გადაწყვეტილება №83993/1/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 24.11.2023
№ დოკუმენტი 83993/1/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№83993/1/2023

24 ნოემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 9.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №83993/1/2023).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 დეკემბრის №002-237 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 20.09.2023 წლის №23156 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 415 241,01 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 219 919

დღგ - 87 695

საშემოსავლო გადასახადი - 110 004

მოგების გადასახადი - 21 807

ქონების გადასახადი - 413

ჯარიმა - 109 807

საურავი - 85 515,01

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 14 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

საწარმოს -------, ------- იჯარით აქვს აღებული კომერციული ფართი, სადაც განთავსებული აქვს როგორც მარკეტი ასევე ახორციელებს სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტის (პიცა, კერძები, ხაჭაპური და ა.შ) დამზადებას. კომპანია რეალიზაციას ახორციელებს როგორც ადგილზე, ასევე აქვს მიტანის სერვისი (მიტანის სერვისს განახორციელებენ იურიდიული კომპანიები). შემოწმების მიმდინარეობისას საწარმომ წარმოადგინა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „FMG" და ,,ექსელში“ შედგენილი წარმოებული პროდუქციის კალკულაციები, ასევე სმფ-ების საწყისი და საბოლოო ნაშთები.

საგადასახადო ორგანომ მიიჩნია რომ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. კერძოდ, არასრულად იყო აღრიცხული წარმოებულ პროდუქციაზე გახარჯული ნედლეული, ასევე სმფ-ების ჩამოწერა ხდებოდა ყოველთვიურად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. წარმოდგენილი დოკუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის დამუშავების შედეგად, განხორციელდა საქონლის მოძრაობის ანალიზი, გამოვლინდა რომ კომპანიას უფიქსირდება ფქვილის ნაშთი, რომლის წარმოებაში გამოყენება ვერ დასტურდება. აღნიშნული ნედლეული ჩაითვალა ნახევრადფენოვანი ცომის წარმოებაში გამოყენებულად (აუდირებული კალკულაციით, 1 კგ ფქვილიდან - 1.8 კგ მისაღები ნახევრადფენოვანი ცომი), ხოლო სარეალიზაციო ღირებულებად - კომპანიის მიერ დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასი. დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ პროდუქციაზე (კატეგორიების მიხედვით) ასევე გამოყენებულ იქნა საწარმოს დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო დოკუმენტური რეალიზაციის არარსებობის შემთხვევაში, გამოყენებულ იქნა აუდირებული ფასნამატი.

ყოველივე ზემოაღნიშნულმა გამოიწვია 2021 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლების შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ზრდა, რომელიც გადანაწილდა დეკლარირებული დღგ-ს ბრუნვის პროპორციულად.

დამატებით მიღებული შემოსავალი დაკვალიფიცირდა სალაროს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად, რომელიც შემცირდა საწარმოს ვალდებულებით ანგარიშვალდებული პირის მიმართ და კომპანიის საწესდებო კაპიტალით.

ზემოაღნიშნული შემოსავალი საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით დაიბეგრა წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოიცა 2022 წლის 20 დეკემბრის №31989 ბრძანება და ამავე თარიღის №002-237 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 20.09.2023 წლის №23156 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მხრიდან სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და ასევე რიგ სმფ-ების სახეობებზე გავრცელებულ სხვა აუდირებულ ფასნამატს.

1. შპს „-------“ ახორციელებს კერძების წარმოებას და მზა სახით რეალიზაციას. მზა კერძებს (პიცებს, სალათებს, ცომეულს) მეორედ დღისთვის აღარ იტოვებს და მომხმარებლებს სთავაზობთ საღამოს 18:00 საათიდან ზამთრის პირობებში (ნოემბრიდან აპრილის ჩათვლით), ხოლო ზაფხულის პირობებში (მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით) 19:00 საათის შემდგომ ფასდაკლებას, ფასდაკლება არ აღემატება მზა კერძის /ცომეულის ნაწარმის თვითღირებულებას. მათი დაკვირვების შედეგად საღამოს საათებში მზა კერძებიდან დარჩენილი არის დაახლოებით 15-20%. ფასდაკლების შესახებ ინფორმაცია მომხმარებლებისთვის თვალსაჩინო ადგილასაა. შემოწმებისას აუდიტორმა მოითხოვა ახსნა-განმარტება გუგლიდან ამოღებული ფასებზე მათი პოზიცია, რაზეც წერილობით განუმარტეს და აქვე მიუთითეს ნიმუშის სახით თუ როგორ ახორციელებდნენ პრაქტიკაში, გაითვალისწინეს მხოლოდ 2021წ ნოემბერ-დეკემბრის თვე, რომელიც დასტურდებოდა მათ სოციალურ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებით. ასეთივე განცხადება გამოკრული არის ობიექტშიც თვალსაჩინო ადგილას. (დანართი N2)

2. ფასნამატის გაანგარიშების ცხრილში სიგარეტების რეალიზაციაზე გავრცელებულია 7,1%. არ არის გათვალისწინებული სასაქონლო ზედნადებით რეალიზებული ფასნამატი, სადაც ძირითად სახეობებზე 6,5% არ აღემატება ფასნამატი. (დანართი N3) ასევე ყავს მუდმივი კლიენტები, რომლებზეც სიგარეტების ბლოკით შეძენის შემთხვევაში ხდება ფასდაკლება, რომლის შემთხვევაშიც ფასნამატი გამოდის 4-4,5%.

3. ასევე შპს „-------“ (ს/ნ -------) დადებული ხელშეკრულების და ურთიერთშეთანხმების აქტის საფუძველზე, ყველა სასაქონლო ზედნადებში გათვალისწინებულია სატრანსპორტო მომსახურების ღირებულება 10 ლარის ოდენობით, რომელიც გადანაწილებულია მიწოდებული პროდუქციის პროპორციულად. რაც მნიშვნელოვნად ცვლის აუდიტორის მიერ დადგენილ ფასნამატს მიწოდებულ პროდუქციაზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

მომჩივანმა დავების განხილვის საბჭოში 1.11.2023 წელს წარმოადგინა №21209/2/2023 დაზუსტებული საჩივარი.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, საბჭოს აპარატს უნდა დაევალოს, აუდიტის დეპარტამენტს გაუგზავნოს საჩივარი, თანდართულ მასალებთან ერთად. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 20.09.2023 წლის №23156 ბრძანება;

3. დაევალოს საბჭოს აპარატს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულებების/დოკუმენტაციის აუდიტის დეპარტამენტში გაგზავნა;

4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს:

ა) სადავო საკითხთან დაკავშირებით გაგზავნილი დოკუმენტების შესწავლა მომჩივნის მონაწილეობით;

ბ) სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოიცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 20.09.2023 წლის №23156 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 101; 154; 159; 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 161;