გადაწყვეტილება №18729/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.03.2023
№ დოკუმენტი 18729/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18729/2/2023

2.03.2023

გადაწყვეტილება

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,2.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------- -ს “ 27.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18729/2/2023).

დავის საგანი:

ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 12.07.2022 წლის №002-118 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 29.12.2022 წლის №33541 ბრძანება

 

დარიცხული თანხა: 38 362 ლარი.

მათ შორის:

ქონების გადასახადი (არასასოფლო-მიწა) - (-11)

ქონების გადასახადი - 19 559

ჯარიმა - 9 774

საურავი - 9 040

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.03.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 24.06.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, საწარმო გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2018 წლის 17 სექტემბერს, დირექტორი და დამფუძნებელი არის საიიდ მაზაჰერიკლაჰროუდი, ირანი (ისლამური რესპუბლიკა). კომპანია ფლობდა/ფლობს 4 ფართს წყნეთის გზატკეცილზე, საკადასტრო კოდებით:

„--------“, 269 მ 2 (კომერციული), „--------“, 298 მ 2 (საოფისე), „--------“, 18 მ 2 (ავტოფარეხი), „--------“, 18 მ 2 (ავტოფარეხი).

გადასახადის გადამხდელი არ იხდის ქონების გადასახადს. 2019-2021 წლებში წარდგენილი აქვს ქონების გადასახადის დეკლარაცია მხოლოდ მიწაზე. შემოწმებისას, გადამხდელის ქონება, დაკვალიფიცირდა საინვესტიციო ქონებად. საგადასახადო კოდექსის მე-200, 201-ე, 202-ე მუხლებისა და ბასს-ის მე-40 პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 11.07.2022 წლის №18026 ბრძანება და 12.07.2022 წლის №002-118 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 29.12.2022 წლის №33541 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტით, 202-ე მუხლის პირველი ნაწილით, 205-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და მიიჩნია, რომ შემოწმებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის ჩამონათვალში ვერ მოექცევა შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული დასაბეგრი ქონება, ვინაიდან საწარმომ გამოიყენა თავისი უფლება, რომელიც განესაზღვრა მას ბასს 40-ის 57-ე პუნქტის თანახმად და შეუცვალა თავის საკუთრებაში არსებულ ქონებას კლასიფიკაცია 2019 წლის covid-19 პანდემიის გამო გამოწვეული კრიზისიდან გამომდინარე, რადგან აღნიშნულმა სიტუაციამ არ მისცა მას საშუალება საკუთრებაში არსებული ქონების თავდაპირველი დანიშნულებისამებრ (საინვესტიციო დანიშნულებით) გამოყენებისა.

2022 წლის 24 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაციაში შემოსავლების სამსახურის მიერ საქმიანობის სახეში მითითებულია „არასაცხოვრებელი შენობების ყიდვა-გაყიდვა“, რაც იმის დადასტურებაა, რომ კომპანიამ ნამდვილად შეცვალა საქმიანობის სახე და შენობების იჯარების გაცემის სანაცვლოდ ხელი მიჰყო მათ გაყიდვას, რაც ფაქტად და არგუმენტად აქცევს იმ მოსაზრებას, რომ საწარმოს საკუთრებაში არსებულმა ქონებამ შეიცვალა კლასიფიკაცია და განისაზღვრა, როგორც გასაყიდად განკუთვნილი სასაქონლო-მატერილური მარაგი. ბასს 40-ის 57-ე პუნქტის თანახმად, საწარმომ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გადაიტანოს ქონება საინვესტიციო ქონების კატეგორიაში ან პირუკუ, როდესაც იცვლება ქონების გამოყენების ხასიათი. ქონების გამოყენების ხასიათი მაშინ იცვლება, როდესაც ქონება უკვე აკმაყოფილებს, ან აღარ აკმაყოფილებს საინვესტიციო ქონების განმარტებას და არსებობს მტკიცებულებები იმისა, რომ შეიცვალა მისი გამოყენების ხასიათი. ხელმძღვანელობის განზრახვის შეცვლა, ქონების გამოყენების წესთან მიმართებით, თავისთავად არ არის მტკიცებულება იმისა, რომ შეიცვალა ქონების გამოყენების ხასიათი.

იმის მტკიცებულებად, რომ ქონებამ მართლაც შეიცვალა კლასიფიკაცია და გამოყენების ხასიათი უნდა გათვალისწინდეს ის ფაქტი, რომ კომპანიამ აქტიურად დაიწყო ფართების (ქონების) რეალიზაცია და არა იჯარით გაცემა. (კერძოდ, 2019 წლის 29 ნოემბერს № „--------“ განაცხადით მოხდა უძრავი ქონების გასხვისება ს/კ „--------“ ; 2021 წლის 11 იანვარს № „--------“ განაცხადით მოხდა უძრავი ქონების გასხვისება ს/კ „--------“ და 2021 წლის 21 დეკემბერს № „--------“ განაცხადით მოხდა უძრავი ქონების გასხვისება ს/კ „--------“), ხოლო იმის დასადასტურებლად, რომ ჯერ კიდევ მის საკუთრებაში არსებული ფართი დღემდე არ გამოიყენება ფაქტობრივად თავდაპირველად გამიზნული დანიშნულებისამებრ, უნდა გათვალისწინდეს 2022 წლის 13 აგვისტოს № „--------“ საჩივარზე წარდგენილი ფოტომასალა, რომელიც, როგორც უკვე აღნიშნა, უტყუარი საბუთია, იმისა, რომ კომპანიას ქონებით არ მიუღია არავითარი სარგებელი, არ გაუცია იჯარით და შესაბამისად ქონება გარემო-პირობებიდან გამომდინარე აღარ აკმაყოფილებდა საინვესტიციო ქონების განმარტებას.

ბასს 40-ის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, არ წარმოადგენს საინვესტიციო ქონებას და შესაბამისად, არ განეკუთვნება წინამდებარე სტანდარტის მოქმედების სფეროს: ა) ქონება, რომელიც გამიზნულია გასაყიდად ჩვეულებრივი საქმიანობის პროცესში, ან შენდება ან რეკონსტრუქცია უტარდება ამგვარი გაყიდვის მიზნით. ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც, თავის მხრივ, კომპანიის ფართების რეალიზაციას გულისხმობს, დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ქონება არ გამოიყენება, როგორც საინვესტიციო ქონება, არამედ გასაყიდად განკუთვნილი სასაქონლომატერილური მარაგია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.

ამავე კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).

საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონებაზე გადასახადს იხდის მიმდინარე გადასახდელის სახით, გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა.

ბასს 40-ის მე-5 პუნქტის მიხედვით, საინვესტიციო ქონება არის ქონება (მიწა ან შენობა, ან შენობის ნაწილი ან ორივე), რომელსაც ფლობენ (მესაკუთრე ან მოიჯარე ფინანსური იჯარის პირობებში) საიჯარო შემოსავლების მიღების ან ღირებულების ზრდის ან ორივე მიზნით, გარდა ისეთი მიზნებისა, როგორიცაა: ა) გამოყენება საქონლის წარმოების ან მიწოდების, მომსახურების გაწევის ან ადმინისტრაციული მიზნებისათვის; ბ) გაყიდვა ჩვეულებრივი საქმიანობის პროცესში.

ბასს 40-ის 57-ე და 58-ე პუნქტების მიხედვით, საწარმომ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გადაიტანოს ქონება საინვესტიციო ქონების კატეგორიაში ან პირუკუ, როდესაც იცვლება ქონების გამოყენების ხასიათი. ქონების გამოყენების ხასიათი მაშინ იცვლება, როდესაც ქონება უკვე აკმაყოფილებს, ან აღარ აკმაყოფილებს საინვესტიციო ქონების განმარტებას და არსებობს მტკიცებულებები იმისა, რომ შეიცვალა მისი გამოყენების ხასიათი. ხელმძღვანელობის განზრახვის შეცვლა, ქონების გამოყენების წესთან მიმართებით, თავისთავად არ არის მტკიცებულება იმისა, რომ შეიცვალა ქონების გამოყენების ხასიათი. ქონების გამოყენების ხასიათის შეცვლის მტკიცებულებების მაგალითებია: ა) მესაკუთრის მიერ ქონების დაკავების (გამოყენების) დაწყება, ან ქონების რეკონსტრუქციის დაწყება მესაკუთრის მიერ დაკავების მიზნით _ საინვესტიციო ქონების კატეგორიიდან მესაკუთრის მიერ დაკავებული ქონების კატეგორიაში ობიექტის გადატანის შემთხვევებისთვის; ბ) გაყიდვის მიზნით ქონების რეკონსტრუქციის დაწყებით _ საინვესტიციო ქონების კატეგორიიდან მარაგის კატეგორიაში ობიექტის გადატანის შემთხვევებისთვის; გ) მესაკუთრის მიერ ქონების დაკავების (გამოყენების) დასრულებით _ მესაკუთრის მიერ დაკავებული ქონების კატეგორიიდან საინვესტიციო ქონების კატეგორიაში ობიექტის გადატანის შემთხვევებისთვის; და დ) სხვა მხარესთან საოპერაციო იჯარის დაწყებით _ მარაგიდან საინვესტიციო ქონების კატეგორიაში ობიექტის გადატანის შემთხვევებისთვის. 58. იმ შემთხვევაში, როდესაც საწარმო გადაწყვეტს საინვესტიციო ქონების გაყიდვას რეკონსტრუქციის გარეშე, იგი ობიექტს კვლავ ასახავს, როგორც საინვესტიციო ქონებას მანამდე, სანამ არ შეწყვეტს მის აღიარებას (არ მოხსნის მას თავისი ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებიდან) და არ მოახდენს მის რეკლასიფიკაციას მარაგის შემადგენლობაში. ანალოგიურად, იმ შემთხვევაში, როდესაც საწარმო იწყებს არსებული საინვესტიციო ქონების რეკონსტრუქციას შემდგომში კვლავ საინვესტიციო ქონების სახით გამოყენების მიზნით, ქონება რჩება ბასს 40 10 © IFRS Foundation საინვესტიციო ქონების კატეგორიაში და რეკონსტრუქციის მთელი პერიოდის განმავლობაში არ ხდება მისი რეკლასიფიცირება მესაკუთრის მიერ დაკავებული ქონების კატეგორიაში.

შემოწმებისას დადგინდა, რომ კომპანია ფლობდა/ფლობს 4 ფართს წყნეთის გზატკეცილზე, საკადასტრო კოდებით: „--------“, 269 მ2 (კომერციული), „--------“, 298 მ2 (საოფისე), „--------“, 18 მ2 (ავტოფარეხი), „--------“, 18 მ2 (ავტოფარეხი). გადასახადის გადამხდელი არ იხდის ქონების გადასახადს. 2019-2021 წარდგენილი აქვს ქონების გადასახადის დეკლარაცია მხოლოდ მიწაზე. შემოწმებისას, გადამხდელის ქონება, დაკვალიფიცირდა საინვესტიციო ქონებად. საგადასახადო კოდექსის მე-200, 201-ე, 202-ე მუხლებისა და ბასს-ის მე-40 პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი.

საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე მომჩივნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შეიძინა უძრავი ქონება, ფიქრობდა იჯარით გაცემას, თავდაპირველად იხდიდა ქონების გადასახადს, თუმცა დაიწყო პანდემია და ვერ გამოიყენა. ვინაიდან ვერ გააქირავა გადაწყვიტა მისი რეალიზაცია. იჯარით არასოდეს გაუცია, არ არსებობს აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. ბასს-ის მიხედვით, უფლება აქვს ქონება აღრიცხოს, როგორც სასაქონლო მატერიალურ მარაგად, ისე საინვესტიციო ქონებად, შეცვალოს კვალიფიკაცია, როგორც უნდა.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელს 2018- 2019 წლებში თვითონ ჰქონდა დასახელებული უძრავი ქონება ძირითად საშუალებად და საინვესტიციო ქონებად აღრიცხული, რაც მის მიერვე იყო 2018 წელს ქონების გადასახადით დაბეგრილი და დეკლარირებული. საინვესტიციო ქონება არ ნიშნავს, რომ გასაყიდად არ უნდა იყოს გამიზნული.

საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ეყრდნობა იმ გარემოებას, რომ მომჩივანს თვითონ ჰქონდა შეძენისთანავე აღნიშნული ქონება აღრიცხული საინვესტიციო ქონებად, იგი იზიარებს მომჩივნის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ საწარმოს ქონების კლასიფიკაციის შეცვლის უფლება ჰქონდა, თუმცა მომჩივანი ვერ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტის დოკუმენტურად დადასტურებულ მტკიცებულებას (ფინანსური მდგომარეობის ანგარიში ან სხვ.), რაც აღნიშნული ქონების კლასიფიკაციის შეცვლას, კერძოდ, საინვესტიციო ქონების კატეგორიიდან მარაგის კატეგორიაში გადატანას, რეკლასიფიკაციას დაადასტურებდა.

მხარეთა არგუმენტების, საქმეზე არსებული მასალების, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას, მომჩივნის საკუთრებაში არსებული ქონების საინვესტიციო ქონებად დაკვალიფიცირების შესახებ და მიაჩნია, რომ მომჩივნისათვის ქონების გადასახადის დარიცხვა მართებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.