გადაწყვეტილება №24072/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.12.2024
№ დოკუმენტი 24072/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 24072/2/2024

09 დეკემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---------“-ის 7.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24072/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №33876 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 6.08.2024 წლის №007-216 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 23.09.2024 წლის №20739 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 394 719 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 161 272

დღგ - 98 642

მოგების გადასახადი - 11 199

საშემოსავლო გადასახადი - 51 431

ჯარიმა - 124 660

საურავი - 108 787

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გაქირავება.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.09.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 1998 წლის 23 აპრილიდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელია 2020 წლის 22 იანვრიდან. ანგარიშსწორება ხორციელდება უმეტესად ნაღდი ანგარიშსწორებით. შემოწმების პროცესში გადამხდელმა წარმოადგინა ბუღალტრული პროგრამა „-------“ და შემოწმების მიერ მოთხოვნილი დაბეგვრასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის გამოყენების მიზნით დამზადება-გამოყენების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე. საგამოძიებო ორგანოს მიერ შემოწმების პროცესში გამოგზავნილ იქნა ზემოაღნიშნული ძიების ფარგლებში მოპოვებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

ზემოაღნიშნული მასალების ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: 2018 წელს შპს „--------“ და შპს „--------“ (ს/ნ --------) შორის გაფორმდა ხელშეკრულება „სანაცვლო შესრულების პირობით უძრავი ნივთის საკუთრების გადაცემის შესახებ“, რომლის საფუძველზეც შპს „-------- ახორციელებს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას შპს „---------“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ---------) და მიწის სანაცვლოდ შპს ,,--------’’ აღნიშნულ კორპუსებში გადასცემს უძრავ ქონებას (ბინებს, ავტოფარეხებს და კომერციულ ფართებს). საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მოსული ინფორმაციის ანალიზით დგინდება, რომ აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „---------“ 2020- 2022 წლებში ჯამურად გადაეცა 812.59 კვ.მ. (10 ერთეული) უძრავი ქონება. წარმოდგენილი მასალებით ასევე დგინდება, რომ აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, 2020-2021 წლებში საწარმოს ანაზღაურების გარეშე დამატებით გადაეცა 1056.23 კვ.მ. (22 ერთეული) უძრავი ქონება, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა შპს „---------“ დამფუძნებლებზე და მათთან დაკავშირებულ სხვადასხვა ფიზიკურ პირზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 2021 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე და 161-ე მუხლების (საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის) გათვალისწინებით, შპს „--------“ ბარტერის ხელშეკრულების საფუძველზე ფაქტობრივად გადაცემული უძრავი ქონება, რომელიც გაფორმებულია სხვადასხვა ფიზიკურ პირზე, დაკვალიფიცირდა შპს „-----------“ მიერ აღნიშნული ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების საბაზრო ფასით (ჯამში 1 360 241 ლარად (დღგ-ის ჩათვლით)) მიწოდებად (საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოყენებულ იქნა იგივე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში, იგივე პერიოდში მშენებელი კომპანიის მიერ ფიზიკურ პირებზე რეალიზებული უძრავი ქონების სარეალიზაციო ფასები) და დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 26.12.2022 წლის №32751 ბრძანება და №007-371 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ივნისის №13964 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლისათვის დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ივნისის №13964 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 ოქტომბრის დასკვნის საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე მომჩივანს წარედგინა 2.11.2023 წლის №27094 ბრძანება და №007-311 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33876 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ იყო აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ივნისის №13964 ბრძანება. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებების გათვალისწინებით სადავო საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33876 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 31 ივლისის დასკვნის მიხედვით, შემცირებას დაექვემდებარა სულ 132 011 ლარი, მათ შორის გადასახადი 110 714 ლარი და ჯარიმა 21 297 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 6 აგვისტოს №18225 ბრძანება და №007-216 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 23.09.2024 წლის №20739 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა მიუთითა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარდგენილი დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები და გათვალისწინებულ იქნა დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში, რის შედეგადაც შემცირდა შემოწმების აქტით დარიცხული დღგ 110 714 ლარის ოდენობით.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო ორგანომ, საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგების გადაანგარიშებისას, მხედველობაში არ მიიღო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და არ განახორციელა შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33876 ბრძანების აღსრულება.

აუდიტის დეპარტამენტს უნდა მოეხდინა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში არსებული დღგ-ის თანხების სრულად გათვალისწინება და შესაბამისი თანხით აქტის შედეგების კორექტირება (შემცირება).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ივნისის №13964 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლისათვის დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ივნისის №13964 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 ოქტომბრის დასკვნის საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე მომჩივანს წარედგინა 2.11.2023 წლის №27094 ბრძანება და №007-311 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურმა 29.12.2023 წლის №33876 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ივნისის №13964 ბრძანება. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებების გათვალისწინებით დამატებით შეესწავლა სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33876 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 31 ივლისის დასკვნის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები, კერძოდ, 2018 წელს გაფორმებული „სანაცვლო შესრულების პირობით უძრავი ნივთის საკუთრების გადაცემის შესახებ“ ხელშეკრულების მეორე მხარის შპს „--------“ (ს/ნ ---------) მიერ გამოწერილი, სათანადო წესით დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლითაც შპს „--------“ მიეცაშესაძლებლობა, განეხორციელებინა დღგ-ის ჩათვლა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემცირებას დაექვემდებარა სულ 132 011 ლარი, მათ შორის გადასახადი 110 714 ლარი და ჯარიმა 21 297 ლარი.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი ზოგადად საუბრობს და ვერ წარმოადგენს კონკრეტულ არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ რაიმე მტკიცებულებას, რაც მის მიერ დასახელებული არგუმენტების გათვალისწინების, საგადასახადო ორგანოს მიერ დასკვნით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შესაბამისად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხების დამატებით შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33876 ბრძანება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №33876 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები, კერძოდ, 2018 წელს გაფორმებული „სანაცვლო შესრულების პირობით უძრავი ნივთის საკუთრების გადაცემის შესახებ“ ხელშეკრულების მეორე მხარის შპს-ს მიერ გამოწერილი, სათანადო წესით დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლითაც მეორე შპს-ს მიეცა შესაძლებლობა, განეხორციელებინა დღგ-ის ჩათვლა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემცირებას დაექვემდებარა სულ 132 011 ლარი, მათ შორის გადასახადი 110 714 ლარი და ჯარიმა 21 297 ლარი.

 

გადაწყვეტილება

სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33876 ბრძანება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 304(21);