გადაწყვეტილება №20054/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20054/2/2023
10 ოქტომბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 23.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20054/2/2023).
დავის საგანი:
დებიტორული დავალიანების დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №002-246 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 5.06.2023 წლის №12370 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 391 707 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 230 665
დღგ - 20 039
მოგების გადასახადი - 178 664
საშემოსავლო გადასახადი - 31 962
ჯარიმა - 116 939
საურავი - 44 103
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ხილ-ბოსტნეულის შეძენა და ექსპორტი რუსეთის ფედერაციაში.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 12.07.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 8.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ:
კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება დებიტორული მოთხოვნა რუსეთის ფედერაციის რეზიდენტ იურიდიულ პირებთან. აღნიშნული დებიტორული მოთხოვნა შეადგენს 980 145 ლარს. გადამხდელმა წარადგინა ურთიერთშედარების აქტი დებიტორული მოთხოვნის ნამდვილობის დადასტურების მიზნით. თუმცა, კომპანიას დებიტორული მოთხოვნის მიღების მიზნით არ დაუწყია სამართლებრივი დავა ან/და რაიმე სახის სამართლებრივი პროცედურები თანხის მიღების მიზნით.
შემოწმებით გაანალიზდა ფულის მოძრაობა, რომლის დროსაც გათვალისწინებულია მიღებული შემოსავლები და შემოსავალთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის შესამოწმებელ პერიოდში გაცემული ხელფასი შეადგენს სულ 14 734 ლარს. შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, აღნიშნული დებიტორული დავალიანება დაკვალიფიცირდა როგორც ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე, გაცემულ უპროცენტო სესხად და საგადასახადო კოდექსის 97- ე და 982 მუხლების მიხედვით დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2022 წლის №32514 ბრძანება და 23.12.2022 წლის №002-246 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 29.01.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 5.06.2023 წლის №12370 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიამ რუსეთის ფედერაციის რეზიდენტ საწარმოებზე საქონლის მიწოდება განახორციელა 2021 წლის დეკემბერში და 2022 წლის იანვარში, საგადასახადო შემოწმება კი დაინიშნა 21.01.2022 წლის №1098 ბრძანების საფუძველზე.
დებიტორზე თანხის გადახდევინების მოთხოვნის შედეგად საწარმომ პასუხად მიიღო რუსეთის ფედერაციაში არსებული მდგომარეობა და სიტუაცია (საომარი მდგომარეობა) ასევე შეზღუდვები, ქვეყნიდან თანხის გადინებასთან დაკავშირებით, რადგან აიკრძალა ფედერაციაში უცხოური ვალუტებში გადარიცხვები.
შემოწმების პერიოდში კომპანია თანამშრომლობდა აუდიტორთან, მან წარადგინა მის ხელთ არსებული ყველა საჭირო პირველადი დოკუმენტაცია, როგორიცაა შესყიდვის აქტი (ვინაიდან ექსპორტირებული საქონლის შესყიდვა განხორციელებულია ადგილობრივ სოფლებში, დაბებში), შესყიდვის აქტის სისწორის და უტყუარობისათვის მან ასევე წარადგინა ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიდან გამყიდველის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული მიწების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომ ორი მიწის ფართობი იძლეოდა იმის შესაძლებლობას რომ ფართობზე შესყიდული საქონლის მოყვანა შესაძლებელი იყო. ასევე, საწარმომ შემოწმების პერიოდში წარადგინა რუსეთის ფედერაციის რეზიდენტ საწარმოებთან შედარების აქტები, ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული.
საწარმოს დღგ-სა და გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის, რომელიც ჯამში წარმოადგენს 52 001 ლარს დარიცხვასთან და გადახდევინებასთან დაკავშირებით პრეტენზია არ გააჩნია და აღიარებს.
ითხოვს წარდგენილი 2023 წლის თარიღით გაფორმებული განმეორებითი შედარების აქტების, თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით დებიტორთან წერილობითი მიმართვების და მოთხოვნების გათვალისწინებას და სადავო აქტების ბათილობას, 321 200 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში 980 145 ლარის ნაწილში განხორციელებული დარიცხვის მოგების გადასახადის 178 664 ლარის გაუქმებას, რადგან აღნიშნული დებიტორული დავალიანება საწარმოს რეალურად არ მიუღია და შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე იმყოფება ძალიან დიდი ფინანსური კრიზისის და პრობლემის წინაშე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-19 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, პროცენტი – ფულად დაბანდებებთან ან სავალო ვალდებულებებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის სავალო მოთხოვნიდან (იპოთეკური უზრუნველყოფის არსებობისა და მისი გაფორმების მეთოდის მიუხედავად) მიღებული ნებისმიერი წინასწარ განცხადებული (დადგენილი) შემოსავალი (მათ შორის, დისკონტის სახით მიღებული). ამასთანავე, ამ ნაწილის მიზნებისათვის სავალო ვალდებულებას არ მიეკუთვნება საქონლის მიწოდებით ან/და მომსახურების გაწევით წარმოშობილი სავალო ვალდებულებები ან გარანტიითა და თავდებობით ან/და სხვა ამგვარი ოპერაციებით წარმოქმნილი ვალდებულებები.
მომჩივანმა საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აღნიშნა, რომ საქონლის პირველი ექსპორტი განხორციელდა 2021 წლის დეკემბერში კონსიგნაციით, პირველი შეძენის ღირებულება არარეზიდენტ კომპანიას უნდა გადაეხადა შემდეგი მიწოდებისას, თუმცა როცა განხორციელდა მეორე მიწოდება 2022 წლის იანვარში, პირველი მიწოდებისას რეალიზებული საქონლის საფასური არ დაიფარა. თანხის გადახდევინების მოთხოვნის პასუხად არარეზიდენტი დებიტორი კომპანიებისგან მიზეზად დასახელდა რუსეთის ფედერაციაში არსებული საომარი მდგომარეობა და მასთან დაკავშირებული შეზღუდვები (საბანკო ანგარიშიდან უცხოური ვალუტებში გადარიცხვებზე). შემოწმების მიმდინარეობისას კომპანიამ წარადგინა შესყიდვის აქტი (ვინაიდან ექსპორტირებული საქონლის შესყიდვა განხორციელებულია ადგილობრივ სოფლებში, დაბებში), შესყიდვის აქტის სისწორის და უტყუარობისათვის მან ასევე წარადგინა ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიდან გამყიდველის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული მიწების დამადასტურებელი დოკუმენტები. ასევე, წარადგინა რუსეთის ფედერაციის რეზიდენტ საწარმოებთან შედარების აქტები, ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, რაც დანართად ახლავს საჩივარსაც. არარეზიდენტი კომპანიები ადასტურებენ დავალიანების არსებობას, ოდენობას, თუმცა არ/ვერ აფიქსირებენ გადახდის თარიღს. იურისტებთან კონსულტაციით არარეზიდენტ კომპანიებთან საქართველოში სამართლებრივი დავით შედეგი არ დადგებოდა, კომპანიას მოუწევდა ხარჯის გაწევა უშედეგოდ.
მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ კომპანიის მიერ მიწოდება განხორციელებულია 2021 წლის დეკემბერში და 2022 წლის იანვარში, თუმცა მანამდეც უფიქსირდება ექსპორტი. საგადასახადო ორგანოს მიერ ოპერაციის შეფასებისას ეჭვქვეშ არ დაუყენებია საქონლის მიწოდება. მომჩივნის მიერ შემოწმების და დავის ეტაპზე ეტაპობრივად წარმოდგენილია ნოტარიულად დამოწმებული შედარების აქტები დებიტორული მოთხოვნის ნამდვილობის დადასტურების მიზნით. თუმცა, კომპანიას დებიტორული მოთხოვნის მიღების მიზნით არ დაუწყია სამართლებრივი დავა ან/და რაიმე სახის სამართლებრივი პროცედურები თანხის მიღების მიზნით. შემოწმებით გაანალიზდა ფულის მოძრაობა, რომლის დროსაც გათვალისწინებულია მიღებული შემოსავლები და შემოსავალთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის შესამოწმებელ პერიოდში გაცემული ხელფასი და აღნიშნული დებიტორული დავალიანება დაკვალიფიცირდა როგორც ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე, გაცემული უპროცენტო სესხი.
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის შესასწავლია არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები, კერძოდ, ვინაიდან პროცენტის მიზნებისთვის სავალო ვალდებულებას არ მიეკუთვნება საქონლის მიწოდებით წარმოშობილი სავალო ვალდებულებები, საგადასახადო ორგანოს მიერ ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე, დებიტორული დავალიანების გაცემულ უპროცენტო სესხად კვალიფიცირების საფუძველი არ არის დასაბუთებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 5.06.2023 წლის №12370 ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად, მომჩივნის მონაწილეობით უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 5.06.2023 წლის №12370 ბრძანება;
3. საჩივარი ხელახლა განსახილველად, მომჩივნის მონაწილეობით, დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს დებიტორული დავალიანების დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ხილ-ბოსტნეულის შეძენა და ექსპორტი რუსეთის ფედერაციაში.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 5.06.2023 წლის №12370 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის შესასწავლია არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები, საგადასახადო ორგანოს მიერ ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე, დებიტორული დავალიანების გაცემულ უპროცენტო სესხად კვალიფიცირების საფუძველი არ არის დასაბუთებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 5.06.2023 წლის №12370 ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად, მომჩივნის მონაწილეობით უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 97; 982(3-ზ);