გადაწყვეტილება №26274/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26274/2/2025
05 იანვარი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----“ (ს/ნ --------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 7.12.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26274/2/2025).
დავის საგანი:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება ტენდერების ფარგლებში და ტენდერში მონაწილეობის გარეშე გაწეული მომსახურების ღირებულებიდან;
2. ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 8.08.2025 წლის №001-184 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 19.11.2025 წლის №25379 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 275 465,17 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 152 515,58
დღგ - 85 093,61
საშემოსავლო გადასახადი - 67 421,97
ჯარიმა - 85 508,1
საურავი - 37 441,49
პროცედურული გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა გადახურვის სამუშაოები. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 19.05.2014 წლიდან, დღგ-ის გადამხდელად - 26.02.2016 წლიდან.
აუდიტის დეპარტამენტის 31.07.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 8.08.2025 წლის №001-184 საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, ვალის მართვის დეპარტამენტის 5.09.2025 წლის №011-2025-136313 ბრძანებით მომჩივნის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილ იქნა საინკასო დავალებები.
აუდიტის დეპარტამენტის 8.08.2025 წლის №001-184 საგადასახადო მოთხოვნა და ვალის მართვის დეპარტამენტის 5.09.2025 წლის №011-2025----- ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 19.11.2025 წლის №25379 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 8.08.2025 წლის №001-184 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ვალის მართვის დეპარტამენტის 5.09.2025 წლის №011-2025----- ბრძანების ნაწილში დარჩა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის 19.11.2025 წლის №25379 ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის 8.08.2025 წლის №001-184 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებაზე საჩივრის არ დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება ტენდერების ფარგლებში და ტენდერში მონაწილეობის გარეშე გაწეული მომსახურების ღირებულებიდან
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში მოგებული აქვს 6 ტენდერი,---, ---, -- და --- რაიონებში, ასევე საქპატენტის შენობის გადახურვის ტენდერი. შესამოწმებელ პერიოდში, საწარმომ ბიუჯეტის მიმართ დაირიცხა 208 847 ლარი, საიდანაც შეიმცირა 119 244 ლარი, ბიუჯეტში გადაიხადა 135 654 ლარი, ხოლო უკან დაიბრუნა 1 215 ლარი. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელს თავიდან სრულად არ ჰქონდა მოწოდებული დოკუმენტაცია, რის გამოც შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული აქვს 982 153 ლარის დღგ-ით დასაბეგრი თანხა. გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშების ამონაწერების და შემოსავლების სამსახურში არსებული ერთიანი ელექტრონული ბაზების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სრულად არ ჰქონდა დეკლარირებული დასაბეგრი ბრუნვა. კერძოდ, პირს ტენდერების ფარგლებში გაწეული აქვს 1 495 420 ლარის ღირებულების მომსახურება, ასევე ---- რაიონში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებთ, ტენდერში მონაწილეობის გარეშე გაწეული აქვს 204 232 ლარის მომსახურება, რომლებიც პირს სრულად არ აქვს ასახული დღგ-ის დეკლარაციებში.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებსა და შემოწმების მიერ გამოყვანილ მონაცემებს შორის გამოვლინდა სხვაობა, გადასახადის გადამხდელს დაუკორექტირდა (გაეზარდა) მიღებული შემოსავალი (დასაბეგრი ბრუნვა), დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოში 2025 წლის 9 ოქტომბერს --:-- საათზე ჩანიშნული საჩივრის განხილვა გადასახადის გადამხდელის განცხადების საფუძველზე გადაიდო. აღნიშნულის შემდეგ, საჩივრის განხილვა ჩაინიშნა მომჩივნის მონაწილეობით 2025 წლის 30 ოქტომბერს --:-- საათზე, რომელსაც დაესწრო გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელი. საქმის ხელახალი განხილვა ჩაინიშნა 2025 წლის 6 ნოემბერს --:-- საათზე მომჩივნის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა განხილვაზე.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
საგადასახადო შემოწმების აქტში ასახული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული აქვს 982 153 ლარის დღგ-ით დასაბეგრი თანხა. ამასთან, გადასახადის გადამხდელს ტენდერების ფარგლებში გაწეული აქვს 1 495 420 ლარის ღირებულების მომსახურება, ასევე, -- რაიონში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებთ, ტენდერში მონაწილეობის გარეშე გაწეული აქვს 204 232 ლარის მომსახურება, რომლებიც პირს სრულად არ აქვს ასახული დღგ-ის დეკლარაციებში.
საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტთან დაკავშირებით, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას და ასევე მიუთითებს ტექნიკურ ხარვეზზე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების აქტში დღგ-ის ფაქტობრივი გარემოების აღწერისას მოხდა ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, ტენდერის ფარგლებში გაწეული მომსახურებების ჯამში მითითებულია 1 495 420 ლარი, ნაცვლად 1 512 539 ლარისა. ამასთან, გაანგარიშების ცხრილებში და დარიცხულ გადასახადში მითითებული რიცხვები კი სწორია.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის სხვაობის დღგ-ით დაბეგვრა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახური 19.11.2025 წლის №25379 ბრძანებაში აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოში 2025 წლის 9 ოქტომბერს --:-- საათზე ჩანიშნული საჩივრის განხილვა გადასახადის გადამხდელის განცხადების საფუძველზე გადაიდო. აღნიშნულის შემდეგ, საჩივრის განხილვა ჩაინიშნა მომჩივნის მონაწილეობით 2025 წლის 30 ოქტომბერს --:-- საათზე, რომელსაც დაესწრო გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელი. საქმის ხელახალი განხილვა ჩაინიშნა 2025 წლის 6 ნოემბერს --:-- საათზე მომჩივნის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა განხილვაზე, ვინაიდან სხდომის თაობაზე წარმომადგენელი არ იყო გაფრთხილებული.
შემოსავალი დეკლარირებულია დღგ-ის ჩათვლით 1 158 940,4 ლარი, უნდა ყოფილიყო ტენდერებით 1 495 420 ლარი, ტენდერების გარეშე 204 232 ლარი, სულ 1 699 652 ლარი. სხვაობა დღგ-ის ჩათვლით 540 711,6 ლარი, დღგ-ის გარეშე 458 230 ლარი, დღგ 82 481ლარი, დარიცხულია დღგ-ში 85 093,61 ლარი, არასწორად დარიცხული დღგ-ის სხვაობა შედგენს 2 612,17 ლარს.
გამოცემული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტები უშუალო გავლენას ახდენს გადასახადის გადამხდელის კანონიერ ინტერესებზე. სადავო აქტები საკმარისად არ არის დასაბუთებული. სადავო აქტები საჭიროებს საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევას.
ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა გაერკვია გარემოებები. გადამხდელის სამართლებრივი მდგომარეობა გაუარესდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების გამოცემით. შესაძლებელი იყო მხარეს მიეღო გადაწყვეტილება მიღებული ინფორმაციების შესწავლის შედეგად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამდენად, ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი). ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლი 97. მტკიცებულებათა გამოკვლევა ადმინისტრაციულ წარმოებაში 1. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
ზემოაღნიშნული მოთხოვნების იგნორირებით გამოცემულ იქნა სადაო ადმინისტრაციული აქტები, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად ექვემდებარება გაუქმებას. ფაქტობრივი გარემოებებიდან და სამართლებრივი არგუმენტებიდან გამომდინარე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები - ადმინისტრაციული ორგანოს სადავო გადაწყვეტილებები, საგადასახადო მოთხოვნა, დასკვნა კანონშეუსაბამოა, შესაბამისად უნდა დაკმაყოფილდეს საჩივრის მოთხოვნა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ მომჩივნის საქმიანობის სფეროა გადახურვის სამუშაოები, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში მოგებული აქვს 6 ტენდერი. გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი თანხა ნაკლებია ტენდერების ფარგლებში გაწეული მომსახურების ღირებულებისა და --- რაიონში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებთ გაწეული მომსახურების ღირებულების ჯამზე. გაწეული მომსახურების ღირებულება მომჩივანს სრულად არ აქვს ასახული დღგ-ის დეკლარაციებში.
აუდიტის დეპარტამენტის 10.12.2025 წლის №---21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, მომჩივანს დღგ გაანგარიშებული აქვს საგადასახადო აქტში აღწერილი ფაქტობრივი გარემოების შესაბამისად და მიუთითებს, რომ გაანგარიშება განსხვავდება ტექსტში დაფიქსირებული შემოსავლის მიხედვით დათვლილი გადასახადისგან. აღნიშნული დღგ-ის სხვაობა შეადგენს 2 612 ლარს. საგადასახადო შემოწმების აქტში დღგ-ის ფაქტობრივი გარემოების აღწერისას დაშვებულია ტექნიკური შეცდომა და ტენდერის ფარგლებში გაწეული მომსახურებების ჯამში მითითებულია 1 495 420 ლარი, ნაცვლად 1 512 539 ლარისა. გაანგარიშების ცხრილებში და დარიცხულ გადასახადში მითითებული რიცხვები სწორია.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშებულია გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ანგარიშების ამონაწერების და შემოსავლების სამსახურში არსებული ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემების მიხედვით, ტენდერების ფარგლებში გაწეული მომსახურების ღირებულების და --- რაიონში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებთ, ტენდერში მონაწილეობის გარეშე გაწეული მომსახურების ღირებულების მიხედვით, ხოლო მომჩივნის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, ამ ნაწილში საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში გაწეული აქვს თბილისის მასშტაბით სატენდერო მომსახურება, საიდანაც პირს სრულად აქვს მიღებული შემოსავალი. იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს ბუღალტრული პროგრამა, ფულის ნაშთის გამოთვლა მოხდა შემოწმების ხელთ არსებული დოკუმენტაციით, კერძოდ შემოსავალში აღებულია სატენდერო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, ასევე ბიუჯეტიდან დაბრუნებული თანხა, ხოლო ხარჯებში გათვალისწინებულია ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი. ასევე, გადახდილი ხელფასები და გაცემული დივიდენდები, რის შემდეგაც გამოთვლილია ფულის ნაშთი და აღნიშნული ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. შესაბამისად, აღნიშნული თანხა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, საგადასახადო შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა ფულის ნაშთი, რომელიც დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, ფულის ნაშთის გაანგარიშების დროს შემოწმებით გათვალისწინებულ იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემოწმებით ხარჯებში გათვალისწინებულ იქნა გაცემული ხელფასები, ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები, დივიდენდი, შეძენილ საქონელზე გადახდილი თანხები, დაზღვევა, ექსპერტიზასთან და ინსპექტირებასთან დაკავშირებული ხარჯები, სესხზე გადახდილი თანხები და საპროცენტო ხარჯები, პირგასამტეხლოები, საწვავის ხარჯი, საგარანტიო თანხები და საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებული საკომისიოები.
შემოსავლების სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესში მიეცა შესაძლებლობა დამატებით წარმოედგინა ინფორმაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა მომჩივნის მიერ არ განხორციელდა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
1.01.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე ფულადი თანხების 333 382 ლარის 20% დაბეგრილია და შეადგენს 66 676,4 ლარს. ხარჯი დღგ-ის ჩათვლით სასაქონლო ზედნადებებით შეადგენს 851 225,27 ლარს, დღგ-ის გარეშე 721 377,35 ლარს. მომსახურება დღგ-ის ჩათვლით 167 435,73 ლარს, დღგ-ის გარეშე 141 894,69 ლარს. განაცემები 53 409,59 ლარს, დივიდენდი 79 158 ლარს. სულ 916 681,62 ლარს. არსებობს დარიცხვის შემცირების რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი, კერძოდ: №0256 მანუალის გამოყენების შემდგომ შემოსავალი 1 440 383,05 ლარი, 75% 1 080 287,28 ლარი, ხარჯი 916 681,62 ლარი, სხვაობა 163 605,66 ლარი, ფული შემცირდება 169 776,34 ლარამდე, 33 955 ლარი გადასახადი, ნაცვლად 67 421,97 ლარი გადასახადისა, სხვაობა 33 466 ლარი, სულ შემცირება 36 078,88 ლარით. 2022 წელს 60 000 ლარამდე, გადასახადი 12 000 ლარამდე. გადასახადის გადამხდელს გააჩნდა ბუღალტრული აღრიცხვა, რომლის ჩანაწერები მიეწოდა შემმოწმებლებს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს გაწეული აქვს თბილისის მასშტაბით სატენდერო მომსახურება, საიდანაც სრულად აქვს მიღებული შემოსავალი. გადასახადის გადამხდელს არ აქვს ბუღალტრული პროგრამა. სატენდერო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების, ბიუჯეტიდან დაბრუნებული თანხის, ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის, გადახდილი ხელფასების და გაცემული დივიდენდების გათვალისწინებით გამოვლენილია ფულის ნაშთი.
აუდიტის დეპარტამენტის 10.12.2025 წლის №----21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდზე არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, ფულის ნაშთის გაანგარიშება მოხდა არაპირდაპირი მეთოდით. შემოსავალში აღებულ იქნა ტენდერების ფარგლებში მიღებული შემოსავალი და საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხები (ტენდერების ფარგლებს გარეთ). ხარჯებში გათვალისწინებულია ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, რომელიც შემოწმებისთვის იყო ცნობილი/წარმოდგენილი: ხელფასი, ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები, დივიდენდი, შეძენილ საქონელზე გადახდილი თანხები, დაზღვევა, ექსპერტიზასთან და ინსპექტირებასთან დაკავშირებული ხარჯები, სესხზე გადახდილი თანხები და საპროცენტო ხარჯები, პირგასამტეხლოები, საწვავის ხარჯი, საგარანტიო თანხები და საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებული საკომისიოები. იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების მტკიცებულებები გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია.
საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის.
საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან საგადასახადო დავის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, ამ ნაწილში საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება ტენდერების ფარგლებში და ტენდერში მონაწილეობის გარეშე გაწეული მომსახურების ღირებულებიდან;
2. ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №001-184 საგადასახადო მოთხოვნა.საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, ვალის მართვის დეპარტამენტის ბრძანებით მომჩივნის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილ იქნა საინკასო დავალებები.
აუდიტის დეპარტამენტის №001-184 საგადასახადო მოთხოვნა და ვალის მართვის დეპარტამენტის ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის №25379 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის №001-184 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ვალის მართვის დეპარტამენტის ბრძანების ნაწილში დარჩა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის №25379 ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის №001-184 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებაზე საჩივრის არ დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან საგადასახადო დავის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9„ბ“); 101(1); 154(1„ა“); 159(1„ა“ და „ბ“); 160(1); 1601(1); 163(1.2); 164(1);