გადაწყვეტილება №18689/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 16.03.2023
№ დოკუმენტი 18689/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18689/2/2023

16.03.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

 

მომჩივანი: „----------“ (პ/ნ ----------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 16.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------- 18.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18689/2/2023).

 

დავის საგანი:

უარი საბაჟო დეკლარაციაში საქონლის გაშვების შემდგომ ცვლილებების განხორციელებაზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 20.10.2022 წლის №21-10/97338 წერილი;

2. შემოსავლების სამსახურის 30.12.2022 წლის №33930 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა

მომჩივანმა 18.08.2022 წელს განცხადებით (№150323/21-10-20) მიმართა საბაჟო დეპარტამენტს, მის მიერ გაფორმებული №--------- (15.08.2022 წ) საბაჟო დეკლარაციის კორექტირებასთან დაკავშირებით. მომჩივნის განმარტებით, მის მიერ მითითებული საბაჟო დეკლარაციით საქონლის გაფორმებისას 3 ინვოისის ნაცვლად შეცდომით წარდგენილ იქნა 4 ინვოისი, რისი მტკიცებულების სახითაც წარადგინა დასურათებული ამანათები, სადაც მითითებულია გზავნილების ნომრები.

საბაჟო დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა №---------- (15.08.2022 წ) საბაჟო დეკლარაცია თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ასევე მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, თუმცა არასაკმარისი დოკუმენტების გამო არ იყო საფუძველი განეხორციელებინა ცვლილება №----------- (15.08.2022 წ) საბაჟო დეკლარაციაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, №21-10/97338 (20.10.2022 წ) წერილით მომჩივანს უარი ეთქვა №---------(15.08.2022 წ) საბაჟო დეკლარაციაში საქონლის გაშვების შემდგომ ცვლილების განხორციელებაზე.

აღნიშნული წერილი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 30.12.2022 წლის №33930 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 90-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ (დანართი №2) ინსტრუქციის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-2 პუნქტზე და მე-40 მუხლის მე-3 პუნქტზე.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ საბაჟო დეპარტამენტის 23.09.2022 წლის №21-10/89083 წერილით, ი/მ -------- (ს/ნ ----------) ეცნობა, რომ 18.08.2022 წლის №-------- განცხადებით წარმოდგენილი მტკიცებულება არ არის საკმარისი, საქონლის გაშვების შემდგომ №--------- (15.08.2022 წ) საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების განხორციელებისათვის. იქვე მიეთითა, რომ იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი იქნება ზემოაღნიშნული საბაჟო პროცედურის შესაბამისი ექსპორტის საბაჟო დეკლარაცია (კორექტირებული) ან/და ექსპორტიორი ქვეყნის (---------) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ასევე, შეფუთვის ფურცელი და სხვა დაკავშირებული დოკუმენტაცია, საკითხი დამატებით განხილული იქნება საბაჟო დეპარტამენტის მიერ.

მომჩივანმა 29.09.2022 წლის №-------- წერილით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და აცნობა, რომ ექსპორტის დეკლარაციის მიწოდება ვერ ხერხდება და ითხოვა გათვალისწინებული იქნას ჩინეთიდან მიწოდებული ტვირთის საბუთები და არსებული დოკუმენტაცია.

დადგენილია, რომ საბაჟო დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა №--------- (15.08.2022 წ) საბაჟო დეკლარაცია და თანდართული დოკუმენტები, ასევე დამატებით წარდგენილი მტკიცებულებები, რაც არასაკმარისი იყო საბაჟო დეპარტამენტისთვის განეხორციელებინა ცვლილება საბაჟო დეკლარაციაში. აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანს უარი ეთქვა №--------- (15.08.2022 წ) საბაჟო დეკლარაციაში საქონლის გაშვების შემდგომ ცვლილების განხორციელებაზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტის 20.10.2022 წლის №21-10/97338 გადაწყვეტილება შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

იმპორტი ხორციელდება ჩინეთიდან, განცხადებაში (----------) დეტალურად არის მითითებული თუ რა შეცდომა მოხდა. არასწორად მიწოდებული ინვოისების გამო არასწორად შეივსო დეკლარაცია. 2 რეისი ერთ დეკლარაციაში ჩაიწერა და შესაბამისად ზედმეტად დადეკლარირდა. საბაჟო ორგანომ მოითხოვა ექსპორტის დეკლარაცია, რომელსაც ფიზიკურად ვერ წარადგენს, იმიტომ, რომ ექსპორტს ახორციელებს ქართული კომპანია ჩინეთიდან. შესაბამისად, წარმოდგენილი ინვოისების (ტრანსპორტი, საქონელი) გათვალისწინებაზე უთხრეს უარი.

გამოგზავნილი საქონლის და ტრანსპორტირების ინვოისებიდან გამომდინარე, რომელიც საბაჟო ორგანოსთვის მიმართულ წერილშიც არის მითითებული (-------------) ფიქსირდება საქონელი: ელექტრო ხერხი 10 ცალი, 300 აშშ დოლარის და თვითსწორებადი ლაზერი 20 ცალი 920 აშშ დოლარის ღირებულების. ორივე დეკლარაციაში №--------- და №--------- არის აღნიშნული საქონლის კოდი 8543 - ლაზერი 20 ცალი და საქონლის კოდი 8467 - ელ. ხერხი 10 ცალი. ერთი და იგივე საქონელი ორივე დეკლარაციაში ჩაწერილია შეცდომით. იმპორტის დღგ გადახდილია 2-ჯერ ერთი და იგივე საქონელზე.

უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება და მოხდეს ზედმეტად გადახდილი (2-ჯერ ერთი და იგივე ინვოისებზე) იმპორტის დღგ-ის დაბრუნდება, რომელიც შეადგენს 724,65 ლარს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო: საბაჟო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1.დეკლარანტის განცხადების საფუძველზე რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში შესაძლებელია ცვლილების შეტანა. ეს ცვლილება არ შეიძლება შეეხებოდეს იმ საქონელს, რომელიც ამ დეკლარაციით თავდაპირველად დეკლარირებული არ იყო.

3. საქონლის გაშვების შემდეგ, საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან 3 წლის განმავლობაში საბაჟო ორგანომ დეკლარანტს მისი განცხადების საფუძველზე შეიძლება მისცეს უფლება, რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში შეიტანოს ცვლილება საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელების შესახებ სასამართლოს ან საბაჟო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარებამდე, თუ დეკლარანტი ასრულებს საქონლის შესაბამის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ ინსტრუქციის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებისას, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, წინასწარი შესწავლის საფუძველზე უარი თქვას კონტროლის დაწყებაზე ან გამოსცეს ბრძანება საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის დაწყების თაობაზე. ამასთან, დეკლარანტის წერილობით განცხადებასთან ერთად არასაკმარისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს მიერ მას ეძლევა გონივრული ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. სათანადო მტკიცებულებების მიწოდების შემდეგ ხორციელდება საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი.

საქმის გარემოებებით დგინდება, რომ №---------- (15.08.2022 წ) საბაჟო დეკლარაციის კორექტირებასთან დაკავშირებით, საბაჟო დეპარტამენტს 18.08.2022 წელს განცხადებით მიმართა მომჩივანმა და მიუთითა, რომ საბაჟო დეკლარაციით საქონლის გაფორმებისას 3 ინვოისის ნაცვლად შეცდომით წარდგენილ იქნა 4 ინვოისი.

საბაჟო დეპარტამენტმა მიუთითა, რომ არასაკმარისი დოკუმენტების გამო არ იყო საფუძველი განეხორციელებინა ცვლილება №------------- (15.08.2022 წ) საბაჟო დეკლარაციაში.

მომჩივანმა საჩივრის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ საქონლის ჩინეთიდან ტრანსპორტირებას ახორციელებს ქართული კომპანია, რომელმაც მისი საქონელი შემოიტანა 2 რეისით. საქართველოში შემოსულ საქონელს აქვს თავისი საბაჟო ნომერი, ერთი და იგივე ნომრით საქონელზე დღგ-ის გადახდა ხდება 2-ჯერ. პირველად ჩამოსულ რეისში ჩანს თუ რა ჩამოვიდა ამ ტრანსპორტით. მეორე ტრანსპორტი ცალკე შემოვიდა საქართველოში. საბაჟო დეკლარაციებში მონაცემები არის განცალკევებული. პირველ რეისზე მითითებული ინვოისით საქონელი განბაჟდა მეორე რეისზე, ანუ განბაჟება მოხდა იგივე ინვოისით. საქონლის ჩამოტანისას კომპანია უთითებს დეტალურად საქონლის ზომას, წონას და ამის მიხედვით ხდება საფასურის გადახდა, შესაძლებელია საქონლის იდენტიფიცირება.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს მითითებულ საბაჟო დეკლარაციებში საქონლის ერთი და იგივე ინვოის(ებ)ის საფუძველზე განმეორებით მითითების საკითხი, იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საბაჟო დეკლარაციაში საქონლის გაშვების შემდგომი ცვლილებების განხორციელება.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 30.12.2022 წლის №33930 ბრძანება;

3. საბაჟო დეპარტამენტს დაევალოს მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამიად;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.