ბრძანება N 11418
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 11418
25 მაისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს------- (ს/ნ ---------------)
(მის.: ----------------------------)
2026 წლის 30 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 7 მაისის სხდომაზე (ოქმი №37) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) 2026 წლის 30 აპრილის №102083/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 20 მარტის №---- „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფართების რეალიზაციით მიღებული შემოსავალის დაბეგვრას. აცხადებს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ არის დასაბუთებული. გაურკვეველია თუ რის გამო იქნა დარიცხული თანხები. გადამხდელი ითხოვს შემოწმებით დარიცხული თანხების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 3 თებერვლის №2079 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „-----“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2023 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 11 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 20 მარტის №6063 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №----- საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 325 340 ლარი, მათ შორის, გადასახადი 200 411 ლარი, ჯარიმა 100 206 ლარი და საურავი 24 724 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
შპს „-----“ აქვს ერთი დასრულებული პროექტი ქ. -----.
გადასახადის გადამხდელთან შედგა კომუნიკაცია, წარმოადგინა დოკუმენტაცია, ხოლო საბუღალტრო პროგრამაში აღრიცხვას არ აწარმოებს. შესამოწმებელ პერიოდში შპს „-----“ მიერ შპს „------ (ს/ნ -----) და შპს „-----“ (ს/ნ -----) რეალიზებული და გადაფორმებულია ავტოსადგომები და სხვა ფართები. შემოსავლების სამსახურის გადასახადის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, საჯარო რეესტრის და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ ფართების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი სრულად არ არის დეკლარირებული. შემოწმების მიერ, ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებული თანხები, რომლებზეც როგორც მყიდველი, ასევე, გამყიდველი აფიქსირებენ ხელმოწერით, რომ თანხა სრულადაა გადახდილი, ჩაითვალა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ს და 161-ე მუხლების მიხედვით, შპს „----“ (ს/ნ -----) დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
ამასთან, ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად (არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლები ჩაითვალა მიღებულად, ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი გადახდილად) ნაშთად დარჩენილი თანხა მიჩნეულ იქნა სალაროზე პასუხისმგებელი პირის, დირექტორის მიერ გატანილად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, აღნიშნული განაცემი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელს შპს „----“ (ს/ნ -----) და შპს „----“ (ს/ნ -----) რეალიზებული და გადაფორმებული აქვს ავტოსადგომები და სხვა ფართები. შემოსავლების სამსახურის გადასახადის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, საჯარო რეესტრის და გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილი დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ ფართების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი გადამხდელს სრულად არ აქვს დეკლარირებული.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებული თანხები, რომლებზეც როგორც მყიდველი, ასევე, გამყიდველი აფიქსირებენ ხელმოწერით, რომ თანხა სრულადაა გადახდილი, მართლზომიერად დაიბეგრა დღგ-ით. აგრეთვე, მართლზომიერად განხორციელდა შემოწმებით ფულის ნაშთის განსაზღვრა და აღნიშნული ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
შემოსავლების სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფართების რეალიზაციით მიღებული შემოსავალის დაბეგვრას. გადამხდელი ითხოვს შემოწმებით დარიცხული თანხების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანის მიერ სხვა შპს-ებზე რეალიზებული და გადაფორმებულია ავტოსადგომები და სხვა ფართები. ირკვევა, რომ ფართების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი სრულად არ არის დეკლარირებული. შემოწმების მიერ, ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებული თანხები, რომლებზეც როგორც მყიდველი, ასევე, გამყიდველი აფიქსირებენ ხელმოწერით, რომ თანხა სრულადაა გადახდილი, ჩაითვალა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. შპს-ს დაერიცხა დღგ და ჯარიმა. ამასთან, ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად (არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლები ჩაითვალა მიღებულად, ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი გადახდილად) ნაშთად დარჩენილი თანხა მიჩნეულ იქნა სალაროზე პასუხისმგებელი პირის, დირექტორის მიერ გატანილად. აღნიშნული განაცემი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:159;163(1,2);164(1,73(9);101(1);154(1);