოქმის შედგენისას არ ჰყავდა თარჯიმანი და მისთვის სრულიად გაუგებარ ენაზე განხორციელდა საბაჟო პროცედურები, ხოლო ვინაიდან, 9500 აშშ დოლარი არის დეკლარირებას დაქვემდებარებულ თანხაზე ნაკლები, ქმედება გამორიცხავს სამართალდარღვევას.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას და ჯარიმის სახით გადახდილი თანხის დაბრუნებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 31 აგვისტოს რეისით ბეირუთი-თბილისი ("------") ჩამოფრინდა ლიბანის რესპუბლიკის მოქალაქე "------". საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ აღნიშნული პიროვნება საბაჟო კონტროლის ზონას ტოვებდა „მწვანე დერეფნის“ გავლით.

საბაჟო გამშვები პუნქტი „-------“ უფლებამოსილი პირის მიერ მოხდა მისი შეჩერება და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება "-------"-ის კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების თაობაზე, რის შედეგად ხელბარგში აღმოჩენილ იქნა 19 000 აშშ დოლარი, რამაც საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის მიხედვით შეადგინა 51 148 ლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა „მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი №69001/000522“.

ვინაიდან მომჩივანის მიერ ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 50 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის გადმოტანას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ უფლებამოსილი პირის მიერ, 2024 წლის 31 აგვისტოს შედგენილი №EL260530 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით მომჩივანს საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ჯარიმის თანხა მის მიერ გადახდილ იქნა იმავე დღეს, რის შემდეგაც დარეგისტრირდა ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია №"------", მიზნობრიობაში კი მომჩივანმა მიუთითა „პირადი დანაზოგი“.

აეროპორტის კონტროლის ზონაში (მოფრენის დარბაზი) განთავსებულია მწვანე და წითელი დერეფნები, რომლებზეც ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზეა განთავსებული ინფორმაცია მგზავრთა ვალდებულებებისა და შეღავათების შესახებ. „წითელი დერეფანი“ მოქალაქეს აფრთხილებს შემდეგი წარწერით: „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ საბაჟო ორგანოს“. ხოლო „მწვანე დერეფანი“ – „არ ექვემდებარება დეკლარირებას“. მიუხედავად აეროპორტში არსებული აღნიშვნებისა, მომჩივანი საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ საბაჟო კონტროლის ზონას ტოვებდა „მწვანე დერეფნის“ გავლით. აღნიშნულს ადასტურებს ვიდეო-კამერის ჩანაწერებიც, რომელშიც ნათლად ჩანს, რომ მომჩივანი მარტო ტოვებდა მწვანე დერეფანს, შესაბამისად, როგორც საჩივარშია მითითებული თითქოს და ის იყო მეგობართან ერთად არ შეესაბამება სიმართლეს. მწვანე დერეფნის გამოყენება კი საბაჟო ორგანოსთვის ნიშნავს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით დაუდეკლარირებელი საქონლის გადაადგილებას.

მომჩივანთან საუბარი მიმდინარეობდა მისთვის გასაგებ ინგლისურ ენაზე.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:

საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს;

საქონელი არის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდი, ელექტროენერგია, თბოენერგია, გაზი, წყალი.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი აზუსტებს, რომ ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 50 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 100 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით – იწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

შემოსავლების სამსახური ვალდებულია განახორციელოს მონიტორინგი საქართველოს საგადასახადო კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საქართველოს საბაჟო საზღვარზე 19 000 აშშ დოლარის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

შემოსავლების სამსახური სრულად იზიარებს საბაჟო დეპარტამენტის მოსაზრებებს და დასკვნებს საბაჟო სამართალდარღვევის გარემოებებთან და სამართლებრივ შეფასებებთან დაკავშირებით. რაც შეეხება საჩივარში მითითებული არგუმენტებს, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ის არ იძლევა იმის საფუძველს, რომ მომჩივნის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ლიბანის მოქალაქე "--------"-ის (პასპ/ნ "--------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას და ჯარიმის სახით გადახდილი თანხის დაბრუნებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი პირის მიერ მოხდა მისი შეჩერება და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მომჩივანის კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების თაობაზე, რის შედეგად ხელბარგში აღმოჩენილ იქნა 19 000 აშშ დოლარი, რამაც საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის მიხედვით შეადგინა 51 148 ლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა „მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი.

ვინაიდან მომჩივანის მიერ ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 50 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის გადმოტანას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ უფლებამოსილი პირის მიერ, 2024 წლის 31 აგვისტოს შედგენილი №EL260530 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით მომჩივანს საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

163,169(2)