ბრძანება N 18161
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18161
12 აგვისტო 2026
ბრძანება
შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
(მის.:„-------“)
2026 წლის 13 ივლისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 6 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №70) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) 2026 წლის 13 ივლისის №103401/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 26 ივნისის №068-19 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. მომჩივანი არ ეთანხმება კომპანიის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ბუნებრივი აირის (აირისებრ მდგომარეობაში) მიწოდების აქციზით დაბეგვრას. მიუთითებს, რომ კომპანია გაზის შეძენას ახორციელებს შპს „------ - სგან“ და არა ცენტრალური მილსადენით საქართველოს გაზის ტრასპორტირების კომპანიისგან. ასევე, მცირე ოდენობით თხევადი გაზის იმპორტი ხორციელდება უშუალოდ კომპანიის მიერ. შესაბამისად, კომპანიას იმპორტიორისაგან (შპს „-------“) უწევს აქციზით გაძვირებული გაზის შეძენა, ვინაიდან აქციზით დასაბეგრ ოპერაციას წარმოადგენს აქციზური საქონლის იმპორტი და წარმოება. ამდენად, შპს „------" აქციზური საქონლის (ბუნებრივი აირის) იმპორტის დროს. ამასვე მოწმობს, კომპანიის მიერვე იმპორტირებული თხევადი გაზის აქციზით დაბეგვრა. აღნიშნულ მსჯელობას ამყარებს კომპანიის მიერ შპს „------ - სგან“ შეძენილი ბუნებრივი აირის ფასი. კომპანიის მიერ 1მ3 გაზში გადახდილია 1.25, 1.29 და 1.38 ლარი. შესაბამისად, თუ 1000 მ3 გაზზე დამატებით გადასახდელი იქნებოდა 200 ლარი, გამოდის რომ 1მ3 გაზის თვითღირებულება გაიზრდებოდა 20 თეთრით. შესაბამისად, თვითღირებულება იქნებოდა 1.45, 1.49 და 1.58 ლარი. თანაც აღნიშნულს დაემატებოდა კომპრესორის ექსპლუატაციისა და დენის ხარჯი, რომელიც 1მ3 გაზზე შეადგენს 13 თეთრს. გადასახადის გადამხდელის მითითებით, წარმოუდგენელია აღნიშნული ხარჯების (აქციზის ხარჯი) პირობებში ნებისმიერმა კომპანიამ გაყიდოს გაზი, ვინაიდან სხვა ცნობილი გაზგასამართი სადგურები გაზის რეალიზაციას ახდენენ 1.50 - 1.60 ლარად (მაგ.: შპს „-------“ - 1.53 ლარად). ამდენად, მომჩივანი მიიჩნევს, რომ იმპორტიორისგან ნაყიდი გაზი არ იბეგრება აქციზით.
2. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუკი იმპორტიორისგან ნაყიდი ბუნებრივი გაზი (აირისებრ მდგომარეობაში) იბეგრება აქციზით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ უნდა იქნას გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის (აირისებრ მდგომარეობაში) დანაკარგები.
3. მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას. მიუთითებს, რომ სამართალდარღვევა არ არის ჩადენილი მიზანმიმართულად.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 8 მაისის №10084 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------“ (ს/ნ „--------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდებში აქციზის გადასახადით დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 24 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 26 ივნისის №14130 ბრძანება და ამავე თარიღის №068–19 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 206 450 ლარი, მათ შორის გადასახადი 663 241 ლარი, ჯარიმა 331 620 ლარი და საურავი 211 589 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
შესამოწმებელ პერიოდში საწარმო ავტოგასამართი სადგურის მეშვეობით ახორციელებდა ბუნებრივი აირის (აირისებრ მდგომარეობაში) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მიწოდებას, რაც დასტურდება დირექტორის ახსნა-განმარტებითაც. საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს არ ჰქონდა წარმოდგენილი აქციზის დეკლარაციები. 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ აპრილამდე პერიოდში საწარმოს სულ შეძენილი ჰქონდა 3 319 211მ³ ბუნებრივი აირი შპს „------- -სგან“ (ს/ნ „-------“), ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გააჩნდა საქონლის ნაშთი 3 000 მ³-ის ოდენობით.
შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული ნაშთის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გაანგარიშდა ბუნებრივი აირის მოცულობა, რომელიც მიწოდებული იყო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის და შეადგინა 3 316 211მ³. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 182-ე, 184-ე და 188-ე მუხლების საფუძველზე, საწარმოს დაერიცხა აქციზი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, აქციზის გადამხდელია პირი, რომელიც ახორციელებს ბუნებრივი აირის (აირისებრ მდგომარეობაში) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აქციზით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 184-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, აქციზით დასაბეგრი ოპერაციები და დასაბეგრი ოპერაციების განხორციელების მომენტია ბუნებრივი აირის (აირისებრ მდგომარეობაში) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდების მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, აქციზით დასაბეგრი ოპერაციის, აქციზური საქონლის იმპორტისა და აქციზური საქონლის ექსპორტის თანხა განისაზღვრება ბუნებრივი აირისათვის (აირისებრ მდგომარეობაში) – აირის მოცულობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბუნებრივი აირის (აირისებრ მდგომარეობაში) აქციზის განაკვეთი 1 000 მ³-ზე შეადგენს 200 ლარს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აქციზის დეკლარაციას, განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების აღნიშვნით, საგადასახადო ორგანოს ყოველი საანგარიშო პერიოდის მიხედვით, არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა წარუდგენენ: ამ კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქციზის გადამხდელი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საქონლის არამატერიალური ფორმით მარკირების/ნიშანდების შემთხვევაში დანაკლისად არ ჩაითვლება ამ საქონლის წარმოების პროცესში მწარმოებლის მიერ გამოვლენილი დანაკარგი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი ახორციელებდა აქციზით დასაბეგრ ოპერაციებს, კერძოდ, ბუნებრივი აირის აირისებრ მდგომარეობაში ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდებას, თუმცა არ ჰქონდა წარმოდგენილი აქციზის დეკლარაციები.
ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ ბუნებრივი აირის (აირისებრ მდგომარეობაში) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მიწოდების აქციზით დაბეგვრა მართლზომიერია, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, მომჩივანი ითხოვს გაზის დანაკარგის გათვალისწინებას. აცხადებს, რომ ბუნებრივი აირის (აირისებრ მდგომარეობაში) მიწოდება მკაცრად კონტროლირდება შემოსავლების სამსახურისგან (დაპლომბილი მრიცხველი) და ასევე, შპს „------- სგან“. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო მარტივად დაეთვალა დანაკარგის ოდენობა, რომელიც არ უნდა დაბეგრილიყო აქციზით.
გადასახადის გადამხდელმა საქმის ზეპირ განხილვაზე განმარტა, რომ შეუძლია წარმოადგინოს ბუნებრივი აირის (აირისებრ მდგომარეობაში) დანაკარგის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე ექსპერტიზის დასკვნა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საწარმოს საქმიანობის პროცესში მიღებული დანაკარგის ოდენობის დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი საექსპერტო დასკვნა, რომლითაც განსაზღვრული იქნება საწარმოს საქმიანობის პროცესში მიღებული დანაკარგის ოდენობა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ხოლო მტკიცებულებების წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს საქმიანობის პროცესში მიღებული დანაკარგის ოდენობის დაზუსტების მიზნით იხელმძღვანელოს ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის მიმართ დადგენილი მონაცემებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) საწარმოს საქმიანობის პროცესში მიღებული დანაკარგის ოდენობის დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი საექსპერტო დასკვნა, რომლითაც განსაზღვრული იქნება საწარმოს საქმიანობის პროცესში მიღებული დანაკარგის ოდენობა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
გ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარუდგენლობის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს საქმიანობის პროცესში მიღებული დანაკარგის ოდენობის დაზუსტების მიზნით, იხელმძღვანელოს ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის მიმართ დადგენილი მონაცემებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. მომჩივანი არ ეთანხმება კომპანიის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების აქციზით დაბეგვრას.
2. გადამხდელი აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ უნდა იქნას გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის დანაკარგები.
3. მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში საწარმო ავტოგასამართი სადგურის მეშვეობით ახორციელებდა ბუნებრივი აირის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მიწოდებას, რაც დასტურდება დირექტორის ახსნა-განმარტებითაც. საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს არ ჰქონდა წარმოდგენილი აქციზის დეკლარაციები. 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ აპრილამდე პერიოდში საწარმოს სულ შეძენილი ჰქონდა 3 319 211მ³ ბუნებრივი აირი საწარმოსგან,ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გააჩნდა საქონლის ნაშთი 3 000 მ³-ის ოდენობით. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული ნაშთის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გაანგარიშდა ბუნებრივი აირის მოცულობა, რომელიც მიწოდებული იყო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის.შემოწმებით, სსკ-ის 182-ე, 184-ე და 188-ე მუხლების საფუძველზე, საწარმოს დაერიცხა აქციზი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ ბუნებრივი აირის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მიწოდების აქციზით დაბეგვრა მართლზომიერია, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საწარმოს საქმიანობის პროცესში მიღებული დანაკარგის ოდენობის დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ.
3.შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
183,184,185,188,191,286(6).