ბრძანება N 17278
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17278
17 ივლისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 29 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 14 ივლისის სხდომაზე (ოქმი №75) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №81999/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 30 მაისის №EL211293 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ 12 აპრილს საფოსტო გზავნილით მიღებულ მაცივრის თავსახურს ქარხნული წუნი აღმოაჩნდა, ამის შესახებ აცნობა გამყიდველ მხარეს, რომელმაც უარი განაცხადა მთლიანი ნივთის შეცვლაზე და შეთანხმდნენ, რომ მაცივრის თავსახურს გამოგზავნიდნენ, რომლის ღირებულება 100 აშშ დოლარია. რეალურად კი გამყიდველმა მხარემ მთლიანად მაცივარი გამოაგზავნა უსასყიდლოდ. რაც გახდა შეცდომის მიზეზი და რის შესახებაც არ იყვნენ დროულად ინფორმირებულები, ამიტომაც ბუღალტერმა მიუთითა 100 დოლარი და თანხის ოდენობის განზრახ შემცირებას ადგილი არ ქონია.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს მომხდარი ფაქტის საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევად მიჩნევას და სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 26 მაისს სს „-------“ (ს/კ -------) მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შპს „-------” (ს/ნ -------) სახელზე შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი №------- საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება, ღირებულებით 100 აშშ დოლარი. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „-------” კუთვნილი საფოსტო გზავნილი დეკლარირებული იყო 100 აშშ დოლარად, ზოგადი დეკლარირებისას გზავნილი მოხვდა დეკლარირებას დაუქვემდებარებელ ამანათთა ნუსხაში.
მებაჟე-ოფიცრის მიერ ამანათზე (-------) საბაჟო პროცედურების განხორციელებისას გამოვლინდა საფოსტო გზავნილის ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემების არსებობა, კერძოდ: 100 აშშ დოლარის ნაცვლად საფოსტო გზავნილში განთავსებული საქონლის ღირებულებამ შეადგინა 854,99 აშშ დოლარი, შესაბამისად, საფოსტო გზავნილის ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემის მითითებამ გამოიწვია იმპორტის გადასახდელების შემცირება 509.57 ლარის ოდენობით.
გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 30 მაისს შედგენილ იქნა №EL211293 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით შპს „-------” სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 509,57 ლარის ოდენობით, რაზეც საქონლის მიმღებმა წარმოადგინა გადახდის ქვითარი. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დასრულების შემდგომ, №------- საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე შევსებულ იქნა №------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4 და საქონელი გაშვებულია თავისუფალ მიმოქცევაში.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის მიმღები (დეკლარანტი) ვალდებულია, გადამზიდველს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაცია“ (დანართი №8-VIII-05).
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციას“ დეკლარანტი ავსებს საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის (ინვოისის) საფუძველზე.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე საკანონმდებლო აქტის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციაში არასწორი მონაცემის შეტანას, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება. აღნიშნული კი არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (167-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია.
მომჩივნის მოთხოვნაზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გათვალისწინებით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. კანონმდებლის მიზანია, საბაჟო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება ის ფაქტი, რომ მომჩივანი საბაჟო სამართალდარღვევის ქმედებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის ფარგლებში და სახეზე არ არის საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ ელექტრონული შესყიდვის გზით განხორციელდა საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება, ღირებულებით 100 აშშ დოლარი.
მებაჟე-ოფიცრის მიერ ამანათზე საბაჟო პროცედურების განხორციელებისას გამოვლინდა საფოსტო გზავნილის ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემების არსებობა, კერძოდ: 100 აშშ დოლარის ნაცვლად საფოსტო გზავნილში განთავსებული საქონლის ღირებულებამ შეადგინა 854,99 აშშ დოლარი, შესაბამისად, საფოსტო გზავნილის ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემის მითითებამ გამოიწვია იმპორტის გადასახდელების შემცირება 509.57 ლარის ოდენობით.
გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 167(1); 163(11);