ბრძანება N 7397
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 7397
23 აპრილი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
------ის მოქალაქე -----------ის (პასპ/ნ --------------)
(მის.: ------------------------------------------------------)
2025 წლის 8 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 17 აპრილის სხდომაზე (ოქმი №29) განიხილა -------------ის (პასპ/ნ -------------) №54122/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის პირველი აპრილის №------ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2025 წლის იანვარში საქართველოში წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა 2 ბინა და თანხა გადმორიცხა ბანკის მეშვეობით. აპრილში დაბრუნდა საქართველოში ბინების გასაფორმებლად, თან შემოიტანა 20 000 აშშ დოლარი, რაც განკუთვნილი იყო რემონტისთვის და ავეჯის შესაძენად. მისთვის უცნობი იყო შემოტანილი თანხის დეკლარირების ვალდებულების შესახებ. როდესაც მებაჟე-ოფიცერმა შეაჩერა, მას განუცხადა თანხის შესახებ.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის საფუძველზე გადახდილი თანხის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის პირველ აპრილს რეისით --------------თბილისი (-------) ჩამოფრინდა -------ის სახელმწიფოს მოქალაქე --------ი. საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ აღნიშნული პიროვნება საბაჟო კონტროლის ზონას ტოვებდა „მწვანე დერეფნის“ გავლით, ისე რომ მას არ მიუმართავს საბაჟო ორგანოს თანამშრომლისთვის ფულის დეკლარირების მოთხოვნით.
საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ უფლებამოსილი პირის მიერ მოხდა მისი შეჩერება და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება --------ის კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების თაობაზე, რის შედეგად ხელბარგში აღმოჩენილ იქნა 20 000 აშშ დოლარი, რამაც საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის მიხედვით შეადგინა 55 296 ლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა „მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი №----/------“.
ვინაიდან ------ის მიერ ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 50 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის გადმოტანას საბაჟო კონტროლისგან მალულად, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ უფლებამოსილი პირის მიერ, 2025 წლის პირველ აპრილს შედგენილი №------- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით -------ს საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ჯარიმის თანხა მის მიერ გადახდილ იქნა იმავე დღეს (საგადახდო დავალება №---------).
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:
საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს;
საქონელი არის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდი, ელექტროენერგია, თბოენერგია, გაზი, წყალი.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი აზუსტებს, რომ ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს:
ა) პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა;
ბ) პირმა, რომელიცსაქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი პირის სახელით ან დავალებით მოქმედებს;
გ) პირმა, რომელმაც საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 50 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 100 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით – იწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
შემოსავლების სამსახური ვალდებულია განახორციელოს მონიტორინგი საქართველოს საგადასახადო კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 50 000 ლარზე მეტი მაგრამ არაუმეტეს 100 000 ლარის ოდენობის თანხის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
აღსანიშნავია, რომ აეროპორტის კონტროლის ზონაში (მოფრენის დარბაზი) განთავსებულია მწვანე და წითელი დერეფნები, რომლებზეც ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზეა განთავსებული ინფორმაცია მგზავრთა ვალდებულებებისა და შეღავათების შესახებ. „წითელი დერეფანი“ მოქალაქეს აფრთხილებს შემდეგი წარწერით: „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ საბაჟო ორგანოს“. ხოლო „მწვანე დერეფანი“ – „არ ექვემდებარება დეკლარირებას“. მიუხედავად აეროპორტში არსებული აღნიშვნებისა, ----ს არ მიუმართავს საბაჟო ორგანოს თანამშრომლისთვის ფულის დეკლარირების მოთხოვნით, ის საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ საბაჟო კონტროლის ზონას ტოვებდა „მწვანე დერეფნის“ გავლით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ----------------ის (პასპ/ნ ---------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი ითხოვს სადავო ოქმის საფუძველზე გადახდილი თანხის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის პირველ აპრილს ჩამოფრინდა უცხო ქვენის მოქალაქე. საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ აღნიშნული პიროვნება საბაჟო კონტროლის ზონას ტოვებდა „მწვანე დერეფნის“ გავლით, ისე რომ მას არ მიუმართავს საბაჟო ორგანოს თანამშრომლისთვის ფულის დეკლარირების მოთხოვნით.
საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი პირის მიერ მოხდა მისი შეჩერება და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მომჩივანის კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების თაობაზე, რის შედეგად ხელბარგში აღმოჩენილ იქნა 20 000 აშშ დოლარი, რამაც საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის მიხედვით შეადგინა 55 296 ლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა „მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი .
ვინაიდან მომჩივანის მიერ ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 50 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის გადმოტანას საბაჟო კონტროლისგან მალულად, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი პირის მიერ, 2025 წლის პირველ აპრილს შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით მომჩივანს საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ჯარიმის თანხა მის მიერ გადახდილ იქნა იმავე დღეს .
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163(1); 169(2);