გადაწყვეტილება №27404/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 30.06.2026
№ დოკუმენტი 27404/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№27404/2/2026

30 ივნისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 23.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27404/2/2026).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 15.10.2025 წლის №21897 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 21.04.2026 წლის №065-9 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 13.05.2026 წლის №10544 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 107 702.26 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 50 772.15

დღგ - 2 409.52

მოგების გადასახადი - 33 522.87

საშემოსავლო გადასახადი - 14 839.76

ჯარიმა - 25 351.14

საურავი - 31 578.97

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 1.04.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების გამო:

1. განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, სადაც გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა (oris). აღნიშნული პროგრამის მიხედვით დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის საწყისი თარიღისთვის (2022 წლის პირველი იანვარი) კომპანიაში ფიქსირდება კაპიტალის საწყისი ნაშთი 171 697 ლარის ოდენობით. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში განხორციელდა დამფუძნებლის მიერ კაპიტალის შევსება 313 425 ლარის ოდენობით, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კაპიტალი სრულად მცირდება 485 122 ლარით. აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 28 მაისის №16581 ბრძანების საფუძველზე დანიშნული იყო გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდს წარმოადგენდა 2018 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები. აღნიშნული შემოწმების ფარგლებში გადამხდელმა წარადგინა საბუღალტრო პროგრამა „ორისი“, სადაც კაპიტალის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ იყო ასახული (რაიმე სახით (ფულადი, არაფულადი) შევსება ან/და შემცირება). შესაბამისად, მიმდინარე შემოწმებისას გადამხდელს მიეცა მითითება წარმოედგინა 2022 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდის შესაბამისი ანგარიშგება, სადაც ასახული იქნებოდა მიმდინარე შესამოწმებელი პერიოდის საწყისი თარიღისთვის (2022 წლის პირველი იანვარი) არსებული კაპიტალის საწყისი ნაშთის (171 697 ლარი) შესახებ ინფორმაცია. გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა საბუღალტრო პროგრამიდან 5150 ანგარიშის ამონაწერი, რომელიც არ შეესაბამება 2021 წელს ჩატარებული საგადასახადო შემოწმების დროს წარდგენილ ინფორმაციას, სადაც აღნიშნული ანგარიში და კაპიტალის მოძრაობა საერთოდ არ ფიქსირდება. აქედან გამომდინარე, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გადამხდელის მიერ საწესდებო კაპიტალის იმ ნაწილის შემცირება (171 697 ლარი), რომელიც წარმოდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში 2022 წლის პირველი იანვრისთვის ასახულია კაპიტალის საწყის ნაშთად, განხილულ იქნა დამფუძნებელზე დივიდენდის სახით განაცემად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 981 , 130-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადები და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

2. დადგინდა, რომ გარკვეული სამუშაოების შესრულებისთვის შესაბამისი ანაზღაურება გადახდილია ისეთი ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული მეწარმეებად. აღნიშნულ პირებზე თანხის გადახდისას გადამხდელის მიერ არ არის შესრულებული საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები, კერძოდ, არ განხორციელებულა ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების დაკავება გადახდის წყაროსთან. შესაბამისად, მეწარმედ არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული ანაზღაურება დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

3. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში 2025 წლის პირველი მაისის მდგომარეობით სალაროს ნაშთის სახით ფიქსირდება 123 332 ლარი, რომელიც მოცემული კამერალური საგადასახადო შემოწმების დანიშვნის თაობაზე ბრძანების გაცნობის შემდეგ გადამხდელმა 2025 წლის ივნისის თვის საშემოსავლო და მოგების გადასახადების დეკლარირებისას ასახა დივიდენდის სახით განაცემად. შემოწმების მიერ განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი და 2025 წლის პირველი მაისისთვის სალაროს ნაშთი ნაცვლად 123 332 ლარისა, განისაზღვრა 136 047 ლარით, ხოლო სხვაობა (12 715 ლარი) ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოსავლების სამსახურის 15.10.2025 წლის №21897 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 15.10.2025 წლის №21897 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2026 წლის 17 აპრილს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმებისას დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას სულ 2 464 ლარით, მათ შორის, გადასახადი 1 638 ლარით და ჯარიმა 826 ლარით. აღნიშნულზე, მომჩივანს წარედგინა 21.04.2026 წლის №8745 და №065-9 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 13.05.2026 წლის №10544 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოწმებამ შეისწავლა სადავო საკითხებთან დაკავშირებით გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარდგენილი) შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებთან მიმართებაში (მათ შორის, გადამხდელის მოთხოვნის შესაბამისად 2018-2021 საანგარიშო წლების მიხედვით) და დადგინდა, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების (შემცირების) საფუძვლები არ არსებობს.

ამასთან, საჩივარზე თანდართული ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად შემცირებას დაექვემდებარა ინდივიდუალურ მეწარმეებზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადის თანხა.

ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე დანართის სახით წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საკითხის ზეპირ განხილვაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის მიხედვით, აღნიშნული დოკუმენტები გადამხდელს გადაანგარიშების პროცესშიც ჰქონდა წარდგენილი, რომელიც შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა და დადგინდა, რომ მოცემული დოკუმენტები არ იწვევს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53–ე და 96–ე მუხლებზე, და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის ირგვლივ არსებული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება სრულად არ არის გამოკვლეული.

კერძოდ: შემოწმების აქტის თანახმად დივიდენდის განაწილების ნაწილში აღნიშნულია შემდეგი: შემოწმების მიერ განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, სადაც ასევე გათვალისწინებული იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა (oris). ირკვევა, რომ აღნიშნული პროგრამის მიხედვით შესამოწმებელი პერიოდის საწყისი თარიღისთვის (01.01.2022წ) ფიქსირდება კაპიტალის საწყისი ნაშთი 171 697 ლარის ოდენობით.

შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ფიქსირდება დამფუძნებლის მიერ კაპიტალის შევსება 313 425 ლარის ოდენობით, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის კაპიტალის სრულად შემცირება 485 122 ლარის ოდენობით. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 28 მაისის №16581 ბრძანების საფუძველზე დანიშნული იყო შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდს წარმოადგენდა 01.01.2018 -დან 01.05.2021-მდე საანგარიშო პერიოდი. აღნიშნული შემოწმების ფარგლებში შპს „---ის“ მიერ შემოწმებისთვის ასევე წარდგენილი იქნა საბუღალტრო პროგრამა ორისი, სადაც კაპიტალის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არის ასახული (რაიმე სახით (ფულადი, არაფულადი) შევსება ან/და შემცირება). მიმდინარე შემოწმების მიერ გადამხდელს მიეცა მითითება წარედგინა 01.01.2022-მდე პერიოდის შესაბამისი ანგარიშგება, სადაც ასახული იქნებოდა მიმდინარე შესამოწმებელი პერიოდის საწყისი თარიღისთვის (01.01.2022 წ) დაფიქსირებული კაპიტალის საწყისი ნაშთის (171 697 ლარი) შესახებ ინფორმაცია. გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა საბუღალტრო პროგრამიდან 5150 ანგარიშის ამონაწერი, რომელიც არ შეესაბამება 2021 წელს ჩატარებული საგადასახადო შემოწმების დროს წარდგენილ ინფორმაციას, სადაც აღნიშნული ანგარიში და კაპიტალის მოძრაობა საერთოდ არ ფიქსირდება. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გადამხდელის მიერ საწესდებო კაპიტალის იმ ნაწილის შემცირება (171 697 ლარი), რაც წარმოდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში ასახულია 01.01.2022 წლისთვის კაპიტალის საწყის ნაშთად, შემოწმების მიერ განხილული იქნა დამფუძნებლის მიერ დივიდენდის სახით განაცემად. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98-1, 130-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრება საშემოსავლო და მოგების გადასახადებით.

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 15 ოქტომბრის N 21897 ბრძანების თანახმად გადაანგარიშებისათვის აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა სრულყოფილი ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა არაშესამოწმებელ პერიოდს კერძოდ: ბანკის ამონაწერები 18-21 წლების საანგარიშო პერიოდზე ექსელისა და პდფ ფაილად; საბუღალტრო ოპერაციები (ბრუნვითი უწყისი, 1110 და 5150 ბარათი და საბუღალტრო გატარებები); შემოსავალ-გასავლის ორდერები (კაპიტალი 18-21 წწ); ორისის საბუღალტრო პროგრამა 18-21 წლების საანგარიშო პერიოდზე; -რს-ზე მოცემულია ჩვენი კომპანიის ყველანაირი შეძენები (ხარჯები) და რეალიზაციები, აღსანიშნავია, რომ ჩვენს კომპანიას გააჩნდა მხოლოდ ტენდერებიდან მიღებული შემოსავლები, რომელთა შესახებ ინფორმაცია საჯაროა და აუდიტის დეპარტამენტს ხელი მიუწვდება.

შემოწმების აქტი და ამ აქტის საფუძველზე განხორციელებულ გადაანგარიშებაზე ვრცელდება საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლის მოთხოვნები, რომლითაც დადგენილია შემდეგი:

საგადასახადო შემოწმების შედეგების შესახებ დგება აქტი, რომელშიც უნდა მიეთითოს: ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, მტკიცებულება და არგუმენტი, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას. თუ შემოწმება ექსპერტის დასკვნას დაეყრდნო, აქტში მიეთითება ამ დასკვნის შინაარსი. აღსანიშნავია რომ შემოწმება ჩატარებული იქნა პირდაპირი მეთოდით და არ ყოფილა გამოყენებული შემოწმებისას არაპირდაპირი მეთოდი. გასაჩივრების ამ ეტაპზე დამატებით წარმოადგენს ექსელის ფორმატში რს-ზე არსებულ ინფორმაციას, სადაც მოცემულია დოკუმენტურად დადასტურებული კომპანიის შემოსავლები და შესყიდვები (ხარჯები), ასევე ბიუჯეტში გადარიცხვები, მტკიცებულების სახით დამტებით ურთავს (იხ.დანართი) საბუღალტრო პროგრამიდან სალაროს ამსახველი ანგარიშისა და საბანკო ანგარიშების ორდერებს დღეების მიხედვით (ექსელის ფორმატში) ამ ინფორმაციით დასტურდება, რომ დამფუძნებლის შემონატანის მოცულობის რეალობა და რაც ნაშთად უნდა ყოფილიყო 2022 წლის 1 იანვრისათვის.

შემოსავლების სამსახური ბრძანებაში არ აღნიშნავს, თუ კი შეისწავლა აუდიტის დეპარტამენტმა მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სხვაობები რაში გამოვლინდა, რის გამოც მიჩნეული იქნა აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია მართებულად. ამიტომაც მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ განხორციელდა გასაჩივრების ეტაპზე წარდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფილი შესწავლა აუდიტის დეპარტამენტს არ შეუსწავლია ფულის მოძრაობის ანგარიში და დაუსაბუთებლად ეუბნება ბრძანებით უარს. შესაბამისად პასუხი არაა გაცემული კომპნიას სატენდერო სამუშაოების შესასრულებლად ჭირდებოდა თუ არა დამფუძნებლის შემონატანი. თანხმობა განაცხადა შესწავლილი ყოფილიყო 2018 წლის 1 იანვრიდან - 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით კომპანიაში ფულადი ნაკადების შემოსვლა-გასვლა (წარმოდგენილი მტიცებულებები და რს-ზე არსებული მონაცემები)), რათა დადგენილ ყოფილიყო კომპანიას გააჩნდა თუ არა 2022 წლის 1 იანვრისათვის „ვალდებულება დამფუძნებლის“ მიმართ.

მიაჩნია, რომ ეს საკითხი შემოსავლების სამსახურის მიერ სამწუხაროდ არაა შესწავლილი რაც დასტურდება სადავო ბრძანებით, რადგანაც ბრძანებაში ერთი არგუმენტი მაინც უნდა ყოფილიყო მოყვანილი თავიანთი პოზიციის დასადასტურებლად. აღნიშნულ საჩივარზე თანდართული მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ შემოწმების დასაწყისისათვის კომპანიის ვალდებულება დამფუძნებლის წინაშე შეადგენდა 171 697 ლარს. წარმოდგენილი მტკიცებულებიდან გამომდინარე ცალსახად დგინდება, რომ კომპანიის დამფუძნებელს თანხა შემოაქვს კომპანიაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საქონელი/მომსახურეობა აქვს შესაძენი და შესაბამისად წარმოქმნილი ვალდებულება გასასტუმრებელი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება სადავო საკითხის ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და ბათილად არის გამოსაცხადებელი. რაც შეეხება სადავო ბრძანებით სალაროს ნაშთის დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით აღნიშნულია შემდეგი: შემოწმებამ შეისწავლა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარდგენილი) და დადგინდა, რომ სალაროს ნაშთთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების (შემცირების) სათანადო საფუძვლები არ არსებობს.

შემოწმების აქტით აღნიშნულია, რომ „გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა oris. ბუღალტრულ პროგრამაში სალაროს ნაშთად 01.05.2025-სთვის ფიქსირდება 123 332 ლარი, რომელიც მოცემული საგადასახადო შემოწმების დანიშვნის თაობაზე ბრძანების გაცნობის შემდეგ, შპს „---ის“ მიერ 2025 წლის ივნისის თვის საშემოსავლო და მოგების გადასახადების დეკლარირებისას განხორციელდა დივიდენდის სახით განაცემად.

შემოწმების მიერ განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, რის შედეგადაც 1.05.2025-სთვის სალაროს ნაშთი ნაცვლად 123 332 ლარის, განისაზღვრა 136 047 ლარით. სხვაობა 12 715 ლარი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით“. გასაჩივრების ეტაპზე შემოსავლების სამსახურს მიუთითა, რომ საგადასახადო შემოწმებით არასწორად იქნა გაანგარიშებული და განსაზღვრული სალაროს ნაშთი, კერძოდ: შემოწმების აქტის თანახმად საგადასახადო შემოწმება ჩატებული იქნა პირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ამ მეთოდის გამოყენებისას მხეველობაში მიიღება გადამხდელის მიერ წარდგენილი საბუღალტრო რეგისტრის მონაცემები, რადგანაც გადამოწმებით დგინდება, რომ პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, რომელიც არის მოცემული კომპანიის რს-ის პორტალზე, ბანკის ამონაწერები და ა.შ სწორად არის ასახული საბუღალტრო რეგისტრებში, რის გამოც საბუღალტრო რეგისტრის მონაცემები სანდოა და რეგისტრებში ასახული მონაცემების შედარება ხდება დეკლარირებულ მონაცემებთან და გამოჰყავს სხვაობა დეკლარირებულ მონაცემებთან მიმართებით. საგადასახადო ორგანოს სალაროს ნაშთად უნდა მიეღო ის მონაცემი, რაც სალაროს ამსახველ 1110 ანგარიშზე იყო მოცემული. შესაბამისად ამ შემთხვევაში დარიცხვაც არ განხორციელდებოდა. სამწუხაროდ შემოსავლების სამსახური ამ საკითხს სადავო ბრძანებით არაფერს ეუბნება არსებობდა თუ არა არაპირდაპირი მეთოდით სალაროს ნაშთის გაანგარიშების სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტია რომ არ არსებობდა და არც შემოწმების აქტშიც აღნიშნულის შესახებ დასაბუთება მოცემული არ არის. აღნიშნავს, რომ შემმოწმელმა განახორციელა სალაროს ნაშთის გაანგარიშება ექსელის ფორმატში, სადაც ასახა მონაცემები, კომპანიაში შემოსული თანხებისა და გასავლების შესახებ, გაითვალისწინა ბანკისა და დებიტორულ/კრედიტორული დავალიანების თანხები, თუმცა დაშვებული აქვს მექანიკური შეცდომა, რაც გამოიხატება შემდეგში: თავის გაანგარიშებაში იხ. დანართი „სალაროს ნაშთის გაანგარიშების შესახებ“, რომელშიც შემმოწმებლის მიერ კრედიტორული დავალიანება 01.06.25 წ. მდომარეობით ასახული აქვს 47 431 ლარი იხილეთ სალაროს ნაშთის გაანგარიშების შიტი „შემმოწმებლის გაანგარიშება“, ხოლო შემოწმებისათვის წარდგენილი საბუღალტრო რეგისტრის მონაცემებით იხ. დანართის შიტი „ბრუნვითი უწყისი 22 წლიდამ 01.06.25 წ“ კრედიტორული დავალიანება შეადგენს 3110 აგნგარიშზე 35 000,65 ლარს (სხვაობა შეადგენს 12 430 ლარს). აღნიშნული ციფრი (35000,65) ჩასვა შემმოწმებლის გაანგარიშების ცხრილში იხ. დანართის შიტი „კომპანიის გაანგარიშება“ და სალაროში თანხის სხვაობამ შეადგინა მხოლოდ 285 ლარმა ნაცვლად 12 715 ლარისა. ამდენად ნათელია, რომ სალაროს ნაშთი შემოწმებით არასწორად იქნა გაანგარიშებული. ამდენად გასაჩივრებისას შემოსავლების სამსახურს მტიცებულება წარუდგინა აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ცხრილი ექსელში, მიუთითა სად იყო შეცდომა დაშვებული მიუხედავად ამისა ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე ეთქვა უარი ამ საკითხის დაკმაყოფილებაზე. გასაჩივრების ამ ეტაპზე ეტაპზე წარმოადგენს შემოწმებელთა ცხრილს ექსელის ფორმატში, სადაც ურთავს მისი გაანგარიშება ცალკე შიტად, მიუთითა შესაბამისი შეცდომაც რაც მექანიკურად ჰქონდათ დაშვებული სამწუხაროდ აუდიტის დეპარტამენტს, რაც არ შეისწავლა შემოსავლების სამსახურმა. შეცდომის არსი მდგომარეობს შემდეგში: ვალდებულების ამსახველ „დედა“ ანაგარიშზე შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის 35,5 ათ ლარს შეადგენს, რომლის ქვეანგარიშებზე ვალებულებები მოცემულია ნაშთის სახით როგორც დებეტში ასევე კრედიტის მხარეს თუ კრედიტის მხარეს ჩამოვაჯამებთ ვღებულობთ 47,0 ათ ლარს რაც შემოწმებას აქვს მითითეული, რადგანაც საკრედიტო ვალდებულებას უნდა დააკლდეს სადებეტო ვალდებულება და ამით ვღებულობთ იმ მონაცემს, რაც საბუღალტრო რეგისტრშია ასახული და ამ მონაცემის შემოწმებლის ცხრილში ჩასმით პრაქტიკულად დარიცხვა ამ კუთხით უქმდება. სამწუხაროდ შემოსავლების სამსახურმა ეს მარტივი საკითხიც შეუსწავლელი დატოვა. ამიტომაც მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში ბათილად არის გამოსაცხადებელი. ითხოვს, ეცნობოს საჩივრის საბჭოზე განხილვის თარიღი, ვინაიდან სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს და წარმომადგენლის მეშვეობით დაიცვას კანონიერი მოთხოვნები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე, რომლითაც სადავოდ ხდის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 17 აპრილის დასკვნაში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებს. შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნის დასახელებული არგუმენტების სათანადო შესწავლა/გამოკვლევა არ მომხდარა, ამრიგად, შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია მომჩივნის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებზე, რომლის თანახმად, სადავოდ ხდის ფაქტობრივ გარემოებებს, შესაბამისად, დასკვნის შედეგებს და მოითხოვს გადაანგარიშება მოხდეს რეალური გაანგარიშების საფუძველზე.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭოს განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა, შესაბამისად, მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 13.05.2026 წლის №10544 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 15.10.2025 წლის №21897 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების მიერ განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა საბუღალტრო პროგრამიდან 5150 ანგარიშის ამონაწერი, რომელიც არ შეესაბამება 2021 წელს ჩატარებული საგადასახადო შემოწმების დროს წარდგენილ ინფორმაციას, სადაც აღნიშნული ანგარიში და კაპიტალის მოძრაობა საერთოდ არ ფიქსირდება. აქედან გამომდინარე, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გადამხდელის მიერ საწესდებო კაპიტალის იმ ნაწილის შემცირება (171 697 ლარი), რომელიც წარმოდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში 2022 წლის პირველი იანვრისთვის ასახულია კაპიტალის საწყის ნაშთად, განხილულ იქნა დამფუძნებელზე დივიდენდის სახით განაცემად.

შემოწმებით დადგინდა, რომ გარკვეული სამუშაოების შესრულებისთვის შესაბამისი ანაზღაურება გადახდილია ისეთი ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული მეწარმეებად. აღნიშნულ პირებზე თანხის გადახდისას გადამხდელის მიერ არ განხორციელებულა ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების დაკავება გადახდის წყაროსთან. შესაბამისად, მეწარმედ არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული ანაზღაურება დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში 2025 წლის პირველი მაისის მდგომარეობით სალაროს ნაშთის სახით ფიქსირდება 123 332 ლარი, რომელიც მოცემული კამერალური საგადასახადო შემოწმების დანიშვნის თაობაზე ბრძანების გაცნობის შემდეგ გადამხდელმა 2025 წლის ივნისის თვის საშემოსავლო და მოგების გადასახადების დეკლარირებისას ასახა დივიდენდის სახით განაცემად. შემოწმების მიერ განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი და 2025 წლის პირველი მაისისთვის სალაროს ნაშთი ნაცვლად 123 332 ლარისა, განისაზღვრა 136 047 ლარით, ხოლო სხვაობა (12 715 ლარი) ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმებისას დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას სულ 2 464 ლარით, მათ შორის, გადასახადი 1 638 ლარით და ჯარიმა 826 ლარით.

 

გადაწყვეტილება

საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა, შესაბამისად, მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (1 ,ბ).