ბრძანებ N 2645

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.02.2024
№ დოკუმენტი 2645
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2645

12 თებერვალი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „--------------ის“ (ს/ნ -----------------)

(მის.: ----------------------------------------)

2024 წლის 10 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 25 იანვრის სხდომაზე (ოქმი №7) განიხილა შპს „--------------ის“ (ს/ნ -----------------) 2024 წლის 10 იანვრის №86641/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 დეკემბრის №081-310 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფიზიკურ პირზე გაცემული სესხის თანხების დირექტორის ხელფასად კვალიფიკაციას. მიიჩნევს, რომ აღნიშნული ოპერაციის გადაკვალიფიცირება მოკლებულია არგუმენტებს. სესხის ეკონომიკურ შინაარსთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის წარმოადგენს პროცენტიან სესხს და შესაბამისად, ეტაპობრივად დაბრუნებული სესხის პროცენტი ემსახურება კომპანიის ეკონომიკური კეთილდღეობას. მიუთითებს, რომ წარმოდგენილი აქვს სესხის/ვალის არსებობის აღიარების შესახებ შეთანხმება, ფიზიკური პირის მიერ 569 000 ლარის მიღებასთან დაკავშირებით. ასევე, სესხის ძირის დაბრუნების შესახებ საგადახდო დავალებები 30 000 ლარზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 ნოემბრის №27715 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------------ის“ (ს/ნ -----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 18 მარტიდან 2023 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 4 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 12 დეკემბრის №31139 ბრძანება და ამავე თარიღის №081-310 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 274 075 ლარი, მათ შორის, გადასახადი 149 507 ლარი, ჯარიმა 75 050 ლარი, საურავი 49 518 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შპს „--------ის“ საქმიანობის სახეა სხვადასხვა საპროექტო მომსახურებების გაწევა. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გადამხდელი მომსახურებას უწევდა, როგორც კერძო პირებს, ასევე აღნიშნული მომსახურებები მიწოდებულია საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის, სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში. შემოწმების მიმდინარეობისას წარმოდგენილ იქნა საბანკო ამონაწერები, ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები და სხვა შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული მატერიალური სახის დოკუმენტაცია (ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა.) შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა, როგორც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შემოწმებისას ჩატარებულ იქნა კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლებისა და გაწეული დანახარჯების ანალიზი, აღნიშნული ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელს ეკონომიკური საქმიანობის შედეგად უნდა დარჩენოდა მოგება (ფულადი სახსრები). შემოწმების ეტაპზე საწარმოს უფლებამოსილი პირების მიერ წარმოდგენილ იქნა ახსნაგანმარტება და სასესხო ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზე გადამხდელი აცხადებდა, რომ საწარმოს 2020-2023 წლების საანგარიშო პერიოდში გაცემული აქვს სესხი 569 000 ლარის ოდენობით ფიზიკურ პირ ----------ზე. შემოწმების ეტაპზე წარმოდგენილია სესხის ძირის გაცემის ოთხი ხელშეკრულება (ჯამურ თანხებზე), აღნიშნულ ხელშეკრულებებში მითითებულია, რომ სესხი გაიცემა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ეტაპობრივად, გამცემი მხარის შესაძლებლობის მიხედვით. სასესხო ხელშეკრულებით წლიური საპროცენტო სარგებელი განსაზღვრულია 5%-ის ოდენობით. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში არ ფიქსირდება სესხის ძირის ან/და პროცენტის გადახდის ფაქტი. ამასთანავე ჩატარებული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ სესხის გაცემის პერიოდულობა ემთხვევა კომპანიაში ფულადი სახსრების წარმოქმნის პერიოდებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19, 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმების ეტაპზე შესწავლილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან კომპანიის მიერ სესხის გაცემა არ ატარებდა არანაირ ეკონომიკურ შინაარს (არ დასტურდება აღნიშნული) არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმებზე დაყრდნობით, შემოწმების მიერ საწარმოდან გასული თანხები დაკვალიფიცირდა, როგორც საწარმოს დირექტორის, მიღებული ხელფასი და დაექვემდებარა წყაროსთან დაბეგვრას. აღნიშნულიდან გამომდინარე გადამხდელს განესაზღვრა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლებისა და გაწეული დანახარჯების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელს ეკონომიკური საქმიანობის შედეგად უნდა დარჩენოდა მოგება (ფულადი სახსრები). შემოწმების ეტაპზე საწარმოს უფლებამოსილი პირების მიერ წარმოდგენილ იქნა ახსნა-განმარტება და სასესხო ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზე გადამხდელი აცხადებდა, რომ საწარმოს 2020-2023 წლების საანგარიშო პერიოდში გაცემული აქვს სესხი 569 000 ლარის ოდენობით ფიზიკურ პირ --------ზე.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, დგინდება, რომ შემოწმების მიმდინარეობისას წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერებით აღრიცხული არ იყო მისაღები პროცენტები. ამასთან, სალაროს ოპერაციებისა და საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად არ ფიქსირდება სესხის პროცენტის გადახდის არცერთი ფაქტი, ხოლო რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტს, სესხის ძირის (30 000 ლარის) დაბრუნებასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ სესხის თანხის დაბრუნება არ მომხდარა შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში. აუდიტის დეპარტამენტის განმარტებით, საწარმოს შემოწმების დანიშვნამდე აღნიშნული ოპერაცია არ ჰქონდა განხილული ფიზიკურ პირზე სესხის გაცემად და აღნიშნული თანხების გაცემა არ იყო დაბეგრილი შესაბამისი პერიოდების მოგების გადასახადის დეკლარაციებში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან სესხის მიმღები ფიზიკური პირი წარმოადგენდა საწარმოს დირექტორის/დამფუძნებლის ურთიერთდამოკიდებულ პირს, აღნიშნულ პირთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულებები, არ იქნა გათვალისწინებული შემოწმების პროცესში და შემოწმების მიერ საწარმოდან გასული თანხები შინაარსის გათვალისწინებით დაკვალიფიცირდა, როგორც საწარმოს დირექტორის მიერ მიღებული ხელფასი და დაექვემდებარა წყაროსთან დაბეგვრას.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „--------------ის“ (ს/ნ -----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფიზიკურ პირზე გაცემული სესხის თანხების დირექტორის ხელფასად კვალიფიკაციას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №27715 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 18 მარტიდან 2023 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №31139 ბრძანება და №081-310 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 274 075 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით,შესწავლილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან კომპანიის მიერ სესხის გაცემა არ ატარებდა არანაირ ეკონომიკურ შინაარს (არ დასტურდება აღნიშნული) საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19, 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმების მიერ საწარმოდან გასული თანხები დაკვალიფიცირდა, როგორც საწარმოს დირექტორის, მიღებული ხელფასი და დაექვემდებარა წყაროსთან დაბეგვრას.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 19; 73(9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“);