გადაწყვეტილება №19215/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19215/2/2023
18.05.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: --- (პ/ნ ---)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---ის 24.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19215/2/2023).
დავის საგანი:
საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 3.01.2023 წლის №EL196238 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 28.02.2023 წლის №3867 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 1000 ლარი.
ფაქტების აღწერა
1.01.2023 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი „---ის“ კონტროლის ზონაში ---ის მხრიდან შევიდა მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფი, ტრანზიტული (---ის რესპუბლიკის დანიშნულებით) საქონლით დატვირთული, №--- სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელზეც გამოიწერა №69101/D76 აღრიცხვის მოწმობა. აღნიშნული აღრიცხვის მოწმობისათვის მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ განისაზღვრა „წითელი დერეფანი“, კრიტერიუმით – „სკანირება - ორივე საბაჟო ორგანოსთვის“. გამომდინარე აქედან, აღრიცხვის მოწმობაზე გაკეთდა აღნიშვნა „X-RAY SCANNER CONTROL“, სატრანსპორტო საშუალება გაგზავნილ იქნა ---ის სტაციონალურ სკანერის დანიშნულებით და სკანირების აუცილებლობის შესახებ ეცნობა სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებაზე პასუხისმგებელ პირს – ---ს, რაც დასტურდება მოწმობაზე დატანილი მისივე ხელმოწერით.
3.01.2023 წელს ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალება გამოცხადდა საბაჟო გამშვები პუნქტი „---ს“ კონტროლის ზონაში, სადაც საქონლის თანმხლები დოკუმენტების შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ №--- ავტოსატრანსპორტო საშუალებას არ ქონდა გავლილი სკანირების პროცედურა.
ვინაიდან, მომჩივანმა გადაუხვია მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო მარშრუტიდან და ---ის სტაციონარული სკანერის ნაცვლად გამოცხადდა საბაჟო გამშვები პუნქტი „---ს“ კონტროლის ზონაში, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, 3.01.2023 წელს შედგა №EL196238 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 28.02.2023 წლის №3867 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დადგენილია, რომ მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფ ტრანზიტული საქონლით დატვირთულ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გამოწერილ აღრიცხვის მოწმობისათვის მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ განისაზღვრა „წითელი დერეფანი“, კრიტერიუმით – „სკანირება - ორივე საბაჟო ორგანოსთვის“.
ამასთან, აღრიცხვის მოწმობაზე გაკეთდა აღნიშვნა „X-RAY SCANNER CONTROL“, სატრანსპორტო საშუალება გაგზავნილ იქნა ---ის სტაციონალურ სკანერის დანიშნულებით და სკანირების აუცილებლობის შესახებ ეცნობა ---ს, რაც დაადასტურა მოწმობაზე მისივე ხელმოწერით. აღნიშნულის მიუხედავად, მომჩივანმა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლით დატვირთულ სატრანსპორტო საშუალებით გადაუხვია მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო მარშრუტიდან საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე. აღნიშნული კი არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად სადავო ოქმით საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
ჯარიმის შინაარსი გულისხმობს ტრანზიტული ტვირთის გადაადგილებისას (---) ---ის გამშვებ პუნქტზე რენტგენზე არ გამოცხადებას.
ამ ბრძანების (3867) მოტივად ფაქტობრივი გარემოებების ნაწილში მითითებულია თითქოს განემარტა როგორ ---ის ასევე ---ს პუნქტზე რენტგენზე გამოცხადება, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ადასტურებს, რომ მას შემდეგ რაც მებაჟემ აუხსნა ---ს რენტგენზე გამოცხადების აუცილებლობა ხელი მოაწერა მოწმობაზე წითელ შტამპს - X ray.
ის ფაქტი, რომ მითითება მიიღო მხოლოდ ---სთან დაკავშირებით და არანაირი მინიშნება და მითითება არ ყოფილა ---ზე ადვილად დადასტურდება ვიდეო-კამერების ჩანაწერებით. არც ბარათზე სადაც დასვეს წითელი შტამპი X-ray და ხელი მოაწერა მითითებული არააა რენტგენის გავლის ადგილი და მხოლოდ სიტყვიერად განემარტა და ისიც მხოლოდ ---, რომელზეც გამოცხადდა და არანაირი მოტივი და მიზანი არ და ვერ ექნებოდა გვერდი აეარა ---ში სკანირებისთვის.
გადატვირთული სამუშაო რეჟიმის გამო მებაჟეს გამორჩა სიტყვიერი გაფრთხილება ---თან დაკავშირებით, ის ფაქტი რომ ხელი მოაწერა ბართზე არ უნდა იყოს გამოყენებული მის წინააღმდეგ, რადგან არ იყო ინფორმირებული ორმაგ სკანირებაზე.
1.01.2023 წელს დილის საათებში გადმოკვეთა ---ის საბაჟო პუნქტი ---დან საქართველოს მიმართულებით. გაფორმებისას მებაჟე გოგონას სთხოვა, რომ --- გადასვლის პუნქტად მიეთითებინა გამშვები პუნქტი ---. საბუთების დაბრუნებიდან რამდენიმე წუთში დაუძახეს ჯიხურთან და გოგონამ განუმარტა, რომ სისტემამ განუსაზღვრა ---ს საზღვარზე რენტგენი. (უთხრა რომ ---ზე რენტგენი არაა და საჭირო იყო ---ზე გამოცხადება). აქედან გამომდინარე დეკლარაციაში ელექტრონულად ჩაუსწორა გასვლის პუნქტად ---.
3.01.2023 წელს გამოცხადდა ს---ზე სადაც რენტგენის გავლის შემდგომ განუმარტეს, რომ ---ში რენტგენზე არ გამოცხადების გამო ჯარიმდებოდა.
იქიდან გამომდინარე, რომ კომუნიკაციისას არ ყოფილა არანაირი მითითება ან მინიშნება ---ის რენტგენზე გამოცხადებასთან დაკავშირებით შესაბამისად რენტგენზე არ შესულა. ამაში არ ყოფილა არაფერი წინასწარ განზრახული თავის არიდება. X ray-ის წითელ შტამპზე ხელმოწერისას კვლავ აქცენტი იყო ---ზე გამოცხადებაზე. ამასთან აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ---ზე არ არის რენტგენი და თუ იგულისხმებოდა ტვირთის სკანირება მიზანშეწონილი იქნებოდა განემარტათ ან მიეთითებინათ ---ში რენტგენის ახალი ადგილმდებარეობა. ადამიანური ფაქტორის და გადატვირთული სამუშაო რეჟიმის გამო მოხდა მცირე გაუგებრობა. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით სავარაუდოდ მტკიცებულებად შეიძლება მოშველიებულ იქნას საზღვარზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერი.
ზემოთ მოყვანილი ფაქტებისა და ობიექტური მიზეზების გამო ითხოვს გაუქმდეს დაკისრებული სანქცია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანმა პირმა იგი საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული მარშრუტით დაუყოვნებლივ უნდა გადაზიდოს/გადაიტანოს შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე.
საბაჟო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში საბაჟო ორგანოს შეუძლია განსაზღვროს მარშრუტი, რომლითაც უნდა გადაადგილდეს გასატანი საქონელი, და ვადა, რომლის განმავლობაშიც ეს საქონელი უნდა იქნეს გატანილი.
ამასთან, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს:
ა) პირმა, რომელსაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გააქვს;
ბ) პირმა, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გამტანი პირის სახელით ან დავალებით მოქმედებს;
გ) პირმა, რომელმაც საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები.
საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა ან მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.
საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალიწინებით, საბჭოს მიზანშეწონილად მიაჩნია, განსახილველ შემთხვევაში, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილის საფუძველზე, ჯარიმის ნაცვლად გაფრთხილების გამოყენება.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 28.02.2023 წლის №3867 ბრძანება;
3. ნაწილობრივ გაუქმდეს საბაჟო დეპარტამენტის 3.01.2023 წლის №EL196238 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
4. მომჩივანს, საბაჟო დეპარტამენტის 3.01.2023 წლის №EL196238 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად, სანქციის სახით შეეფარდოს გაფრთხილება;
5. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა.
ფაქტობრივი გარემოებები
ვინაიდან, მომჩივანმა გადაუხვია მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო მარშრუტიდან, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, 3.01.2023 წელს შედგა №EL196238 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 28.02.2023 წლის №3867 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალიწინებით, საბჭოს მიზანშეწონილად მიაჩნია, განსახილველ შემთხვევაში, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილის საფუძველზე, ჯარიმის ნაცვლად გაფრთხილების გამოყენება.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 70 (1,); 71 (1); 157 (1,2); 170 (1); 163 (15).
,,საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანება''