გადაწყვეტილება №27905/2/2026

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 21.10.2026
№ დოკუმენტი 27905/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27905/2/2026

21 ოქტომბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 3.08.2026 რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27905/2/2026).

 

დავის საგანი:

1. მოგების, რომელიც ოპერაციის დადგენილი პირობების საბაზრო პრინციპთან შესაბამისობის შემთხვევაში წარმოეშობოდა კომპანიას, მაგრამ საბაზრო პრინციპთან შეუსაბამობის გამო არ წარმოეშვა, მოგების გადასახადით დაბეგვრა;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2025 წლის №AR021843 საგადასახადო შემოწმების აქტი;

2. აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2025 წლის №27912 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2025 წლის №006-537 საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 14.07.2026 წლის №16111 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 4 044 437.63 ლარი.

მათ შორის:

მოგების გადასახადი - 2 002 674.53

ჯარიმა - 1 001 337.30

საურავი - 1 040 425.80

 

პროცედურული გარემოებები

კომპანია წარმოადგენს ----ის ჯგუფში შემავალ კომპანიას, რომელიც სააგენტო ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენს ----ის ხაზის გენერალურ აგენტს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. აუდიტის დეპარტამენტის 5.12.2025 წლის №26857 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა, 1.11.2021 წლიდან 1.01.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდებში საგადასახადო კოდექსის 98¹ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით, კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 18.12.2025 წლის №AR021843 საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2025 წლის №27912 ბრძანება და ამავე თარიღის №006-537 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 14.07.2026 წლის №16111 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. მოგების, რომელიც ოპერაციის დადგენილი პირობების საბაზრო პრინციპთან შესაბამისობის შემთხვევაში წარმოეშობოდა კომპანიას, მაგრამ საბაზრო პრინციპთან შეუსაბამობის გამო არ წარმოეშვა, მოგების გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საწარმოს ფინანსური შედეგები აუდირებული ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით გამოიყურება შემდეგნაირად: 2021 წელი - შემოსავალი 1 795 284 ლარი, მომსახურების ღირებულება (- 104 602 ლარი), საერთო მოგება 1 690 682 ლარი, საერთო და ადმინისტრაციული ხარჯები 1 612 802 ლარი, საოპერაციო მოგება 77 880 ლარი. 2022 წელი - შემოსავალი 2 048 292 ლარი, მომსახურების ღირებულება (- 31 269 ლარი), საერთო მოგება 2 017 023 ლარი, საერთო და ადმინისტრაციული ხარჯები 1 943 688 ლარი, საოპერაციო მოგება 73 335 ლარი. კომპანიას წარდგენილი აქვს დასკვნა 2022 წლის კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ, რომლის მიხედვითაც შპს „----ს“ ფინანსური მაჩვენებლები (MOTC და Berry Ratio) ხვდება საბაზრო დიაპაზონში. შედეგად, კომპანიის პოზიციით მის მიერ ურთიერთდამოკიდებული, საზღვაო ხაზის მფლობელი კომპანიისთვის (---), მომსახურების გაწევისას მიღებული კომპენსაცია შეესაბამება საბაზრო პრინციპს. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ურთიერთდამოკიდებული, საზღვაო ხაზის მფლობელი კომპანია (---) რეზიდენტობის ქვეყანაში სარგებლობს შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმით, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადახდა არ არის დამოკიდებული კომპანიის მოგებაზე, არამედ გადასახადის გაანგარიშება ხორციელდება ფიქსირებულად, გემების ტევადობის/ტვირთის მოცულობის მიხედვით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჯგუფს, რომლის წევრიც არის კომპანია აქვს მოტივაცია შემოსავლების დამატებითი წყაროებიც მიაკუთვნოს საერთაშორისო გადაზიდვების კატეგორიას, რადგან აღნიშნულის შედეგად ჯგუფი ახდენს ჯამური საგადასახადო ვალდებულების მინიმიზაციას. ქვემოთ წარმოდგენილია იმ შესადარებელი კომპანიების მონაცემები, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ იმავე სფეროში, რომელშიც საქმიანობს შპს „---“. მონაცემები ასახავს კომპანიების საოპერაციო მოგებას ლარში, მათ შესაბამის ტვირთბრუნვასთან მიმართებით (Operating profit/TEU): 2021 წელი - შპს --- - 0.9; კომპანია 1 - 60.29; კომპანია 2 – 96.41; 2022 წელი - შპს ---- - 0.7; კომპანია 1 - 64.46; კომპანია 2 – 124.26. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შემოწმებისას არ იქნა გაზიარებული გადასახადის გადამხდელის მიერ სატრანსფერო ფასწარმოქმნის დასკვნაში წარდგენილი მოსაზრებები, ქვემოთ მოყვანილ არგუმენტებზე დაყრდნობით:

- კომპანიები, რომლებიც წარდგენილია სატრანსფერო ფასწარმოქმნის დასკვნაში არ არიან საკმარისად შესადარებლები შპს „---თან“, რადგან ისინი არ არიან საერთაშორისო ხაზის აგენტები და წარმოადგენენ უბრალოდ ლოგისტიკურ და გადამზიდავ კომპანიებს;

- წარდგენილ სატრანსფერო ფასწარმოქმნის დასკვნაში მოცემულ ანალიზში არ არის გათვალისწინებული თუ რა ტიპის შემოსავლები და ხარჯები გააჩნიათ აღნიშნულ კომპანიებს, კერძოდ, არ არის გათვალისწინებული დასკვნაში წარმოდგენილ კომპანიებს ხარჯების ბაზაში შეტანილი აქვთ მხოლოდ ადმინისტრაციული ხარჯები, თუ ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული სრული ხარჯები;

- წარდგენილი დასკვნის ფარგლებში, არც ერთი, საერთაშორისო ხაზის აგენტის საქმიანობის განმახორციელებელი დამოუკიდებელი პირის რეალური გარიგების დამადასტურებელი კონტრაქტი არ ყოფილა გაანალიზებული, შესაბამისად, არ არსებობს არანაირი რეალური მტკიცებულება, რომ აღნიშნულ სფეროში ანაზღაურება დამოკიდებულია გაწეულ ხარჯებზე და უნდა შეფასდეს ადმინისტრაციულ ხარჯებს დამატებული ფასნამატის მეთოდით. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ:

- თავის მხრივ, შემოწმების ფარგლებში შესწავლილი კომპანიები საქმიანობას ახორციელებენ ზუსტად იგივე სფეროში, რომელშიც ოპერირებს შპს „---“. კერძოდ, ისინი წარმოადგენენ დიდი საერთაშორისო ხაზების აგენტებს და არიან საზღვაო ხაზებისგან დამოუკიდებელი პირები;

- შემოწმებისას გაანალიზებულია აღნიშნულ სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი დამოუკიდებელი კომპანიების რეალური გარიგების კონტრაქტები, ასევე დადგენილია თუ როგორ არიან დამოუკიდებელი ბიზნესები სტრუქტურირებული და რა არის მათი ძირითადი საოპერაციო საქმიანობა. აღნიშნული შედარდა შპს „---ს“ საოპერაციო საქმიანობას და ჩაითვალა, რომ ისინი არსებითად მსგავსია და საკმარის დონეზეა დაცული შედარებადობის სტანდარტი შესრულებული ფუნქციების, გამოყენებული აქტივების, ნაკისრი რისკების ფარგლებში;

- გაანალიზებულია ამ სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების რეალური გარიგების კონტრაქტები, შესაბამისად დადგენილია, თუ რა პრინციპით განისაზღვრება კომპენსაცია, ამ სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ დამოუკიდებელ პირებს შორის.

დადგინდა, რომ აღნიშნულ სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ დამოუკიდებელ კომპანიებს შორის ანაზღაურების მოდელი არ წარმოადგენს შპს „---ს“ ანაზღაურების მოდელის მსგავსს. დამოუკიდებელ პირებს შორის გაფორმებულ კონტრაქტებში შემოსავლის ოდენობა დაკავშირებულია რამდენიმე ძირითად ცვლადზე, კერძოდ:

- შემოსული და გასული კონტეინერების რაოდენობა;

- შემოსავლები ხაზის თანხების მოკრებიდან;

- შემოსავლები სხვადასხვა ადგილობრივი სერვისებიდან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად ოპერაციის სუფთა მარჟის მეთოდი ჩაითვალა საუკეთესო მეთოდად აღნიშნული ოპერაციების შესაფასებლად, ხოლო მოგების ინდიკატორად შერჩეულ იქნა საოპერაციო მოგება/ჯამურ ტვირთბრუნვაზე (Operating profit/TEU), რადგან ბაზრის ანალიზის და დამოუკიდებელ პირებს შორის კონტრაქტების ანალიზისას დადგინდა, რომ აღნიშნული ყველაზე ობიექტურად ასახავს შემოსავლის და საოპერაციო მოგების განაწილებას დამოუკიდებელ მხარეებს შორის.

შპს „---ს“ ფინანსური მაჩვენებელი საოპერაციო მოგება/ჯამურ ტვირთბრუნვაზე (Operating profit/TEU) გაცილებით ნაკლებია შესადარებელი კომპანიების ფინანსურ მაჩვენებელზე საოპერაციო მოგება/ჯამურ ტვირთბრუნვაზე (Operating profit/TEU) და არ ხვდება საბაზრო დიაპაზონში.

შედეგად, კომპანიის დასაბეგრი მოგება გაანგარიშდა შემდეგი პრინციპით: შესადარებელი კომპანიების მედიანური მაჩვენებელი მოგება/ჯამურ ტვირთბრუნვაზე (Operating profit/TEU) გამრავლებული შპს „---ს“ ჯამურ ტვირთბრუნვაზე. აღნიშნული პრინციპით გაანგარიშებულმა საოპერაციო მოგებამ (1.11.2021წ.-1.01.2023წ. პერიოდზე) ჯამში შეადგინა 11 348 489 ლარი, ხოლო აღნიშნული წესით გაანგარიშებულმა მოგების გადასახადმა შეადგინა 2 002 674 ლარი.

საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებზე მითითებით, ვინაიდან, საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შპს „---ს“ საქმიანობის შედეგები არ შეესაბამება საბაზრო პრინციპს, მოგება, რომელიც ოპერაციის დადგენილი პირობების საბაზრო პრინციპთან შესაბამისობის შემთხვევაში წარმოეშობოდა შპს „---ს“, მაგრამ საბაზრო პრინციპთან შეუსაბამობის გამო არ წარმოეშვა, დაბეგრილია მოგების გადასახადით, საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 126-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 127-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 ნაწილებზე, 128-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილზე, „საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 18 დეკემბრის №423 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-5 მუხლზე, საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ეგთოს (OECD) სატრანსფერო ფასწარმოქმნის სახელმძღვანელოზე, რომლიც განმარტავს შემთხვევებს, როცა საგადასახადო ორგანოს შეუძლია, არ აღიაროს ოპერაციების შინაარსი მის ფორმასთან მიმართებაში (ეგთოს სატრანსფერო ფასწარმოქმნის სახელმძღვანელოს 1.64 პარაგრაფზე, 1.65 პარაგრაფზე, 1.67 პარაგრაფზე, 2.39 პარაგრაფზე, 7.34 პარაგრაფზე) და შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე. გადასახადის გადამხდელი საჩივრებში აღნიშნავს, რომ შემოწმების პროცესში გამოყენებული კონტეინერების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება კომპანიის ხელთ არსებულ ინფორმაციას. გაურკვეველი რჩება თუ რა ინფორმაციით იხელმძღვანელა შემოწმებამ და როგორ მიიღო კონტეინერების მოცულობები. მიწოდებული პირველადი დოკუმენტაციის დეტალური შესწავლისას ასევე გამოვლინდა არსებითი ხარვეზები შესადარებელი კომპანიების მონაცემთა დამუშავების ნაწილში.

საგადასახადო აუდიტორის მიერ წარდგენილი გაანგარიშებით ირკვევა, რომ მოცემულ მაჩვენებელში დაჯამებულია როგორც სავსე იმპორტის, ასევე ცარიელი და სავსე ექსპორტის, 20 ფუტიანი და 40 ფუტიანი კონტეინერების მოცულობები. 40 ფუტიანი კონტეინერების TED განზომილებაში კონვერტაციის მიზნით აუდიტორმა მათი რაოდენობა გაამრავლა კოეფიციენტზე 2. აქვე აღსანიშნავია, რომ კონტეინერები იმპორტის, ექსპორტისა და მოცულობების მიხედვით გამოყოფილი იყო მხოლოდ ერთი კომპანიის შემთხვევაში. მეორე კომპანიის შემთხვევაში, შესადარებელი კომპანიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში მოცემულია მხოლოდ სავსე და ცარიელი კონტეინერების რაოდენობები წლების მიხედვით, რაც მიუთითებს მონაცემთა შეუსაბამობაზე და არღვევს ერთგვაროვანი შედარების პრინციპს.

დამატებით გასათვალისწინებელია, რომ შპს „---ს“ ხელთ არ არსებობს კონტეინერების მოცულობების შესახებ ინფორმაცია, რაც შეუძლებელს ხდის 40 ფუტიანი კონტეინერების კონვერტაციას და შესაბამისად, კორექტირებული მოგების კალკულაციის გაანგარიშების გადამოწმებას. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ შემოსავლების სამსახურმა შესადარებელ კომპანიებად შეარჩია საერთაშორისო გადამზიდველები და არა ისეთი კომპანიები, რომლებიც შეესაბამება შპს „---ს“ საქმიანობის პროფილს. გადამხდელი ასევე მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელს არ შეიძლება დაეკისროს საგადასახადო ვალდებულება ან სანქცია იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომელთა გადამოწმების, გადათვლისა და შინაარსობრივი შესწავლის სამართლებრივი და პრაქტიკული შესაძლებლობა მას არ გააჩნია. მიუხედავად მომჩივნის ურყევი პოზიციისა, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ გამოყენებული მეთოდოლოგია ეკონომიკურად არსებითად მცდარია, არ შეესაბამება კომპანიის რეალურ ფუნქციურ პროფილს და ეწინააღმდეგება სატრანსფერო ფასწარმოქმნის მოქმედ რეგულაციებს. შემოწმებამ სატრანსფერო ფასწარმოქმნის მეთოდოლოგიის შემუშავების პროცესში გამოიყენა კომპანიების, შპს „---სა“ და შპს „---ს“ კონტრაქტები, ზემოაღნიშნული კომპანიების ტვირთბრუნვის შესახებ ინფორმაცია, ასევე კომპანიების საოპერაციო მოგების შესახებ ინფორმაცია. აუდიტორის მიერ წარდგენილ აღწერაში აღნიშნულია, რომ კომპანიებისგან გამოთხოვილი ინფორმაცია გადამოწმდა სსიპ „---გან“ მიღებულ ინფორმაციასთან. გადამხდელის განმარტებით, კომპანიის მიერ განხორციელდა აღნიშნულ სააგენტოსთან დაკავშირება და საერთაშორისო კომპანიების აგენტების სიას და კომპანიების ტვირთბრუნვის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა. პასუხად მიღებულ იქნა მხოლოდ კომპანიების დასახელებები და საიდენტიფიკაციო ნომრები, ტვირთბრუნვაზე ინფორმაცია სააგენტოს არ გააჩნია. შესაბამისად, რადგან შემოწმების მიერ გამოყენებულ მონაცემებზე ინფორმაციის სხვა წყაროები არ არსებობს და საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით ითვლება საიდუმლო ინფორმაციად, გადამხდელს მიაჩნია, რომ შემოწმების პროცესში გამოყენებული მეთოდოლოგია არ არის შესაბამისობაში საკანონმდებლო მოთხოვნებთან და შესაბამისად, აღნიშნული მეთოდოლოგიის შედეგად გაკეთებული დარიცხვა უნდა გაუქმდეს. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ზემოაღნიშნულ არგუმენტებთან მიმართებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შემოწმებისას არ იქნა გაზიარებული გადასახადის გადამხდელის მიერ სატრანსფერო ფასწარმოქმნის დასკვნაში წარდგენილი მოსაზრებები, ქვემოთ მოყვანილ არგუმენტებზე დაყრდნობით:

• კომპანიები რომლებიც წარდგენილია სატრანსფერო ფასწარმოქმნის დასკვნაში არ არიან საკმარისად შესადარებლები შპს „---სთან“, რადგან ისინი არ არიან საერთაშორისო ხაზის აგენტები და წარმოადგენენ უბრალოდ ლოჯისტიკურ და გადამზიდავ კომპანიებს.

• წარდგენილ სატრანსფერო ფასწარმოქმნის დასკვნაში მოცემულ ანალიზში არ არის გათვალისწინებული თუ რა ტიპის შემოსავლები და ხარჯები გააჩნიათ აღნიშნულ კომპანიებს, კერძოდ, არ არის გათვალისწინებული დასკვნაში წარდგენილ კომპანიებს ხარჯების ბაზაში შეტანილი აქვთ მხოლოდ ადმინისტრაციული ხარჯები, თუ ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული სრული ხარჯები, აღნიშნული ძალიან მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ის არსებითად ცვლის შედეგს, კერძოდ, ძალიან დიდ გავლენას ახდენს გაანგარიშებულ საოპერაციო მოგებაზე და შესაბამისად მოგების გადასახადზე.

• წარდგენილი დასკვნის ფარგლებში, არც ერთი საერთაშორისო ხაზის აგენტის საქმიანობის განმახორციელებელი დამოუკიდებელი პირის რეალური გარიგების დამადასტურებელი კონტრაქტი არ ყოფილა გაანალიზებული, შესაბამისად არ არსებობს არანაირი რეალური მტკიცებულება, რომ აღნიშნულ სფეროში ანაზღაურება დამოკიდებულია გაწეულ ხარჯებზე და უნდა შეფასდეს ადმინისტრაციულ ხარჯებს დამატებული ფასნამატის მეთოდით.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტმა არ მიიღო მხედველობაში გადასახადის გადამხდელის მიერ შეთავაზებული ფასწარმოქმნის მოდელი და გადასახადების გაანგარიშება განახორციელა სატრანსფერო ფასწარმოქმნის ზოგადი პრინციპების დაცვით, კერძოდ: საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროების გამოყენებით მოძიებულ იქნა ინფორმაცია საქართველოში საქმიანობის განმახორციელებელი საერთაშორისო საზღვაო ხაზების და მათი წარმომადგენელი კომპანიების შესახებ. მიღებული ინფორმაციის შედეგად გამოვლინდა 11 საერთაშორისო საზღვაო ხაზი და მათი წარმომადგენლები საქართველოში. ასევე, მოძიებულ იქნა ინფორმაცია აღნიშნული კომპანიების საოპერაციო მოგებების შესახებ ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახურის პორტალზე. აღნიშნული ინფორმაციის მოპოვება-დამუშავების პარალელურად, ანალიზის, შედარების, კვლევის შედეგების სიზუსტის ამაღლების და გადამოწმების მიზნით, გამოთხოვილ იქნა სხვადასხვა სახის ინფორმაცია, როგორც მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიებისგან, ასევე სხვადასხვა უწყებებიდან. გარდა ამისა, დამუშავებულ იქნა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე აღნიშნული ხაზების ჯამური ტვირთბრუნვის შესახებ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციები.

ზემოაღნიშნული შეგროვებული მონაცემების საფუძველზე გაანგარიშებულ იქნა საერთაშორისო საზღვაო ხაზების წარმომადგენელი კომპანიების საშუალო მომგებიანობა ტვირთბრუნვასთან მიმართებით (Operating profit/TEU), რომელიც შედარდა შპს „---ს“ იმავე მონაცემს, შედეგად გამოვლინდა არსებითი სხვაობები შპს „---ს“ და შესადარებელი კომპანიების საშუალო მომგებიანობას შორის ტვირთბრუნვასთან მიმართებით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სხვა გადასახადის გადამხდელებისგან და უწყებებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის გამოყენება არ ამძიმებს გადასახადის გადამხდელის ჯამურ საგადასახადო ვალდებულებებს, მეტიც, საჯაროდ გავრცელებული მონაცემების მიხედვით გაანგარიშებული მომგებიანობის საშუალო მაჩვენებლები ხვდება დიაპაზონში, თუმცა უფრო მაღალი მაჩვენებლებია, ვიდრე შემოწმების შედეგების სიზუსტის ამაღლებიდან გამომდინარე გამოთხოვილი ინფორმაციების შესწავლის შედეგად განისაზღვრა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შპს „---ს“ საქმიანობის შედეგები არ შეესაბამება საბაზრო პრინციპს, მოგება, რომელიც ოპერაციის დადგენილი პირობების საბაზრო პრინციპთან შესაბამისობის შემთხვევაში წარმოეშობოდა შპს „---ს“, მაგრამ საბაზრო პრინციპთან შეუსაბამობის გამო არ წარმოეშვა, დაბეგრილ იქნა მოგების გადასახადით საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ამ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიამ 20.01.2026 და 9.02.2026 წელს შემოსავლების სამსახურში წარადგინა საჩივრები, რომელთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურში 7.05.2026 წელს გაიმართა დავების განხილვის სხდომა, რომლის ფარგლებშიც დავების განხილვის საბჭომ აუდიტის დეპარტამენტს დაავალა კომპანიისთვის გაეგზავნა დოკუმენტაცია და შესაბამისი კალკულაციების ფაილები, რომელიც საფუძვლად დაედო საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვას. აუდიტის დეპარტამენტისგან შემოწმების აქტთან დაკავშირებული მტკიცებულებების მხოლოდ გარკვეული ნაწილის მიღების შემდეგ, კომპანიამ 17.06.2026 წელს შემოსავლების სამსახურში წარადგინა დამატებითი პოზიცია გაზიარებულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით. 18.06.2026 წელს შემოსავლების სამსახურში გაიმართა დავების განხილვის სხდომა, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა კომპანიის მიერ წარდგენილი დამატებითი არგუმენტაცია. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ შემოსავლების სამსახურში წარადგინა კომპლექსური და დასაბუთებული საჩივრები, სადაც მიუთითებდა საგადასახადო ორგანოს მიერ გამოცემული აქტის ფორმალური და მატერიალური კანონიერების დარღვევაზე, ხოლო ამასთან აუდიტის დეპარტამენტმა დავების განხილვის სხდომაზე ვერ შეძლო კომპანიის არგუმენტაციის უარყოფა და საკუთარი პოზიციის ჯეროვნად დასაბუთება, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით კომპანიის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აუდიტის დეპარტამენტთან კომუნიკაცია იხილეთ ქვემოთ: „გაცნობებთ, რომ თავდაპირველად განხორციელდა ინფორმაციის გამოთხოვა სსიპ „---ს“ ანალიტიკური სამსახურიდან, კერძოდ გამოთხოვილ იქნა შემდეგი ინფორმაცია: საქართველოში საქმიანობის განმახორციელებელი საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების ხაზების შესახებ და კომპანიების შესახებ, რომლებიც ზემოხსენებულ საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების ხაზების წარმომადგენლები არიან საქართველოში (სააგენტო, მომსახურების, ან სხვა ტიპის ხელშეკრულების საფუძველზე ან/და სხვაგვარად). აღნიშნულის ფარგლებში მიღებულია ინფორმაცია 11 კომპანიის შესახებ, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების ხაზების წარმომადგენლებს საქართველოში. შემდგომ ზემოხსენებული კომპანიებიდან განხორციელდა შემდეგი ინფორმაციის გამოთხოვა:

- უცხოურ საზღვაო ხაზ(ებ)თან სააგენტო მომსახურებაზე გაფორმებული კონტრაქტები (შესაბამისი ცვლილებებით/განახლებებით);

- ინფორმაცია ზემოხსენებულ საზღვაო ხაზებთან კავშირის შესახებ (არიან თუ არა აღნიშნული კომპანიები ურთიერთდამოკიდებულები თქვენს კომპანიასთან მიმართებაში);

- კომპანიის სრული ორგანიზაციული სტრუქტურა; - დეტალური ინფორმაცია კომპანიის საქმიანობის და შემოსავლის ტიპების შესახებ;

- ინფორმაცია საქმიანობის პროცესში გამოყენებული აქტივების, შესრულებული ფუნქციების და გაწეული რისკების შესახებ (ძირითადი კატეგორიების მიხედვით);

- ფინანსური ანგარიშგებები;

- ინფორმაცია წლების მიხედვით იმ გადაზიდული ტვირთის მოცულობის შესახებ (ჯამური ტვირთბრუნვა TEU-ში საქართველოში), რომელიც გადაზიდულ იქნა საზღვაო ხაზის მიერ, რომლის აგენტს ან სუბ-აგენტსაც წარმოადგენს კომპანია (2018წ.-2024წ.);

- ინფორმაცია წლების მიხედვით კომპანიის საოპერაციო მოგების ოდენობის შესახებ ლარში (2018წ.- 2024წ.). შემდეგ განხორციელდა ზემოხსენებული კომპანიების შესწავლა, მათ შორის, საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების ხაზთან ურთიერთდამოკიდებულების, საქმიანობაში გამოყენებული აქტივების, განხორციელებული ფუნქციების, გაწეული რისკების, თანამშრომელთა რაოდენობით და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების კუთხით. შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული კვლევის შედეგად, გამოვლინდა რამდენიმე კომპანია, რომლებიც შესაძლოა ყოფილიყვნენ შესადარებელნი შპს „----თან“ მიმართებით. აღნიშნული კომპანიებიდან ანალიზის შედეგად საბოლოოდ ორი კომპანია მიჩნეულ იქნა საკმარისი შესადარისობის მქონედ: შპს „---“ (ს/ნ ---) - -----ს ხაზის აგენტი კომპანია და შპს „---“ (ს/ნ ---) - ----ის ხაზის აგენტი კომპანია“.

უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში იკვეთება ახალი გარემოებები, რომლებიც, როგორც გადაწყვეტილებაშია აღნიშნული სავარაუდოდ განხილულია 25.06.2026 წელს, კომპანიის წარმომადგენელთა დასწრებისა და პროცესუალური ჩართულობის გარეშე. შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარსა და დამატებით პოზიციაში დეტალურად არის არგუმენტირებული საკითხი, რომელიც ეხება საგადასახადო შემოწმების პროცესში საგადასახადო ორგანოს მიერ კონფიდენციალური მონაცემების გამოყენების დაუშვებლობას. ამონარიდი კომპანიის პოზიციიდან:

„საგადასახადო ვალდებულება ან სანქცია იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომელთა გადამოწმების, გადათვლისა და შინაარსობრივი შესწავლის სამართლებრივი და პრაქტიკული შესაძლებლობა მას არ გააჩნია. მიუხედავად მომჩივნის ურყევი პოზიციისა, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ გამოყენებული მეთოდოლოგია ეკონომიკურად არსებითად მცდარია, არ შეესაბამება კომპანიის რეალურ ფუნქციურ პროფილს და ეწინააღმდეგება სატრანსფერო ფასწარმოქმნის მოქმედ რეგულაციებს. შემოწმებამ სატრანსფერო ფასწარმოქმნის მეთოდოლოგიის შემუშავების პროცესში გამოიყენა კომპანიების, შპს „---სა“ და შპს „---ს“ კონტრაქტები, ზემოაღნიშნული კომპანიების ტვირთბრუნვის შესახებ ინფორმაცია, ასევე კომპანიების საოპერაციო მოგების შესახებ ინფორმაცია. აუდიტორის მიერ წარდგენილ აღწერაში აღნიშნულია, რომ კომპანიებისგან გამოთხოვილი ინფორმაცია გადამოწმდა სსიპ „---გან“ მიღებულ ინფორმაციასთან. გადამხდელის განმარტებით, კომპანიის მიერ განხორციელდა აღნიშნულ სააგენტოსთან დაკავშირება და საერთაშორისო კომპანიების აგენტების სიას და კომპანიების ტვირთბრუნვის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა. პასუხად მიღებულ იქნა მხოლოდ კომპანიების დასახელებები და საიდენტიფიკაციო ნომრები, ტვირთბრუნვაზე ინფორმაცია სააგენტოს არ გააჩნია. შესაბამისად, რადგან შემოწმების მიერ გამოყენებულ მონაცემებზე ინფორმაციის სხვა წყაროები არ არსებობს და საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით ითვლება საიდუმლო ინფორმაციად, გადამხდელს მიაჩნია, რომ შემოწმების პროცესში გამოყენებული მეთოდოლოგია არ არის შესაბამისობაში საკანონმდებლო მოთხოვნებთან და შესაბამისად, აღნიშნული მეთოდოლოგიის შედეგად გაკეთებული დარიცხვა უნდა გაუქმდეს. აუდიტის დეპარტამენტის პასუხი: „აღნიშნული ინფორმაციის მოპოვება-დამუშავების პარალელურად, ანალიზის, შედარების, კვლევის შედეგების სიზუსტის ამაღლების და გადამოწმების მიზნით, გამოთხოვილ იქნა სხვადასხვა სახის ინფორმაცია, როგორც მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიებისგან, ასევე სხვადასხვა უწყებებიდან. გარდა ამისა, დამუშავებულ იქნა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე აღნიშნული ხაზების ჯამური ტვირთბრუნვის შესახებ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციები. ზემოაღნიშნული შეგროვებული მონაცემების საფუძველზე გაანგარიშებულ იქნა საერთაშორისო საზღვაო ხაზების წარმომადგენელი კომპანიების საშუალო მომგებიანობა ტვირთბრუნვასთან მიმართებით (Operating profit/TEU), რომელიც შედარდა შპს „---ს“ იმავე მონაცემს, შედეგად გამოვლინდა არსებითი სხვაობები შპს „---ს“ და შესადარებელი კომპანიების საშუალო მომგებიანობას შორის ტვირთბრუნვასთან მიმართებით.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ სხვა გადასახადის გადამხდელებისგან და უწყებებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის გამოყენება არ ამძიმებს გადასახადის გადამხდელის ჯამურ საგადასახადო ვალდებულებებს, მეტიც, საჯაროდ გავრცელებული მონაცემების მიხედვით გაანგარიშებული მომგებიანობის საშუალო მაჩვენებლები ხვდება დიაპაზონში, თუმცა უფრო მაღალი მაჩვენებლებია, ვიდრე შემოწმების შედეგების სიზუსტის ამაღლებიდან გამომდინარე გამოთხოვილი ინფორმაციების შესწავლის შედეგად განისაზღვრა“.

მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველ მუხლზე, მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებზე, 53-ე მუხლის პირველ და მე-5 ნაწილებზე, 601 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე. განსახილველ შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომჩივნის მიმართ გამოცემულია ადმინისტრაციული აქტები, რომლებიც მას აკისრებს გარკვეულ გადასახადებს. შესაბამისად, გასაჩივრებული აქტები წარმოადგენს ინდ. სამართლებრივ აქტებს და მათზე ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, როგორც აღნიშნული ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმატიული აქტი, ადგენს ინდ. სამართლებრივი აქტის ფორმალური და მატერიალური კანონიერების კრიტერიუმებს, რაც თავის მხრივ ადმინისტრაციულ ორგანოს მხრიდან წარმოშობს მათი შესრულების ვალდებულებას. აღნიშნულ ნორმათა ანალიზი ცხადყოფს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დროს სრულყოფილად მოიკვლიოს გარემოებები, სრულად შეისწავლოს, გაანალიზოს დოკუმენტები და მხოლოდ ამის შემდგომ და მის საფუძველზე გამოსცეს შესაბამისი აქტები, რომლებიც ამასთანავე უნდა აკმაყოფილებდეს დასაბუთებულობის კრიტერიუმსაც.

მომჩივნის საქმიანობა განსახილველ შემთხვევაში, მომჩივანსა და დანიურ კომპანიებს -----სა (2007 წლის პირველი იანვრიდან) და ----ს (2011 წლის 7 ნოემბრიდან) (შემდგომში „პრინციპალები“) შორის გაფორმებულია სააგენტო ხელშეკრულებები (შემდგომში „სააგენტო ხელშეკრულებები“, რომელიც ცნობილი და ხელმისაწვდომია საგადასახადო ორგანოსთვის), რომლებიც სრულად განსაზღვრავს მხარეთა უფლება-მოვალეობებს. სააგენტო ხელშეკრულებებით აღიარებული და დადასტურებულია, რომ პრინციპალები ფლობენ კონტეინერებსა და კონტეინერმზიდებს და ახორციელებენ საერთაშორისო გადაზიდვებს მსოფლიოს მასშტაბით, ხოლო მომჩივანს ქირაობენ, როგორც აგენტს საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიაზე სააგენტო ფუნქციების განსახორციელებლად. სააგენტო ხელშეკრულებებით მკაცრად რეგლამენტირებულია მომჩივნის შეზღუდული უფლებამოსილებები და მისი მხრიდან მოქმედებების განხორციელების შესაძლებლობა მხოლოდ პრინციპალების შესაბამისი ინსტრუქციების საფუძველზე.

სააგენტო ხელშეკრულებების მე-3 მუხლი განსაზღვრავს მომჩივნის, როგორც აგენტის ზოგად ვალდებულებებსა და უფლებამოსილებებს, რომლის თანახმადაც იგი: (i) ვალდებულია მკაცრად დაიცვას ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული და პრინციპალების მიერ გაცემული მითითებები, მოთხოვნები, ბრძანებები და იმოქმედოს მათი გადაწყვეტილებების შესაბამისად; (ii) არ არის უფლებამოსილი აიღოს რაიმე სახის სახელშეკრულებო ან არასახელშეკრულებო ვალდებულება პრინციპალების სახელით, მათი წინასწარი თანხმობის ან/და მითითების გარეშე; (iii) არ არის უფლებამოსილი წინასწარი წერილობითი უფლებამოსილების მინიჭების გარეშე პრინციპალების სახელით წარსდგეს სასამართლოში, მიიღოს საპროცესო დოკუმენტაცია ან სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი; (iv) ვალდებულია იმოქმედოს პრინციპალების ინტერესების დასაცავად.

ზემოაღნიშნული ცხადჰყოფს, რომ მომჩივანი არ მოქმედებს დამოუკიდებლად, მისი უფლებები შეზღუდულია პრინციპალების მითითებებითა და მათი საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მიმართული მოქმედებების განხორციელებით. მომჩივანს, როგორც პრინციპალების აგენტს, თავის მხრივ არ აქვს შესაძლებლობა გავლენა მოახდინოს პრინციპალების შემოსავლებსა და ხარჯებზე და მხოლოდ ხელს უწყობს მათ აგენტის ტერიტორიაზე გადაზიდვის მომსახურების განხორციელებისთვის. მომჩივანი არის რწმუნებული, რომელიც მხოლოდ ახორციელებს პრინციპალების, ანუ მარწმუნებლების დავალებებსა და მითითებებს. მომჩივნის, როგორც აგენტის ფუნქციებისა და გასაწევი მომსახურებების სრულყოფილად განხილვისთვის ასევე მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იქნეს მისი სპეციალური ვალდებულებები.

სააგენტო ხელშეკრულებების შესაბამისად, აგენტი გადაზიდვებთან დაკავშირებით ახორციელებს შემდეგ ოპერაციებს: (i) პრინციპალების სახელით იღებს აგენტის სამოქმედო ტერიტორიაზე პრინციპალების მიერ განხორციელებულ გადაზიდვებთან დაკავშირებულ შემოსავლებს და შემდგომ ახორციელებს აკუმულირებული თანხების პრინციპალებისთვის გადარიცხვას; (ii) მეთვალყურეობას უწევს პრინციპალების მიერ გაწეული მომსახურებების შესრულების შედეგად ტვირთების დინებასა და ადგილობრივი კონტრაქტორების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას პრინციპალებთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე; (iii) პრინციპალებს აწვდის ინფორმაციას ტვირთების მომხმარებლების მხრიდან ჩაბარების თაობაზე; (iv) სააგენტო ტერიტორიაზე მოქმედებს, როგორც „დოკუმენტაციის ცენტრი“.

მომჩივანი თავისი სახელით, ხელშეკრულებებს აფორმებს მხოლოდ ისეთი ადგილობრივი მომსახურებების მიღებაზე, როგორებიცაა: იურიდიული მომსახურება, აუდიტორული მომსახურება, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებები, ოფისის შენახვისთვის საჭირო მომსახურებები და სხვა. მომჩივანი არცერთ საერთაშორისო გადაზიდვასა თუ მასთან დაკავშირებულ ადგილობრივ ტრანსპორტირებაზე ხელშეკრულებებს არ აფორმებს მომხმარებლებთან თავად ან თავისი სახელით, რადგან სააგენტო ხელშეკრულებების შესაბამისად, მას აღნიშნული უფლებამოსილება არ აქვს მინიჭებული. მეტიც, მომჩივანი თავად წევს მხოლოდ სააგენტო მომსახურების შესრულებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. პრინციპალების მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ნებისმიერი და ყველა ხარჯი კი ეკისრება სწორედ პრინციპალებს. გადაზიდვის მომსახურება, მომსახურების ტარიფის განსაზღვრა და შეკვეთის მიღება, ისევე, როგორც ხელშეკრულებების გაფორმება ხორციელდება პრინციპალების მიერ. ნებისმიერი გადაზიდვის მომსახურების გაწევისთვის შეკვეთების განთავსება ხორციელდება პრინციპალების ვებ-გვერდის www.---.com მეშვეობით გადაზიდვის მომსახურების მიღების მსურველი პირი პრინციპალების ვებ-გვერდზე გადის რეგისტრაციას და გადაზიდვის შეკვეთას ათავსებს ელექტრონული სისტემის მეშვეობით. გადაზიდვის დაწყებისთვის ტვირთის გემზე განთავსებამდე ივსება გადაზიდვის ინსტრუქცია, რომელშიც მიეთითება შეკვეთის დროს განთავსებული მონაცემები. გადაზიდვის ინსტრუქციის საფუძველზე კი პრინციპალების მიერ დგება სატრანსპორტო ზედნადები, კონოსამენტი, რომელშიც მხარეს - გადაზიდვაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენენ პრინციპალები. პრინციპალებსა და მომხმარებლებს შორის გაფორმებული სატრანსპორტო ზედნადები/კონოსამენტი განსაზღვრავს მხარეთა შორის გადაზიდვის შეთანხმებულ პირობებს, რომელშიც ცალსახად არის განსაზღვრული მომსახურების გამწევი პირი. მაგალითისთვის, დანიური საერთაშორისო გადამზიდველი კომპანია ---ის მიერ მომსახურების განხორციელებისას კონოსამენტში გადამზიდველად მითითებულია ---, რომლის სახელითაც ხელმომწერი პირია მომჩივანი, როგორც მისი აგენტი. ამასთანავე, ყველა კონოსამენტის უკანა გვერდზე, რომელზეც მოცემულია ხელშეკრულების პირობები, ცალსახად არის აღნიშნული, რომ გადაზიდვის მომსახურებას წევს ---. ანალოგიურად - ----ის შემთხვევაშიც. გადაზიდვის მთელი პერიოდის განმავლობაში კონოსამენტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე სრულად პასუხისმგებელნი არიან პრინციპალები, ყველა მოთხოვნა, რომელიც შესაძლოა წარმოშობილი იქნეს გადაზიდვასთან დაკავშირებით კი წარედგინებათ სწორედ პრინციპალებს. გადაზიდვის ხელშეკრულებით ყველა რისკი ექცევა პრინციპალების მხარეს, ვინაიდან მომჩივანი მხოლოდ ხელს აწერს პრინციპალის სახელით და ასრულებს მის მითითებებს, ხოლო უშუალოდ არ არის ჩართული გადაზიდვის განხორციელებაში.

ამასთან, მნიშვნელოვანია მომხმარებელთა მოლოდინები და მათი პერსპექტივაც, რომლებიც გადაზიდვის მომსახურების მიღებისთვის ქირაობენ სწორედ პრინციპალებს და არა მომჩივანს, ვინაიდან ნათელია, რომ იგი მათ არ სთავაზობს არანაირ გადაზიდვის მომსახურებას. მნიშვნელოვანია ასევე ისიც, თუ როგორ რეგულირდება მომჩივნის პასუხისმგებლობა სააგენტო ხელშეკრულებების საფუძველზე. მომჩივანი არ არის პასუხისმგებელი არცერთ პრეტენზიაზე მომხმარებლების მხრიდან და ყველა და ნებისმიერი პრეტენზიის გადამისამართება ხდება პრინციპალებთან, რადგან სწორედ ისინი, როგორც მომსახურების გამწევი პირები არიან მის შესრულებაზე ვალდებულნი, ხოლო მომჩივნის როლი ამ კუთხით შემოფარგლულია მხოლოდ არსებული პრეტენზიების პრინციპალების სისტემაში განთავსებით.

- მომჩივანსა და პრინციპალებს შორის გაფორმებულია სააგენტო ხელშეკრულება, რომელიც მომჩივანის ლიმიტირებულ უფლებამოსილებებს ითვალისწინებს და თავისი შინაარსით დავალების ხელშეკრულებაა.

- ჩატვირთვის ადგილიდან დანიშნულების ადგილამდე სრულ გადაზიდვის მომსახურებაზე (მათ შორის ადგილობრივად საქართველოს ტერიტორიაზე გაწეული მომსახურებების ჩათვლით) ტვირთმფლობელთან პასუხისმგებელი არის პრინციპალი. გადაზიდვის თაობაზე შეკვეთას აკეთებს ტვირთის მფლობელი ონლაინ პლატფორმის მეშვეობით. დადასტურებული შეკვეთის შემთხვევაში, პრინციპალი კლიენტის სახელზე გამოწერს კონოსამენტს და ინვოისს, აღნიშნულიც ხორციელდება ავტომატიზირებულად, სპეციალური ვებ-პლატფორმის მეშვეობით. ინვოისში თანხების მიმღებ მხარედ მითითებულია პრინციპალის აგენტი. მომჩივნის როლი ამ ნაწილში შემოიფარგლება მხოლოდ პრინციპალების მიერ გაცემული ინვოისების შესაბამისად განხორციელებული ჩარიცხვების მიღების, აკუმულირებისა და შემდგომ ერთიანად პრინციპალების საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხვის მომსახურების მიწოდებაში.

აქედან გამომდინარე, გადაზიდვის მომსახურების გაწევის რისკები სრულად პრინციპალების მხარესაა.

- ტერმინალებსა და შიდა სახმელეთო ტრანსპორტირების განმახორციელებელ პირებთან სამართლებრივ ურთიერთობაში არიან პრინციპალები. შესაბამისად, კონტრაქტორებთან კომუნიკაცია და ოპერაციების მენეჯმენტი ხდება პირდაპირ პრინციპალების და არა მომჩივნის მიერ. მომჩივანი აგენტის ხელშეკრულებების თანახმად, ვალდებულია იმოქმედოს პრინციპალის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც მათ შორის გულისხმობს შემოსავლების მაქსიმიზაციის, ხარჯების მინიმიზაციის და მაქსიმალური ეფექტურობის უზრუნველყოფას. მომჩივანს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება გასწიოს ხარჯები პრინციპალების სახელით წინასწარ შეთანხმებული ბიუჯეტის ფარგლებში და თითოეული ხარჯის გაწევამდე გააკონტროლოს მათი გაანგარიშების სისწორე. შესაბამისად, ცხადია, რომ მომჩივანი დამოუკიდებლად არ განსაზღვრავს ხარჯებს და მოქმედებს მხოლოდ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში.

- მომჩივანი, როგორც გადამზიდავი კომპანიის აგენტი, კონტრაქტით ვალდებულია გააკონტროლოს ყველა ოპერაცია საქართველოს ტერიტორიაზე და ამისთვის მას მუდმივად ჰყავს საკუთარი წარმომადგენელი პორტში. ადგილობრივ გადამზიდავ კომპანიებთან შეთანხმებებს აფორმებენ პრინციპალები, აგენტი მხოლოდ ზედამხედველობას უწევს ტვირთის ჩაბარების პროცესს.

- პრინციპალები და არა მომჩივანი ატარებენ სამართლებრივ რისკებს ნებისმიერ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

- მომჩივანი კომპანია არ ფლობს აქტივებს საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ; არ ფლობს კონტეინერებს თუ კონტეინერმზიდებს და სხვა ქონებას.

- გადაზიდვის მთელი ჯაჭვის განმავლობაში ტვირთის უსაფრთხოება დაზღვეულია ----ის მიერ, შესაბამისად ტვირთის დაზიანების შედეგად მიყენებულ ზარალს ანაზღაურებს ---, რაც დამატებით ადასტურებს, რომ ტვირთის გადაზიდვაზე სრულად პასუხისმგებელი პირები არიან არარეზიდენტი პრინციპალები.

- რეზიდენტი იურიდიული პირები, რომლებიც წარმოადგენენ ტვირთის მფლობელებს, გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით არ ბეგრავენ არარეზიდენტების (---) მიერ გაწეული გადაზიდვის მომსახურების ანაზღაურებას, მიუხედავად იმისა, რომ ანაზღაურებას ისინი ფაქტობრივად რიცხავენ მომჩივანის საბანკო ანგარიშზე. ამისათვის ისინი საგადასახადო ორგანოში წარადგენენ ---ის დანიის რეზიდენტობის დამადასტურებელ ცნობებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ასევე მნიშვნელოვანია, საქართველოსა და დანიის სამეფოს მთავრობას შორის გაფორმებული „შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხება, რომელიც წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ და შესაბამისად, საქართველოსათვის მბოჭავ საერთაშორისო შეთანხმებას და საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხებზე მას გააჩნია უპირატესი იურიდიული ძალა საგადასახადო კოდექსის მიმართ.

საქართველოსა და დანიის სამეფოს მთავრობას შორის გაფორმებული „შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხების მე-8 მუხლის პირველი პარაგრაფის მიხედვით, დანიის რეზიდენტი საწარმოს მიერ საერთაშორისო გადაზიდვებში საზღვაო გემებისა და საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციიდან მიღებული მოგება იბეგრება მხოლოდ დანიაში.

ამავე შეთანხმების მე-7 მუხლის მიხედვით, თუ საწარმო საქმიანობას ახორციელებს მეორე სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, მაშინ მოგება, რომელიც მიეკუთვნება ამ მუდმივ დაწესებულებას შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში. თუმცა, ამავე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, აღნიშნული დებულება არ ვრცელდება ისეთი ტიპის შემოსავლებზე, რომლებიც ამ შეთანხმების სხვა მუხლებში ცალკეა განხილული. მათ შორის არის საზღვაო გემებისა და საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციიდან მიღებული მოგება. აღნიშნული ასევე მოიცავს მოგებას ისეთი საქმიანობებიდან, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული ამ ოპერაციებთან, ისევე როგორც მოგებას საქმიანობებიდან, რომლებიც უშუალოდ არ არის დაკავშირებული საწარმოს მიერ გემების ან საჰაერო ხომალდების საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატაციასთან, რამდენადაც ეს ოპერაციები დამხმარე ხასიათის ოპერაციებია.

მომჩივანსა და პრინციპალებს შორის გაფორმებულია აგენტის ხელშეკრულებები, რომლითაც განსაზღვრულია მომჩივანის მიერ მისაღები ანაზღაურება, მის მიერ გაწეული ადმინისტრაციული ხარჯების პროცენტის ოდენობით. ვინაიდან, ამ შემთხვევაში ადგილი აქვს გარიგებას საქართველოს საწარმოსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულებაში მყოფ არარეზიდენტ საწარმოებს შორის, თითოეული საწარმოს მოგება უნდა განისაზღვროს საბაზრო პრინციპის შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 126-129¹ მუხლების საფუძველზე საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების მეთოდოლოგიის გათვალისწინებით. ამავდროულად, საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს საქართველოს საწარმოსა და ურთიერთდამოკიდებულ არარეზიდენტ საწარმოს შორის კონტროლირებული ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში გარიგების ფასის საბაზრო პრინციპთან შეუსაბამობისას საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების პრინციპების შესაბამისად გამოანგარიშებული კორექტირებული მოგების თანხის დაბეგვრას მოგების გადასახადით.

აღსანიშნავია, რომ პრინციპალების მიერ საქართველოსთან მიმართებაში საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციები შეფასებულია სხვადასხვა წლებში, მათ შორის როგორც 2018-2020 წლებში, ასევე 2022 წელში და კომპანიის სუფთა მოგების მარჟა საბაზრო დიაპაზონშია. ----ის საწარმოების ჯგუფის საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების ძირითადი ფაილი აღწერს პრინციპალსა და აგენტებს შორის არსებულ ურთიერთობას, აგენტების მიერ აღებულ რისკებს და მათ აქტივებს, შესაბამისად აგენტის ანაზღაურების განსაზღვრის საფუძვლებს. აღნიშნული დოკუმენტების მიხედვით, საერთაშორისო გადაზიდვების ოპერაციებს ახორციელებს პრინციპალი, იგი ფლობს აქტივების უმეტესობას და პასუხისმგებელია წარმოშობილი რისკების უმეტესობაზე. აღნიშნული დოკუმენტების მიხედვით --- გადაზიდვებს ახორციელებს 200-ზე მეტ ქვეყანასთან და აქედან 120 ქვეყანაში იგი ოპერირებს აგენტის მეშვეობით (აღნიშნული ინფორმაცია, ასევე ცნობილი იყო საგადასახადო ორგანოსთვის საგადასახადო შემოწმების პროცესშიც).

აგენტები ახორციელებენ მარკეტინგისა და გაყიდვების მხარდაჭერის პოლიტიკას ადგილობრივად და უზრუნველყოფენ მომხმარებელთა მხარდაჭერის მომსახურებას. პრინციპალს გააჩნია მთლიანი პასუხისმგებლობა ბიზნესზე, მათ შორის სტრატეგიაზე, იგი კისრულობს ყველა მნიშვნელოვან რისკს და ფლობს აქტივების უმეტესობას. აგენტის მიერ განხორციელებული ძირითადი აქტივობებია გაყიდვების მხარდაჭერის სერვისები, მომხმარებელთა მხარდაჭერის მომსახურება, ადგილობრივი ოპერაციები პრინციპალების გადაზიდვის მომსახურების საქმიანობის კოორდინაციასთან დაკავშირებით, ფინანსები და IT მხარდაჭერის სერვისები, რომელთაგან ყველა ხორციელდება პრინციპალის სახელით, მისი მითითებებისა და ინსტრუქციების საფუძველზე. აგენტი არ ფლობს ხომალდებს და კონტეინერებს. გადაზიდვის ოპერაციების განხორციელების პროცესში თითქმის ყველა რისკი არის პრინციპალის მხარეს. აგენტს არ გააჩნია არანაირი საოპერაციო რისკები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს გააჩნია მხოლოდ რუტინული ერთეულის ფუნქციონალური პროფილი, რომელიც ასრულებს შეზღუდულ ფუნქციებს პრინციპალის მითითებითა და ხელმძღვანელობით და იღებს მხოლოდ ძალიან შეზღუდულ რისკებს. შესაბამისად, აგენტის მიერ მიღებული ანაზღაურება განისაზღვრება მის მიერ გაწეულ ადმინისტრაციული ხარჯებზე გარკვეული საბაზრო ფასნამატის პრინციპით, რომელიც შესაბამისობაშია მის მიერ გაწეულ რისკებთან და განხორციელებულ ფუნქციებთან. ამასთან, მომჩივნის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილია (გასაჩივრებული შემოწმების აქტის დანართშიც აღნიშნულია) დასკვნა 2022 წლის კონტროლირებული ოპერაციების შესახებ, რომლის მიხედვითაც მომჩივნის ფინანსური მაჩვენებლები ხვდება საბაზრო დიაპაზონში. შესაბამისად, ვერ დაეთანხმება საგადასახადო ორგანოს შეფასებას თითქოსდა მომჩივნის მიერ მიღებული კომპენსაცია არ შეესაბამება საბაზრო პრინციპს. აგრეთვე, ვერ დაეთანხმება საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის დასაბეგრი მოგების გაანგარიშების პრინციპებს. აღსანიშნავია, რომ 27.01.2026 წელს მომჩივანმა დაზუსტებული საჩივრის წადგენის მიზნებისთვის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მიმართა საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულ უფლებამოსილ პირს - შემმოწმებელს, საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების საკითხთა შეფასების (ტრანსფერფრაიზინგის) სამმართველოს მთავარ აუდიტორსა და საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების საკითხთა შეფასების (ტრანსფერფრაიზინგის) სამმართველოს უფროსს და მოითხოვა 19.12.2025 წლის მდგომარეობით, გასაჩივრებული აქტების შესაბამისად ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დარიცხული თანხების დეტალური გაანგარიშება ექსელის ფორმატში. აღნიშნული მოთხოვნის პასუხად, შემმოწმებლის მიერ 28.01.2026 წელს მომჩივანთან გაზიარებული იქნა ძალიან ზოგადი, ზედაპირული სახის ექსელის ფორმატის გაანგარიშების ფაილი. აღნიშნულის შემდგომ, 2026 წლის 30 იანვარსა და 2 თებერვალს მომჩივანმა დაზუსტებული საჩივრის წარდგენისა და მოპასუხე საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნისთვის თანხების დარიცხვის საფუძვლების გარკვევის მიზნით კვლავ მიმართა ზემოთ მითითებულ პირებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგი წერილით:

„...სამწუხაროდ, მოწოდებული ფაილი ძალიან ზოგადი ხასიათისაა და გაუგებარია ჩვენთვის, თუ რის საფუძველზე, რა მონაცემებზე დაყრდნობით და მეთოდოლოგიით მოხდა შემოწმების აქტის საფუძველზე შპს „---თვის“ თანხების დარიცხვა. იმისათვის, რომ მოგვეცეს შესაძლებლობა წარმოვადგინოთ დაზუსტებული საჩივარი და სრულფასოვანი შედავება, გთხოვთ, მოგვაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია და მონაცემები, რითიც იხელმძღვანელეთ მოწოდებული გაანგარიშების ფაილის მომზადებისას და გადასახდელი თანხების დაკისრებისას, მათ შორის, OP Profit/TEU კოეფიციენტის კალკულაციის ფაილი, შედარებული კომპანიების შესახებ ინფორმაცია და მათ მიერ მოწოდებული მონაცემები. თუ შესაძლებელი იქნება, ასევე, მზად ვართ შეხვედრისთვის“.

მომჩივანმა თავისი მოთხოვნის პასუხად, 3.02.2026 წელს მიიღო შემდეგი შეტყობინება ელ. ფოსტის მეშვეობით: „შევეცდები მაქსიმალურად მკაფიოდ მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის და ანალიზის შესახებ. პირველ რიგში მოძიებულ იქნა: ინფორმაცია საქართველოში საქმიანობის განმახორციელებელი საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების ხაზების შესახებ. ინფორმაცია კომპანიების შესახებ, რომლებიც ზემოხსენებულ საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების ხაზების წარმომადგენლები არიან საქართველოში (სააგენტო, მომსახურების, ან სხვა ტიპის ხელშეკრულების საფუძველზე ან/და სხვაგვარად). შემდეგ განხორციელდა ზემოხსენებული კომპანიების შესწავლა, მათ შორის, საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების ხაზთან ურთიერთდამოკიდებულების, საქმიანობაში გამოყენებული აქტივების, განხორციელებული ფუნქციების, გაწეული რისკების, თანამშრომელთა რაოდენობით და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების კუთხით. შედეგად, გამოვლინდა რამდენიმე კომპანია, რომლებიც შესაძლოა ყოფილიყვნენ შესადარებელნი შპს „---თან“ მიმართებით. აღნიშნული კომპანიებიდან ანალიზის შედეგად საბოლოოდ 2 კომპანია მიჩნეულ იქნა საკმარისი შესადარისობის მქონედ: შპს „---“ (ს/ნ ---) - ---–ს ხაზის აგენტი კომპანია. შპს „----“ (ს/ნ ---) - ----ის ხაზის აგენტი კომპანია. სწორედ ამ შესადარებელი კომპანიების მონაცემებზე დაყრდნობით განხორციელდა ის გაანგარიშებები რაც გამოგეგზავნათ წინა მეილით“.

შესაბამისად, მომჩივანის მიერ მოთხოვნილი სრულყოფილი ინფორმაციებისა და მონაცემების ნაცვლად, შესაძლებელია ითქვას, რომ მოპასუხე საგადასახადო ორგანოს მხრიდან მოწოდებული იქნა მხოლოდ შესადარებელი კომპანიების სახელები და საიდენტიფიკაციო ნომრები და შემდეგი გამოთვლები: 2021 წლის ოპერაცია, კომპანია 1 – 60.29, კომპანია 2 – 96.41, მედიანა 78.35 და 2022 წლის ოპერაცია, კომპანია 1 – 64.46, კომპანია 2 – 124.26, მედიანა 94.36.

საგადასახადო ორგანოს მიერ საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების მეთოდოლოგიის შეცვლის საფუძველი არ არის სათანადოდ დასაბუთებული, ხოლო საგადასახადო ორგანოს მიერ გასაჩივრებულ აქტებში აღნიშნულ შერჩეულ მიდგომასა და შედარებადობის ანალიზში გვხვდება შემდეგი მნიშვნელოვანი და საყურადღებო დარღვევები და პრობლემური საკითხები:

 შერჩეული კომპანიების შედარებადობა გასაჩივრებულ აქტებში და საგადასახადო ორგანოს დასაბუთებაში მითითებულია, რომ „კომპანიები, რომლებიც წარმოდგენილია სატრანსფერო ფასწარმოქმნის დასკვნაში არ არიან საკმარისად შესადარებლები შპს „---თან“, რადგან ისინი არ არიან საერთაშორისო ხაზის აგენტები და წარმოადგენენ უბრალოდ ლოგისტიკურ და გადამზიდავ კომპანიებს“.

სატრანსფერო ფასწარმოქმნის პერსპექტივიდან, მომჩივანი მოქმედებს, როგორც დაბალი რისკის მქონე, რუტინული მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც ხასიათდება, როგორც აგენტი. მისი ფუნქციური პროფილი არის მკაცრად ადმინისტრაციული სახის:

- გაყიდვების მხარდაჭერის ფუნქცია: კომპანია მოქმედებს, როგორც „გამტარი“ და არა როგორც გადაწყვეტილების მიმღები. ის ზედამხედველობას უწევს გემის სივრცის განაწილებას და ხელშეკრულებების შესრულებას პრინციპალებისგან მკაცრი ხელმძღვანელობით და კონტროლით.

- მომხმარებელთა მხარდაჭერის სერვისი: აღნიშნული შემოიფარგლება მხოლოდ საოფისე, ადმინისტრაციული ფუნქციებით. კომპანია არ მონაწილეობს „აგრესიულ გაყიდვებში“ ან სტრატეგიულ ლოგისტიკურ მენეჯმენტში, რაც „სრულფასოვანი მომსახურების მიმწოდებლის“ მახასიათებელი ნიშნებია. მომჩივანის მიერ წარდგენილი სატრანსფერო ფასწარმოქმნის დასკვნა („დასკვნა“) ეფუძნება დედუქციურ მიდგომას, რომელიც მოიცავს რაოდენობრივი საძიებო კრიტერიუმების გამოყენებას საერთაშორისოდ აღიარებულ მონაცემთა ბაზაში, რომელსაც იყენებენ როგორც საგადასახადო ორგანოები, ისე „დიდი ოთხეულის“ პროფესიული მომსახურების მიმწოდებლები, ინდუსტრიის წარმომადგენლები და სხვ., საჯაროდ ხელმისაწვდომი ფინანსური მონაცემების საფუძველზე. ხელმისაწვდომი მონაცემების შეზღუდულობიდან გამომდინარე, დამოუკიდებელი კომპანიების მოძიება ხშირ შემთხვევაში საჭიროებს ძიების კრიტერიუმების გაფართოებას, მათ შორის NACE კოდების გაფართოებას ფართოდ შედარებადი კომპანიების იდენტიფიცირების მიზნით. კომპანიის მიერ წარდგენილ სატრანსფერო ფასწარმოქმნის დასკვნაში, უფრო მაღალი ფუნქციური პროფილის მქონე, ლოგისტიკური კომპანიების ჩართვა, წარმოადგენს გააზრებულ და კონსერვატიულ გადაწყვეტილებას, რომლის მიზანიცაა მყარი საგადასახადო ბაზის უზრუნველყოფა საქართველოში.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სატრანსფერო ფასწარმოქმნის სახელმძღვანელო მითითებების 3.44-3.47 პარაგრაფების თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც „იდეალური“ შესადარებელი კომპანიები არ არსებობს, დასაშვები და მისაღებია „ნაკლებად იდეალური“ შესადარებლების გამოყენება, თუ ეს ემსახურება რისკების შემცირებას. მომჩივანის, როგორც რუტინული აგენტის უფრო კომპლექსურ ლოგისტიკურ კომპანიებთან შედარებით, მომჩივანის დასკვნა მაღალი სტანდარტის ზღვარს იყენებს. ვინაიდან, ასეთი ლოგისტიკური კომპანიები, როგორც წესი, იღებენ მეტ რისკს და ფლობენ მეტ აქტივებს რუტინულ აგენტებთან შედარებით, მათთვის დამახასიათებელია შედარებით მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლები. შესაბამისად, თუკი მომჩივანის ფინანსური შედეგები შეესაბამება საბაზრო პრინციპს უფრო მეტად კომპლექსური ფუნქციური პროფილის მქონე კომპანიებთან შედარებით, აღნიშნული უდავოდ ადასტურებს მომჩივანის სატრანსფერო ფასწარმოქმნის საბაზრო პრინციპთან შესაბამისობას მისი ნაკლებად კომპლექსური ფუნქციური პროფილის პირობებში. ამგვარი შესადარებელი კომპანიების და შედარებადი მაჩვენებლების უარყოფა უფრო ვიწრო, არარსებული „ზუსტი შესაბამისის/შესადარისის“ სასარგებლოდ, არღვევს და ეწინააღმდეგება OECD-ის მიერ მხარდაჭერილ 9 საფეხურიანი შედარებადობის პროცესის პრაგმატულ მიდგომას.

 რეალურ კონტრაქტებზე დაყრდნობა ზუსტი შედარებისთვის გასაჩივრებულ აქტებში და საგადასახადო ორგანოს დასაბუთებაში მითითებულია, რომ „წარმოდგენილი დასკვნის ფარგლებში არცერთი საერთაშორისო ხაზის აგენტის საქმიანობის განმახორციელებელი დამოუკიდებელი პირის რეალური გარიგების დამადასტურებელი კონტრაქტი არ ყოფილა გაანალიზებული, შესაბამისად, არარსებობს არანაირი რეალური მტკიცებულება, რომ აღნიშნულ სფეროში ანაზღაურება დამოკიდებულია გაწეულ ხარჯებზე და უნდა შეფასდეს ადმინისტრაციულ ხარჯებს დამატებული ფასნამატის მეთოდით“.

საგადასახადო ორგანოს მტკიცება, რომ დამოუკიდებელ ხაზის აგენტებს შორის „რეალური კონტრაქტების“ არარსებობა აუქმებს ან ეჭვქვეშ აყენებს კვლევის სანდოობას, ეწინააღმდეგება OECD-ის სატრანსფერო ფასწარმოქმნის სახელმძღვანელო მითითებების 3.28-3.36 პარაგრაფებით დადგენილ მტკიცებულებათა იერარქიას. აღნიშნული ნორმები პირდაპირ ითვალისწინებს და უმეტეს შემთხვევაში მოითხოვს საჯაროდ ხელმისაწვდომი ფინანსური მონაცემების გამოყენებას გარე მონაცემთა ბაზებიდან, იმ შემთხვევაში, როდესაც შიდა შესადარებლები არ არსებობს. კერძო, კომერციული კონტრაქტების მოთხოვნით, საგადასახადო ორგანო აწესებს მტკიცებულების ისეთ სტანდარტს, რომელიც არ არსებობს არც საერთაშორისო და არც საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში.

დამოუკიდებელი კონკურენტების „რეალური კონტრაქტების“ მოთხოვნა უგულებელყოფს კომერციული საიდუმლოების ფუნდამენტურ პრინციპს. გლობალურ საზღვაო გადაზიდვებისა და ლოგისტიკის ინდუსტრიაში სააგენტო ხელშეკრულებები მკაცრად კონფიდენციალურია. გადასახადის გადამხდელისგან კონკურენტების კონფიდენციალური იურიდიული დოკუმენტების წარდგენის მოლოდინი პრაქტიკულად შეუძლებელია. სატრანსფერო ფასწარმოქმნის მეთოდოლოგია სწორედ ამ ბარიერის დასაძლევად იქნა შემუშავებული - აუდირებული ფინანსური ანგარიშგებებისა და საჯაროდ წარდგენილი მონაცემების გამოყენება, როგორც სახელშეკრულებო პირობების სანდო შემცვლელი.

დამოუკიდებელი, მესამე მხარის მონაცემთა ბაზების გამოყენება (მაგალითად, Moody's TP Catalyst, Bloomberg და სხვა) წარმოადგენს სატრანსფერო ფასწარმოქმნის გლობალური პრაქტიკის საფუძველსა და ქვაკუთხედს. აღსანიშნავია, რომ თავად საგადასახადო ორგანო იყენებს იმავე მონაცემთა ბაზებს საკუთარი შეფასებების განხორციელებისას. შესაბამისად, მომჩივანი გადასახადის გადამხდელის მიერ იმავე მონაცემებზე დაყრდნობის უარყოფა არღვევს სამართლებრივი დასაბუთებულობისა და თანმიმდევრულობის პრინციპებს. გაშლილი მკლავის პრინციპის თანახმად, დამოუკიდებელი კომპანიების ფინანსური შედეგები წარმოადგენს მათი სახელშეკრულებო პირობების საბოლოო ეკონომიკურ ასახვას. თუკი ხუთი დამოუკიდებელი ლოგისტიკური კომპანია იღებს, მაგალითად, 3%-იან მედიანურ მარჟას რუტინული მომსახურებისთვის, სწორედ ეს მარჟა წარმოადგენს იმ ეკონომიკურ „მტკიცებულებას“, რასაც დამოუკიდებელი საბაზრო პირობების შესაბამისი ხელშეკრულება გამოიღებდა.

 შესადარებელი კომპანიების შერჩევის პროცესი და კრიტერიუმები

გასაჩივრებული აქტების თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ შესადარებელი კომპანიების იდენტიფიცირებისთვის გამოყენებული მიდგომა ფუნდამენტურად ხარვეზიანია. გასაჩივრებულ აქტებში აღნიშნული პროცესის შესახებ წარმოდგენილი ერთადერთი არგუმენტაცია არის მხოლოდ შემდეგი აღნიშვნა:

„შემოწმების მიერ გაანალიზებულია აღნიშნულ სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი დამოუკიდებელი კომპანიების რეალური გარიგების კონტრაქტები, ასევე დადგენილია თუ როგორ არიან დამოუკიდებელი ბიზნესები სტრუქტურირებული და რა არის მათი ძირითადი საოპერაციო საქმიანობა“.

შედარებით ანალიზს აქვს სამართლებრივი ძალა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არის სისტემური და რეპროდუცირებადი. საგადასახადო ორგანომ ვერ წარმოადგინა ის აუცილებელი დოკუმენტირებული ეტაპები, რომლებიც დაადასტურებდა მისი დასკვნების სისწორეს. იმ პირობებში, როდესაც მომჩივანმა წარადგინა სრულყოფილი სატრანსფერო ფასწარმოქმნის დასკვნა საძიებო ეტაპების მითითებით, NACE/SIC კოდების ფილტრებითა და დეტალური უარყოფის მატრიცით (Rejection Matrix), საგადასახადო ორგანომ წარმოადგინა მხოლოდ საბოლოო შედეგი პროცესის აღწერის გარეშე. აღნიშნული გამჭვირვალობის ნაკლებობა აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების შედეგებს სუბიექტურს ხდის და არ შეესაბამება საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას. მაშინ, როდესაც კომპანიის მიერ წარდგენილი დასკვნა არის გამჭვირვალე, მონაცემთა ბაზებზე დაფუძნებული და რეპროდუცირებადი, ხოლო საგადასახადო ორგანომ წარმოადგინა მხოლოდ შედეგების შეჯამება მხარდამჭერი პროცესის გარეშე, მომჩივანი კომპანიის დასკვნას უნდა მიენიჭოს პრიორიტეტული და ძირითადი მტკიცებულებითი ძალა. საგადასახადო ორგანოს მხრიდან არადოკუმენტირებული პროცედურების საფუძველზე განხორციელებული კორექტირება/შეცვლა მოკლებულია პროფესიონალურად მომზადებული სატრანსფერო ფასწარმოქმნის დასკვნის გაუქმებისთვის საჭირო სამართლებრივ დასაბუთებას და უტყუარობას.

 საგადასახადო ორგანოს მიერ გამოყენებული შესადარებლების გამჭვირვალობა OECD-ის 2022 სახელმძღვანელო მითითებების 3.36 პარაგრაფის თანახმად, „საგადასახადო ორგანოებს შესაძლოა ჰქონდეთ ინფორმაცია სხვა გადასახადის გადამხდელების შემოწმებიდან ან სხვა წყაროებიდან, რომელიც ვერ იქნება გამჟღავნებული გადასახადის გადამხდელისთვის. თუმცა, უსამართლო იქნება სატრანსფერო ფასწარმოქმნის მეთოდის გამოყენება ასეთი მონაცემების საფუძველზე, თუკი საგადასახადო ორგანო თავისი ქვეყნის შიდა კონფიდენციალურობის მოთხოვნების ფარგლებში ვერ შეძლებს აღნიშნული მონაცემების გამჟღავნებას გადასახადის გადამხდელისთვის, რათა გადასახადის გადამხდელს ჰქონდეს საკმარისი შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი პოზიცია და უზრუნველყოფილი იყოს სასამართლოების მიერ ეფექტიანი კონტროლი“. გასაჩივრებული აქტების საფუძვლად გამოყენებული მონაცემების გამჟღავნებაზე უარი ქმნის ე.წ. „შავი ყუთის“ აუდიტს/შემოწმებას.

სამართლიან საგადასახადო სისტემაში გადასახადის გადამხდელს არ შეიძლება დაეკისროს სანქცია იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომელთა ნახვის ან გადამოწმების უფლება მას არ აქვს. აღნიშნული გამჭვირვალობის ნაკლებობა წარმოადგენს არსებით პროცედურულ ხარვეზს, რომელიც მთლიანად აბათილებს საგადასახადო ორგანოს შეფასებას და გადასახადის დარიცხვის გადაწყვეტილებას. შესაბამისად, გასაჩივრებულ აქტებში და საგადასახადო ორგანოს შეფასებაში გამოყენებული ყველა მონაცემის მომჩივანისთვის გაუმჟღავნებლობა ასევე, წარმოადგენს გასაჩივრებული აქტების გაუქმების საფუძველს.

 ორი შესადარებელი კომპანიის გამოყენება

საგადასახადო ორგანომ საბაზრო დიაპაზონის დასადგენად გამოიყენა ორი შესადარებელი კომპანიის მონაცემები. მხოლოდ ორი შესადარებელი კომპანიის შესწავლა/გამოყენება საბაზრო დიაპაზონის ფორმირებისთვის მათემატიკურად არასაკმარისია და ვერ აკმაყოფილებს სანდოობის სტანდარტს. როგორც OECD (3.55-3.59 პარაგრაფები), ასევე საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 18 დეკემბრის №423 ბრძანება (მუხლი 10.1) ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შედარებითი ანალიზის მიზანია შეცდომის რისკის მინიმიზაცია. ორი მაჩვენებლისგან შემდგარი სიმრავლე არ ქმნის სანდო სტატისტიკურ განაწილებას და უკიდურესად მგრძნობიარეა გამონაკლისი მონაცემების მიმართ, რომლებმაც შესაძლოა არამართლზომიერად დაამახინჯონ შედეგი. უფრო მრავალმაჩვენებლიანი ერთობლიობის გარეშე მიღებული დიაპაზონი ვერ ჩაითვლება სარწმუნო საბაზრო სტანდარტად.

საერთაშორისო და ადგილობრივი რეგულაციები პირდაპირ მოუწოდებს ინტერკვარტილური დიაპაზონის (Interquartile Range - IQR) გამოყენებას, როგორც მექანიზმს მონაცემთა ხარისხის თანდაყოლილი შეზღუდვების და მცირე ფუნქციური განსხვავებების არსებობის გადასაჭრელად.

- საერთაშორისოდ აღიარებული სატრანსფერო ფასწარმოქმნის პროგრამული უზრუნველყოფის უმეტესობა (მაგალითად, Moody's TP Catalyst, Orbis) და სტატისტიკური მეთოდოლოგიები მოითხოვს მინიმუმ ხუთ ან ექვს მონაცემს სანდო ინტერკვარტილური დიაპაზონის გამოსათვლელად (ქვედა 25-ე პროცენტილისა და ზედა 75-ე პროცენტილის შედეგების გაფილტვრით).

- მხოლოდ ორი მონაცემის გამოყენებით, საგადასახადო ორგანომ დაარღვია IQR-ის გამოყენების მოთხოვნა და ფაქტობრივად გამოიყენა სრული დიაპაზონი (Full Range), რომლის გამოყენებასაც OECD უშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შედარებადი კომპანიები შემოწმებული მხარის იდენტურია. მომჩივნის მიერ წარდგენილ სატრანსფერო ფასწარმოქმნის დასკვნაში გამოყენებულია 32 შედარებადი კომპანიისგან შემდგარი საბაზრო დიაპაზონი, რომელმაც შესაძლებელი გახადა ინტერკვარტილური დიაპაზონის გამოყენება. აღნიშნული მეთოდოლოგია უზრუნველყოფს გაცილებით მაღალ სტატისტიკურ სანდოობას. ორი მონაცემის საფუძველზე განხორციელებული შეფასება კი არ შეიძლება იქნეს საკმარისად სანდო ანალიზად მიჩნეული და უნდა იქნეს უარყოფილი მომჩივანის მიერ წარდგენილი უფრო მყარი და დასაბუთებული ანალიზის სასარგებლოდ.

 შესადარებელი კომპანიების დამოუკიდებლობა

კომპანიის ოფიციალური მოთხოვნის საფუძველზე, რომლითაც ითხოვდა შემოთავაზებული საბაზრო პრინციპის შესაბამისად საგადასახადო ორგანოს მიერ გაანგარიშებულ მონაცემებს, მოწოდებული იქნა მხოლოდ ორი კომპანიის სახელი და საიდენტიფიკაციო ნომერი. რეგისტრირებული მონაცემების დამოუკიდებელი გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთი კომპანია შემოწმების პერიოდისთვის წარმოადგენდა --- LLC-ის შვილობილ კომპანიას, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს საბერძნეთში სათავო ოფისის მქონე მულტინაციონალურ საზღვაო გადაზიდვების ჯგუფის წევრ კომპანიას.

სატრანსფერო ფასწარმოქმნის ანალიზის ქვაკუთხედს წარმოადგენს კონტროლირებული ტრანზაქციების შედარება დამოუკიდებელ მხარეებს შორის განხორციელებულ ტრანზაქციებთან.

საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმოს, რომელიც ახორციელებს ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ან კომერციულ საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციას ურთიერთდამოკიდებულ საწარმოსთან, დასაბეგრი მოგების ოდენობა საბაზრო პრინციპის შესაბამისია, თუ ოპერაციის პირობები არ განსხვავდება დამოუკიდებელ საწარმოებს შორის შედარებად ვითარებაში განხორციელებული შედარებადი ოპერაციების დროს შესათანხმებელი პირობებისგან. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ზემოაღნიშნული სუბიექტი მულტინაციონალური კომპანიების ჯგუფის წევრია, მისი ფინანსური შედეგები ექვემდებარება ჯგუფის შიდა პოლიტიკასა და ჯგუფის შიგნით განხორციელებულ ტრანზაქციებს. ასეთი კომპანია ვერ ჩაითვლება დამოუკიდებლად, ხოლო მისი საოპერაციო მოგების მაჩვენებელი არ შეიძლება იქნეს გამოყენებული საბაზრო დიაპაზონის შესადგენად. დაკავშირებული მხარის შვილობილი კომპანიის შესადარებლად გამოყენება წარმოადგენს არსებით შეცდომას, რომელიც საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრულ საბაზრო დიაპაზონს სამართლებრივად არავალიდურს ხდის.

 არააუდირებული ფინანსური ანგარიშგებების გამოყენება

საგადასახადო ორგანომ თავისი შეფასება დააფუძნა შესადარებელი კომპანიების არააუდირებულ, შიდა ფინანსურ ანგარიშგებებზე. შესადარებელი კომპანიების არააუდირებული ანგარიშგებების გამოყენება ქმნის სანდოობის მნიშვნელოვან რისკებს, რაც მთლიანად ასუსტებს საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელებულ კორექტირებას. არააუდირებული ანგარიშგებები არ არის დამოუკიდებლად გადამოწმებული ანგარიშგებები, რაც აუცილებელია ფინანსური შედეგების სიზუსტის უზრუნველსაყოფად და არსებითი შეცდომების გამოსარიცხად. არააუდირებული ანგარიშგებების გამოყენებით, საგადასახადო ორგანო საკუთარ შეფასებას აფუძნებს თვითდეკლარირებულ მაჩვენებლებზე, რომლებიც არ არის გადამოწმებული ბუღალტრული აღრიცხვის თანმიმდევრულობისა და სიზუსტის თვალსაზრისით.

 საგადასახადო ორგანოს მიერ გამოყენებული მოგების მარჟის ინდიკატორი

საგადასახადო ორგანომ საბაზრო დიაპაზონის განსაზღვრის მიზნით გამოიყენა მოგების მარჟის ინდიკატორი – საოპერაციო მოგება/ჯამურ ტვირთბრუნვაზე (TEU). აღსანიშნავია რომ ეს მაჩვენებელი არ არის ნახსენები არც საქართველოს კანონმდებლობაში და არც ეგთოს სატრანსფერო ფასწარმოქმნის სახელმძღვანელოში, როგორც საბაზრო დიაპაზონის შესაბამისი ფასწარმოქმნის საიმედო ინდიკატორი. ამასთან, 40 ფუტიანი კონტეინერებისთვის საგადასახადო ორგანომ უბრალოდ გამოიყენა ორზე გამრავლების კოეფიციენტი. აღნიშნული მეთოდოლოგია არსებითად მცდარია, რადგან იგი შპს „---ს“ განიხილავს როგორც გადამზიდავს ან გემის ოპერატორს და არა როგორც შეზღუდული რისკების მქონე აგენტს. მოცულობითი მეტრიკა მიზანშეწონილია მხოლოდ იმ სუბიექტისთვის, რომელიც ფლობს ან ქირაობს აქტივებს და ატარებს გემის ტევადობასთან დაკავშირებულ რისკს, რაც არცერთი თვალსაზრისით არ ვრცელდება შპს „---ზე“. შპს „---ს“ ფუნქციების, აქტივებისა და რისკების ანალიზი ადასტურებს: კომპანიის ფუნქციები შემოიფარგლება ადგილობრივი გაყიდვების მხარდაჭერითა და ადმინისტრაციული მომსახურებით; მას არ გააჩნია კონტეინერებსა თუ გემებთან დაკავშირებული აქტივები; და იგი არ იღებს არც ოპერაციულ, არც ტევადობის და არც საბაზრო რისკს. კომპანია არ ფლობს და არ ქირაობს გემებს და შესაბამისად, არ ატარებს არც ტევადობის და არც უტილიზაციის რისკს, რასაც შემოწმების მიერ გამოყენებული არააპრობირებული მეთოდოლოგია - TEU-ზე დაფუძნებული მეტრიკა გულისხმობს. კომპანიას ასევე, არ გააჩნია გადაზიდვიდან მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებული ხელშეკრულებები ან უფლებები, რომლებიც მთლიანად პრინციპალებს ეკუთვნით, რის შედეგადაც კომპანია არ ექვემდებარება არც შემოსავლის და არც მისი ამოღების რისკს.

შპს „---ს“ ფუნქციური პროფილი ნათლად აჩვენებს, რომ მას არ გააჩნია ტვირთსა და გადაზიდვისთვის აუცილებელ აღჭურვილობებზე რაიმე უფლებები. როგორც ზემოთ ფუნქციურ ანალიზშია მითითებული:

- გადაზიდვასთან დაკავშირებული ყველა მომსახურება და მისგან მიღებული ყველა შემოსავალი, მათ შორის Demurrage და Detention-ის საფასური, რომელიც მომხმარებელს ერიცხება კონტეინერების განსაზღვრულ ვადაში დაცლის ან მათი დაგვიანებული დაბრუნების გამო, წარმოადგენს პრინციპალების შემოსავალს და აღნიშნული თანხების საბოლოო მიმღებები ყოველთვის არიან პრინციპალები;

- რადგან კონტეინერები ეკუთვნის პრინციპალებს, დამატებითი საფასურები, რომლებიც წარმოიშობა კონტეინერების დაგვიანებული დაბრუნების შედეგად, მათ შორის ყოველდღიური საოპერაციო საფასური, ყოველთვის მიეკუთვნება პრინციპალებს;

- Demurrage და Detention-ის ტარიფებიც განისაზღვრება პრინციპალების მიერ და მითითებულია ტვირთის გადაზიდვის ზედნადებებში (Bill of Lading) ან პრინციპალებსა და მომხმარებლებს შორის გაფორმებულ კონკრეტულ ხელშეკრულებებში; კომპანიის როლი შემოიფარგლება მომსახურების საფასურის მიღებისა და დაგროვების მომსახურების გაწევით პრინციპალების მიერ გაცემული ინვოისების შესაბამისად, ხოლო შემდგომში დაგროვილი თანხების მათ საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვით;

- კომპანია არ ქმნის რაიმე უნიკალურ ღირებულებას საერთაშორისო გადაზიდვის ოპერაციულ ციკლში; მომსახურების ღირებულების შესაბამისი შესრულება იქმნება და იმართება პრინციპალის მიერ. კომპანიის წვლილი შემოიფარგლება ადგილობრივი გაყიდვების მხარდაჭერითა და მისი თანამშრომლების მიერ შესრულებული ადმინისტრაციული მომსახურებით.

ვინაიდან აღნიშნული მომსახურებები რუტინული ხასიათისაა, ღირებულება, რასაც შპს „---“ ქმნის მომსახურების ციკლში განისაზღვრება ადგილობრივი ოფისის საოპერაციო ხარჯებით და არა ჯგუფის სხვა კომპანიის კუთვნილი კონტეინერების მოცულობით. OECD-ის სახელმძღვანელოს 2.93 პუნქტის მიხედვით, მომსახურების გამწევი სუბიექტებისთვის ყველაზე შესაბამის მოგების მარჟის ინდიკატორს წარმოადგენს წმინდა ხარჯებზე დამატებული მარჟა (Net Cost Plus mark-up). ჯამურ ტვირთბრუნვაზე (TEU) დაფუძნებული არააპრობირებული მოგების მაჩვენებელი ვერ ასახავს შეზღუდული რისკის აგენტის ფუნქციურ პროფილს და რუტინული მომსახურებიდან მიღებულ ანაზღაურებაში შემოაქვს გარე საბაზრო მერყეობა, რაც არღვევს საბაზრო პრინციპს.

 საოპერაციო მოგება/TEU მეტრიკის დანერგვის არსებითი შეუძლებლობა

მიუხედავად კომპანიის პოზიციისა, რომ საგადასახადო ორგანოს მეთოდოლოგია ეკონომიკურად საფუძვლიანად მცდარია, არ შეესაბამება კომპანიის ფუნქციურ პროფილსა და სატრანსფერო ფასწარმოქმნის რეგულაციებს, მიაჩნია, რომ მოგების მარჟის ინდიკატორად საგადასახადო ორგანოს მიერ შემოთავაზებული არააპრობირებული მაჩვენებლის, საოპერაციო მოგება/TEU-ზე პრინციპის გამოყენება პრაქტიკულად შეუძლებელია შემდეგი ორი კრიტიკული მიზეზის გამო:

1. კომპანიას არ გააჩნია და არც წარმოადგენს იმ ლოგისტიკური მონაცემების მფლობელს ან მოსარგებლეს, რომლებიც აუცილებელია შემოწმების მიერ შემოთავაზებული ფინანსური მაჩვენებლის გამოსათვლელად. როგორც დეტალურადაა აღწერილი ფუნქციურ პროფილში - ინფორმაცია პრინციპალების მიერ განხორციელებულ გადაზიდვებში მონაწილე მხარეების შესახებ (მაგალითად, ქვეკონტრაქტორები და პრინციპალების მომხმარებლები შიდა სახმელეთო გადაზიდვებში) ინახება და მუშავდება პრინციპალების მიერ; აღნიშნული ტრანზაქციები არ აისახება კომპანიის ბუღალტრულ აღრიცხვაში, ვინაიდან ისინი შესაბამის საგადასახადო ორგანოებს წარედგინება და დეკლარირდება პრინციპალების მიერ.

2. საოპერაციო მონაცემები, კერძოდ საქართველოში ----ის კონკურენტების TEU მაჩვენებლები, წარმოადგენს მკაცრად კონფიდენციალურ და საჯაროდ მიუწვდომელ ინფორმაციას. კომპანია დგება ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ვერ შეძლებს საკუთარი სატრანსფერო ფასების შესაბამისობის შემოწმებას საბაზრო პრინციპთან. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანოს მიერ საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების პრინციპების გამოყენებით საქართველოს საწარმოსა და არარეზიდენტ საწარმოს შორის გარიგების შეფასებისას, საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ პუნქტის საფუძველზე მოგების გადასახადის დარიცხვა არის უკანონო და დაუსაბუთებელი.

კონტეინერების ჯამური მოცულობის (TEU) მონაცემები მოიცავს ექვს მონაცემთა წერტილს: რომც დავუშვათ, რომ შემოწმების მიერ შემოთავაზებული მეთოდოლოგია შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს (რასაც არ ეთანხმება), საგადასახადო შემოწმების მიერ ფინანსური ინდიკატორის გაანგარიშებისთვის გამოყენებული კონტეინერების ჯამური მოცულობა მოიცავდა როგორც სავსე იმპორტის, სავსე ტრანზიტის, სავსე ექსპორტის, ისე ცარიელი ექსპორტის ოპერაციების მთლიან TEU მაჩვენებელს. შესაბამისად, აღნიშნული საზომში ჩართულია მოცულობები, რომლებზეც ადგილობრივ აგენტს აქვს შეზღუდული ან საერთოდ არ გააჩნია რაიმე გავლენა, ჩართულობა, საოპერაციო თუ სხვაგვარი ფუნქციური ზედამხედველობა.

შპს „---“ ძირითადად ახორციელებს სავსე ექსპორტთან დაკავშირებულ გაყიდვების მხარდაჭერასა და კლიენტთა მომსახურებას. შემოწმების მიდგომა ფაქტობრივად ითვალისწინებს ადგილობრივი აგენტისთვის კონტეინერების გადაადგილებაზე ანაზღაურების იმ დონის მიკუთვნებას, რომლებთან მიმართებითაც აგენტი არ ახორციელებს არანაირ საქმიანობას და არ გააჩნია ფუნქციური ჩართულობა. ამგვარად გაანგარიშებული საბაზრო პრინციპის შესაბამისი ინდიკატორის გავრცელება კომპანიაზე არასწორია, არსებითად ამახინჯებს ეკონომიკურ რეალობას და არ ასახავს კომპანიის ფაქტობრივ ფუნქციონალურ პროფილს. საგადასახადო ორგანოს მიერ 2025 წლის კამერალური შემოწმების ჩატარებამდე და გასაჩივრებული აქტების გამოცემამდე - 2014, 2016 და 2021 წლებში განხორციელდა მომჩივნის საგადასახადო შემოწმება.

საყურადღებოა, რომ 2014 და 2016 წლის შემოწმების შედეგებით საგადასახადო ორგანოს არ დაუდგენია რაიმე გარემოება, რაც კომპანიისთვის დეკლარირებულზე მეტი მოგების გადასახადის დაკისრების საფუძველი იქნებოდა. მეტიც, მაგალითისთვის 2016 წლის შემოწმების აქტით მომჩივანს მინუს 358 ლარით განესაზღვრა საგადასახდო ორგანოს წინაშე ვალდებულება. 2014 და 2016 წლის შემოწმების აქტებით საგადასახადო ორგანომ მომჩივნის მისამართით გასცა სხვადასხვა სახის რეკომენდაცია, თუმცა არ მიუთითებია რაიმე ფაქტორის თაობაზე, რომელიც შემდგომ გასაჩივრებული აქტებით დადგენილი საგადასახადო ვალდებულების დაკისრების საფუძველი/ინდიკატორი შეიძლება გამხდარიყო. მაგალითისთვის, 2016 წლის აქტი ასახავს მომჩივნის საქმიანობას, კერძოდ: ---ის ბიზნეს მოდელში მომჩივნის როლია ტვირთების გადაზიდვის ორგანიზება, რასაც ახორციელებს სააგენტო ხელშეკრულებების საფუძველზე, კერძოდ ახორციელებს ამიერკავკასიაში გადასაზიდი ტვირთების მოძრაობის ზედამხედველობას, გადაზიდვების განხორციელებიდან წარმოშობილი მოთხოვნების საფუძველზე პრინციპალების სახელით დამკვეთებისთვის ინვოისების წარდგენას, თანხების მოკრეფას, მათ აკუმულირებას და პრინციპალების დავალებით ფულადი სახსრების მიმართვას მათ მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე. აღნიშნულ მომსახურებაში მომჩივნის გასამრჯელო შეადგენს წლის განმავლობაში გაწეული ფინანსური ხარჯების 1,5%-იანი მარჟით 2013 წელს 2,5%-იანი მარჟით 2014-2015 წლებში გაანგარიშებულ თანხას. აღნიშნულ პერიოდშიც კომპანია მოქმედებდა იგივე სქემით, პრინციპალებთან გაფორმებული აგენტის ხელშეკრულებების საფუძველზე. რეალურად, 2014 და 2016 წლის შემოწმების აქტებით შემოსავლების სამსახურმა მომჩივანს დაუდასტურა და აღიარა, რომ ამ უკანასკნელისთვის მახასიათებელი სამეურნეო ოპერაციები და მისი როლი ----ის ბიზნეს მოდელში არ წარმოშობდა იმაზე მეტი მოგების გადასახადის დაკისრების საფუძველს, ვიდრე დეკლარირებული გახლდათ. 2014 და 2016 წლის საგადასახადო შემოწმების აქტები უთანაბრდება საგადასახადო ორგანოს წინასწარ გადაწყვეტილებას, ვინაიდან მოცემული აქტები შესამოწმებელი სუბიექტისთვის ქმნიდნენ საკმარის მოცემულობას იმისათვის, რათა ამ უკანასკნელს შექმნოდა ლეგიტიმური მოლოდინი, რომ მის მიერ განხორციელებული ოპერაციები არ განაპირობებდა მისთვის მომავალში სხვა პრინციპით გადასახადის დაკისრების საფუძველს და გაეგრძელებინა სამეურნეო ოპერაციების განხორციელება იმგვარად, როგორც ამას ამ დრომდე აკეთებდა. ამ მიმართულებით ასევე გასათვალისწინებელია, რომ საგადასახადო ორგანომ 2021 წელს კვლავ ჩაატარა მომჩივნის კამერალური საგადასახადო შემოწმება და 2021 წლის შემოწმების აქტით (რომელიც წინამდებარე საჩივრის წარდგენის მომენტისთვის გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოში) უგულებელყო 2014 და 2016 წლის აქტებით მის მიერვე დადგენილი გარემოებები და შეფასებები და გამოსცა ბრძანება, რომლითაც მომჩივან კომპანიას ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 10 686 221.39 ლარი. 2021 წლის შემოწმების შედეგად, საგადასახადო ორგანომ მომჩივანს მიაკუთვნა პრინციპალების მიერ გაწეული მომსახურებების ნაწილი, კერძოდ, პრინციპალების მიერ ადგილობრივი, საქართველოს ტერიტორიაზე გაწეული მომსახურებებიდან მიღებული შემოსავლები მიაკუთვნა მომჩივან კომპანიას. განსახილველ შემთხვევაში კი, საგადასახადო ორგანომ 2025 წლის შემოწმების შედეგად გასაჩივრებული აქტებით სულ სხვა საფუძვლებით დაარიცხა მომჩივან კომპანიას მოგების გადასახადი, ჯარიმა და საურავი.

შესაბამისად, ურთიერთგამომრიცხავი და გაუგებარია საგადასახადო ორგანოს განსხვავებული შეფასებები მომჩივანი კომპანიის საქმიანობასა და მის მიერ საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოებასთან დაკავშირებით, მით უფრო მაშინ, როდესაც მომჩივანი კომპანიის საქმიანობის მოდელი და პრინციპალებთან სამართალურთიერთობა უცვლელია ისევე, როგორც ზემოაღნიშნული შემოწმების აქტების მიერ მოცულ პერიოდებში შემდეგ საგადასახადო კანონმდებლობაში - საგადასახადო კოდექსსა და სხვა რელევანტურ ნორმატიულ აქტებში არ განხორციელებულა არანაირი ცვლილება, რასაც შესაძლოა ასეთი შეუსაბამობა გამოეწვია. იმ შემთხვევაშიც, თუკი მომჩივანი კომპანია დაეთანხმებოდა საგადასახადო ორგანოს შეფასებებს, გაუგებარია, თუ რომელ შეფასებას უნდა დაყრდნობოდა და რომელი საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით უნდა ეწარმოებინა საგადასახადო აღრიცხვა. როგორც აღინიშნა, შემოსავლების სამსახურში 7.05.2026 წელს გაიმართა დავების სხდომა, რომლის ფარგლებშიც დავების განხილვის საბჭომ აუდიტის დეპარტამენტს დაავალა კომანიისათვის გაეგზავნა მტკიცებულებები და შესაბამისი კალკულაციების ფაილები, რომელიც საფუძვლად დაედო საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვას. აუდიტის დეპარტამენტისგან შემოწმების აქტთან დაკავშირებული მტკიცებულებების მხოლოდ გარკვეული ნაწილის მიღების შემდეგ, კომპანიამ 17.06.2026 წელს შემოსავლების სამსახურში წარადგინა დამატებითი პოზიცია გაზიარებულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, შემოწმებამ დარიცხვისთვის გამოიყენა მონაცემების არითმეტიკული საშუალო:

1. საოპერაციო მოგება/TEU - 2021; კომპანია 1 --- GEL – 60.29, კომპანია 2 - ---- (---) GEL – 96.41, განსხვავება 60%; 2. საოპერაციო მოგება/TEU - 2022; კომპანია 1 --- GEL – 64.46, კომპანია 2 - ---- GEL – 124.26, განსხვავება 93%. როგორც ხედავთ მეორე კომპანიის მონაცემები 60% და 93%-ით აღემატება პირველი კომპანიის შედეგებს, რაც თავის მხრივ საეჭვოს ხდის ამ ორი კომპანიის ერთმანეთთან შედარებადობას. ეგთოს სატრანსფერო ფასწარმოქმნის მითითებების 3.59 პარაგრაფის თანახმად: „იმ შემთხვევებში, როდესაც ყველაზე შესაფერისი მეთოდის გამოყენება წარმოშობს მონაცემთა/ციფრების დიაპაზონს, აღნიშნულ დიაპაზონში არსებულ წერტილებს შორის არსებითი გადახრა შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ ზოგიერთი წერტილის დასადგენად გამოყენებული მონაცემები არ არის ისეთივე სანდო, როგორც დიაპაზონის სხვა წერტილების დასადგენად გამოყენებული მონაცემები ან აღნიშნული გადახრა გამოწვეულია შესადარებელი მონაცემების იმ მახასიათებლებით, რომლებიც საჭიროებენ კორექტირებას.

ასეთ შემთხვევებში, შესაძლოა საჭირო გახდეს ამ წერტილების (მონაცემების) შემდგომი დამატებითი ანალიზი, რათა შეფასდეს მათი საბაზრო პრინციპის დიაპაზონში ჩართვის მიზანშეწონილობა“. როგორც შემოწმების მიერ მიწოდებული, საერთაშორისო ხაზის აგენტის ხელშეკრულებების ანალიზის შედეგად ირკვევა, შემოწმების მიერ გამოყენებული ორი შესადარებელი კომპანიის საკონტრაქტო პირობები და ფუნქციები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის №423 ბრძანების 5.1 მუხლის თანახმად: „იმის განსაზღვრისას შედარებადია თუ არა ორი ან რამდენიმე ოპერაცია საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიზნებისათვის, გათვალისწინებულ უნდა იქნას ქვემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები, იმდენად, რამდენადაც ისინი ეკონომიკურად მნიშვნელოვანია ოპერაციების ფაქტებთან და გარემოებებთან მიმართებით:

ა.ბ) მომსახურების შემთხვევაში: მომსახურების ტიპი და მასშტაბი მიუხედავად იმისა მომსახურება მოიცავს თუ არა კონკრეტულ გამოცდილებას, ტექნიკურ „ნოუ ჰაუს“ ან არამატერიალური აქტივების გამოყენებას და ა.შ.“. მომჩივანი ცხრილის სახით წარმოადგენს შემოწმების მიერ შერჩეული ორი კომპანიის სახელშეკრულებო პირობებს, სადაც ჩანს, რომ კომპანიების ფუნქციებს და რისკებს შორის არსებობს ისეთი მატერიალური განსხვავებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ ფასზე, მათ შორის: ექსკლუზიურობა, გეოგრაფიული არეალი, აგენტების დანიშვნის შესაძლებლობა, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ ამ კომპანიების ფუნქციები და საკონტრაქტო პირობები ერთმანეთისგან განსხვავებულია, შესაბამისად მათი შედარება შპს „---თან“ დაუშვებელია. ხაზგასასმელია, რომ საგადასახადო ორგანოს არ წარმოუდგენია ფინანსური მაჩვენებლის კალკულაციისა და კომპანიის მოგების კორექტირების უშუალო გაანგარიშების სამუშაო ფაილი. მიწოდებული მასალა შემოიფარგლება მხოლოდ კომპანიების საოპერაციო მოგებისა და კონტეინერბრუნვის შესახებ არსებული პირველადი მონაცემებით MS Excel-ის ფორმატში. მოწოდებული პირველადი დოკუმენტაციის დეტალური შესწავლისას გამოვლინდა არსებითი ხარვეზები შესადარებელი კომპანიების მონაცემთა დამუშავების ნაწილში: - მეორე კომპანიის შემთხვევა საგადასახადო აუდიტორის მიერ წარდგენილი გაანგარიშებით ირკვევა, რომ მოცემულ მაჩვენებელში დაჯამებულია როგორც სავსე იმპორტის, ასევე ცარიელი და სავსე ექსპორტის, 20 ფუტიანი და 40 ფუტიანი კონტეინერების მოცულობები. 40 ფუტიანი კონტეინერების TEU განზომილებაში კონვერტაციის მიზნით, აუდიტორმა მათი რაოდენობა გაამრავლა კოეფიციენტზე

2. - აქვე აღსანიშნავია რომ კონტეინერები იმპორტის, ექსპორტისა და მოცულობების მიხედვით გამოყოფილი იყო მხოლოდ ერთი კომპანიის შემთხვევაში. მეორე კომპანიის შემთხვევაში, შესადარებელი კომპანიის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში (რომელიც გაგზავნილია დავის ფარგლებში) მოცემულია მხოლოდ სავსე და ცარიელი კონტეინერების რაოდენობები წლების მიხედვით, რაც მიუთითებს მონაცემთა შეუსაბამობაზე და არღვევს ერთგვაროვანი შედარების პრინციპს.

დამატებით გასათვალისწინებელია, რომ შპს „----ს“ ხელთ არ არსებობს კონტეინერების მოცულობების შესახებ ინფორმაცია, რაც კომპანიისთვის შეუძლებელს ხდის 40 ფუტიანი კონტეინერების კონვერტაციას და შესაბამისად კორექტირებული მოგების კალკულაციის გაანგარიშების გადამოწმებას. ასევე აღსანიშნია, რომ შემოსავლების სამსახურმა შესადარებელ კომპანიებად შეარჩია საერთაშორისო გადამზიდველები და არა ისეთი კომპანიები, რომლებიც შეესაბამება შპს „---ს“ საქმიანობის პროფილს, როგორც ეს საჩივარშია წარმოდგენილი. როგორც ზემოთაა ნახსენები, შემოწმებამ მოგების დონის ინდიკატორად შეარჩია საოპერაციო მოგება/ტვირთბრუნის(TEU) მაჩვენებელი. აღსანიშნავია რომ, არც ქართულ კანონმდებლობაში და არც OECD-ის სახელმძღვანელო მითითებებში არსად, არცერთ თავში, პარაგრაფსა თუ დანართში არ არის მოხსენიებული TEU-ზე დაფუძნებული მოგების დონის ინდიკატორი და წარმოადგენს პირველ პრეცედენტს. შესაბამისად, მიაჩნია, რომ აღნიშნულ ინდიკატორზე დაყრდნობით გამოცემული დასკვნა მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს. აღსანიშნავია, რომ ესეთ დროს, OECD სახელმძღვანელო მითითებები უპირატესობას ანიჭებს ხარჯებზე დაფუძნებულ მეთოდს, კერძოდ:

7.34 პარაგრაფი ადგენს პირობებს, როდესაც კომპანია მოქმედებს შეზღუდული რისკების პირობებში, როგორც აგენტი, შუამავალი და შიდა ჯგუფურ მომსახურებას გაუწევს მის დაკავშირებულ მხარეს. ასეთ დროს, მიზანშეწონილია, რომ მარჟა გავრცელდეს მხოლოდ აღნიშნული მხარის მიერ გაწეულ საოპერაციო დანახარჯებზე (მისი ფუნქციური პროფილის შესაბამისად) და არა ძირითად ღირებულებაზე. პირველი შესადარებელი კომპანიის საჯარო ფინანსური ანგარიშგების ანალიზის შედეგად გამოვლინდა უხეში მეთოდოლოგიური შეცდომა: საგადასახადო ორგანოს მიერ ფინანსური ინდიკატორის - საოპერაციო მოგება/ტვირთბრუნვა გამოსათვლელად აღებულ საოპერაციო მოგების მაჩვენებელში ჩართულია სხვა საოპერაციო და ფინანსური შემოსავლები. კომპანიის ძირითადი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის გარდა სხვა საოპერაციო და არასაოპერაციო შემოსავლების გათვალისწინებამ გამოიწვია საბოლოო ინდიკატორის არარეალური ზრდა, რაც წარმოადგენს გაანგარიშების დროს დაშვებულ ხარვეზს. ასევე კომპანიის საჯარო არააუდირებული ანგარიშგება და შემოწმების მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ იძლევა საშუალებას რომ გადამოწმდეს, სრულად თუ ნაწილობრივ უკავშირდება შესადარებელი კომპანიის საოპერაციო შემოსავლის მოცულობა კონტეინერების მომსახურებასთან დაკავშირებულ საქმიანობას. ასევე, აღსანიშნავია რომ მეორე შესადარებელი კომპანია ფინანსურ ანგარიშგებებს სარასზე 2020 წლის შემდეგ აღარ წარადგენს, რაც შეუძლებელს ხდის საოპერაციო მოგების მაჩვენებელის გადამოწმებას. კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინფორმაციის გაგზავნით შემოსავლების სამსახურმა მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მომჩივნის მოთხოვნა, კერძოდ, წარმოადგინა კვლევის საწყის ეტაპზე შერჩეული 11 კომპანიის იდენტიფიცირებისა და ფილტრაციის ზოგადი კრიტერიუმები. თუმცა, აღნიშნული ფაქტი ვერ აბათილებს საჩივარში მითითებულ სხვა ფუნდამენტურ სამართლებრივ არგუმენტებს - შემოწმების მიერ კონტროლირებული ოპერაციის შეფასებისას გამოყენებული მიდგომის არასაიმედოობა.

OECD-ის 2022 წლის სატრანსფერო ფასწარმოქმნის სახელმძღვანელო მითითებების 3.36 პარაგრაფის თანახმად: „საგადასახადო ორგანოებს შესაძლოა ჰქონდეთ ინფორმაცია სხვა გადასახადის გადამხდელების შემოწმებიდან ან სხვა წყაროებიდან, რომელიც ვერ იქნება გამჟღავნებული გადასახადის გადამხდელისთვის. თუმცა, უსამართლო იქნება სატრანსფერო ფასწარმოქმნის მეთოდის გამოყენება ასეთი მონაცემების საფუძველზე, თუკი საგადასახადო ორგანო თავისი ქვეყნის შიდა კონფიდენციალურობის მოთხოვნების ფარგლებში ვერ შეძლებს აღნიშნული მონაცემების გამჟღავნებას გადასახადის გადამხდელისთვის, რათა გადასახადის გადამხდელს ჰქონდეს საკმარისი შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი პოზიცია და უზრუნველყოფილი იყოს სასამართლოების მიერ ეფექტიანი კონტროლი“.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის №423 ბრძანების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: „დამოუკიდებელი ოპერაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას შედარებადობის შესწორების შეტანის მიზნით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, როცა დამოუკიდებელი ოპერაციის დეტალები არ წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად და მასზე ინფორმაცის სხვა წყაროებიც არსებობს“. გადასახადის გადამხდელს არ შეიძლება დაეკისროს საგადასახადო ვალდებულება ან სანქცია იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომელთა გადამოწმების, გადათვლისა და შინაარსობრივი შესწავლის სამართლებრივი და პრაქტიკული შესაძლებლობა მას არ გააჩნია. მიუხედავად მომჩივნის ურყევი პოზიციისა, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ გამოყენებული მეთოდოლოგია ეკონომიკურად არსებითად მცდარია, არ შეესაბამება კომპანიის რეალურ ფუნქციურ პროფილს და ეწინააღმდეგება სატრანსფერო ფასწარმოქმნის მოქმედ რეგულაციებს, მიიჩნევს, რომ მოგების მარჟის ინდიკატორად საგადასახადო ორგანოს მიერ შემოთავაზებული პრინციპის - „საოპერაციო მოგება/TEU-ზე“ - პრაქტიკაში გამოყენება სრულიად შეუძლებელია. როგორც ზემოთ აღნიშნულია, შემოწმებამ სატრანსფერო ფასწარმოქმნის მეთოდოლოგიის შემუშავების პროცესში გამოიყენა: 1. კომპანიების, შპს „---“ და შპს „----“. 2. ზემოაღნიშნული კომპანიების ტვირთბრუნვის შესახებ ინფორმაცია 3. კომპანიების საოპერაციო მოგების შესახებ ინფორმაცია. აუდიტორის მიერ წარდგენილ აღწერაში აღნიშნულია, რომ კომპანიებისგან გამოთხოვილი ინფორმაცია გადამოწმდა სსიპ „---გან“ მიღებულ ინფორმაციასთან. კომპანია დაეკონტაქტა აღნიშნულ სააგენტოს და გამოითხოვა საერთაშორისო კომპანიების აგენტების სია და კომპანიების ტვირთბრუნვის შესახებ ინფორმაცია. პასუხად ეცნობა მხოლოდ კომპანიების დასახელებები და საიდენტიფიკაციო ნომრები, ტვირთბრუნვაზე ინფორმაცია სააგენტოს არ გააჩნია, კერძოდ: „თქვენი მიმდინარე წლის 28 მაისის კორესპოდენციაზე პასუხად, დანართის სახით წარმოგიდგენთ ინფორმაციას საქართველოში საქმიანობის განმახორციელებელი საერთაშორისო საზღვაო ხაზებისა და მათი წარმომადგენელი კომპანიების თაობაზე. რაც შეეხება ზემოხსენებეული საზღვაო ხაზების ტვირთბრუნვის მაჩვენებლებს, აღნიშნულთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ საქართველოში არსებულ წარმომადგენელ კომპანიებს“.

რადგან, შემოწმების მიერ გამოყენებულ მონაცემებზე ინფორმაციის სხვა წყაროები არ არსებობს და საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით ითვლება საიდუმლო ინფორმაციად, მიაჩნია რომ შემოწმების პროცესში გამოყენებული მეთოდოლოგია არ არის შესაბამისობაში საკანონმდებლო მოთხოვნებთან და შესაბამისად აღნიშნული მეთოდოლოგიის შედეგად გაკეთებული დარიცხვა უნდა გაუქმდეს.

კომპანია არ ფლობს, არ ამუშავებს და არ წარმოადგენს იმ ლოგისტიკური მონაცემების მფლობელს ან მოსარგებლეს, რომლებიც აუცილებელია შემოწმების მიერ შემოთავაზებული ფინანსური მაჩვენებლის გამოსათვლელად. როგორც დეტალურადაა აღწერილი კომპანიის ფუნქციურ პროფილში, ინფორმაცია პრინციპალების მიერ განხორციელებულ გადაზიდვებში მონაწილე მხარეების შესახებ (მაგალითად: ქვეკონტრაქტორები და პრინციპალების პირდაპირი მომხმარებლები შიდა სახმელეთო გადაზიდვებში) ექსკლუზიურად ინახება და მუშავდება თავად პრინციპალების მიერ. აღნიშნული ტრანზაქციები არ აისახება და ვერც აისახებოდა ქართული კომპანიის ბუღალტრულ აღრიცხვაში, შესაბამისად, გადამხდელს ფიზიკურად არ გააჩნია წვდომა ამ სააღრიცხვო ერთეულებზე. ამასთან, საგადასახადო ორგანოს მიერ გამოყენებული საოპერაციო მონაცემები, კერძოდ საქართველოში ---- ჯგუფის კონკურენტების TEU მაჩვენებლები, წარმოადგენს მკაცრად კონფიდენციალურ, კომერციულ საიდუმლოებას და საჯაროდ მიუწვდომელ ინფორმაციას. აღნიშნული მიდგომით, კომპანია ყოვლად უსამართლო მდგომარეობაში დგება: კომპანია პრაქტიკულად მოკლებულია შესაძლებლობას, მიმდინარე რეჟიმში თავად გადაამოწმოს საკუთარი სატრანსფერო ფასების შესაბამისობა საბაზრო პრინციპთან, ვინაიდან მას არ აქვს და ვერც ექნება წვდომა კონკურენტების დახურულ შიდა ინფორმაციაზე. საგადასახადო ორგანომ საბაზრო დიაპაზონის დასადგენად გამოიყენა ორი შესადარებელი კომპანიის მონაცემები.

მხოლოდ ორი შესადარებელი კომპანიის შესწავლა/გამოყენება საბაზრო დიაპაზონის ფორმირებისთვის მათემატიკურად არასაკმარისია და ვერ აკმაყოფილებს სანდოობის სტანდარტს. მხოლოდ ორი მონაცემის გამოყენებით, საგადასახადო ორგანომ დაარღვია ინტერკვარტილური დიაპაზონის გამოყენების მოთხოვნა და ფაქტობრივად გამოიყენა სრული დიაპაზონი, რომლის გამოყენებასაც OECD უშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შედარებადი კომპანიები შემოწმებული მხარის იდენტურია. მომჩივანის მიერ წარდგენილ სატრანსფერო ფასწარმოქმნის დასკვნაში გამოყენებული იქნა 32 შედარებადი კომპანიისგან შემდგარი საბაზრო დიაპაზონი, რომელმაც შესაძლებელი გახადა ინტერკვარტილური დიაპაზონის გამოყენება. აღნიშნული მეთოდოლოგია უზრუნველყოფს გაცილებით მაღალ სტატისტიკურ სანდოობას. ორი მონაცემის საფუძველზე განხორციელებული შეფასება კი არ შეიძლება იქნეს საკმარისად სანდო ანალიზად მიჩნეული და უნდა იქნეს უარყოფილი მომჩივანის მიერ წარდგენილი უფრო მყარი და დასაბუთებული ანალიზის სასარგებლოდ. რეგისტრირებული მონაცემების დამოუკიდებელი გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოყენებული ორი შესადარებელი კომპანიიდან ერთ-ერთი კომპანია შემოწმების პერიოდისთვის წარმოადგენდა ----ის შვილობილ კომპანიას, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს საბერძნეთში სათავო ოფისის მქონე მულტინაციონალურ საზღვაო გადაზიდვების ჯგუფის წევრ კომპანიას. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ზემოაღნიშნული კომპანია მულტინაციონალური კომპანიების ჯგუფის წევრია, მისი ფინანსური შედეგები ექვემდებარება ჯგუფის შიდა პოლიტიკასა და ჯგუფის შიგნით განხორციელებულ ტრანზაქციებს. ასეთი კომპანია ვერ ჩაითვლება დამოუკიდებლად, ხოლო მისი საოპერაციო მოგების მაჩვენებელი არ შეიძლება იქნეს გამოყენებული საბაზრო დიაპაზონის შესადგენად.

საგადასახადო ორგანომ თავისი შეფასება დააფუძნა შესადარებელი კომპანიების არააუდირებულ, შიდა ფინანსურ ანგარიშგებებზე. არააუდირებული ანგარიშგებები არ არის დამოუკიდებლად გადამოწმებული ანგარიშგებები, რაც აუცილებელია ფინანსური შედეგების სიზუსტის უზრუნველსაყოფად და არსებითი შეცდომების გამოსარიცხად. არააუდირებული ანგარიშგებების გამოყენებით, საგადასახადო ორგანო საკუთარ შეფასებას აფუძნებს თვითდეკლარირებულ მაჩვენებლებზე, რომლებიც არ არის გადამოწმებული ბუღალტრული აღრიცხვის თანმიმდევრულობისა და სიზუსტის თვალსაზრისით. როგორც ზემოთაა აღნიშნული, აუდიტის დეპარტამენტისგან კომპანიამ მიიღო შემდეგი პასუხი:

„მიღებულ იქნა ინფორმაცია 11 კომპანიის შესახებ, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების ხაზების წარმომადგენლებს საქართველოში. შემდეგ განხორციელდა ზემოხსენებული კომპანიების შესწავლა, მათ შორის, საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების ხაზთან ურთიერთდამოკიდებულების, საქმიანობაში გამოყენებული აქტივების, განხორციელებული ფუნქციების, გაწეული რისკების, თანამშრომელთა რაოდენობით და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების კუთხით“. კომპანიისთვის გაურკვეველი რჩება თუ რა კრიტერიუმების საფუძველზე მოხდა შერჩეული 11 კომპანიიდან ცხრა კომპანიის გამორიცხვა. აღსანიშნავია, რომ ინფორმაციის არქონის გამო, კომპანიის მხრიდან ასევე შეუძლებელია შემოწმების მიერ დაწუნებული ცხრა კომპანიის ფუნქციური ანალიზის გაკეთება და იმის გადამოწმება, რეალურად გამოსარიცხი იყვნენ თუ არა აღნიშნული კომპანიები საბოლოო შესადარებელი კომპანიების სიმრავლიდან. შემოწმების მიერ გამოგზავნილი ახსნა-განმარტების მიუხედავად, გაუგებარი რჩება, თუ რატომ შეარჩია შემოწმებამ გაცილებით მაღალი ფუნქციური პროფილის მქონე კომპანიები შპს „---თან“ შესადარებლად.

ხაზგასასმელია, რომ მიუხედავად საგადასახადო ორგანოს მტკიცებისა, თითქოს გამოყენებული მიდგომა წარმოადგენს სატრანსფერო ფასწარმოქმნის მეთოდოლოგიას, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული შეფასება ფუნდამენტურად არღვევს და სცილდება აღნიშნული კანონმდებლობის ჩარჩოებს. კერძოდ, საგადასახადო პრაქტიკაში აქამდე უპრეცედენტო მიდგომა - რაც გამოიხატა მკაცრად დახურული, კონფიდენციალური ლოგისტიკური მონაცემების გამოყენებაში, შერჩეულ მონაცემებს შორის არსებული არსებითი გადახრების უგულებელყოფაში, საბაზრო დიაპაზონის ფორმირების წესების უხეშ დარღვევასა და სრულიად გაუგებარი სამართლებრივი საფუძვლით, ინტერკვარტილური დიაპაზონის ნაცვლად ორი ანომალიური მაჩვენებლის საშუალო არითმეტიკულის გამოყენებაში ვერავითარ შემთხვევაში ვერ განიხილება საგადასახადო კოდექსის 126–1291 მუხლებითა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის №423 ბრძანებით გათვალისწინებულ სატრანსფერო ფასწარმოქმნის კანონმდებლობად.

კომპანიის შეფასებით, საგადასახადო ორგანოს მიერ გამოყენებული მიდგომა რეალურად წარმოადგენს გადასახადების არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშების ერთ-ერთ ალტერნატიულ ვერსიას, რომლის ხელოვნურად მორგებასა და ინტეგრირებას სატრანსფერო ფასწარმოქმნის წესებში შეეცადა შემოსავლების სამსახური. ხაზგასასმელია, რომ შპს „---ს“ 2021-2022წ.წ. კონტროლირებულ ოპერაციებთან დაკავშირებით აუდიტორულ კომპანია ----ს („---“) მომზადებული აქვს სატრანსფერო ფასწარმოქნის დასკვნა. აღნიშნულ დასკვნაში ნათლად არის მიმოხილული კომპანიის ფუნქციური პროფილი, არჩეულია OECD-სა და საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ოპერაციისთვის ყველაზე უკეთ მისასადეგებელი მეთოდი და ჩატარებულია შედარებადობის კვლევა. --- მიერ ჩატარებული ძიების შედეგად, გამოვლინდა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში მოქმედი 32 შედარებადი კომპანიისგან შემდგარი საბაზრო დიაპაზონი, რომლებიც ახორციელებენ კომპანიის მსგავს საზღვაო-სააგენტო, საექსპედიტორო და მასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევას. აუდიტორულმა კომპანიამ გამოიყენა საოპერაციო ხარჯებზე ფასნამატი „MTC“ ფინანსური ინდიკატორი, TNMM მეთოდის ფარგლებში შპს „---ს“ ფასწარმოქმნის შესაფასებლად. --- მიერ გამოყენებული მეთოდოლოგიის ახსნა შემდეგია: „TNMM მეთოდით საწარმოს მიერ საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის ფარგლებში შესაბამისი მაჩვენებლის (მაგალითად: დანახარჯები, გაყიდვები, აქტივები) მიმართ მიღებული სუფთა მოგების მარჟა უდარდება შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციის ფარგლებში მიღებული სუფთა მოგების მარჟას იმავე მაჩვენებლის მიმართ (სსრკ 127.1 დ. ეგთო 2.64-2.67).

MTC წარმოადგენს საოპერაციო შემოსავლის შეფარდებას საოპერაციო ხარჯებთან და მორგებულია მომსახურების ტიპის ტრანზაქციების დროს გამოსაყენებლად, ვინაიდან ის წარმოადგენს ეკონომიკური მოგების მიახლოებით მაჩვენებელს და ფუნქციურად არ არის სპეციფიკური ეკონომიკური საქმიანობის რომელიმე კონკრეტული ტიპისთვის. გარდა ამისა, აღნიშნული კოეფიციენტი სხვა საზომებთან შედარებით ნაკლებად სავარაუდოა, რომ დამახინჯდეს ბუღალტრული აღრიცხვის წესების განსხვავებულობის გამო“. ყურადღება გასამახვილებელია ეგთო-ს 7.34 პარაგრაფზე, რომელიც მკაფიოდ და ნათლად მიუთითებს რომ: „შეზღუდული რისკის მქონე აგენტების/შუამავლების მიერ შიდაჯგუფური მომსახურების გაწევისას, მიზანშეწონილია მარჟის გავრცელება მხოლოდ საოპერაციო დანახარჯებზე“. შესაბამისად, --- მიერ შერჩეული მეთოდოლოგია შესაბამისობაშია ქართულ კანონმდებლობასთან და ეგთო-ს სატრანსფერო სახელმძღვანელო მითითებებთან. --- ანალიზის შედეგები მოცემულია შემდეგი სახით: MTC 201-2021, შეწონილი საშუალო: მინიმუმი 0.16%, 25 კვარტალი 2.32%, მედიანა 3.19%, 75 კვარტალი 4.28%, მაქსიმუმი 18.26%, რაოდენობა 32. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები მოცულ პერიოდში სრულ შესაბამისობაში იყო --- მიერ განსაზღვრულ საბაზრო დიაპაზონის მაჩვენებლებთან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად: „თუ საქართველოს საწარმომ საბაზრო ანაზღაურების დასადგენად გამოიყენა ოპერაციების შეფასების მიღებული მეთოდი, მაშინ შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარებული საგადასახადო შემოწმება... უნდა ემყარებოდეს საქართველოს საწარმოს მიერ გამოყენებულ ოპერაციების შეფასების მიღებულ მეთოდს, თუ საწარმოს მიერ აღნიშნული ოპერაციების შეფასების მეთოდის შერჩევა მოხდა ამ მუხლის დებულებების შესაბამისად“.

საგადასახადო შემოწმებამ არასაკმარისი, დაუსაბუთებელი და ზედაპირული არგუმენტაციით უარყო კომპანიის მიერ წარდგენილი სატრანსფერო ფასწარმოქმნის დასკვნა. შემოწმებას არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი უგულებელყო გადამხდელის მიერ წარდგენილი მეთოდოლოგია, ვინაიდან დასკვნაში მეთოდის შერჩევა განხორციელდა ინსტრუქციის ყველა კრიტერიუმის (მეთოდის ძლიერი/სუსტი მხარეები, ფუნქციური პროფილი, საიმედო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა) მკაცრი დაცვით.

საგადასახადო ორგანომ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ არ იყო გადამხდელის მეთოდი ყველაზე მართებული. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში მოცემულ მსჯელობასთან დაკავშირებით აღსანიშნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არგუმენტად მოხსენიებული საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის-საქსტატის ვებგვერდზე საზღვაო ხაზების ჯამური ტვირთბრუნვის შესახებ ინფორმაცია ვერ მოიძია. ინტერნეტ მისამართზე არის მხოლოდ აგრეგირებული მონაცემები გამოქვეყნებული, სადაც წლების და შესაბამისი კვარტალების მიხედვით მითითებულია კონტეინერების რაოდენობა შესაბამისი კომპანიების და კონტეინერების მოცულობის გარეშე. იმისათვის, რომ დაეზუსტებინა ნამდვილად ფლობს თუ არა საქსტატი აუდიტორების მიერ მოხსენიებულ მონაცემებს, წერილი მიწერა სამსახურს, რომლის პასუხად მიიღო შემდეგი: „თქვენი მომართვის (14.07.26) პასუხად, როგორც სატელეფონო საუბრისას გაცნობეთ, სტატისტიკური ინფორმაცია კომპანიების მიხედვით კონფიდენციალურია (საქართველოს კანონი ოფიციალური სტატისტიკის შესახებ, მუხლი 34)“.

ზემოაღნიშნული მიმოწერა დანართის სახით ახლავს საჩივარს. როგორც ზემო აღნიშნულია, კომპანია ეცადა მოეპოვებინა შემოწმების მიერ გამოყენებული მონაცემები, თუმცა მათი საჯაროდ მოპოვება შეუძლებელი აღმოჩნდა, შესაბამისად თვლის, რომ ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის №423 ბრძანების 7.2 მუხლის შესაბამისად: „დამოუკიდებელი ოპერაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას შედარებადობის შესწორების შეტანის მიზნით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, როცა დამოუკიდებელი ოპერაციის დეტალები არ წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად და მასზე ინფორმაცის სხვა წყაროებიც არსებობს“.

აუდიტის დეპარტამენტის განმარტებამ, თითქოს შემოწმების პროცესში დამუშავდა „საქსტატის“ ვებგვერდზე საჯაროდ გამოქვეყნებული მონაცემები, შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს საქმის განმხილველი ორგანო. ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნული საჯარო მონაცემები ატარებს მხოლოდ ზოგად/აგრეგირებულ ხასიათს და არ შეიცავს ინფორმაციას ცალკეული კომპანიების ჭრილში. შესაბამისად, ამ მონაცემების გამოყენება შეუძლებელია შემოწმების მიერ გამოყენებული მეთოდოლოგიის მიზნებისათვის. აღნიშნული აგრეგირებული ინფორმაციის არსებობა ვერ გააბათილებს კომპანიის არგუმენტს, რომ საგადასახადო შემოწმებისას გამოყენებული მონაცემები (კონკურენტი კომპანიების ტვირთბრუნვის შესახებ) არის კონფიდენციალური. ამდენად, ხსენებული საიდუმლო მონაცემები არ შეიძლებოდა გამხდარიყო საგადასახადო შემოწმების აქტით თანხების დარიცხვის სამართლებრივი საფუძველი. მიაჩნია, რომ აუდიტის პროცესში გამოყენებული მეთოდოლოგია ეწინააღმდეგება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, რის გამოც აღნიშნული მეთოდოლოგიის საფუძველზე განხორციელებული დარიცხვა უნდა გაუქმდეს. გადაწყვეტილებაში პირველი სადავო პუნქტის დაუკმაყოფილებლობის ერთ-ერთ არგუმენტად მითითებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სატრანსფერო ფასწარმოქმნის სახელმძღვანელოს 7.34 პარაგრაფი, რომლის თანახმად: „შეზღუდული რისკის მქონე აგენტების/შუამავლების მიერ შიდაჯგუფური მომსახურების გაწევისას, მიზანშეწონილია მარჟის გავრცელება მხოლოდ საოპერაციო დანახარჯებზე (ფუნქციური პროფილის შესაბამისად) და არა ძირითად ღირებულებაზე“.

აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მითითებული ეს ნორმა პირდაპირ ეწინააღმდეგება აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ დარიცხვას და პირიქით ადასტურებს ----ის მიერ მომზადებულ სატრანსფერო ფასწარმოქმნის დოკუმენტაციაში გამოყენებული მეთოდოლოგიის მართლზომიერებას. კომპანიის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაში ყველაზე საიმედო მეთოდად სწორედ საოპერაციო ხარჯებზე ფასნამატის გავრცელება იქნა მიჩნეული, მაშინ როდესაც შემოწმებამ გამოიყენა ტვირთბრუნვაზე დაფუძნებული მეთოდი, რომლის ანალოგსაც სატრანსფერო ფასწარმოქმნის ვერცერთ საერთაშორისო სახელმძღვანელოში ვერ შეხვდებით. აღნიშნული გარემოება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შემოწმების მიერ მეთოდოლოგია შერჩეულია არასწორად, რის გამოც მიაჩნია, რომ ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე განხორციელებული დარიცხვა ექვემდებარება სრულ გაუქმებას. კომპანია, ერთმნიშვნელოვნად, მთელი ოპერირების განმავლობაში მოქმედებდა და მოქმედებს, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი და მის მიზანს არ წარმოადგენდა/წარმოადგენს გადასახადებისგან თავის არიდება; მეტიც, ოპერაციები დაბეგრილია და შესაბამისი გადასახადი გადახდილია დანიის სამეფოში მომჩივნის პრინციპალების მიერ. ---ის ჯგუფის საგადასახადო პრინციპების შესაბამისად, --- მიისწრაფვის დაიცვას შესაბამისი საგადასახადო კანონები და რეგულაციები ყველა იურისდიქციაში, სადაც ის საქმიანობას ახორციელებს. ეფექტიანობისა და სიზუსტის გასაუმჯობესებლად თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, კომპანია ცდილობს უზრუნველყოს სრული და დროული ინფორმაციის წარდგენა ყველა საგადასახადო დეკლარაციაში და გადაიხადოს სათანადო ოდენობის გადასახადი დროულად, იმავდროულად უზრუნველყოს პერსონალის მუდმივი ინფორმირებულობა ადგილობრივი საკანონმდებლო მოთხოვნების ცვლილებების შესახებ.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოსთვის მინიჭებული უფლებამოსილება, კომპანია გაათავისუფლოს დაკისრებული სანქციისაგან კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელის საფუძველზე, წარმოადგენს დისკრეციულ ნორმას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იგი ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, რამდენიმე გადაწყვეტილებიდან აირჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება; განსახილველ შემთხვევებში, საგადასახადო ორგანომ უნდა გადაწყვიტოს, დააკისროს თუ არა ძალზედ მაღალი ჯარიმები და სანქციები კომპანიას, რომელიც კეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობას საგადასახადო ორგანოს წინაშე. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას, პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა და დაკისრებული ზომები არ უნდა იწვევდეს ამ უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელ შეზღუდვას. შესაბამისად, უნდა შეფასდეს რა არის უფრო მნიშვნელოვანი - საჯარო ინტერესი, რომელსაც ზიანი მიადგა გადასახადების არ გადახდით, თუ კომპანიის ინტერესები, რომელმაც არ იცოდა და ვერც შეეძლო სცოდნოდა აღნიშნული დამატებით დარიცხული გადასახადების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლო 11.04.2012 წლის გადაწყვეტილებაში (საქმე № ბს-1655-1627(კ11)) განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანომ სახდელის დაკისრებისას უნდა გაითვალისწინოს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების წესები, მხედველობაში მიიღოს მისი პროპორციულობა და თანაზომიერება, სამართალდარღვევის შემამსუბუქებელი გარემოებები, სამართალდარღვევის სიმძიმე, სამართალდამრღვევის ჩამდენის პიროვნება, რაც საბოლოოდ განაპირობებს გამოყენებული სანქციის ადეკვატურობას. გარდა ამისა, სასამართლო მიუთითებს, რომ გადაწყვეტილებაში ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა მოიხსენიოს ის გარემოებები, მოსაზრებები და შეხედულებები, რასაც დაეყრდნო და მათ საფუძველზე დაასაბუთოს გადაწყვეტილების სისწორე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს აქვს სრული სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი გააუქმოს გადახდის ვადის დარღვევისთვის დაკისრებული საურავი. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, ითხოვს კომპანიისთვის დაკისრებული სანქციების გაუქმებას:

საურავი - 1 040 425.80 ლარი; ჯარიმა - 1 001 337.30 ლარი. იმედოვნებს, რომ წარდგენილი მტკიცებულებები წარმოადგენს საკმარის და კანონიერ საფუძველს კომპანიის მიერ მოთხოვნილი სანქციების დაუყოვნებლივ გასაუქმებლად.

საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის საფუძველზე, მიაჩნია რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო აქტები ქვემოთ მოყვანილი არგუმენტების საფუძველზე:

- შემოწმების მიერ გამოყენებული სატრანსფერო ფასწარმოქმნის მეთოდოლოგია დაფუძნებულია საიდუმლო ინფორმაციაზე, კერძოდ კი შპს „---ს“ კონკურენტი კომპანიების ტვირთბრუნვისა და არააუდირებულ მოგება-ზარალის მონაცემებზე, რომელიც შემოწმების მიერ გამოთხოვილია კომპანიებისგან;

- შემოწმების მიერ გამოყენებული ორი საბოლოო შესადარებელი კომპანია ფუნქციებით, რისკებითა და საერთაშორისო ხაზებთან გაფორმებული კონტრაქტების პირობების მიხედვით არათუ მნიშვნელოვნად განხვავდება შპს „----გან“, არამედ ერთმანეთისგანაც;

- შემოწმების მიერ არასწორად არის შერჩეული სატრანსფერო ფასწარმოქმნის მეთოდოლოგია;

გამოყენებული მეთოდოლოგიის ანალოგს სატრანსფერო ფასწარმოქმნის ვერცერთ საერთაშორისო სახელმძღვანელოში ვერ შეხვდებით;

- შემოწმების მიერ არ არის ახსნილი შედარებადობის ანალიზის ეტაპები და არ არის განმარტებული შესადარებლებად უარყოფილი კომპანიების მიზეზები;

- შემოწმების მიერ გაკეთებულ კალკულაციებში დაშვებულია ხარვეზები და მნიშვნელოვანი უზუსტობები; - კომპანიის მიერ მომზადებული სატრანსფერო ფასწარმოქნის დასკვნის საიმედოობა და შემოწმების მიერ დასკვნის უარყოფის არასაკმარისი მიზეზები;

- შპს „---ს“ წინა პერიოდის შემოწმების შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან. გამოყენებულია სრულიად განსხვავებული შეფასებები, მეთოდოლოგიები და დარიცხვის საფუძვლები, მაშინ როდესაც კომპანიის ფუნქციები, აქტივები და კონტროლირებული ოპერაციის პირობები არ შეცვლილა. საჩივრებში მითითებული დოკუმენტაცია, მათ შორის სააგენტო ხელშეკრულებები ხელმისაწვდომია საგადასახადო ორგანოსთვის, მათ შორის, მიწოდებული და წარდგენილია მომჩივნის 2021 წლის საგადასახადო შემოწმების ფარგლებში და მის საფუძველზე გამოცემული აქტების გასაჩივრების პროცესში, რომელიც მიმდინარე მდგომარეობით გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოში.

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების შედეგად მომჩივანს მოგების გადასახადში დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად, 1 001 337 ლარის ოდენობით. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2025 წლის №006-537 საგადასახადო მოთხოვნით საურავი 1 040 425.80 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული ჯარიმა/საურავი შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის არგუმენტს მოიცავს პირველი დავის საგანი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 18 დეკემბრის №423 ბრძანებით დამტკიცებული „საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ“ ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დამოუკიდებელი ოპერაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას შედარებადობის შესწორების შეტანის მიზნით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, როცა დამოუკიდებელი ოპერაციის დეტალები არ წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად და მასზე ინფორმაცის სხვა წყაროებიც არსებობს.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ შეცვლილია დარიცხვის საფუძველი და განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას არ არის გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდი. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ, შერჩეული 11 კომპანიიდან, შესადარისად არჩეულ იქნა მხოლოდ 2. კომპანიის წარმომადგენლების ანალიზით ამ ორი კომპანიის საქმიანობა არ გავს ერთმანეთს და მითუმეტეს, არც შპს „---ს“ საქმიანობას.

დავის დაწყებისთვის პირველი მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ მეთოდი რასაც ეფუძნება აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების შედეგები, წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას. აღნიშნულ კომპანიებზე ინფორმაცია არ იქნა მათთვის გამჟღავნებული არც სსიპ „---ს“ და არც სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მიერ, ასევე მონაცემები არ არის ასახული ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის გვერდზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ინფორმაციის არ არსებობის გამო კომპანია მოკლებულია შესაძლებლობას სრულად წარმოადგინოს არგუმენტები სადავო საკითხის შინაარსობრივ ნაწილზე და მეორე მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც ასევე არღვევს კანონმდებლობით დადგენილ წესს, არის ის შეფასების კრიტერიუმი, რომელიც გამოყენებულია საგადასახადო ორგანოს მიერ, კერძოდ შესადარისად სულ მცირე 6 კომპანია უნდა დადგინდეს, ნაცვლად 2-ის. მხოლოდ ორი შესადარებელი კომპანიის შესწავლა/გამოყენება საბაზრო დიაპაზონის ფორმირებისთვის მათემატიკურად არასაკმარისია და ვერ აკმაყოფილებს სანდოობის სტანდარტს. საერთაშორისოდ აღიარებული სატრანსფერო ფასწარმოქმნის პროგრამული უზრუნველყოფის უმეტესობა და სტატისტიკური მეთოდოლოგიები მოითხოვს მინიმუმ ხუთ ან ექვს მონაცემს სანდო ინტერკვარტილური დიაპაზონის გამოსათვლელად (ქვედა 25-ე პროცენტილისა და ზედა 75-ე პროცენტილის შედეგების გაფილტვრით). მათი განმარტებით საგადასახადო დავის დაწყებისას ეს ორი მნიშვნელოვანი პრობლემა დგას კომპანიის წინაშე.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის არგუმენტზე, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ თავდაპირველად გაანალიზდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დასკვნა და თუ რატომ არ მოხდა აღნიშნულ დასკვნაში ასახულ ინფორმაციაზე/მონაცემებზე დაყრდნობა, აღწერილია საგადასახადო შემოწმების აქტში. ამის შემდგომ, საგადასახადო ორგანოს მიერ შემოწმების ფარგლებში მოპოვებულია ინფორმაცია იგივე სფეროში, რომელშიც ოპერირებს შპს „---“, საქმიანობის განმახორციელებელ კომპანიებზე, რომლებიც წარმოადგენენ დიდი საერთაშორისო ხაზის აგენტებს და არიან საზღვაო ხაზისგან დამოუკიდებელი პირები. გაანალიზებულია აღნიშნული დამოუკიდებელი კომპანიების რეალური გარიგების კონტრაქტები, ასევე დადგენილია თუ როგორ არის დამოუკიდებელი ბიზნესი სტრუქტურირებული და რა არის მათი ძირითადი საოპერაციო საქმიანობა. აღნიშნული შედარდა შპს „---ს“ საოპერაციო საქმიანობას და ჩაითვალა, რომ ისინი არსებითად მსგავსია და საკმარის დონეზეა დაცული შედარებადობის სტანდარტი შესრულებული ფუნქციების, გამოყენებული აქტივების, ნაკისრი რისკების ფარგლებში.

დადგინდა, რომ აღნიშნულ სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ დამოუკიდებელ კომპანიებს შორის ანაზღაურების მოდელი არ წარმოადგენს შპს „---ს“ ანაზღაურების მოდელის მსგავსს და აღნიშნული ყველაზე ობიექტურად ასახავს შემოსავლის და საოპერაციო მოგების განაწილებას დამოუკიდებელ მხარეებს შორის. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები. განსახილველ შემთხვევაში, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტები და დავის საგნებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება, მოითხოვს დამატებით შესწავლას/შეფასებას შემოსავლების სამსახურის მიერ. ამდენად, სადავო საკითხებზე შემოსავლების სამსახურის 14.07.2026 წლის №16111 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება, უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 14.07.2026 წლის №16111 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

1. მოგების, რომელიც ოპერაციის დადგენილი პირობების საბაზრო პრინციპთან შესაბამისობის შემთხვევაში წარმოეშობოდა კომპანიას, მაგრამ საბაზრო პრინციპთან შეუსაბამობის გამო არ წარმოეშვა, მოგების გადასახადით დაბეგვრა;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის მიზნებისათვის, თუ საქართველოს საწარმო ახორციელებს ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ან კომერციულ ოპერაციას ურთიერთდამოკიდებულ საწარმოსთან, რომელიც არ არის საქართველოს საწარმო, თითოეული ასეთი საწარმო განსაზღვრავს თავისი დასაბეგრი მოგების ოდენობას საბაზრო პრინციპის შესაბამისად. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ოპერაციის დადგენილი პირობები არ შეესაბამება საბაზრო პრინციპს, ნებისმიერი ოდენობის მოგება, რომელიც ოპერაციის დადგენილი პირობების საბაზრო პრინციპთან შესაბამისობის შემთხვევაში წარმოეშობოდა რომელიმე საწარმოს, მაგრამ საბაზრო პრინციპთან შეუსაბამობის გამო არ წარმოეშვა, შეიძლება ჩართულ იქნეს ამ საწარმოს დასაბეგრ მოგებაში და დაიბეგროს შესაბამისად. ვინაიდან, საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს საქმიანობის შედეგები არ შეესაბამება საბაზრო პრინციპს, მოგება, რომელიც ოპერაციის დადგენილი პირობების საბაზრო პრინციპთან შესაბამისობის შემთხვევაში წარმოეშობოდა მომჩივანს, მაგრამ საბაზრო პრინციპთან შეუსაბამობის გამო არ წარმოეშვა, დაბეგრილ იქნა მოგების გადასახადით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება:

საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტები და დავის საგნებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება, მოითხოვს დამატებით შესწავლას/შეფასებას შემოსავლების სამსახურის მიერ. ამდენად, სადავო საკითხებზე შემოსავლების სამსახურის №16111 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება, უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 127 (3); 39; 269 (7).