გადაწყვეტილება №18488/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18488/2/2022
17.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ --------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ს“-ის 20.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18488/2/2022).
დავის საგანი:
სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 3.11.2022 წლის №001-204 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 16.12.2022 წლის №31682 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 98 990 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 48 170
ჯარიმა - 24 085
საურავი - 26 735
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ბურბუშელის წარმოება.
აუდიტის დეპარტამენტის 1.11.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.04.2019 წლიდან 1.01.2020 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების დამუშავების შედეგად, გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა პერიოდების მიხედვით 2019 წლის აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით მეტია გადამხდელის დეკლარირებულზე. შემოწმების მიერ საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მიხედვით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 261 552 ლარით. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.
გადასახადის გადამხდელს 2019 წლის მარტის თვეში ჩათვლილი აქვს ავანსის ანგარიშ-ფაქტურა ავ-08 №---------, ხოლო აპრილის თვეში ჩათვლილი აქვს სრულად ამ ავანსის ანგარიშ-ფაქტურასთან დაკავშირებული მთავარი ანგარიშ-ფაქტურა ეა-11 №----------. ხდება ჩათვლის დუბლირება. საგადასახადო კოდექსის 173-ე და 174-ე მუხლების მიხედვით, 2019 წლის აპრილის თვეში შემცირდა ჩასათვლელი თანხა 1 097 ლარით. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 3.11.2022 წლის №001-204 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 16.12.2022 წლის №31682 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269- ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
შპს ---------ს არის ქართული წარმოება, რომელიც აწარმოებს სიმინდის ბურბუშელას, ასევე 2019 წლისათვის ის აწარმოებდა მოხალულ მზესუმზირასაც. 2019 წელს კომპანიამ შეცვალა შესაფუთი პარკები, გადავიდა ახალ მომწოდებელზე და მოახდინა უფრო მაღალი ხარისხის პარკების შეძენა, რაც დაკავშირებული იყო საკმაოდ დიდ ხარჯებთან (დამადასტურებელი ანგარიშ-ფაქტურები ატვირთულია, მომწოდებელი შპს ----------), ასევე ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნილებიდან გამომდინარე 2-ჯერ მოხდა ნედლეულის, სიმინდის უმაღლესი ხარისხის ბურღულის შემოტანა, რომლის ღირებულებამაც 47 971,46 ლარი შეადგინა. აგრეთვე კომპანია მეტი ინტენსივობით შევიდა დიდ სუპერმარკეტების ქსელში, როგორებიცაა: სს -------, -----------, შპს ----------, შპს ---------, შპს ---------- და სხვა, სადაც ბევრად დიდი რაოდენობის პროდუქცია შედის ვიდრე ამ კომპანიებიდან თანხების მიღებაა (მაგალითად, სს --------ში 2019 წელს შეტანილია 143 388,11 ლარის პროდუქცია აქედან მხოლოდ 97 674 ლარი ჩაირიცხა, ---------ში შევიდა 74 253,95 ლარის პროდუქცია, ჩაირიცხა მხოლოდ 38 480,39 ლარი, -------ში იმავე 2019 წელს შეტანილია 25 024,54 ლარის პროდუქტი და ჩარიცხვა საერთოდ არ მომხდარა, ----------ში შეტანილია 68 161,5 ლარის პროდუქტი და ჩარიცხულია მხოლოდ 40 739,70 ლარი), საიდანაც ხელშეკრულებით იხდიან რეალიზებული საქონლის ღირებულებას, რასაც აკლდება მარკეტინგული მომსახურება და შესვლის ღირებულება, რაც ახლად ფეხადგმულ კომპანიას საკმაოდ ტვირთად დააწვა, (დარიცხვის ანგარიშ-ფაქტურები ატვირთულია) და თავის მხრივ უქმნის კომპანიას ფინასურ პრობლემებს, ასევე ამ პერიოდში კომპანია შევიდა --------ის ქსელში, სადაც პირველ ეტაპზე მხოლოდ პროდუქტი შევიდა იქიდან კი თანხის ჩარიცხვა არ მოხდა ვინაიდან შესვლის ღირებულება პროდუქტის შეტანით არის გადახდილი (ანგარიშ-ფაქტურები დარიცხვის ატვირთულია). ------ში 2019 წლიდან დღემდე შეტანილია 211 947 ლარის პროდუქტი და დარიცხული 163 039 ლარია, თითქმის ანალოგიურადაა სხვა დიდი სუპერმარკეტული ქსელების შემთხვევაშიც (შპს ----------იმ ---------ში შეტანილია 409 964,92 ლარის საქონელი, დარიცხვა შესვლის დღიდან დღემდე 126 710,4 ლარია), რაც კომპანიას დიდ ფინანსურ პრობლემებს უქმნის. აღსანიშნავია ისიც, რომ 2019 წლის იანვრისათვის 55 662,2 ლარის დავალიანებები საერთოდ ვერ იქნა ამოღებული ვინაიდან მაღაზიები დაიკეტნენ (ჩამონათვალი მაღაზიების და დავალიანებები ატვირთულია, მითითებული კოდები პროგრამულია) და ეს პრობლემა დღემდე გრძელდება, მართალია ეს პრობლემა სხვა კომპანიებსაც აქვთ, მაგრამ კომპანიას მნიშვნელოვნად აზარალებს, როგორც მცირე ბიუჯეტიან კომპანიას. 2019 წლის ბოლოსთვის დებიტორულმა დავალიანებამ 257 000 ლარი შეადგინა, ამასთან როგორც წარმოებასა და დისტრიბუციას ხარჯებიც დიდი აქვს: საწვავის, მანქანების შეკეთების და სხვა
ყოველივე ზემოთ თქმულმა განაპირობა ის, რომ დღესდღეობით კომპანიას უჭირს დღგ-ის და ჯარიმა-საურავის ერთად გადახდა, ამასთან გადასახადის გადამხდელს არ უნდოდა ბიუჯეტისთვის ზარალის მიყენება, უნდოდა ეს თანხა გადაეხადა, მაგრამ ვერ მოასწრო, ამის შესახებ კომპანიის მმართველობამ გვიან შეიტყო, ვინაიდან ეს შეცდომა დაუშვა ბუღალტერმა, მან დაადეკლარირა მხოლოდ დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურები. მაგალითად, ივნისში დადასტურებული იყო 38 774 ლარი, ივლისში - 29 730,71, აგვისტოში - 32 454,3, სექტემბერში - 35 213,47 ლარი, ოქტომბერში - 53 025,57 ლარი, ნოემბერში - 44 035,62 ლარი. ეს ყველაფერი კომპანიის ხელმძღვანელობისათვის მოგვიანებით გახდა ცნობილი და დაზუსტება და თანხების გადახდა ვერ მოასწრო, ვინაიდან 2020 წლის დასაწყისში ისე, როგორც ყველას კომპანიასაც შეეხო პანდემიისგან გამოწვეული პრობლემები.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე კომპანიას, როგორც პირველი შემთხვევა და როგორც ქართულ წარმოებას, უნდა ეპატიოს ჯარიმა-საურავის თანხა. გადასახდელი დარჩეს დღგ-ის თანხა 48 170 ლარის ოდენობით. იმედია გათვალისწინებული იქნება შეცდომები. მომავალში მსგავსი რამ არ მოხდება. ჯარიმა-საურავის თანხის გადახდის პატიება უნდა მოხდეს, ვინაიდან ეს მოხდა ბუღალტრის შეცდომის გამო და არის პირველი შემთხვევა (გადასახადის გადამხდელის უფლება-მოვალეობების განმარტებითი ბარათში მითითებული უფლებიდან გამომდინარე).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
3. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირებად განიხილება და შესაბამის შემთხვევაში იწვევს ამ მუხლის პირველი−22 ნაწილებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
ამავე კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
შემოწმების შედეგად განსაზღვრულია, რომ მომჩივნის მიერ დეკლარირებული გადასახადებით დაბეგვრის ობიექტი განსხვავებულია საგადასახადო შემოწმებით დადგენილი მონაცემებისგან.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.