ბრძანება N 13165
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 13165
19 ივნისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის” (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2025 წლის 23 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 6 ივნისის სხდომაზე (ოქმი №47) განიხილა შპს „---ს” (ს/ნ ---) №95872/1/2025 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 7 მაისის №EL284286 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ექსპორტის ინვოისი, დატვირთვის ფურცელი და ექსპორტის დეკლარაცია, სრულად თანხვედრაშია ერთმანეთთან და შესაბამისობაში საქართველოს საბაჟო წესებთან. ტვირთის განბაჟებისთვის მნიშვნელოვანია ტვირთის ღირებულება და, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ყველა სხვა დოკუმენტი შესაბამისობაშია ერთმანეთთან, თვალსაჩინო ხდება, რომ კომპანია მოქმედებდა კანონის სრული დაცვით. ხარვეზი ფიქსირდება მხოლოდ CMR-ში, სადაც ტვირთის წონა ჩაწერილია შეცდომით, რომელიც გავლენას არ ახდენს დასაბეგრ ბაზაზე და იმპორტისას გადასახდელი დღგ-ის მოცულობაზე. აღნიშნული დოკუმენტი არ დგება იმპორტიორის მიერ და კომპანიისთვის ხელმისაწვდომი ხდება მხოლოდ საბუთების ფიზიკურად აღებისას საბაჟო ტერმინალში. საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს, რომ კომპანიის მხრიდან შეცდომის აღმოჩენისთანავე, წარმოდგენილ იქნა განცხადება, თუმცა კომპანია დაჯარიმდა საბაჟო კოდექსის 168 მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 25 აპრილს, საბაჟო გამშვები პუნქტი „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული და ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონების“ უფლებამოსილი პირის მიერ შევსებული №--- საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით, გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისის“ დანიშნულებით №---- სატვირთო სატრანსპორტო საშუალებით გაშვებულ იქნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე თურქეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი, სხვადასხვა მიმღების (მათ შორის, შპს „---ს“) კუთვნილი საქონლისგან შემდგარი სასაქონლო პარტიათა ნაკრები (გათვალისწინებული 7 სატრანსპორტო ზედდებულით – CMR, საერთო წონით 15 928 კგ).
ამასთან, აღნიშნული აღრიცხვის მოწმობის მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მეშვეობით დამუშავებისას განსაზღვრულ იქნა „წითელი დერეფანი“ და საქონელი დაექვემდებარა დათვალიერებას დოკუმენტაციის შემოწმებით. დანიშნულების ორგანოში გამოცხადების შემდეგ, გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისის“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ განხორციელდა საქონლის დათვალიერება დასახელებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის, საქონლის საბაჟო დეკლარაციებისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმებით. აღნიშნულის შედეგად დადგინდა, რომ სატრანსპორტო საშუალებაში, დეკლარირებულ საქონელთან (ბრუტო წონა 300 კგ, ნეტო წონა 250 კგ) ერთად, განთავსებული იყო შპს „---ს“ კუთვნილი არადეკლარირებული საქონელი – მინა (93.18 მ2, 3 485.15 კგ) რომლის საბაჟო ღირებულებამ, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2025 წლის 6 მაისის №004532/2025 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეადგინა 5 166.27 აშშ დოლარი (14 203.11 ლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში). ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას, გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 7 მაისს შედგენილ იქნა №EL284286 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „---ის“ დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 14 203.11 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე საბაჟო ორგანოს უნდა წარედგინოს საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაცია.
ამავე კოდექსის 213-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, 2026 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის 66-ე მუხლით გათვალისწინებული საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენად მიიჩნევა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემთხვევაში საბაჟო გამშვებ პუნქტში დეკლარანტის ან მისი წარმომადგენლის მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №5) პირველი მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის მომენტიდან ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და, შესაბამისად, სავალდებულოა მისი წარდგენა ამ მუხლით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი მიუთითებს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის სახმელეთო საბაჟო გამშვებ პუნქტებში წარდგენა ხდება სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ, საქონლის ზოგადი დეკლარირებისათვის აუცილებელი დოკუმენტების წარდგენითა და საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის განთავსებით.
ამავე ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სატრანსპორტო ზედნადები (CMR) წარმოადგენს ზოგადი დეკლარირების განხორციელებისათვის წარსადგენ ერთ-ერთ სავალდებულო დოკუმენტს. საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში სატრანსპორტო ზედნადები (CMR) წარდგენილ იქნა შპს „---ის“ კუთვნილ ნაწილ საქონელზე (ბრუტო წონა 300 კგ, ნეტო წონა 250 კგ). დადგენილია ასევე, რომ სატრანსპორტო საშუალებაში, დეკლარირებულ საქონელთან (ბრუტო წონა 300 კგ, ნეტო წონა 250 კგ) ერთად, განთავსებული იყო შპს „---ის“ კუთვნილი არადეკლარირებული საქონელი – მინა (93.18 მ 2 , 3 485.15 კგ) რომლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 5 166.27 აშშ დოლარი (14 203.11 ლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში). შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია. მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით. საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. კანონმდებლის მიზანია, საბაჟო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ს” (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ.№16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ექსპორტის ინვოისი, დატვირთვის ფურცელი და ექსპორტის დეკლარაცია, სრულად თანხვედრაშია ერთმანეთთან და შესაბამისობაში საქართველოს საბაჟო წესებთან. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ დანიშნულების ორგანოში გამოცხადების შემდეგ, გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისის“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ განხორციელდა საქონლის დათვალიერება დასახელებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის, საქონლის საბაჟო დეკლარაციებისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმებით. აღნიშნულის შედეგად დადგინდა, რომ სატრანსპორტო საშუალებაში, დეკლარირებულ საქონელთან (ბრუტო წონა 300 კგ, ნეტო წონა 250 კგ) ერთად, განთავსებული იყო მომჩივნის კუთვნილი არადეკლარირებული საქონელი – მინა (93.18 მ2, 3 485.15 კგ) რომლის საბაჟო ღირებულებამ, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2025 წლის 6 მაისის №004532/2025 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეადგინა 5 166.27 აშშ დოლარი (14 203.11 ლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში).
ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას, გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისის“ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მოჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 14 203.11 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:168 (1).