გადაწყვეტილება №19873/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.08.2023
№ დოკუმენტი 19873/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19873/2/2023

09 აგვისტო 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: სს „-------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს „------“-ის 2.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19873/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 23.04.2021 წლის №12378 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.02.2023 წლის №042-3 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 23.05.2023 წლის №11352 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 146 183,99 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 58 191

დღგ - 4 485

მოგების გადასახადი - 41 137

ქონების გადასახადი - 12 569

ჯარიმა - 32 451

საურავი - 55 541,99

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების 30.11.2020 წლის აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2017 წლიდან 1.01.2020 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 10.12.2020 წლის №042-42 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 23.04.2021 წლის №12378 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- შესყიდვის აქტების საფუძველზე შეძენილი ნედლეულის დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად განხილვის საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და იმსჯელოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრის თაობაზე. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

- ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზებული მიწის ნაკვეთის ღირებულების გადაფასების საკითხის ნაწილში მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ რეალიზებული მიწის ნაკვეთის ღირებულების განსაზღვრის თაობაზე.

- განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

- დღგ-ის ნაწილში დარიცხულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მიწის ნაკვეთის მიწოდების ოპერაციის შენობა-ნაგებობის მიწოდებად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 23.04.2021 წლის №12378 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 23.02.2023 წლის დასკვნის მიხედვით, დამატებით იქნა შესწავლილი საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, შესწავლის შედეგად შესყიდვის აქტებით შესყიდული საქონლის ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირის დადგენა ვერ მოხერხდა, რადგან ხარჯის გაწევის ფაქტი არ არის სახეზე, ვერ იქნა წარმოდგენილი ხარჯის გაწევის რეალობის და ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირის დამადასტურებელი დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შესაბამისად, სათანადო საფუძვლების არ არსებობის გამო აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირება არ განხორციელდა.

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა შეფასების ანგარიში მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების შესახებ, აღნიშნულის გათვალისწინებით დაკორექტირდა (შემცირდა) საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხა. ასევე, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, მიწის ნაკვეთის მიწოდების ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის ნაწილში შენობა-ნაგებობის მიწოდებად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხა დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირდა).

აუდიტის დეპარტამენტის 23.02.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 28.02.2023 წლის №042-3 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 23.05.2023 წლის №11352 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით იქნა შესწავლილი საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები. შესწავლის შედეგად, შესყიდვის აქტებით შესყიდული საქონლის ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირის დადგენა ვერ მოხერხდა, რადგან ხარჯის გაწევის ფაქტი არ არის სახეზე, ვერ იქნა წარმოდგენილი ხარჯის გაწევის რეალობის და ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირის დამადასტურებელი დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირება არ განხორციელდა. ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა შეფასების ანგარიში მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების შესახებ, აღნიშნულის გათვალისწინებით დაკორექტირდა (შემცირდა) საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხა. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანია შემოწმდა 2020 წელს, 3 წლის წინ, რაც გასაჩივრებული იქნა. საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თუმცა შესაბამისი დასკვნის მომზადებას დასჭრიდა მთელი 3 წელი, მიუხედავად ასეთი ხანგრძლივი და „გულმოდგინე“ მუშაობისა ფაქტიურად არაფერი იქნა გათვალისწინებული, თუმცა მთელი ამ ხნის განმავლობაში საზოგადოების პირად ბარათზე არ შეწყვეტილა საურავის დარიცხვა, რომელმაც უკვე ძირითად თანხას გაასწრო. ბოლოს გასაჩივრებული იქნა შემოსავლების სამსახურში, თუმცა მათ მიერ გამოცემულ 23.05.2023 წლის №11352 ბრძანებაში არ იკითხება, რომ მოხდა ამ საკითხების განხილვა, მაგალითად პირველ სადავო საკითზე ისინი ამბობენ, რომ არ წარგვიდგენია გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები. რა თქმა უნდა დოკუმენტები არსებობს, თუმცა ის არასაკმარისად მიიჩნიეს შემმოწმებლებმა, იმის გამო, რომ მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტს აკლდა ზოგიერთი ელემენტი, თუმცა სახეზეა პროდუქცია, რომელიც ამ მასალებით შეიქმნა. მინიმუმ სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით მაინც უნდა მომხდარიყო ამ ხარჯების ჩათვლა, რადგან სხვა შემთხვევაში კიდევ უარეს მდგომარეობაში ვარდება საწარმო. ძირითადად ასეა სხვა საკითხებშიც. გულდასმით უნდა იქნას განხილული ეს საკითხები და მინიმალური შეღავათი მაინც გაეწიოს კომპანიას, რათა ნორმალური ფუნქციონირება მაინც გააგრძელოს.

გაუგებარია რატომ ვერ დადგინდა შესყიდვის აქტებით შესყიდული საქონლის ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი, 2021 წელს მოთხოვნილი იყო დამატებით წარმოგვედგინა შესყიდვის აქტების დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც დათქმულ ვადაში წარდგენილია. რაც შეეხება, კავშირს შესყიდული აქტებისა და მზა პროდუქციას შორის, აღსანიშნავია, რომ შესყიდული საქონელი გამოყენებული იყო საწარმოს მიერ და მისგან მიღებული პროდუქცია (ნუშის ნაყენი, რომელიც საწარმოს სასაქონლო მარაგებშია) არის შემოსავალში აღებული და მის საბოლოო სასაქონლო სახემდე მისაღებად მასზე ხორციელდება სხვადასხვა ტექნოლოგიური პროცედურები. თუ შესყიდვის დოკუმენტები მიუღებელია, ამ შემთხვევაში 2.02.2012 წლის სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით, ხარჯად უნდა ჩათვლილიყო 188 104*75%=141 078 ლარი და შესაბამისი დაბეგვრა უნდა მომხდარიყო, თუმცა როგორც ეტყობა საერთოდ იგნორირებისთვის ასე უფრო სჯობდა. ასე დატოვებით გამოვა, რომ პროდუქცია, რომელიც ახლა საწარმოს მარაგებშია აღრიცხული დარჩება ზედმეტობაში და კიდევ უნდა დაჯარიმდეს აღურიცხავი საქონლის გამო.

ვინაიდან საგადასახადო ორგანოსთვის შეტყობინების აუცილებლობის შესახებ უცნობი იყო და აღნიშნული გამოწვეულია არცოდნით და არა გამიზნულად, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი კომპანია უნდა გათავისუფლდეს ამ ნაწილში საგადასახადო შემოწმებით დარიცხული სანქციებისგან (ჯარიმა 2 475,8 ლარი და შესაბამისი საურავი).

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მითითებით აღწერილი იქნა მხოლოდ შენობებში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები და არ იქნა აღწერილი შენობების გარეთ საწარმოს ტერიტორიაზე არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რითაც დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილი - „საგადასახადო ორგანოს უფროსს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გამოსცეს აქციზური საქონლის მფლობელი პირის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის ჩატარების ბრძანება (საგადასახადო ორგანოს უფროსს უფლება აქვს, არააქციზური საქონლის მფლობელი პირის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის ჩატარების ბრძანება გამოსცეს კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს 2-ჯერ, ხოლო მე-3-ჯერ ინვენტარიზაცია შესაძლებელია ჩატარდეს შემოსავლების სამსახურის უფროსის/მისი მოადგილის ბრძანებით). გადასახადის გადამხდელის ხელმძღვანელმა (დირექტორმა) ინვენტარიზაციის გონივრულ ვადაში ჩატარების მიზნით, ბრძანების ჩაბარებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში უნდა შექმნას საინვენტარიზაციო კომისია. საინვენტარიზაციო კომისიაში შეყვანილი უნდა იქნენ ის პირები, რომლებიც კარგად იცნობენ საინვენტარიზაციო ქონებას, იციან მისი ფასი და პირველადი აღრიცხვა, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში – საგადასახადო ორგანოს თანამშრომლები ან/და მის მიერ მოწვეული სპეციალისტები. საინვენტარიზაციო კომისია ვალდებულია სრულად და დროულად აღრიცხოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ან/და ძირითადი საშუალებები წარმოებისა და შენახვის ადგილზე, შეუდაროს აღრიცხვის შედეგები ბუღალტრული აღრიცხვის შესაბამის მონაცემებს და ყოველივე ეს შეიტანოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების აღწერის ოქმში“.

აქ გარკვევით წერია, რომ ინვენტარიზაცია ტარდება როგორც წარმოების ასევე შენახვის ადგილზე, მით უმეტეს მატერიალური ფასეულობები დასაწყობებული იყო ერთ მისამართზე , გაუგებარი გახდა რა მოტივით აირჩიეს ერთი კონკრეტული სეგმენტი წარმოებაში, ასე ხომ წინასწარ იცოდნენ, რომ ვერ მიიღებდნენ ობიექტურ შედეგს, რის შესახებაც დაუყოვნებლივ წერილობით ეცნობათ როგორც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, ასევე აუდიტის დეპარტამენტს და მოვითხოვეთ დამატებითი ინვენტარიზაციის ჩატარება შენობების გარეთ არსებულ საწარმოს ტერიტორიაზე, სადაც განლაგებული იყო დაფიქსირებული დანაკლისი, რაც არ იყო აღწერილი, რაზეც დღემდე პასუხი მიღებული არ არის. დანაკლისში აღნიშნული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა სრულად არის განლაგებული შენობების გარეთ არსებულ საწარმოს ტერიტორიაზე. აღნიშნულზე წარმოდგენილია შესაბამისი ფოტომასალა. ასევე, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა ნებისმიერ დროს შეიძლება ნახონ აღნიშნული სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობები. უნდა გაუქმდეს ინვენტარიზაციის შედეგად დაფიქსირებული დანაკლისი 74 124 ლარი და შესაბამისად დარიცხული ჯარიმა 7 412 ლარი. ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებიდან რევიზიის შემდგომ გაიყიდა ნაწილი პროდუქცია, რაც დასტურდება საწარმოს მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებით და მასზე გამოწერილი და გადახდილი დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურით.

საპროექტო ორგანიზაციაზე გადახდილი თანხები შეადგენს საწარმოსთვის სადეგუსტაციო დარბაზის მშენებლობისათვის საპროექტო სამუშაოებს, რომელიც შემდგომ ხელს შეუწყობდა საწარმოს რეალიზაციის გაზრდას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის 1.01.2022 წლამდე მოქმედი რედაქციით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის 1.01.2022 წლამდე მოქმედი რედაქციით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 981−984 მუხლებით გათვალისწინებული გადახდების/განაცემების არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, ხოლო თუ მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი დამატებული ღირებულების გადასახადს მოიცავს − საბაზრო ფასით, დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე.

საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა შესყიდვის აქტები, თუმცა ვისგანაც იყო შესყიდული ის პირი იყო გარდაცვლილი. ასევე, ამ პირის სახელზე არ ფიქსირდება მიწის ნაკვეთი. არ დასტურდება, რომ პირს შეეძლო დაახლოებით 190 ათასი ლარის ღირებულების ნუშის მიღება/რეალიზაცია. ასევე, არ ემთხვეოდა ხელმოწერები. ასევე აღნიშნული რაოდენობის ნუშის შესაბამისობაში, შეძნეილია დაახლოებით 9 ათასი ლარის სპირტი, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი კალკულაცია. ნუში ან წარმოებული პროდუქტი, ლიქიორი მარაგებში არ ჰქონდა გადასახადის გადამხდელს. გადასახადის გადამხდელთან ჩატარებულია ინვენტარიზაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩაითვალა, რომ ნუშის ეკონომიკურ საქმიანობაში გახარჯვა არ დასტურდება.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, აგრეთვე გადაანგარიშების შედეგად შემცირებას დაექვემდებარა მიწის ნაკვეთის მიწოდების ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის ნაწილში შენობა-ნაგებობის მიწოდებად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 23.02.2023 წლის დასკვნით სადავო საკითხები შესწავლილია შემოსავლების სამსახურის 23.04.2021 წლის №12378 ბრძანების შესაბამისად.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გადასახადის გადამხდელის ჯარიმისგან გათავისუფლების, ინვენტარიზაციის შედეგად დაფიქსირებული დანაკლისის და საპროექტო ორგანიზაციაზე გადახდილი თანხების საკითხებთან დაკავშირებით, საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხებზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 23.04.2021 წლის №12378 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესყიდვის აქტებით შესყიდული საქონლის ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირის დადგენა ვერ მოხერხდა, რადგან ხარჯის გაწევის ფაქტი არ არის სახეზე, ვერ იქნა წარმოდგენილი ხარჯის გაწევის რეალობის და ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირის დამადასტურებელი დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შესაბამისად, სათანადო საფუძვლების არ არსებობის გამო აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირება არ განხორციელდა.

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა შეფასების ანგარიში მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების შესახებ, აღნიშნულის გათვალისწინებით დაკორექტირდა (შემცირდა) საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხა. ასევე,მიწის ნაკვეთის მიწოდების ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის ნაწილში შენობა-ნაგებობის მიწოდებად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხა დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირდა).

 

გადაწყვეტილება

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გადასახადის გადამხდელის ჯარიმისგან გათავისუფლების, ინვენტარიზაციის შედეგად დაფიქსირებული დანაკლისის და საპროექტო ორგანიზაციაზე გადახდილი თანხების საკითხებთან დაკავშირებით, საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხებზე.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(5,9) ,97,982,269(7)