გადაწყვეტილება №22714/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.06.2024
№ დოკუმენტი 22714/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22714/2/2024

27 ივნისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ------- (ს/ნ ------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ -------ს 30.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22714/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 5.10.2023 წლის №24552 ბრძანების აღსრულების შედეგები. გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 თებერვლის №083-4 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 მარტის №5390 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 220 815 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 124 875

დღგ - 48 951

საშემოსავლო გადასახადი - 75 924

ჯარიმა - 44 138

საურავი - 51 802

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა იმპორტირებული ავტონაწილებით (პირველადი) ვაჭრობა -----. მეწარმე საქმიანობის განხორციელების მიზნით იყენებდა იჯარით აღებულ საწყობის ფართს. ასევე, ახორციელებდა დისტრიბუციას.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 თებერვლის №3285 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 31 აგვისტოს საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

მეწარმე წარდგენილ ახსნა-განმარტებაში აღნიშნავდა, რომ საბუღალტრო პროგრამას 1C იყენებდა საქონლის ნაშთების კონტროლის მიზნით, ამ ფორმაში აჩვენებდა მიღებულ საქონელს რაოდენობრივად შესაბამისი კოდის მინიჭებით, 2 თვეში ერთხელ კი აღრიცხავდა რეალიზებულ საქონელს ჯამურად.

აღნიშული კოდი, ასევე, მითითებული ჰქონდა საქონლის რეალიზაციის დოკუმენტში. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო მონაცემებით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტისა და პერიოდების განსაზღვრა, შემოწმებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. კერძოდ, შემოწმებამ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საქონლის საწყისი და საბოლოო ნაშთების (1 ივლისის მდგომარეობით) საფუძველზე გაიანგარიშა დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. ამასთან, დოკუმენტური რეალიზაციისას დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასების ანალიზით დადგინდა სხვადასხვა სასაქონლო ჯგუფის (განისაზღვრა 21 სასაქონლო ჯგუფი) ფასნამატი წლების მიხედვით, რაც გავრცელდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული შესაბამისი ჯგუფის თვითღირებულებაზე. საბოლოოდ, შემოწმებით დადგენილმა საშუალო ფასნამატმა წლების მიხედვით შეადგინა 2019 წელს - 94%, 2020 წელს - 80 %, 2021 წელს - 88 %, 2022 წელს - 94%. შედეგად, გაიზარდა მეწარმის ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 სექტემბრის №24368 ბრძანება და №083-28 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 281 925 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 20 ოქტომბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 6 მარტის №4255 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, 2018 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილი მონაცემები (ფასნამატი) გაავრცელოს უახლოეს/მომიჯნავე პერიოდზე (2019 წელზე) დოკუმენტის გარეშე რეალიზებული შესაბამისი ჯგუფის საქონლის თვითღირებულებაზე, ხოლო 2021-2022 წლების საანგარიშო პერიოდზე, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, იხელმძღვანელოს 2022 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილი მონაცემებით (ფასნამატით) და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 მარტის №4255 ბრძანება 24.03.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 27.04.2023 წლის №19207/2/2023 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 მარტის №4255 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.06.2023 წლის დასკვნა, 19.07.2023 წლის №17558 ბრძანება და №083-20 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 29 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 5.10.2023 წლის №24552 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 მარტის №4255 ბრძანების სრულყოფილად აღსრულება. კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2018 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილი მონაცემები (ფასნამატი) გაავრცელოს უახლოეს/მომიჯნავე პერიოდზე (2019 წელზე) დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე, ხოლო 2021-2022 წლების საანგარიშო პერიოდზე, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, იხელმძღვანელოს 2022 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილი მონაცემებით (ფასნამატით) და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 5.10.2023 წლის №24552 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 31.01.2024 წლის დასკვნა, 5.02.2024 წლის №2025 ბრძანება და №083-4 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 75 627 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 220 815 ლარი.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 1 მარტს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 12 მარტის №5390 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე და 304-ე მუხლებზე. დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. შემოწმების მიერ გამოთხოვილი იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2018 წლის საანგარიშო პერიოდში ჩატარებული ინვენტარიზაციის მასალები, რომლის შედეგების გამოყვანისას გამოყენებული იქნა დეკლარირებული ფასნამატი 31.9%, ხოლო 2022 წლის საანგარიშო პერიოდში ჩატარებული ინვენტარიზაციის ფასნამატი კი შეადგენს 63.3%-ს. შესაბამისად, დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი და აღნიშნულის საფუძველზე განხორციელდა დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება. ამასთან, გადამხდელს წარდგენილი საჩივრით სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი გარემოება, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, ამასთან, თავდაპირველი საჩივრით არ იყო სადავო გარემოება და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის 6.03.2023 წლის №4255 ბრძანების აღსრულების პროცესის მიმდინარეობისას, 2023 წლის 7 აპრილს, შემმოწმებლების მიერ მიიღო შეტყობინება, სადაც ითხოვდნენ, რომ მეწარმის მიერ გაგზავნილ ბუღალტრულ ნაშთში დამატებით მიეთითებინა სმფ-ების ნაშთების აღრიცხვისას გამოყენებული კოდები, ფასნამატის შესაბამის სასაქონლო ჯგუფზე გავრცელების მიზნით.

აღნიშნული წერილის პასუხად, 2023 წლის 12 აპრილს, მომჩივნის მიერ წარდგენილი იქნა ახსნაგანმარტება, სადაც აღნიშნავდა, რომ ინვენტარიზაციის პროცესში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისადმი წარდგენილი ბუღალტრული ნაშთი, თავისი დანართით, წარდგენილი იყო კანონმდებლობის სრული დაცვით და დამატებით ცვლილებას არ საჭიროებდა. ასევე, გაურკვეველი იყო თუ რისთვის იყო საჭირო ზემოთ მითითებული კოდების დამატება, როცა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში არაფერი თქმულა აღნიშნულის შესახებ. აგრეთვე, გაუგებარია თუ რომელ სასაქონლო ჯგუფებზე იყო საუბარი, ვინაიდან არც შემმოწმებლებს აქვთ დათვლილი ფასნამატი სასაქონლო ჯგუფების მიხედვით.

აღნიშნულის შემდგომ ელოდებოდა, რომ აღსრულდებოდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება და მოხდებოდა დარიცხვის კორექტირება/შემცირება. საბოლოოდ, 2023 წლის 19 ივლისს, მიიღო ახალი საგადასახადო მოთხოვნა №083-20, სადაც არანაირი ცვლილება და კორექტირება არ მომხდარა. საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ 7 აპრილს მიღებული წერილის შემდგომ, რამდენჯერმე შეეხმიანა აუდიტორს, რომელიც ამბობდა, რომ მომჩივნის გასაკეთებელ საქმეს აკეთებდა და საქმის დასასრულებლად დაახლოებით ერთი თვე ჭირდებოდა, რეალურად კი პროცესი 3 თვის შემდეგ დასრულდა.

შემმოწმებლების მიერ წარდგენილ დასკვნაში აღნიშნულ იყო, რომ 2018 წლის ინვენტარიზაციის ფასნამატი, რომელიც შეადგენდა 31,9 პროცენტს და რომელიც გამოყენებული იყო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ინვენტარიზაციის შედეგების გამოსაყვანად, არ იყო გაანგარიშებული ცალკეული საქონლის ჯგუფების მიხედვით და ამასთანავე აღნიშნული ფასნამატი ემთხვეოდა მეწარმის დეკლარირებულ ფასნამატს, სწორედ ამიტომაც არ მოხდა აღნიშნული ფასნამატის გამოყენება აუდიტორების მიერ.

დასკვნაში აუდიტორები ასევე აღნიშნავდნენ, რომ 2022 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის ფასნამატი შეადგენდა 63,3%-ს. აღნიშნული ფასნამატის გაანგარიშების მიზნით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს გაანგარიშებული ჰქონდა 1 388 სხვადასხვა დასახელების საქონლის თვითღირებულებისა და საბაზრო ღირებულების მონაცემები, ხოლო შემმოწმებლებმა შემოწმების ეტაპზე ფასნამატის გაანგარიშებისთვის გამოიყენეს 2 988 სხვადსხვა დასახელების საქონლის მონაცემები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ მიმათა მეწარმეს, რათა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ ინვენტარიზაციის ცხრილში მიეთითებინა შემოწმებისთვის წარდგენილი და რეალიზაციის დოკუმენტებში მითითებული საქონლის დასახელების კოდები, რათა მომხდარიყო ინვენტარიზაციის მონაცემებისა და რეალიზაციის დოკუმენტებში საქონლის დასახელებების კავშირი. აღნიშნულზე, როგორც ზემოთ აღინიშნა, წარადგინა ახსნა-განმარტება, სადაც უარი თქვა აუდიტორის მოთხოვნის შესრულებაზე, ვინაიდან ბუღალტრული ნაშთი წარდგენილი ჰქონდა კანონმდებლობის სრული დაცვით. ასევე, საერთოდ არ საჭიროებდა გადაწყვეტილების აღსრულება ინვენტარიზაციის მონაცემებისა და რეალიზაციის დოკუმენტებში მითითებული საქონლის დასახელებების კავშირს, საჭირო იყო მხოლოდ ინვენტარიზაციის ფასნამატის გავრცელება დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე. მომჩივნის ახსნა-განმარტებიდან 3 თვის შემდგომ შემმოწმებლებმა ჩათვალეს, რომ გადამხდელის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელი იყო ინვენტარიზაციის მონაცემებისა და რეალიზაციის დოკუმენტების დაკავშირება, დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულების დადგენის მიზნით. ასევე, ვერ ხერხდებოდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის/ჯგუფების იდენტიფიცირება და მათზე ინვენტარიზაციის ფასნამატის გავრცელება.

აღნიშნულის პასუხად გასაჩივრებული იქნა 2023 წლის 19 ივლისს მიღებული საგადასახადო მოთხოვნა №083-20, სადაც ითხოვდა, რომ აღსრულებულიყო შემოსავლების სამსახურის 6.03.2023 წლის №4255 ბრძანება და მომხდარიყო საგადასახადო მოთხოვნის შემცირება/კორექტირება.

შემოსავლების სამსახურის 5.10.2023 წლის №24552 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა და დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შემოსავლების სამსახურის 6.03.2023 წლის №4255 ბრძანების აღსრულება.

აღნიშნულის გათვალისწინებით, 2024 წლის 5 თებერვალს, მიიღო ახალი საგადასახადო მოთხოვნა №083-4, რომლის საფუძველზეც მოხდა წინა საგადასახადო მოთხოვნების კორექტირება და დარიცხული გადასახადებისა და ჯარიმების შემცირება. მიუხედავად ამისა, არ დაეთანხმა აღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნას და გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. საჩივრის საფუძველს წარმოადგენდა აღმოჩენილი ახალი გარემოება. კერძოდ, მეწარმეს 2019, 2020, 2021 და 2022 წლებში საბრუნავი მარაგების შესავსებად აღებული ჰქონდა სამეწარმეო სესხები და ყოველთვიურად იხდიდა გარკვეულ პროცენტებს, მიუხედავად ამისა, აღნიშნული პროცენტის თანხები, რაც ჯამში შეადგენდა 36 151 ლარს (იხილეთ დანართები - სესხის ხელშეკრულებები), არ იყო ასახული შესაბამისი პერიოდის დეკლარაციების ხარჯების გრაფაში. ასევე, მეწარმის მიერ მოხერხდა აღნიშნული დეკლარაციების დაზუსტება, ვინაიდან აუდიტორული შემოწმების პერიოდში, მეწარმე მოკლებულია შესაძლებლობას დააზუსტოს ძველი დეკლარაციები. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვდა, რომ შემმოწმებლებს გაეთვალისწინებინათ სესხზე გადახდილი პროცენტის თანხები და შესაბამისად მომხდარიყო უკანასკნელი საგადასახადო მოთხოვნის კორექტირება/შემცირება.

აღნიშნულის პასუხად, 2024 წლის 12 მარტს, მიიღო შემოსავლების სამსახურის ბრძანება №5390, რომლის საფუძველზეც საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახური გადაწყვეტილებაში განმარტავდა, რომ არ არსებობდა საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან უკვე აღსრულებული იყო წინა გადაწყვეტილებები.

არ ეთანხმება აღნიშნულ გადაწყვეტილებას, ვინაიდან მისი მოთხოვნა ეფუძნებოდა ახალ აღმოჩენილ გარემოებას. ამასთანავე, მომჩივნის მიერ წარდგენილი იყო სრული დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც დასტურდებოდა როგორც სესხის მიზნობრიობა, ასევე გადახდილი და გადასახდელი პროცენტის თანხები. უსამართლობაა, როცა მსგავსი მტკიცებულების წარდგენის შემდგომ, შემოსავლების სამსახურმა სრულად უგულებელყო მისი მოთხოვნა და არ დაავალა აუდიტორებს დარიცხული თანხების შემცირება/კორექტირება.

მომჩივანი ითხოვს, რომ გათვალისწინებული იქნას ახლად აღმოჩენილი გარემოება და მოახდინოს შემმოწმებლებმა დარიცხული თანხების კორექტირება/შემცირება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 5.10.2023 წლის №24552 ბრძანებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 მარტის №4255 ბრძანების სრულყოფილად აღსრულება. კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2018 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილი მონაცემები (ფასნამატი) გაავრცელოს უახლოეს/მომიჯნავე პერიოდზე (2019 წელზე) დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე, ხოლო 2021-2022 წლების საანგარიშო პერიოდზე, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, იხელმძღვანელოს 2022 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილი მონაცემებით (ფასნამატით) და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, გამოთხოვილი იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2018 წლის საანგარიშო პერიოდში ჩატარებული ინვენტარიზაციის მასალები. წარდგენილი მასალებით დგინდება, რომ ინვენტარიზაციის კომისიის მიერ შედეგების გამოყვანის მიზნით გამოყენებული იქნა მეწარმის დეკლარირებული ფასნამატი - 31.9%, 2022 წლის საანგარიშო პერიოდში ჩატარებული ინვენტარიზაციის ფასნამატი კი შეადგენს 63.3%-ს. აღნიშნული ფასნამატები გავრცელდა საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენის დროს გამოყვანილი დოკუმენტის გარეშე რეალიზებული სმფ-ების თვითღირებულებაზე. აღნიშნულის შესაბამისად, კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები. კერძოდ, დღგ-ის ნაწილში შემცირდა გადასახადი - 26 528 ლარით, ჯარიმა - 14 741 ლარით, ხოლო საშემოსავლო გადასახადის ნაწილში გადასახადი შემცირდა 22 905 ლარით, ხოლო ჯარიმა - 11 451 ლარით.

ამასთან, მომჩივანი არ უთითებს თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება და სადავოდ ხდის ისეთ გარემოებებს, რაც არ იყო გასაჩივრებული თავდაპირველი საჩივრით და არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის აღსასრულებლად.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს, რომ გათვალისწინებული იქნას ახლად აღმოჩენილი გარემოება და მოახდინოს შემმოწმებლებმა დარიცხული თანხების კორექტირება/შემცირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 მარტის №4255 ბრძანების სრულყოფილად აღსრულება. აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, გამოთხოვილი იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2018 წლის საანგარიშო პერიოდში ჩატარებული ინვენტარიზაციის მასალები. წარდგენილი მასალებით დგინდება, რომ ინვენტარიზაციის კომისიის მიერ შედეგების გამოყვანის მიზნით გამოყენებული იქნა მეწარმის დეკლარირებული ფასნამატი - 31.9%, 2022 წლის საანგარიშო პერიოდში ჩატარებული ინვენტარიზაციის ფასნამატი კი შეადგენს 63.3%-ს. აღნიშნული ფასნამატები გავრცელდა საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენის დროს გამოყვანილი დოკუმენტის გარეშე რეალიზებული სმფ-ების თვითღირებულებაზე. აღნიშნულის შესაბამისად, კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები.

 

გადაწყვეტილება

ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5)