ბრძანება N 15904
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 15904
14 ივლისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ---ის (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2025 წლის 27 ივნისის
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 10 ივლისის სხდომაზე (ოქმი №54) განიხილა ი/მ ---ის (ს/ნ---) 2025 წლის 27 მაისის №96492/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 3 ივნისის №077-21 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებას და განმარტავს, რომ გაურკვევლობის გამო ერთი და იგივე თაოვნხები არის გატარებული როგორც ტერმინალზე, ასევე სალაროში, რამაც გამოიწვია დასაბეგრი ბრუნვის დუბლირება და შესაბამისად, გაზრდა. ასევე მიუთითებს, რომ კრედო ბანკის ტერმინალზე 2023 წლის 26 დეკემბრამდე გადახდილი თანხები არ აისახებოდა მყისიერად, რაც მომჩივნის მტკიცებით ბრუნვის გაზრდის გამომწვევი მნიშვნელოვანი ფაქტორია. აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოდგენილი აქვს ცნობა კრედო ბანკიდან.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 მარტის №5228 და 6 მაისის №8847 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ი/მ --- ს (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდის ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების, საკონტროლო-სალარო აპარატით, პოსტერმინალით და საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხვის გზით განხორციელებული ოპერაციების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის განსაზღვრის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 23 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 2 ივნისის №11233 ბრძანება და 3 ივნისის №077-21 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 47 297 ლარი, მათ შორის გადასახადი 28 276 ლარი, ჯარიმა 10 135 ლარი და საურავი 8 886 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
ი/მ ---ის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს ----ში, აღმაშენებლის ქ. №----ში აქვს შერეული მაღაზია, სადაც გარდა სურსათისა უფიქსირდება მედიკამენტების შეძენა-რეალიზაციაც. ამასთან, მეწარმეს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის (საბანკო ამონაწერები) ანალიზის შედეგად, მეწარმეს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2022 წლის 6 სექტემბერი. გადასახადის გადამხდელის შემოსავლები გაანგარიშებული იქნა შემდეგნაირად: ჩეკებით რეალიზებულ საქონელს დამატებული იქნა ტერმინალის საშუალებით რეალიზებული საქონელი.
ამასთან, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება დღგ-ით დაბეგვრისაგან გათავისუფლებული საქონლის (მედიკამენტების) რეალიზაცია, შემოწმების მიერ დათვლილ იქნა მთლიან შეძენაში დღგ-სგან გათავისუფლებული საქონლის ხვედრითი წილი, რომლის მიხედვითაც შემცირებული იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები შესაბამისი პროპორციით. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159 და 165-ე მუხლებით, შედეგად, პირს საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისთვის დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშებისა და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის, კერძოდ, საბანკო ამონაწერების ანალიზის შედეგად, მეწარმეს დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2022 წლის 6 სექტემბერი. შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის შემოსავლები გაანგარიშდა შემდეგნაირად: ჩეკებით რეალიზებულ საქონელს დაემატა ტერმინალის საშუალებით რეალიზებული საქონელი. ამასთან, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს უფიქსირდებოდა დღგ-ით დაბეგვრისაგან გათავისუფლებული საქონლის (მედიკამენტების) რეალიზაცია, შემოწმების მიერ დათვლილ იქნა მთლიან შეძენაში დღგ-სგან გათავისუფლებული საქონლის ხვედრითი წილი, რომლის მიხედვითაც შემცირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები შესაბამისი პროპორციით. გადასახადის გადამხდელის პოზიციასთან, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრისას ერთი და იგივე თანხის დუბლირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული არგუმენტის დასასაბუთებლად, დუბლირებული თანხების გაშიფვრისთვის მეწარმეს მიეცა 2 კვირა. გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას გადაუგზავნა ცხრილი (ექსელის ფაილი), სადაც მითითებული იყო მხოლოდ თარიღი და დუბლირებული თანხები (2022 წელს დუბლირებული ჰქონდა 1756.05 ლარის რეალიზაცია, როდესაც ჯამური რეალიზაცია ამ წელს შეადგენს 140 830 ლარს), რომელთაგან მხოლოდ 3 პოზიცია იყო გაშიფრული, ჯამურად 18 ლარის ოდენობის, შესაბამისად, აღნიშნული არ იქნა შემოწმების მიერ გათვალისწინებული. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ მეწარმე ყველა რეალიზაციაზე ახდენდა სალაროს ქვითრის ამობეჭდვას და ხდებოდა დუბლირება, მაშინ ყველა თვეში საკონტროლო-სალარო აპარატზე უფრო მეტი თანხა უნდა დაფიქსირებულიყო ვიდრე ტერმინალზე, თუმცა იყო ბევრი შემთხვევა როდესაც ტერმინალით უფრო მეტი თანხა იყო მიღებული ვიდრე საკონტროლო-სალარო აპარატით.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად წარმოდგენილ ცნობასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც გადახდილი თანხის ანგარიშზე მყისიერად ასახვის ფუნქცია ამოქმედდა 2023 წლის 26 დეკემბრიდან, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა თუ რა პერიოდის (მაქსიმუმ 1 დღე) დაგვიანებით ხდებოდა თანხის ასახვა საბანკო ანგარიშზე ის მაინც წარმოადგენს დასაბეგრ ოპერაციას და არ ცვლის შემოწმებით დადგენილ დასაბეგრი ბრუნვის თანხას.
ზემოაღნიშნულის სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა. ამასთან, მომჩივნის მიერ დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ ---ს (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებას და განმარტავს, რომ გაურკვევლობის გამო ერთი და იგივე თაოვნხები არის გატარებული როგორც ტერმინალზე, ასევე სალაროში, რამაც გამოიწვია დასაბეგრი ბრუნვის დუბლირება და შესაბამისად, გაზრდა.
ფაქტობრივი გარემოებები
მეწარმის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს აქვს შერეული მაღაზია, სადაც გარდა სურსათისა უფიქსირდება მედიკამენტების შეძენა-რეალიზაციაც. ამასთან, მეწარმეს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის (საბანკო ამონაწერები) ანალიზის შედეგად, მეწარმეს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2022 წლის 6 სექტემბერი. გადასახადის გადამხდელის შემოსავლები გაანგარიშებული იქნა შემდეგნაირად: ჩეკებით რეალიზებულ საქონელს დამატებული იქნა ტერმინალის საშუალებით რეალიზებული საქონელი.
ამასთან, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება დღგ-ით დაბეგვრისაგან გათავისუფლებული საქონლის (მედიკამენტების) რეალიზაცია, შემოწმების მიერ დათვლილ იქნა მთლიან შეძენაში დღგ-სგან გათავისუფლებული საქონლის ხვედრითი წილი, რომლის მიხედვითაც შემცირებული იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები შესაბამისი პროპორციით. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159 და 165-ე მუხლებით, შედეგად, პირს საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისთვის დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 163; 164; 165.