ბრძანება N 10152

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.05.2023
№ დოკუმენტი 10152
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 10152

10.05.2023

ი/მ ----------- (ს/ნ -----------)

(მის.: ----------------)

2023 წლის 12 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა განიხილა ი/მ ----------- (ს/ნ ---------) №80339/1/2023 საჩივარი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 6 აპრილის №CB1457092 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე. აღნიშნული საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 აპრილის სხდომაზე (ოქმი №44).

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ ზესტაფონში, თამარ მეფის 76-ში იჯარით აღებულ ფართში ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. აქვს სწრაფი კვების ობიექტი, სადაც დასაქმებული ჰყავს 5 ადამიანი. 2023 წლის 6 აპრილს საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლების მიერ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, რა დროსაც შედგენილ იქნა სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და დაჯარიმდა 200 ლარით.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ ობიექტი განთავსებულია თბილისი-ზესტაფონი-ბათუმის გზაზე და საქმიანობა დამოკიდებულია გამვლელი ტურისტების ვიზიტზე, რაც ბოლო პერიოდში შეაფერხა რიკოთის მონაკვეთზე არსებულმა საგზაო პრობლემებმა (მეწყერის გამო დაკეტილი არის გზა). აღნიშნულის გამო შემცირდა შემოსავალი და ობიექტს აქვს ფინანსური კრიზისი, მათ შორის უჭირს დღეის მდგომარეობით დაქირავებული თანამშრომლების ხელფასით უზრუნველყოფა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმის გაფრთხილებით შეცვლას.

ფაქტობრივი გარემოებები:

როგორც სადავო ოქმის შინაარსიდან ირკვევა, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 29 მარტის №6257 ბრძანების საფუძველზე ი/მ ----------- (პ/ნ -----------) ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, რა დროსაც მომხმარებლის მიერ შეძენილი იქნა 6.50 ლარის ღირებულების საქონელი (შეთავაზებულ იქნა 15 ლარის ღირებულების. იმერული ლობიანი, იმერული ხაჭაპური, კოკა-კოლა და ა.შ.). ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის უშუალოდ განმახორციელებელი პირის მიერ შესაბამისი მონაცემები არ აღრიცხულა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით და არ იქნა ამობეჭდილი საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკი. აღნიშნულიდან გამომდინარე შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1457092 და სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მესამე ნაწილით სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 259-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ საქონლის/მომსახურების მიწოდების დროს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შესაბამისი მონაცემები აღირიცხება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანების მე-20 მუხლის მეორე და მეოთხე პუნქტების თანახმად, პირი ვალდებულია მომხმარებლის მიერ მისთვის მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის ღირებულების ანაზღაურებისას, შესაბამისი მონაცემების აღსარიცხავად გამოიყენოს საკონტროლო სალარო აპარატი; საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა გულისხმობს იმ შემთხვევას, როდესაც პირს გააჩნია საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატი, რომელიც შეტანილია რეესტრში, საკონტროლოსალარო აპარატზე ჩართულია ფისკალური მეხსიერება, მაგრამ მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას არ ხდება ვაჭრობის/მომსახურების ყველა ოპერაციაზე საკონტოლო-სალარო აპარატის გამოყენება, რაც, თავის მხრივ, მოიცავს იმ მომენტს, რომ მომხმარებლისგან ყოველ ფულის მიღებაზე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა კანონმდებლობის შესაბამისად ასეთი ოპერაცია ან პირი თავისუფლდება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისაგან) საკონტროლოსალარო აპარატში ამობეჭდილი უნდა იყოს ჩეკი. საკონტოლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობად არ მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც საკონტროლო-სალარო აპარატის შეკეთების პერიოდში (არა უმეტეს 7 კალენდარული დღისა) მომხმარებლებთან ნაღდი ფულადი ანგარიშსწორება წარმოებს სარეზერვო საკონტროლო-სალარო აპარატის მეშვეობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 273-ე ან 281-ე მუხლით, 286-ე მუხლის პირველი ან მე-11 ნაწილით ან 2885 ან 291-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედებები ჩადენილია განმეორებით) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად ჩაითვლება, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში. ამასთანავე, ამ კოდექსის 281-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ პირმა ამავე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები ჩაიდინა ერთსა და იმავე დღეს, ტერიტორიულად განცალკევებულ ობიექტებზე.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი წარმოადგენს განმეორებით შემთხვევას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ი/მ ------------ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლების მიერ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, რა დროსაც შედგენილ იქნა სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და გადამხდელი დაჯარიმდა 200 ლარით.

მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმის გაფრთხილებით შეცვლას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, რა დროსაც მომხმარებლის მიერ შეძენილი იქნა 6.50 ლარის ღირებულების საქონელი (შეთავაზებულ იქნა 15 ლარის ღირებულების. იმერული ლობიანი, იმერული ხაჭაპური, კოკა-კოლა და ა.შ.). ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის უშუალოდ განმახორციელებელი პირის მიერ შესაბამისი მონაცემები არ აღრიცხულა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით და არ იქნა ამობეჭდილი საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკი. აღნიშნულიდან გამომდინარე შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 259(2), 269, 270, 281(3).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 994 ბრძანება.