ბრძანება N 1343
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 1343
29 იანვარი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“ (ს/ნ -----)
(მის.: --------)
2023 წლის 28 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 ნოემბრის, 14 დეკემბრის და 2024 წლის 17 იანვრის სხდომებზე (ოქმი №124, №130 და №3) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 7 ნოემბრის №20389/2/2023 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „------ს“ (ს/ნ ------) 2023 წლის 28 ივნისის №81964/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 ივნისის №006-263 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ აღასრულა შემოსავლების სამსახურის ბრძანება, კერძოდ, არ გაითვალისწინა საჩივარში მითითებული არგუმენტები და წარდგენილი მტკიცებულებები სატრანსფერო ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით. ამასთან, ვერ წარმოადგინა ახალი არგუმენტები მათ გასაქარწყლებლად და გამოსცა დაუსაბუთებელი დასკვნა, რომლითაც უცვლელი დატოვა საგადასახადო ვალდებულებები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 იანვრის №1390 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------ს“ (ს/ნ -----) 2022 წლის 4 აგვისტოს საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------ს“ (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სატრანსფერო ფასწარმოქმნის ალტერნატიული დასკვნა;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით შეისწავლოს სადავო საკითხი, მათ შორის, შეისწავლოს წარდგენილი სატრანსფერო ფასწარმოქმნის ალტერნატიული დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 იანვრის №1390 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 8 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 15 ივნისის №006-263 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 ივლისის №16944 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 7 ნოემბრის №20389/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 ივლისის №16944 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საქმის გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 იანვრის №1390 ბრძანების აღსრულების შედეგებთან დაკავშირებით შესწავლას საჭიროებს მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით დგინდება შემდეგი:
„გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა „------“-ის მიერ მომზადებული დასკვნა, რომლითაც შეფასებულია კომპანიის შესაძლო დეფოლტის ალბათობა, საკრედიტო რისკი და საპროცენტო განაკვეთის სხვაობა („Libor“-ზე). დასკვნის თანახმად, მოსალოდნელი დეფოლტის ალბათობა (EDF) გათანაბრებულია საკრედიტო ინსტრუმენტის საპროცენტო განაკვეთთან (YTM) და აღნიშნულის გათვალისწინებით ჩათვლილია, რომ კომპანიის მიერ აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთი (14%) შეესაბამება საბაზრო პრინციპებს. შემოწმება არ დაეთანხმა იმ დაუსაბუთებელ მოსაზრებას, რომ დეფოლტის რისკის ალბათობა შესაძლოა გაიგივებულ იქნას სესხის საბაზრო საპროცენტო განაკვეთთან, რის შესახებაც ეცნობა გადამხდელის წარმომადგენელს (აუდიტორული კომპანია „------“). საკითხის გასარკვევად შედგა შეხვედრა კომპანია „------“-სა და „-------“-ის წარმომადგენლებსა და შემმოწმებლებს შორის. შეხვედრაზე „------“-ის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სესხის საბაზრო საპროცენტო განაკვეთის მედიანური მნიშვნელობის განსაზღვრა შესაძლებელია საპროცენტო განაკვეთის („Libor“-ზე) სხვაობის მედიანური მაჩვენებლის გამოყენებით, კერძოდ, აღნიშნული მონაცემით იზრდება შესაბამისი საანგარიშო პერიოდის „Libor“-ზე დაფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2023 წლის 15 მარტს „------“-ს წარმომადგენელმა ელექტრონული მეილის საშუალებით წარადგინა კორექტირებული დანართი, რომელშიც საბაზრო საპროცენტო განაკვეთის განსასაზღვრად გამოყენებულ იქნა „Libor“-ის 2018 წლის დეკემბრის თვის ფუნტი სტერლინგის საშუალო საპროცენტო განაკვეთი 1,160% და „------“-ის დასკვნაში დაფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის სხვაობის მედიანური მაჩვენებელი („Libor“-ზე) 7.24%, კერძოდ, „Libor“-ში დაფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი 1,160% გაიზარდა 7,243%-ით და შეადგინა 8,4% (1,160%+7,243%), შემოწმებით განსაზღვრულია 7,4%. თუმცა შემდგომ ანალიზში აღნიშნულია, რომ „------“-ის დასკვნა იძლევა მხოლოდ მედიანურ მაჩვენებელს და არა საბაზრო დიაპაზონს. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტორულმა კომპანიამ მიიჩნია, რომ საბაზრო საპროცენტო განაკვეთად შესაძლოა ჩათვლილ იქნას კომპანიის მოსალოდნელი დეფოლტის ალბათობა - 17,92%, რაც შემოწმების აზრით, არ არის სათანადოდ დასაბუთებული. ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ კონტროლირებული სესხი აღებულია ევროში და ------“-ის კვლევა ჩატარებულია ამავე ვალუტის გათვალისწინებით, ხოლო „------“-ს მიერ 2023 წლის 15 მარტს წარმოდგენილ დაზუსტებულ დასკვნაში საპროცენტო განაკვეთის გასაანგარიშებლად გამოყენებულია ბრიტანული ფუნტი სტერლინგის მონაცემები. „Libor“-ის 2018 წლის დეკემბრის თვის ევროში დაფიქსირებული საშუალო საპროცენტო განაკვეთი შეადგენს -0,461%-ს. „------“-ის დასკვნის პრინციპზე დაყრდობით, მედიანური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 6,78%-ს (-0,461%+7,243%), (შემოწმებით განსაზღვრულია 7,4%). შემოწმების დროს ასევე გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ შეთავაზებული ალტერნატიული კვლევის კრიტერიუმები, რომლის გამოყენებითაც კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად მოძიებულ იქნა შესადარისი ფინანსური ინსტრუმენტები, მიღებული შედეგი არ იწვევს შემოწმებით დარიცხული თანხების ცვლილებას (შემცირებას).
გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილ იქნა -------ში რეგისტრირებული კომპანია „------“-ს მიერ გამოშვებული ობლიგაციის პროსპექტუსი, საიდანაც ჩანს, რომ კომპანიას გამოცემული აქვს არაუზრუნველყოფილი 50 000 000 ევროს ობლიგაცია, რომელიც ივაჭრება ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე, კუპონის განაკვეთი შეადგენს 11,25%-ს, გამოცემის თარიღია 2016 წლის 23 მაისი. პროსპექტუსის მიხედვით ობლიგაციას, ჯგუფის გარანტიის გათვალისწინებით უფიქსირდება „Moody’s” B3 და „S&P“-ს B+ საკრედიტო რეიტინგი, ამავე პერიოდში გადასახადის გადამხდელის ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების შესაბამისად განსაზღვრული საკრედიტო რეიტინგი (რომელიც არ ითვალისწინებს ჯგუფის გარანტიას) არის „Moody’s“ Ba1 „S&P“-ს BB+, ხოლო საქართველოს სუვერენული რისკის გათვალისწინებით - „Moody’s“ Ba3- და „S&P“-ს B-. 2016 წლის ბოლოსთვის „------“-ს ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიას უფიქსირდება 22 015 355 ევროს ოდენობის დაგროვილი ზარალი, ხოლო ამავე პერიოდისთვის გადამხდელს აქვს 2 623 157 ლარის ოდენობის გაუნაწილებელი მოგება. გადასახადის გადამხდელს სურს, რომ კონტროლირებული ოპერაციის შესადარისად განხილულ იქნას მხოლოდ „------“-ს მიერ გამოშვებული ობლიგაციის განაკვეთი (11,25%). გამომდინარე იქიდან, რომ წარმოდგენილი კომპანიის საკრედიტო რეიტინგი და ფინანსური მაჩვენებლები განსხვავდება გადამხდელის მონაცემებისგან, ამასთან, მხოლოდ ერთი მონაცემი არ იძლევა საბაზრო საპროცენტო განაკვეთის საიმედოდ განსაზღვრის საშუალებას, შემოწმებამ არ გაითვალისწინა გადამხდელის არგუმენტი და საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).“
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
გადასახადის გადამხდელის განმარტებით, კვლევა, რომელიც ჩატარდა საგადასახადო ორგანოს მიერ, დეტალებში შეიცავს პრობლემებს, კერძოდ: სესხები მოიძებნა აშშ დოლარში და ვერ მოიძებნა ევროში გაცემული სესხები, ასევე, აცდენა იყო პერიოდებში, მოძიებულია 2016 წელს გაცემული სესხები და კომპანიის ერთ-ერთი სესხი 2018 წელშია გაცემული. ასევე, პრობლემურია დარგის კლასიფიკაცია და მოძიებული კომპანიების შესადარისობა, მაგალითად, შერჩეულია სამშენებლო კომპანია, რომელიც ოპერირებს ------ში, მოძიებულია კომპანიები, რომლების საქმიანობის პროფილი არ არის შესაბამისობაში შპს „-------ს“ საქმიანობის პროფილთან. შედეგად, ვერ მოიძებნა მსგავსი ტიპის კომპანიები, რომლებიც არიან მაღალრისკიან ბაზარზე და გააჩნიათ მაღალრისკიანი პორტფელი, რეიტინგის მიუხედავად არ შეიძლება ბანკის და ამ კომპანიების შედარება მათი დაფინანსების წყაროს მოზიდვასთან დაკავშირებით. კომპანია თავისი რისკის და პროფილის გათვალისწინებით ვერ მოიზიდავს ფულად სახსრებს ისე, როგორც საბანკო ინსტიტუტი ან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებლიან დაკრედიტებაზეა ორიენტირებული. კომპანიის წარმომადგენლების მიერ ჩატარდა კვლევა, თუმცა ვერ მოიძებნა მსგავსი ტრანზაქციები და ამიტომ ეს კვლევა შეუსაბამოა. დამატებით, საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩატარებული კვლევის მიხედვით („------“), მინიმუმ 11,25%- ზე ნაკლები არ უნდა იყოს სესხის პროცენტი. ძირითადი კომპონენტები შესადარისია, სხვაობა არის სესხის უზრუნველყოფის ნაწილში. დამატებით კვლევით და კორექტირებით ეს სხვაობაც აღმოფხვრილია და არის სრულიად შესადარისი. ამ შემთხვევაში, ჰოლდინგური კომპანია ჯამში ერთობლივად იღებს დაფინასებებს და შემდეგ აფინანსებს ჯგუფის წევრებს, მათ შორის, საქართველოში მოქმედ კომპანიას. ჰოლდინგური კომპანიის აუდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, ჰოლდინგური კომპანიის ფინანსების დაახლოებით 80% არის დაფინანსებული არაურთიერთდამოკიდებული პირების მიერ, ეს დაფინანსება გადაეცემა ჯგუფის წევრებს. ----- კომპანიას სესხის დანახარჯი აქვს 11%-ზე მეტი. შესაბამისად, „-----“-ის სესხის მონაცემების და შპს „-----ს“ სესხის დანახარჯის პროცენტის ერთობლიობა განაპირობებს, რომ მინიმუმ ეს მაჩვენებელი უნდა იქნას გამოყენებული. ჰოლდინგური კომპანიისგან ქართული კომპანიის სესხის დანახარჯის პროცენტი 2016 წლიდან იყო კლებადი, რაც დაკავშირებული იყო ჰოლდინგური კომპანიის მიერ მოზიდული სესხის დანახარჯის კლებით, რაც ასევე ადასტურებს იმას, რომ ჯგუფის კომპანიების დაფინანსება დაკავშირებულია ჰოლდინგური კომპანიის დაფინანსებაზე და ქართულ კომპანიას არ ჰქონდა საშუალება დამოუკიდებლად გასულიყო საერთაშორისო საფინანსო ბაზარზე. არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, 14% წარმოადგენს საბაზრო საპროცენტო განაკვეთს, თუმცა მინიმუმ 11,25% უნდა იყოს გათვალისწინებული. პროცენტის შემცირებით გამოვლენილი სხვაობა საგადასახადო ორგანომ დაბეგრა გადახდის წყაროსთან და მასზე არ გაავრცელა საქართველოს მთავრობასა და ------ს რესპუბლიკის მთავრობას შორის გაფორმებული „შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებულია შემოსავლების ------ს რესპუბლიკაში დაბეგვრა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, წარედგინა სატრანსფერო ფასწარმოქმნის ალტერნატიული დასკვნა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სადავო საკითხის შესწავლა საჩივარში მითითებული არგუმენტების და წარდგენილი სატრანსფერო ფასწარმოქმნის ალტერნატიული დასკვნის გათვალისწინებით.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელმა წარადგინა „-------“-ის მიერ მომზადებული დასკვნა, რომლითაც შეფასებულია კომპანიის შესაძლო დეფოლტის ალბათობა, საკრედიტო რისკი და საპროცენტო განაკვეთის სხვაობა („Libor“-ზე). ამასთან, გადამხდელის წარმომადგენელი აუდიტორული კომპანია „------“-ის მიერ ელექტრონული ფოსტის საშუალებით წარდგენილ იქნა კორექტირებული დანართი. გადასახადის გადამხდელმა დამატებით წარადგინა ------ში რეგისტრირებული კომპანია „-------“-ის მიერ გამოშვებული ობლიგაციის პროსპექტუსი, საიდანაც ჩანს, რომ კომპანიას გამოცემული აქვს არაუზრუნველყოფილი 50 000 000 ევროს ობლიგაცია, რომელიც ივაჭრება ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე, კუპონის განაკვეთი შეადგენს 11,25%-ს, გამოცემის თარიღია - 23.05.2016წ. იქიდან გამომდინარე, რომ წარმოდგენილი კომპანიის საკრედიტო რეიტინგი და ფინანსური მაჩვენებლები განსხვავდება გადამხდელის მონაცემებისგან, ამასთან, მხოლოდ ერთი მონაცემი არ იძლევა საბაზრო საპროცენტო განაკვეთის საიმედოდ განსაზღვრის საშუალებას, შემოწმებამ არ გაითვალისწინა გადამხდელის არგუმენტები და საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
სესხის უზრუნველყოფილად განხილვასთან და სესხის პროცენტის საქართველოში დაბეგვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნული სადავო საკითხები შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 იანვრის №1390 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. ამასთან, აღნიშნული ბრძანება არ გასაჩივრებულა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ აღასრულა შემოსავლების სამსახურის ბრძანება, კერძოდ, არ გაითვალისწინა საჩივარში მითითებული არგუმენტები და წარდგენილი მტკიცებულებები სატრანსფერო ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, წარედგინა სატრანსფერო ფასწარმოქმნის ალტერნატიული დასკვნა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სადავო საკითხის შესწავლა საჩივარში მითითებული არგუმენტების და წარდგენილი სატრანსფერო ფასწარმოქმნის ალტერნატიული დასკვნის გათვალისწინებით. საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელმა წარადგინა მომზადებული დასკვნა, რომლითაც შეფასებულია კომპანიის შესაძლო დეფოლტის ალბათობა, საკრედიტო რისკი და საპროცენტო განაკვეთის სხვაობა („Libor“-ზე). ამასთან, გადამხდელის წარმომადგენელი აუდიტორული კომპანიის მიერ ელექტრონული ფოსტის საშუალებით წარდგენილ იქნა კორექტირებული დანართი. გადასახადის გადამხდელმა დამატებით წარადგინა საქართველოში არარეგისტრირებული კომპანიის მიერ გამოშვებული ობლიგაციის პროსპექტუსი, საიდანაც ჩანს, რომ კომპანიას გამოცემული აქვს არაუზრუნველყოფილი 50 000 000 ევროს ობლიგაცია, რომელიც ივაჭრება ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე, კუპონის განაკვეთი შეადგენს 11,25%-ს, გამოცემის თარიღია - 23.05.2016წ. იქიდან გამომდინარე, რომ წარმოდგენილი კომპანიის საკრედიტო რეიტინგი და ფინანსური მაჩვენებლები განსხვავდება გადამხდელის მონაცემებისგან, ამასთან, მხოლოდ ერთი მონაცემი არ იძლევა საბაზრო საპროცენტო განაკვეთის საიმედოდ განსაზღვრის საშუალებას, შემოწმებამ არ გაითვალისწინა გადამხდელის არგუმენტები და საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).