გადაწყვეტილება №25485/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.08.2025
№ დოკუმენტი 25485/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25485/2/2025

12 აგვისტო 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 19.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25485/2/2025).

 

დავის საგანი:

საგადასახადო შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 27.05.2025 წლის №006-134 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2.07.2025 წლის №14615 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 232 983,5 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 131 993,43

ჯარიმა - 73 912,6

საურავი - 27 077,47

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საწარმოს საქმიანობაა სარესტორნე მომსახურების გაწევა.

აუდიტის დეპარტამენტის 20.05.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 30.05.2023 წლიდან 1.03.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია შესამოწმებელ პერიოდში მის მიერ დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციებით დეკლარირებული დღგით დასაბეგრი ბრუნვის გაშიფვრა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი აქვს სასაქონლო-ზედნადებები/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ასევე, ფიქსირდება შემოსავლები საკონტროლო-სალარო აპარატსა და პოსტერმინალებზე. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშდა საგადასახადო ორგანოს ხელთ არსებული მონაცემების მიხედვით.ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშდა შემდეგნაირად: გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს დაემატა საკონტროლოსალარო აპარატზე და პოსტერმინალებზე დაფიქსირებული ბრუნვები და გათვალისწინებული იქნა გადამხდელის დეკლარირებული ბრუნვები. აღნიშნულის შედეგად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გაანგარიშებულ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 27.05.2025 წლის №006-134 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2.07.2025 წლის №14615 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ანგარიშფაქტურებზე, საკონტროლო-სალარო აპარატის და პოსტერმინალების მონაცემებზე დაყრდნობით შემოწმებით გაანგარიშებული შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 733 246 ლარით (დღგ-ის ჩათვლით თანხა შეადგენს 865 230) აღემატება გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვას.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმებით არ არის დადგენილი კომპანიის მხრიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის ფაქტი და არც საგადასახადო დავის წარმოების პროცესშია წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა შემოწმებით გაანგარიშებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების პროცესში აუდიტორი გაანგარიშებისას დაეყრდნო მხოლოდ მის ხელთარსებულ მონაცემებს, რის შედეგადაც გადამხდელის დეკლარირებულ ბრუნვებს დაამატა დამატებით შემოსავალი, რომელიც მიღებულია საკონტროლო-სალარო აპარატისა და პოსტერმინალის მეშვეობით. გადამხდელის საქმიანობის სფეროს შეადგენს სარესტორნო მომსახურება, თუმცა განხორციელებული ოპერაციების ნაწილს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის საქონლის მიწოდებას, რომელიც გათავისუფლებულია დღგისგან. გადამხდელის დღგ-ის დეკლარაციაში ის შემოსავალი, რომელიც მიღებულია დაუბეგრავი სოფლის მეურნეობის საქონლის რეალიზაციიდან, არ არის ასახული დეკლარაციის შედგენის შეცდომიდან გამომდინარე. ამ შეცდომის აღიარებისას და ქმედითი ზომების მიღების მიზნით, სასურველია მოხდეს ამ შემოსავლების სწორად შეფასება, ერთმანეთისგან გამიჯვნა და შესაბამისი კორექტირებების შეტანა გაანგარიშებაში. აღნიშნულის შედეგად, შემმოწმებლის მიერ გაანგარიშებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა უნდა შემცირდეს, რადგან ის ნაწილი, რომელიც დაუბეგრავია საქონლის მიწოდებიდან არის მიღებული და არ მოიცავს დღგ-ის დაბეგვრის ვალდებულებას. ზემოთ მითითებული ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს საგადასახადო კოდექსის მე-300 მუხლის საფუძველზე საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში, 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არსებითად განხილულ იქნას, დაკმაყოფილებულ იქნას დ დავალებული აუდიტორისათვის, რომ გადამხდელთან ერთად განხილულ იქნას ყველა გარემოება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საბჭო მიუთითებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს სარესტორნე მომსახურების გაწევა. საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია შესამოწმებელ პერიოდში მის მიერ დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციებით დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაშიფვრა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი აქვს სასაქონლოზედნადებები/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ასევე, ფიქსირდება შემოსავლები საკონტროლოსალარო აპარატსა და პოსტერმინალებზე. შემოწმებით საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშებულ იქნა შემოწმების ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ხოლო არაპირდაპირი მეთოდი არ გამოყენებულა. კერძოდ, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება განხორციელდა შემდეგნაირად: გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს დაემატა საკონტროლო-სალარო აპარატზე და პოსტერმინალებზე დაფიქსირებული ბრუნვები და გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული ბრუნვები.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ გადამხდელის საქმიანობის სფეროს შეადგენს სარესტორნო მომსახურება, თუმცა განხორციელებული ოპერაციების ნაწილს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის საქონლის მიწოდება, რომელიც გათავისუფლებულია დღგ-ისგან. გადამხდელის დღგ-ის დეკლარაციაში ის შემოსავალი, რომელიც მიღებულია დაუბეგრავი სოფლის მეურნეობის საქონლის რეალიზაციიდან, არ არის ასახული დეკლარაციის შედგენის შეცდომიდან გამომდინარე. ამ შეცდომის აღიარებისას და ქმედითი ზომების მიღების მიზნით, სასურველია მოხდეს ამ შემოსავლების სწორად შეფასება, ერთმანეთისგან გამიჯვნა და შესაბამისი კორექტირებების შეტანა გაანგარიშებაში.

საბჭო აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივანს არ წარმოუდგენია მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 30.05.2023 წლიდან 1.03.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია შესამოწმებელ პერიოდში მის მიერ დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციებით დეკლარირებული დღგით დასაბეგრი ბრუნვის გაშიფვრა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი აქვს სასაქონლო-ზედნადებები/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ასევე, ფიქსირდება შემოსავლები საკონტროლო-სალარო აპარატსა და პოსტერმინალებზე. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშდა საგადასახადო ორგანოს ხელთ არსებული მონაცემების მიხედვით.ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშდა შემდეგნაირად: გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს დაემატა საკონტროლოსალარო აპარატზე და პოსტერმინალებზე დაფიქსირებული ბრუნვები და გათვალისწინებული იქნა გადამხდელის დეკლარირებული ბრუნვები. აღნიშნულის შედეგად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გაანგარიშებულ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №006-134 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2.07.2025 წლის №14615 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 158(1); 159(1„ა“ და ,,ბ“); 163(პირველი და მე-2); 164(1) ;