გადაწყვეტილება №21296/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 19.04.2024
№ დოკუმენტი 21296/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21296/2/2023

19 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ---------- (ს/ნ ---------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------ის 12.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21296/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 22.02.2023 წლის №3257 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 22.08.2023 წლის №056-40 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 24.10.2023 წლის №26132 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 2 012 742 ლარი.

მათ შორის:

მოგების გადასახადი - 990 900

ჯარიმა - 691 597

საურავი - 330 245

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 12.02.2020 წლიდან 16.03.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, კომპანიის საქმიანობაა ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტ-რეექსპორტი. ფიზიკური პირებისგან ნაღდი ანგარიშსწორებით შეძენილი პროდუქციის ექსპორტს ახორციელებს------ის რესპუბლიკაში. კომპანიის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, -----ი კომპანია „------“-ს ერიცხება დებიტორული დავალიანება 5 653 948 ლარი (1 757 085 აშშ დოლარი) და „---------“-ს 1 592 959 ლარი (495 046 აშშ დოლარი), რომელიც წარმოშობილია 2020 წლის თებერვლის თვიდან 2022 წლის 16 მარტამდე პერიოდში. ამასთან, 2020 წლიდან 2022 წლის ჩათვლით დებიტორული დავალიანება ძირითადად მზარდია. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ არის წარდგენილი დოკუმენტაცია,რითიც დასტურდება აღნიშნული დავალიანების მოთხოვნის ფაქტი (სასამართლო სარჩელი, საფოსტო მიმოწერა და ა.შ), წარდგენილია კომპანიებს შორის გაფორმებული შედარების აქტები, რომლითაც დასტურდება დებიტორული დავალიანების არსებობა.

შემოწმების მიერ ბუღალტრული პროგრამის ჩანაწერებისა და შინაარსის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დებიტორული დავალიანება განხილულ იქნა არარეზიდენტისთვის შესამოწმებელ პერიოდში საანგარიშო თვეების მიხედვით გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ამასთან, ამავე მუხლის მე-8 ნაწილის გათვალისწინებით, სესხად გაცემული თანხების დაბრუნებულ თანხებზე მოხდა მოგების გადასახადის ჩათვლა შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 12.10.2022 წლის №25998 ბრძანება და 13.10.2022 წლის №056- 43 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.02.2023 წლის №3257 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

1. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების (მ.შ. საბანკო ამონაწერი) შესწავლა/გამოკვლევა;

2. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადამხდელის მიერ წარდგენილი (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდებოდა, რომ არარეზიდენტი კომპანიების მხრიდან თანხების ჩარიცხვა განხორციელებულია შესამოწმებელ პერიოდში არსებული დებიტორული დავალიანების დაფარვის მიზნით, ამ ნაწილში არარეზიდენტ პირზე გაცემულ სესხად კვალიფიკაციის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 22.02.2023 წლის №3257 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 ივლისის დასკვნის მიხედვით, შემცირებას დაექვემდებარა სულ 256 108 ლარი, მათ შორის გადასახადი 172 884 ლარი და ჯარიმა 83 224 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 22 აგვისტოს №056-40 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 24.10.2023 წლის №26132 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით.

დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები სულ 256 108 ლარით. კერძოდ, გადაანგარიშების პროცესში გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა საბანკო ამონაწერები, რომლებიც ადასტურებდა შესამოწმებელ პერიოდში არსებული დებიტორული დავალიანების დაფარვას. საგადასახადო შემოწმებამ სრულად შეისწავლა და გაითვალისწინა გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, რამაც გამოიწვია საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტმა შემცირება განახორციელა დებიტორული დავალიანების მხოლოდ იმ ნაწილზე რომლის გადახდაც იყო განხორციელებული შემოწმების აქტის გაფორმების შემდეგ და არა დებიტორული დავალიანების სრულ თანხაზე კვალიფიკაციის შეცვლით. 2023 წლის 19 სექტემბერს მის მიერ ეს გადაწყვეტილებაც გასაჩივრებული იქნა შემოსავლების სამსახურში, იმ მოტივით, ჯერ ერთი თუ შემოწმების შემდეგ დაფარული დავალიანება გათვალისწინებულ იქნა გადაანგარიშებაში, მაშინ რატომ არ უნდა ყოფილიყო გათვლისწინებული შემდგომ გადახდილი თანხები, ამასთან კიდევ ერთხელ მიუთითებდა, რომ დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების სრულად დაფარვის შემდეგ საწარმო ვერ მიიღებდა 1 114 440 ლარის მოგებაზე მეტს და ვერც გადასახადები იქნებოდა 214 688 ლარზე მეტი აქტში დაფიქსირებული მოცულობების საპირისპიროდ და რომ დებიტორული დავალიანების დაფარვა დენადი პროცესია და რომ დებიტორული დავალიანების დაფარვა გრძელდებოდა, საჩივარს ერთვოდა დებიტორული დავალიანების დაფარვის დოკუმენტური მტკიცებულებები.

შემოსავლების სამსახურმა 2023 წლის 24 ოქტომბერს N26132 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, ბრძანებაში მითითებულია რომ საქმისათვის არსებითი მნიშვლელობის მქონე ყველა გარემოებების გათვალისწინებით არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რაც რბილად რომ თქვას არასწორია, ვინაიდან შემოსავლების სამსახური თუ დებიტორული დავალიანების დაფარვას და/ან ამის მტკიცებულებებს არაარსებითად მიიჩნევს, მაშინ მნიშვნელოვანი და არსებითი რაღაა. საგადასახადო კოდექსის არცერთი ნორმით, ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის N22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდოლოგიური მითითებებით და N2657 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით არ არსებობს საგადასახდო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასაქონლო ოპერაციის ფინანსურ ოპერაციად (არარეზიდენტ იურიდიულ პირზე გაცემულ სესხად) კვალიფიკაციის საფუძველი. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დებიტორები აღიარებდნენ და აღიარებენ დავალიანების არსებობას და ეტაპობრივად ფარავენ მას. აღვნიშნავს, რომ მიმდინარე პერიოდისათვის დებიტორული დავალიანება უკვე 3 282 987 ლარითაა შემცირებული და დავალიანების დაფარვა გრძელდება.

ითხოვს გათვალისწინდეს საქმისადმი ყველა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნების დაცვით მიღებული იქნას კანონიერი გადაწყვეტილება და შემცირდეს არასწორად დარიცხული გადასახადი და სანქციები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 24.10.2023 წლის №26132 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად, დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 22.02.2023 წლის №3257 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 12.02.2020 წლიდან 16.03.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტში.

შემოწმების მიერ ბუღალტრული პროგრამის ჩანაწერებისა და შინაარსის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დებიტორული დავალიანება განხილულ იქნა არარეზიდენტისთვის შესამოწმებელ პერიოდში საანგარიშო თვეების მიხედვით გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ამასთან, ამავე მუხლის მე-8 ნაწილის გათვალისწინებით, სესხად გაცემული თანხების დაბრუნებულ თანხებზე მოხდა მოგების გადასახადის ჩათვლა შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა №25998 ბრძანება და №056- 43 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №3257 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის №3257 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, შემცირებას დაექვემდებარა სულ 256 108 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №056-40 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №26132 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“) ; 982(3 „ზ“);