გადაწყვეტილება №26947/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26947/2/2026
20 აპრილი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ „--------ი“ (ს/ნ -------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.04.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ „------ის“ 18.03.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26947/2/2026).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 19.09.2025 წლის №25770/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 3.02.2026 წლის №070-2 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 75 226.96 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 46 926.7
საშემოსავლო გადასახადი - 46 805.98
ქონების გადასახადი - 120.72
ჯარიმა - 16 899.4
საურავი - 11 400.86
პროცედურული გარემოებები/ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2023 წლიდან 1.04.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 27.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების გამო:
გადასახადის გადამხდელს 2023 წლის პირველი მარტიდან მინიჭებული აქვს მცირე მეწარმის სტატუსი ტრანსპორტით მომსახურებაზე (გადაზიდვის მომსახურება, საქართველოს ტერიტორიაზე). 2023 წლის კალენდარული წლის მიხედვით მცირე ბიზნესის სტატუსის ფარგლებში მიღებულ შემოსავლად პირს დაფიქსირებული აქვს 82 224 ლარი, ხოლო 2024 წელს - 89 718 ლარი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზების, სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციისა და პირის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების საფუძველზე ირკვევა, რომ ------ი იღებს ორმხრივ ნებართვას (დგინდება სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციით) და საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებით ახორციელებს საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურებას. 2023 წლის კალენდარული წლის განმავლობაში მისი მიღებული შემოსავალი (საერთაშორისო გადაზიდვიდან) შეადგენს 148 791 ლარს, ხოლო 2024 წელს - 120 056 ლარს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა და საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის, ასევე „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილების გათვალისწინებით, მეწარმეს შეუმცირდა 1%-იანი საპროცენტო განაკვეთით დეკლარირებული ბრუნვა. ვინაიდან ფიზიკურმა პირმა სრულყოფილად ვერ წარადგინა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, მიღებული ერთობლივი შემოსავალი შეუმცირდა ამავე პერიოდში დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯითა და არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ხარჯებით. კერძოდ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული გადაზიდვის მომსახურებასთან დაკავშირებული საწვავის ხარჯი გაანგარიშდა აუდირებული მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემების მიხედვით (ხარჯის მიღებულ შემოსავალთან შეპირისპირებით). 2023 წლის ხარჯი შეადგენს 54 640 ლარს: მათ შორის საწვავის ხარჯი 50 589 ლარი, სხვა ხარჯი 4 015 ლარი; 2024 წლის ხარჯი შეადგენს 45 818 ლარს: მათ შორის საწვავის ხარჯი 40 819 ლარი, სხვა ხარჯი 4 999 ლარი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი 2023 წელს 18 830 ლარი, ხოლო 2024 წელს 14 848 ლარი. ასევე, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. ამასთან, შეუმცირდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით დარიცხული გადასახადი. შესაბამისად, 2023 წლის მდგომარეობით შეუმცირდა დარიცხული გადასახადი 822.24 ლარით, ხოლო 2024 წლის მდგომარეობით 897.19 ლარით.
აღნიშნული საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის №14261 ბრძანება და №070-3 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 15.08.2025 წლის №18470 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის მივლინებასთან დაკავშირებით). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 15.08.2025 წლის №18470 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭოს 19.09.2025 წლის №25770/2/2025 გადაწყვეტილებით, საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრის საკითხის მომჩივნის მონაწილეობით, შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დავების განხილვის საბჭოს 19.09.2025 წლის №25770/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 30.01.2026 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 3.02.2026 წლის №2141 ბრძანება და №070-2 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი სადავოდ ხდის და არგუმენტებს წარმოადგენს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების განსაზღვრის (გაანგარიშების) არამართლზომიერების შესახებ, ხოლო დავების განხილვის საბჭოს 19.09.2025 წლის №25770/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგების თაობაზე, რომელიც ეხება საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურებიდან მიღებული შემოსავლის განსაზღვრას, არგუმენტებს არ წარმოადგენს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
დავების განხილვის საბჭოს 19.09.2025 წლის №25770/2/2025 გადაწყვეტილებით, საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრის საკითხის მომჩივნის მონაწილეობით, შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 19.09.2025 წლის №25770/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 30.01.2026 წლის დასკვნის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განმეორებით იქნა შესწავლილი 2023-2024 წლების ერთობლივი შემოსავლის ფორმირების საფუძვლები. შესწავლის პროცესი ეყრდნობოდა შემდეგ ინფორმაციას: ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებს, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ საბანკო ამონაწერებს, მე-3 პირების მიერ მიწოდებული ინფორმაციის ურთიერთშეჯერებას. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 2023 წელს 148 791 ლარს, 2024 წელს 120 056 ლარს. გადასახადის გადამხდელის პოზიციის შესწავლისას გამოიკვეთა, რომ მომჩივანი 2023 წლის ერთობლივ შემოსავალს მიიჩნევს 121 380 ლარს და შემოსავლის გაანგარიშებისას მხედველობაში არ აქვს მიღებული 2023 წლის იანვრის თვის შემოსავლები, კერძოდ, საბანკო ოპერაციებით დასტურდება შპს ---გან მიღებული შემოსავალი 23 356 ლარის ოდენობით, რაც მომჩივანს საჩივარში წარმოდგენილ გაანგარიშებაში ასახული არ აქვს. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.
დავების განხილვის საბჭო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხე ორგანოს მიერ გამოცემულ ზემოაღნიშნულ დასკვნაზე და განმარტავს, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს/მტკიცებულებებს თუ რა ნაწილში არ აღსრულდა დავების განხილვის საბჭოს 19.09.2025 წლის №25770/2/2025 გადაწყვეტილება. მომჩივანი სადავოს ხდის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების გაანგარიშების მართლზომიერებას, რომელზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების განსაზღვრის მართლზომიერების საკითხი ეხება შემოსავლების სამსახურის 15.08.2025 წლის №18470 ბრძანების აღსრულების შედეგების მართლზომიერებას, რაზეც ამავე ორგანოში მიმდინარეობს საგადასახადო დავა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 19.09.2025 წლის №25770/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №25770/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2023 წლიდან 1.04.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც დგინდება რომ გადასახადის გადამხდელს 2023 წლის პირველი მარტიდან მინიჭებული აქვს მცირე მეწარმის სტატუსი ტრანსპორტით მომსახურებაზე . 2023 წლის კალენდარული წლის მიხედვით მცირე ბიზნესის სტატუსის ფარგლებში მიღებულ შემოსავლად პირს დაფიქსირებული აქვს 82 224 ლარი, ხოლო 2024 წელს - 89 718 ლარი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზების, სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციისა და პირის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების საფუძველზე ირკვევა, რომ მომჩივანი იღებს ორმხრივ ნებართვას და საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებით ახორციელებს საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურებას. 2023 წლის კალენდარული წლის განმავლობაში მისი მიღებული შემოსავალი (საერთაშორისო გადაზიდვიდან) შეადგენს 148 791 ლარს, ხოლო 2024 წელს - 120 056 ლარს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა და საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის, ასევე „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილების გათვალისწინებით, მეწარმეს შეუმცირდა 1%-იანი საპროცენტო განაკვეთით დეკლარირებული ბრუნვა. ვინაიდან ფიზიკურმა პირმა სრულყოფილად ვერ წარადგინა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, მიღებული ერთობლივი შემოსავალი შეუმცირდა ამავე პერიოდში დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯითა და არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ხარჯებით. კერძოდ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული გადაზიდვის მომსახურებასთან დაკავშირებული საწვავის ხარჯი გაანგარიშდა აუდირებული მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემების მიხედვით (ხარჯის მიღებულ შემოსავალთან შეპირისპირებით). აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი . ასევე, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. ამასთან, შეუმცირდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით დარიცხული გადასახადი.
აღნიშნული საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №14261 ბრძანება და №070-3 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №18470 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა,კერძოდ:ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის მივლინებასთან დაკავშირებით). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის №18470 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.რომლის №25770/2/2025 გადაწყვეტილებით, საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრის საკითხის მომჩივნის მონაწილეობით, შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დავების განხილვის საბჭოს №25770/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №2141 ბრძანება და №070-2 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს №25770/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304( 21);