გადაწყვეტილება №22396/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.08.2024
№ დოკუმენტი 22396/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22396/2/2024

15 აგვისტო 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“- ის 26.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22396/2/2024).

 

დავის საგანი:

გაწეული ხარჯების გათვალისწინება საგადასახადო ვალდებულების გაანგარიშებისას.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.11.2023 წლის №006-590 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2.02.2024 წლის №1817 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 31 050 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 16 516

ჯარიმა - 8 258

საურავი - 6 276

 

სადავო საკითხები:

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 3.08.2021 წლიდან 17.03.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 17.11.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საგადასახადო შემოწმების ფარგლებში მოხდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, საგამოძიებო სამსახურის და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის ანალიზი და დადგინდა, რომ საწარმომ 2021 წლის ზაფხულის სეზონის პერიოდში მიიღო 85 956 ლარის შემოსავალი, რისთვისაც გაწია სხვადასხვა ხარჯი (იჯარის ღირებულება, ზედნადებით შეძენილი პროდუქტი).

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 22 მარტის №5655 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურის ფარგლებში შედგენილი ახსნა-განმარტებისა და ოქმის შედეგებით დადგინდა, რომ საწარმოს ამ პერიოდისთვის სალარო არ გააჩნია, შესაბამისად, სალაროს ნაშთი ნულის ტოლია. შემოწმებით არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე, განისაზღვრა საწარმოს ფულის ნაშთი. შემოწმების პროცესში გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე 154-ე და 81-ე მუხლების მიხედვით გაანგარიშებული ფულადი სახსრები ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 28.11.2023 წლის №29437 ბრძანება და №006-590 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2.02.2024 წლის №1817 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 72-ე მუხლის პირველი ნაწილით.

გადამხდელის პოზიციასთან, იჯარის და სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი საქონლის ხარჯის გათვალისწინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ შემოწმების პროცესში გათვალისწინებულია ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, მათ შორის იჯარის და სასაქონლო ზედნადებებით გაწეული ხარჯები.

იმის გათვალისწინებით, რომ საწარმომ 2021 წლის ზაფხულის სეზონის პერიოდში მიიღო 85 956 ლარის შემოსავალი, რისთვისაც გაწია სხვადასხვა ხარჯი (იჯარის ხარჯი, სასაქონლო ზედნადებით შეძენილი პროდუქტის ხარჯი), ხოლო შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 22 მარტის №5655 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული მიმდინარე კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს სალაროს ნაშთი ნულის ტოლია, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გაანგარიშებული ფულადი სახსრების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცია განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გაუგებარია აუდიტის დეპარტამენტის მიერ რატომ განხორციელდა ასე ხელოვნურად არასწორად დათვლა. მოგახსენებთ, რომ ბანკების ამონაწერების და სალარო აპარატის მიხედვით, შემოსული თანხის ჯამი შეადგენს 84 462.65 ლარს და არა როგორც ეს აუდიტის დეპარტამენტმა დათვალა და მიუთითა 85 956 ლარი. საქართველოს ბანკიდან შემოვიდა - 12 310.78 ლარი, თიბისი ბანკიდან 72 151.87 ლარი. აქედან იჯარის სახით კომპანიას ოფიციალურად აქვს გადახდილი 3333.33 ლარი. სასაქონლო ზედნადებების შესაბამისად, გაწეული ხარჯი შეადგენს 16 535.08 ლარს. შესაბამისად, ხარჯმა ჯამში შეადგინა 16 535.08+3333.33 ლარი= 19 868.41 ლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ შემოსავალს 84 462.65 ლარს, უნდა გამოაკლდეს გაწეული ხარჯი 19 868.41 ლარი და დასაბეგრი თანხა შეადგენს 64 594.24 ლარს, ხოლო დასაბეგრი თანხის საშემოსავლო გადასახადი ჯამში გამოდის 64 594.24 ლარის 20%, რაც შეადგენს 12 918.84 ლარს. აუდიტის დეპარტამენტმა კი მიუთითა, რომ აღნიშნულ შემთხვევაში საშემოსავლოს თანხა შეადგენს 16516 ლარს, რაც გაუგებარია როგორ დათვალა. თითქოს კომპანიას ხარჯი საერთოდ არ ქონია. რაც შეუძლებელია მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე.

შესაბამისად ამ მონაცემების თანხმად, არასწორად აქვს აუდიტის დეპარტამენტს დათვლილი საშემოსავლო გადასახადის თანხა, რაც ნაცვლად დათვლილი ოდენობისა, რომელიც შეადგენს საშემოსავლო გადასახადის ნაწილში 12 918.84 ლარს, ნაცვლად 16 516 ლარისა. აღნიშნული მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის ხელოვნურ დაინტერესება აქვს. გამომდინარე აღნიშნულიდან, ასაჩივრებს დარიცხვის ოდენობის ნაწილში აქტს და ითხოვს გადასახადის თანხის შემცირებას 16 516 ლარიდან 12 918. 84 ლარამდე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

შემოწმებისას დადგინდა, რომ საწარმომ 2021 წლის ზაფხულის სეზონის პერიოდში მიიღო 85 956 ლარის შემოსავალი, რისთვისაც გაწია სხვადასხვა ხარჯი (იჯარის ღირებულება, ზედნადებით შეძენილი პროდუქტი). შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 22 მარტის №5655 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურის ფარგლებში შედგენილი ახსნა-განმარტებისა და ოქმის შედეგებით დადგინდა, რომ საწარმოს ამ პერიოდისთვის სალარო არ გააჩნია, შესაბამისად, სალაროს ნაშთი ნულის ტოლია. შემოწმებით არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე, განისაზღვრა საწარმოს ფულის ნაშთი. შემოწმების პროცესში გამოვლენილი ფულადი სახსრები ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განისაზღვრა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის გათვალისწინებით. მომჩივანმა ზოგადად ისაუბრა და ვერ შეძლო კონკრეტული არგუმენტის დასახელება ან დოკუმენტურად დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენა, რაც მისი არგუმენტის გათვალისწინების, შესაბამისად, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ხელფასად ჩათვლილი თანხების დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების გათვალისწინებით განსაზღვრის შესახებ და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გაწეული ხარჯების გათვალისწინება საგადასახადო ვალდებულების გაანგარიშებისას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებისას დადგინდა, რომ საწარმომ 2021 წლის ზაფხულის სეზონის პერიოდში მიიღო 85 956 ლარის შემოსავალი, რისთვისაც გაწია სხვადასხვა ხარჯი (იჯარის ღირებულება, ზედნადებით შეძენილი პროდუქტი). შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 22 მარტის №5655 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურის ფარგლებში შედგენილი ახსნა-განმარტებისა და ოქმის შედეგებით დადგინდა, რომ საწარმოს ამ პერიოდისთვის სალარო არ გააჩნია, შესაბამისად, სალაროს ნაშთი ნულის ტოლია. შემოწმებით არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე, განისაზღვრა საწარმოს ფულის ნაშთი. შემოწმების პროცესში გამოვლენილი ფულადი სახსრები ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ხელფასად ჩათვლილი თანხების დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების გათვალისწინებით განსაზღვრის შესახებ და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 105; 154(1„ა“); 275.