ბრძანება N 27001-2

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.09.2020
№ დოკუმენტი 27001-2
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 27001

09/09/2020

შპს ----------------------

(მის.: ქ. ---------------)

სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 05 ივნისის და 12 აგვისტოს სხდომებზე (ოქმი №36 და №58) განიხილა შპს ----- ს 2020 წლის 29 იანვრისა №18668/21 და 2020 წლის 18 მარტის №60943/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 30 დეკემბრის №007-688 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

დივიდენდის განაწილება; მომჩივანი არ ეთანხმება დივიდენდად განხილული და გადახდის წყაროსთან დაბეგრილი თანხების შემცირებას იმ საფუძვლით საწარმოს არ გააჩნდა არც შესაბამისი ოდენობის ფინანსური მოგება და არც ფულადი სახსრები.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 13 აპრილის №8572 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ----- ს გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2016 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 01 მარტამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 30 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2019 წლის 30 დეკემბრის №47566 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №007-688 საგადასახადო მოთხოვნა. გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება დაექვემდებარა შემცირებას სულ 1 715 672 ლარი, მათ შორის: გადასახადი 1 718 472 ლარი, ჯარიმა დაერიცხა 2 800 ლარი, ხოლო საურავი 0 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ დამატებით გადასახადების დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმოს 2016 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდზე წარდგენილ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში უფიქსირდება 86 000 000 ლარი დივიდენდის სახით განაცემი. აღნიშნული განაცემის მართლზომიერების დადგენის მიზნით შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა სააღრიცხვო მონაცემები და წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რის შემდეგაც გამოიკვეთა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. საწამოს განმარტებით დამფუძნებლებმა 2016 წლის დეკემბერში მიიღეს გადაწყვეტილება 2015 წლის საანგარიშო პერიოდის ფინანსური მოგების განაწილების შესახებ 86 000 000 ლარის ოდენობით.

2. აღნიშნული თანხის ნაწილი 371 152 ლარი გადახდილია, ხოლო დარჩენილ თანხაზე, იმის გათვალიწინებით, რომ საწარმოს არ გააჩნდა ფულადი სახსრები დივიდენდის გასაცემად, წარმოდგენილია სესხის ხელშეკრულება, შედეგად ზემოხსენებული გადაწყვეტილებით გასაცემი დივიდენდის ვალდებულება ჩაითვალა ამავე დამფუძნებლისგან აღებულ სესხის ვალდებულებად.

3. სწორედ აღნიშნული ოპერაციის საანგარიშო პერიოდი განიხილა საწარმომ მოგების განაწილებად, ხოლო სესხად ჩათვლილი თანხა დივიდენდის სახით განაცემად და დაბეგრა 5%-ის განაკვეთით.

ამასთან, 2017 წლის 1 იანვრიდან საწარმო ახდენს ზემოხსენებული სასესხო ხელშეკრულებიდან წარმოქმნილი სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის ანაზღაურებას დამფუძნებელებზე (გადახდილი პროცენტი დაბეგრილია 5%-ის განაკვეთით).

აღსანიშნავია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საწარმო დაფუძნდა 2010 წელს. დაფუძნების დღიდან საწარმოს უფიქსირდება ფინანსური ზარალი 2015 წლის საანგარიშო პერიოდამდე. დივიდენდის განაწილებაზე გადაწყვეტილების მიღების მომენტში კი გაუნაწილებელი მოგების სახით სალდირებულად ფიქსირდება დაახლოებით 26 000 000 ლარის ნაშთი (იმის გათვალისწინებით, რომ წინა საანგარიშო პერიოდზე საწარმოს მიერ ფინანსური ანგარიშგებები არ იქნა წარმოდგენილი, ფინანსური შედეგების შესახებ მონაცემები გაანგარიშებულია შემოწმების მიერ ხელთ არსებული ინფორმაციით).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით და შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში:

ა) გადამხდელს არ შეეძლო 2016 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდისთვის 86 000 000 ლარის განაწილება, რადგან ამავე პერიოდში გაუნაწილებელი მოგების ნაშთი (2015 წლის ფინასნური მოგება შემცირებული წინა წლების ზარალით) დაახლოებით 26 000 000 ლარის ტოლია. ამასთან, 2015 წლის ფინანსური მოგების ძირითად წყაროს წარმოადგენს კურსთაშორის სხვაობით (ვალდებულებების გადაფასებით) მიღებული შემოსავალი;

ბ) საწარმოს არ გააჩნდა საკმარისი ფულადი სახსრები მოგების განაწილებისთვის;

გ) გადამხდელისთვის 2016 წლის დეკემბერში ცნობილი იყო საგადასახადო კოდექსში ცვლილების შესახებ, რომლის მიხედვითაც 2017 წლის 1 იანვრიდან მოგების განაწილება იბეგრება 15%-ით;

დ) ამასთან, საწარმოს დაფუძნების დღიდან 2016 წლის ჩათვლით მოგების გადასახადი დარიცხული და გადახდილი არ აქვს, შესაბამისად 2017 წლის 1 იანვრიდან მოგების განაწილების შემთხვევაში გადამხდელი ვერ მოახდენდა დარიცხული გადასახადის შემცირებას (ჩათვლას) და მისი საგადასახადო ვალდებულებები გაიზრდებოდა 15 176 470 ლარით;

ე) საწარმოს მიერ დამფუძნებლებისთვის 2016 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში დივიდენდის სახით აღნიშნული ოდენობის ფულადი სახსერების ფაქტობრივი გადაცემა არ მომხდარა. ამასთან, დივიდენდის მიმღებმა დამფუძნებელმა ზემოხსენბული ოპერაციის განხორცილებიდან 2 თვეში მოახდინა საკუთარი წილის და მოთხოვნის რეალიზაცია 100 000 ლარად. რაც ასევე მიანიშნებს, რომ 2016 წლის პერიოდში მის მიერ დივიდენდის განაწილების მიზანი არ იყო ამავე პერიოდში თანხების მიღება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2016 წლის დეკემბერში დივიდენდის განაწილებაზე გადაწყვეტილების მიღება და აღნიშნული დივიდენდის სასესხო ურთიერთობაში გადატანის მიზანი არის გადასახადებისგან (15 176 470 ლარი) თავის არიდება. შესაბამისად, შემოწმების მიერ მოგების განაწილების და დივიდენდის გაცემის საანგარიშო პერიოდად 2016 წლის დეკემბრის ნაცვლად, განხილულ იქნა საწარმოს მიერ თანხების ფაქტობრივად გადახდის მომენტი. შედეგად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98-ე პრიმა 1 მუხლის შესაბამისად გაიზარდა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზები 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდებში.

ამასთან, 2016 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში შემცირდა დივიდენდის სახით განაცემი, ხოლო 2017 წლის 1 იანრიდან პერიოდებში იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს მიერ გადახდილი პროცენტი დაბეგრილია წყაროსთან როგორც პროცენტის სახით განაცემი, შემოწმების მონაცემებით აღნიშნული თანხები გადატანილ იქნა დივიდენდის სახით განაცემებში, ხოლო გადახდილი სესხის ძირის თანხით დამატებით გაიზარდა საშემოსავლო გადახადით დასაბეგრი ბაზა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საჩივარში წარმოდგენილ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო შემოწმების მასალებით დადგენილია, რომ

1. საწარმოს დამფუძნებლებმა 2016 წლის დეკემბერში მიიღეს გადაწყვეტილება 2015 წლის საანგარიშო პერიოდის ფინანსური მოგების განაწილების შესახებ 86 000 000 ლარის ოდენობით.

2. აღნიშნული თანხის ნაწილი 371 152 ლარი გადახდილია, ხოლო დარჩენილ თანხაზე, იმის გათვალიწინებით, რომ საწარმოს არ გააჩნდა ფულადი სახსრები დივიდენდის გასაცემად, წარმოდგენილია სესხის ხელშეკრულება, შედეგად ზემოხსენებული გადაწყვეტილებით გასაცემი დივიდენდის ვალდებულება ჩაითვალა ამავე დამფუძნებლისგან აღებულ სესხის ვალდებულებად.

3. სწორედ აღნიშნული ოპერაციის საანგარიშო პერიოდი განიხილა საწარმომ მოგების განაწილებად, ხოლო სესხად ჩათვლილი თანხა დივიდენდის სახით განაცემად და დაბეგრა 5%-ის განაკვეთით.

საქმეზე წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ

ა) გადასახადის გადამხდელს არ შეეძლო 2016 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდისთვის 86 000 000 ლარის განაწილება, რადგან ამავე პერიოდში გაუნაწილებელი მოგების ნაშთი (2015 წლის ფინასნური მოგება შემცირებული წინა წლების ზარალით) დაახლოებით 26 000 000 ლარის ტოლია.

ბ) საწარმოს არ გააჩნდა საკმარისი ფულადი სახსრები მოგების განაწილებისთვის;

გ) საწარმოს დაფუძნების დღიდან 2016 წლის ჩათვლით მოგების გადასახადი დარიცხული და გადახდილი არ აქვს, შესაბამისად 2017 წლის 1 იანვრიდან მოგების განაწილების შემთხვევაში გადამხდელი ვერ მოახდენდა დარიცხული გადასახადის შემცირებას (ჩათვლას) და მისი საგადასახადო ვალდებულებები გაიზრდებოდა 15 176 470 ლარით;

ე) საწარმოს მიერ დამფუძნებლებისთვის 2016 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში დივიდენდის სახით აღნიშნული ოდენობის ფულადი სახსრების ფაქტობრივი გადაცემა არ მომხდარა. ამასთან, დივიდენდის მიმღებმა დამფუძნებელმა ოპერაციის განხორცილებიდან 2 თვეში მოახდინა საკუთარი წილის და მოთხოვნის რეალიზაცია 100 000 ლარად. რითაც დასტურდება, რომ 2016 წლის პერიოდში მის მიერ დივიდენდის განაწილების მიზანი არ იყო ამავე პერიოდში თანხების მიღება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ხსენებულ სამეურნეო ოპერაციას (გადასახადის გადამხდელის მიერ 2016 წლის დეკემბერში დივიდენდის განაწილებაზე გადაწყვეტილება და შემდეგ დამფუძნებლისგან იგივე ოდენობის თანხის სესხის სახით მიღება) მოსალოდნელი გადასახადისგან თავის არიდების გარდა, სხვა შინაარსი არ გააჩნდა, რის გამოც საგადასახადო შემოწმების მიერ ოპერაციისთვის კვალიფიკაციის შეცვლა განხორციელებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების დაცვით. შესაბამისად, საჩივარი ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს ----- ს საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

მომჩივანი არ ეთანხმება დივიდენდად განხილული და გადახდის წყაროსთან დაბეგრილი თანხების შემცირებას .

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

საწარმოს განმარტებით დამფუძნებლებმა 2016 წლის დეკემბერში მიიღეს გადაწყვეტილება 2015 წლის ფინანსური მოგების განაწილების შესახებ. აღნიშნული თანხის ნაწილი გადახდილია, ხოლო დარჩენილ თანხაზე, დივიდენდის გასაცემად, წარმოდგენილია სესხის ხელშეკრულება, რომელზეც 2017 წლის იანვრიდან ახდენს სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის ანაზღაურებას დამფუძნებელებზე (გადახდილი პროცენტი დაბეგრილია 5%-ით). აღსანიშნავია, რომ საწარმო დაფუძნდა 2010 წელს. დაფუძნების დღიდან საწარმოს უფიქსირდება ფინანსური ზარალი 2015 წლის საანგარიშო პერიოდამდე.

შემოწმების მიერ დივიდენდის გაცემის საანგარიშო პერიოდად 2016 წლის დეკემბრის ნაცვლად, განხილულ იქნა საწარმოს მიერ თანხების ფაქტობრივად გადახდის მომენტი. შედეგად გაიზარდა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზები 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდებში. 2017 წლის 1 იანვრიდან პერიოდებში იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს მიერ გადახდილი პროცენტი დაბეგრილია წყაროსთან როგორც პროცენტის სახით განაცემი, შემოწმების მონაცემებით აღნიშნული თანხები გადატანილ იქნა დივიდენდის სახით განაცემებში, ხოლო გადახდილი სესხის ძირის თანხით დამატებით გაიზარდა საშემოსავლო გადახდით დასაბეგრი ბაზა.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ ოპერაციისთვის კვალიფიკაციის შეცვლა განხორციელებულია სსკ-ს 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების დაცვით. შესაბამისად, საჩივარი ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9,,ბ“); 981