გადაწყვეტილება №16543/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 21.07.2023
№ დოკუმენტი 16543/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№16543/2/2022

21 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: სს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს ---ს 10.05.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №16543/2/2022).

 

დავის საგანი:

დასაბეგრი ქონების ღირებულების განსაზღვრა საბაზრო ფასით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2021 წლის №081-406 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 21.04.2022 წლის №10243 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: (- 139 841) ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - (- 141 304)

დღგ - (-31 102)

ქონების გადასახადი - (- 110 202)

ჯარიმა - 1 463

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 18.08.2021 წლის №26820 ბრძანებით დაინიშნა სს ---ს (ს/ნ ---) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 1.03.2018 წლიდან 1.07.2021 წლამდე პერიოდები, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 14.03.2019 წლის №6075 და 13.09.2019 წლის №31633 ბრძანებებით შესწავლილი საკითხებისა.

აუდიტის დეპარტამენტის 3.11.2021 წლის №34537 ბრძანებით შეტანილია ცვლილება ამავე დეპარტამენტის 18.08.2021 წლის №26820 ბრძანებაში და დაემატა 21 პუნქტი, რომელიც ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

21 . მასთან შერწყმული საწარმოს სს ---ის (ს/ნ ---) (----) დამოუკიდებლად ფუქნციონირების ნაწილში შემოწმდეს 1.08.2018 წლიდან 25.11.2020 წლამდე (შერწყმამდე) საანგარიშო პერიოდები, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 21.03.2019 წლის №6731, 27.11.2019 წლის №41405 და 27.05.2019 წლის №16841 ბრძანებებით მოცული საკითხებისა.

შემოწმების შედეგები ასახულია აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2021 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში არსებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ გადამხდელის საკუთრებაში არსებული ძირითადი საშუალებების ღირებულება ქონების გადასახადის მიზნებისთვის მკვეთრად განსხვავდება მათი საბაზრო ფასისგან. სს ---ის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა, რომლითაც ხდება უძრავი ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრა.

საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე, თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:

ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;

ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.

საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-2 ნაწილს რაც შეეხება, თუ რა შემთხვევაში არ ხდება საბაზრო ფასის გამოყენება:

ა) საწარმოზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას გადაფასების მეთოდის გამოყენებით აღრიცხვას და აქვს აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება. ამასთანავე, აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ 4 წლის ვადით;

ბ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო საწარმოებზე.

სს --- არ იყენებს გადაფასების მეთოდს და არც საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საწარმოს წარმოადგენს, ამასთან საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით დარეგულირებული შემთხვევების გათვალისწინების შესაბამისადაც არ ეხება საბაზრო ფასის გამოყენების შეზღუდვა.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებისა და საერთაშორისო სტანდარტების (ფასს 13) გათვალისწინებით პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხა ქონების გადასახადი.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2021 წლის №081-406 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 21.04.2022 წლის №10243 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (საჩივარი 10.05.2022 წელს წარმოდგენილია ელექტრონულად (№16543/2/2022), აგრეთვე საჩივარი წარმოდგენილია კანცელარიაში 13.05.2022 წელს (რეგისტრაციის №82692/01), ხოლო 14.07.2022 წელს ელექტრონულად წარმოდგენილია (№17154/2/2022) დაზუსტებული საჩივარი).

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, 202-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და 41 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებზე და 922 მუხლზე.

შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ღირებულება ქონების გადასახადის მიზნებისთვის მკვეთრად განსხვავდება მათი საბაზრო ფასისაგან. სს --- არ იყენებს გადაფასების მეთოდს და არც საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საწარმოს წარმოადგენს, ასევე არ ეხება საბაზრო ფასის გამოყენების შეზღუდვა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით დარეგულირებული შემთხვევების გათვალისწინებით.

აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შემოწმებისას უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით გამოყენებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომლის მიხედვით, ვინაიდან შენობის ექსპლუატაციაში მიღების წელი ემთხვევა საგადასახადო შემოწმების პერიოდს, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 922 მუხლის შესაბამისად დასაბეგრი ქონების ღირებულება საბაზრო ფასით არ უნდა განსაზღვრულიყო.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 922 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში, საგადასახადო ორგანო ქონების დასაბეგრ ღირებულებას არ განსაზღვრავს საბაზრო ფასით, თუმცა განსახილველ შემთხვევაში, სს ---მა ---- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მიიღო პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზების ნასყიდობის 3.06.2015 წლის №----ხელშეკრულების საფუძველზე. ხოლო ა(ა)იპ ----ის 23.07.2020 წლის №01-03/95 ბრძანების მიხედვით, სს ---ის სახელზე ექსპლუატაციაში იქნა მიღებული --- ქ. №----ში მდებარე 20 495 მ 2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის საფუძველზე აშენებული მრავალფუნქციური ობიექტი საერთო ფართით 80 413,6 მ 2 . საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული შესამოწმებელი პერიოდი მოიცავს 1.08.2018 წლიდან 25.11.2020 წლამდე საანგარიშო პერიოდს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან დასაბეგრი ქონება არ წარმოადგენს დაუმთავრებელ მშენებლობას, ამასთან, აღნიშნული ქონება გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის შეძენილი შესამოწმებელ პერიოდში და ასევე, არ ფიქსირდება დასაბეგრი ქონების გადაფასება, სახეზე არ გვაქვს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 922 მუხლით განსაზღვრული შემთხვევა, რა დროსაც დასაბეგრი ქონების ღირებულება საგადასახადო შემოწმების მიერ არ უნდა განსაზღვრულიყო საბაზრო ფასით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან მიმართებაში მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი საჩივარში (№16543/2/2022 და №82692/01) მიუთითებს, რომ სს ---მ, რომლის უფლებამონაცვლე გახლდათ სს ---, 3.06.2015 წლის №--- ხელშეკრულების თანახმად, პირობითი აუქციონის გზით მიიღო ---ს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი. შეთანხმებისამებრ სს ---ს უნდა განეხორციელებინა 21 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია, კერძოდ ---- საკადასტრო კოდზე. აღნიშნული პროექტი წარმატებით და ყველა პირობის დაცვით იქნა დასრულებული სს ---ის მიერ 23.07.2020 წელს, რაც დასტურდება ა(ა)იპ ---ს 23.07.2020 წლის №01-03/95 ბრძანებით. მშენებლობა მიმდინარეობდა ---ს წინაშე შესასრულებელი ვალდებულებების გათვალისწინებით, რასაც მოწმობს დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიების მიერ გაკეთებული აუდიტორული დასკვნები, კერძოდ 13.05.2020 წელს განხორციელდა ინვესტიციების შესრულების დადასტურების აუდიტი, რომელიც განხორციელდა აუდიტორულ კომპანია შპს ---ის (ს/ნ ---- SARAS F-----) მიერ.

აუდიტის პროცესში განხილული იქნა ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებები და მათზე დართული/დაკავშირებული დოკუმენტაცია, ----ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზების ნასყიდობის 3.06.2015 წლის №--- ხელშეკრულების ყველა რედაქცია და მასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტები.

---ს N---ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკადასტრო კოდებით --- გადაცემის თაობაზე თანხმობის ----3.04.2018 წლის №01-01- 10/1145 წერილში უწყების მხრიდან თანხმობა დაკავშირებული იყო ---ს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზების ნასყიდობის 3.06.2015 წლის №--- ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობათა ქონების მიმღებ მხარეზე სრულად გადაცემის პირობა.

აუდიტის დასკვნის შეჯამებაში მითითებულია, რომ „2020 წლის 31 იანვრის მდგომარეობით,---- საკადასტრო კოდზე ინვესტიციის ფარგლებში გაწეულმა საერთო ხარჯმა (დღგ-ის გარეშე), რომელიც ჩვენს მიერ იქნა გადამოწმებული და დადასტურებული, შეადგინა 21 578 783 აშშ დოლარის ექვივალენტი 59 563 444 ლარი, რაც აღემატება ---ს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზების ნასყიდობის 3.06.2015 წლის №--- ხელშეკრულების 2.1.9 პუნქტით დადგენილი 19 000 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის და 2.1.13 პუნქტით განსაზღვრული 1 000 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის საინვესტიციო მოცულობით ძირითად პროექტის (2.1.9 პუნქტი) გაზრდის (გადაცემული „ქონების“ მიმდებარედ არსებული არხის „ქონების“ საკადასტრო საზღვრის გასწვრივ მდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სანაცვლოდ) გათვალისწინებით საინვესტიციო ვალდებულებას 20 000 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარს.

ხარჯვითი ნაწილის ექსპერტიზის დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ---ის საკუთრებაში არსებული ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზების ნასყიდობის 3.06.2015 წლის №--- ხელშეკრულებით საინვესტიციო მოცულობის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულება სს ---ის მიერ შესრულებულია და შეადგენს 21 578 783 აშშ დოლარს.

განსახილველ შემთხვევაში, შენობის მშენებლობა დასრულდა 2020 წლის ივლისში და იმავე თვეში იქნა მიღებული ექსპლუატაციაში, ამ არგუმენტის გათვალისწინებით, უმართებულო იყო საბაზრო ფასის განსაზღვრა. ---ის ---- ეთანხმება ინვესტიციების განხორციელების სისწორეს და სისრულეს. კომპანია მუდმივად გადიოდა თავისი ხარჯების ექსპერტიზას.

ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ შენობის საკუთარი სახსრებით მშენებლობა უფრო იაფი უჯდება ბიზნესს ვიდრე მზა შენობის შეძენა. საგადასახადო ორგანოს მიერ სს ---მის საკუთარი ძალებით აშენებული შენობის თვითღირებულების მოდელის შეცვლა ექსპლუატაციაში შესვლის წლიდანვე, მასზე სარეალიზაციო 1 კვ. მ. ფასის მიყენება და ქონების აფასება ყოვლად მიუღებელი და სამართლებრივ ჩარჩოებს აცდენილია. ბიზნესი „ჯარიმდება“, რადგან მან საკუთარი სახსრებით აიშენა შენობა და თვითღირებულების მოდელით ხელმძღვანელობს მაშინ, როდესაც არ არსებობს შეზღუდვები შენობის საკუთარი ძალით მშენებლობისა და თვითღირებულების მოდელის გამოყენებაში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 922 მუხლის შესაბამისად განსაზღვრულია შემთხვევები, რომელთა არსებობის დროსაც, დასაბეგრი ქონების ღირებულება არ განისაზღვრება საბაზრო ფასით, კერძოდ: საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება საგადასახადო ორგანოს მიერ არ განისაზღვრება საბაზრო ფასით შემდეგ შემთხვევებში:

ა) დაუმთავრებელ მშენებლობაზე;

ბ) ქონებაზე, რომელთან მიმართებაშიც გადასახადის გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, სარგებლობს ქონების გადასახადის ნაწილში საგადასახადო შეღავათით;

გ) დასაბეგრ ქონებაზე, რომელიც გადაფასებულია არანაკლებ 3-წლიანი პერიოდულობით და გადაფასება (საბაზრო შეფასება) სრულად მოიცავს შესამოწმებელ საგადასახადო პერიოდებს (წლებს);

დ)დასაბეგრ ქონებაზე, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილია შესამოწმებელ პერიოდში;

ე) კაპიტალში შენატან დასაბეგრ ქონებაზე, რომელიც შეტანამდე გადაფასებული იქნა წინა მესაკუთრის (პარტნიორის) მიერ და ასეთი გადაფასებიდან ჯამურად არ არის გასული 3 წელი.

სს ---მ ექსპლუატაციაში მიიღო ქონება, რომელიც დასტურდება ა(ა)იპ --ის 23.07.2020 წლის №01-03/95 ბრძანებით. სწორედ, შენობის ექსპლუატაციაში მიღების წელი ემთხვევა შემოწმების პერიოდს, კერძოდ გადასახადის დარიცხვის წელს, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 922 მუხლის არსებობას.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 298-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭილია კანონიერების პრინციპით, რაც გულისხმობს უფლებამოსილების განხორციელებას მხოლოდ კანონის საფუძველზე და დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

კანონიერების პრინციპი ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს გამოიკვლიოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და დაეცვა დაინტერესებული პირის კანონიერი ინტერესი. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების კანონიერად წარმართვა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თანასწორობის პრინციპის დაცვაზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მიხედვით, იმისთვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. მოცემულ საქმეზე მართლაც იქნებოდა მიღებული სხვაგვარი გადაწყვეტილება მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს სრულყოფილად რომ გამოეკვლიათ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები.

განსახილველ შემთხვევაში დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96- ე და 97-ე მუხლების ნორმები/პრინციპები.

გასაჩივრებულ ნაწილში უნდა შეჩერდეს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების მოქმედება წინამდებარე დავის განხილვის დასრულებამდე.

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 184-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-11 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, შუამდგომლობა ქმნის დასაბუთებული ეჭვის საფუძველს გასაჩივრებული აქტების კანონიერებაზე და ასევე მათი გადაუდებელი აღსრულებით მოხდება განმცხადებლის კანონიერი ინტერესები არსებითი დაზიანება, რის გამოც წინამდებარე შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

მომჩივანი 14.07.2022 წელს წარმოდგენილ დაზუსტებულ საჩივარში აღნიშნავს, რომ როგორც შემმოწმებელი საგადასახადო შემოწმების აქტში მიუთითებს, მათ მიერ განხორციელდა საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის თანახმად ქონების ღირებულების შეფასება, თუმცა საგადასახადო შემოწმების აქტი არ შეიცავს არგუმენტირებულ დასაბუთებას აღნიშნული ქონების შეფასების ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების თაობაზე.

მოქმედი კანონმდებლობით საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილება ენიჭება გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით მხოლოდ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ხოლო „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულია, რომ ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც საგადასახადო ორგანოს წარმოეშვა უფლებამოსილება გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით, თუ:

ა) დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას;

ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასების შედეგად გამოანგარიშებული დასაბეგრი ქონების ღირებულება აღემატება ამ ქონების საბაზრო ფასს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში საბაზრო ფასი არ გამოიყენება, თუ:

ა) დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი არაუმეტეს 10%-ით აღემატება მის საბალანსო ღირებულებას;

ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასების შედეგად გამოანგარიშებული დასაბეგრი ქონების ღირებულება არაუმეტეს 10%-ით აღემატება ამ ქონების საბაზრო ფასს.

სს ---მა 3.06.2015 წლის №--- ხელშეკრულების თანახმად პირობითი აუქციონის გზით მიიღო ---ს ---ს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი. შეთანხმებისამებრ, კომპანიას უნდა განეხორციელებინა 21 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია. აღნიშნული პროექტი წარმატებით და ყველა პირობის დაცვით იქნა შესრულებული სს ---ის მიერ 23.07.2020 წელს, რაც დასტურდება ---ის ბრძანებით. მშენებლობა მიმდინარეობდა ---ს წინაშე შესასრულებელი ვალდებულებების გათვალისწინებით, რასაც მოწმობს დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიების დასკვნები. ხარჯვითი ნაწილის ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს, რომ საინვესტიციო მოცულობის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულება სს ---ის მიერ შესრულებულია და შეადგენს 21 578 783 მლნ აშშ დოლარს.

კომპანიის მიერ ვალდებულების შესრულება და შენობის ექსპლუატაციაში გადაცემა განხორციელდა 2020 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდში. კომპანიას აღნიშნული შენობა ბალანსზე აღრიცხული ჰქონდა მასზე გაწეული დანახარჯების მიხედვით, თვითღირებულებით და ქონების თვითღირებულება დადასტურებულია როგორც ექსპერტიზის დასკვნებით, ასევე საინვესტიციო ვალდებულების შესრულებით. შესაბამისად, კატეგორიულად არ ვეთანხმებით შემმოწმებელთა შეფასებას და 2020 წელს ექსპლუატაციაში გადაცემულ ქონებასთან მიმართებაში საბაზრო ფასის გამოყენებას, ვინაიდან აღნიშნული ქონება ექსპლუატაციაში გადაცემულია 2020 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდში, შესაბამისად, 2020 წლის ივლისამდე აღნიშნული შენობა წარმოადგენდა მშენებარე ობიექტს. მოქმედი კანონმდებლობით კი, დაუშვებელია მშენებარე ობიექტის შეფასება.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 922 მუხლის მიხედვით, საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება საგადასახადო ორგანოს მიერ დაუმთავრებელ მშენებლობაზე არ განისაზღვრება საბაზრო ფასით.

ზემოაღნიშნულის შესაბამისად, კატეგორიულად არ ვეთანხმებით მშენებარე ობიექტზე საბაზრო ფასის გამოყენებას და მით უმეტეს ქონების საბაზრო ღირებულებით განსაზღვრის შემთხვევაშიც კი აღნიშნულის მიხედვით სრულ საანგარიშო პერიოდზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას. ანუ, თუ დავუშვებთ, რომ შემმოწმებელს ჰქონდა შესაძლებლობა ქონების გადასახადის მიზნებისთვის ქონების საბაზრო ღირებულებით შეფასების და შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისა, აღნიშნული უნდა განხორციელებულიყო მხოლოდ ქონების ექსპლუატაციაში გადაცემიდან ძირითადი საშუალების მიმართ, რეორგანიზაციამდე საანგარიშო პერიოდის პროპორციულად. განსახილველ შემთხვევაში არსებობს ერთიდაიგივე ქონებაზე ქონების გადასახადით დაბეგვრის ორი ობიექტი, ერთი - დაუმთავრებელი მშენებლობის ღირებულება, აღნიშნული შენობის ექსპლუატაციაში გადაცემამდე, რომლის მიმართაც შეზღუდულია საბაზრო ფასის გამოყენების შესაძლებლობა. ხოლო მეორე დაბეგვრის ობიექტის - ძირითადი საშუალების, ქონების ექსპლუატაციაში გადაცემის მომენტიდან რეორგანიზაციამდე საანგარიშო პერიოდში. ექსპლუატაციაში გადაცემული ძირითადი საშუალების მიმართ, დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით შეფასებისას ადგილი აქვს მთელი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აღნიშნული ქონების საბაზრო ფასით დაბეგვრას, თუმცა ძირითადი საშუალება, როგორც ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი, მხოლოდ ექსპლუატაციაში გადაცემის თარიღიდან რეორგანიზაციის თარიღამდე პერიოდში არსებობდა. შესაბამისად, კატეგორიულად არ ვეთანხმებით შემმოწმებლის მიდგომას და მიმდინარე საგადასახადო წლის განმავლობაში ექსპლუატაციაში გადაცემული დაუმთავრებელი მშენებლობის საბაზრო ღირებულებით შეფასებას და აღნიშნულის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას.

ასევე, კომპანიას საკუთრებაში გააჩნია მცირე ფართობის კომერციული ფართები ჯამში 1 247 კვადრატული მეტრი. შემმოწმებლის მიერ აღნიშნული ფართების შესაფასებლად გამოყენებული იქნა სხვა კომპანიის საკუთრებაში არსებული ქონების, ---ის შეფასების თაობაზე დასკვნა. ამასთან აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ქონების დასკვნა შედგენილია ---- კომპანიის მიერ, ხოლო დასკვნის სანდოობა და მართებულობა აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ გადამოწმებულა. შესაბამისად, კატეგორიულად არ ვეთანხმებით სხვა პირის საკუთრებაში არსებული ქონების შეფასების დასკვნის გამოყენებას სს ---ის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე. მით უმეტეს იმ გარემოებით, რომ ---- კომპანიის დასკვნა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ვერ იქნება სარწმუნო, რამდენადაც „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულია, რომ საშემფასებლო საქმიანობის განხორციელების უფლება საქართველოში ენიჭება მხოლოდ იმ პირს, რომელშიც დასაქმებულია აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებული შემფასებელი. შეფასების განხორციელების და შეფასების ანგარიშზე/დასკვნაზე ხელის მოწერის უფლება ენიჭება აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებულ შემფასებელს.

ამდენად, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შემოსავლების სამსახურისთვის სარწმუნო საშემფასებლო დასკვნა უნდა გამხდარიყო მხოლოდ აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებული შემფასებელის მიერ გაცემული დასკვნა და იმ გარემოების გამო, რომ არ არსებობს კომპანიის საკუთრებაში არსებულ ქონებებზე გაცემული დასკვნა არამართებულია --- კომპანიის მიერ გაცემული დასკვნის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა.

შემოწმების შედეგად ქონების გადასახადით დასაბეგრი ქონების ღირებულების განსაზღვრა მოხდა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებით, ანუ ქონების გადასახადის დარიცხვა განხორციელდა ქონების ღირებულებაზე დღგ-ის ჩათვლით. ქონების ღირებულებაში არ უნდა იქნეს გათვალისწინებული დღგ-ის თანხა და გადასახადის დარიცხვა უნდა განხორციელდეს ქონების ღირებულებაზე დღგ-ის გარეშე.

ამასთან, ქონების გადასახადის მიზნებისთვის მნიშვნელოვანია, რომ საწარმოს ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების (მათ შორის, უძრავი ქონების) საბალანსო ღირებულება არსებითად არ განსხვავდებოდეს მათი რეალური ღირებულებისაგან საგადასახადო წლის ბოლოს, რასაც უზრუნველყოფს ბასს 16-ით რეკომენდებული გადაფასების მოდელის გამოყენება, რომელიც ითვალისწინებს ბალანსზე თავდაპირველად თვითღირებულებით (შეძენისას გადახდილი დღგ-ის თანხის გარეშე) ასახული დასაბეგრი ქონების შემდგომში ასახვას გადაფასებული (აფასებული ან ჩამოფასებული) თანხით, რომელიც გადაფასების მომენტისათვის არსებული აქტივის რეალური ღირებულების ტოლია, შემდგომში დაგროვილი ცვეთისა და დაგროვილი გაუფასურების ზარალის თანხების გამოკლებით.

ის გარემოება, რომ აქტივის რეალური ღირებულება მოიცავს ამ აქტივის მიწოდების ფასზე დანამატის სახით დადგენილ დღგ-ის თანხას, არ ცვლის საბალანსო ღირებულების განსაზღვრის წესს, რომლის თანახმად, ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხული აქტივის ღირებულება არ მოიცავს დღგ-ის კომპონენტს.

შესაბამისად, როდესაც საწარმოს გააჩნია აუდირებული ფინანსური ანგარიშგება, ამ ანგარიშგებაში დასაბეგრი უძრავი ქონების საბალანსო ღირებულება ასახულია საბაზრო ფასით დღგ-ის გარეშე, და მოქმედი კანონმდებლობა განსაზღვრავს, რომ ამ საწარმოს საგადასახადო შემოწმებისას არ წარმოიშობა დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის საფუძველი. შესაბამისად, ქონების გადასახადით დაბეგვრის მიზნებისთვის მოქმედი კანონმდებლობა საგადასახადო ორგანოს მიერ საბაზრო ფასის გამოყენების შემთხვევას უთანაბრებს გადასახადის გადამხდელის მიერ გადაფასების მოდელის გამოყენებას. კომპანიების, რომლებსაც გააჩნიათ ფინანსური ანგარიშგება და იყენებენ გადაფასების მოდელს მათზე არ ვრცელდება ქონების საბაზრო ღირებულებით განსაზღვრის წესი. შესაბამისად, ქონების გადასახადით დასაბეგრი ღირებულების პრინციპი ვერ იქნება განსხვავებულად განსაზღვრული იმ პირებისთვის, ვისაც არ გააჩნია აუდირებული ფინანსური ანგარიშგება და არ იყენებს გადაფასების მოდელს. ამდენად, ვინაიდან ნორმათა ერთობლიობით ცალსახად დგინდება, რომ ქონების გადასახადით დასაბეგრი ქონების ღირებულება არ მოიცავს დღგ-ს, ყოვლად უსაფუძვლოა შემოწმების შედეგად ქონების გადასახადის დარიცხვა აქტივის ღირებულებაზე დღგ-ის ჩათვლით.

სს --- რეორგანიზაციის შედეგად, 25.11.2020 წელს შეერწყა სს ---ს. საგადასახადო შემოწმების აქტის გაანგარიშებით კი დგინდება, რომ 2020 წლის საანგარიშო პერიოდის ქონების გადასახადი სრულად დარიცხული აქვს სს ---ს, მიუხედავად იმისა, რომ სს---ს რეორგანიზაციის შედეგად სს ---სთან შერწყმა განხორციელებულია 25.11.2020 წელს. შესაბამისად, სს --- დამოუკიდებლად ფუნქციონირებდა რეორგანიზაციამდე და მის მიერ საგადასახადო ვალდებულებები მიუხედავად წლის განმავლობაში არასრული პერიოდის არსებობისა, უნდა განხორციელებულიყო დამოუკიდებლად, კომპანიის არსებობის პერიოდის პროპორციულად, ნაცვლად შემოწმებით დარიცხული სრული საანგარიშო პერიოდისა.

საგადასახადო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეორგანიზებული საწარმოს/ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს და საგადასახადო დავალიანებას გადაიხდის მისი უფლებამონაცვლე ამ კოდექსით დადგენილი წესით. ხოლო, ამავე კოდექსის 205-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, თუ გადასახადის გადამხდელი საწარმო/ორგანიზაცია მხოლოდ არასრული კალენდარული წლის განმავლობაში არსებობს, იგი ქონებაზე გადასახადს იხდის ამ პერიოდის პროპორციულად.

შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სს --- 2020 წლის საანგარიშო პერიოდში დამოუკიდებლად ფუნქციონირებდა 25.11.2020 წლამდე, საგადასახადო ვალდებულებები რეორგანიზაციამდე საანგარიშო პერიოდში კომპანიას წარმოეშობა დამოუკიდებლად მხოლოდ არსებობის საანგარიშო პერიოდის პროპორციულად და საგადასახადო ვალდებულებების დაკისრება სრული წლის მიხედვით სს ---ზე წარმოადგენს კანონმდებლობის უხეშ დარღვევას და სს ---ს 2020 წლის საანგარიშო პერიოდის ქონების გადასახადის ვალდებულებები უნდა განესაზღვროს მისი არსებობის პროპორციულად, 25.11.2020 წლამდე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2020 წლამდე მოქმედი რედაქციით, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.

საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის 1.01.2020 წლიდან მოქმედი რექციით, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.

საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი, მე-2 და 41 ნაწილების თანახმად:

1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).

2. დასაბეგრი ქონების ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასება არ ვრცელდება:

ა) საწარმოზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას გადაფასების მეთოდის გამოყენებით აღრიცხავს და აქვს აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება.

ამასთანავე, აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ 4 წლის ვადით;

ბ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო საწარმოებზე.

4 1 . საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით.

აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:

ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;

ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 922 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება საგადასახადო ორგანოს მიერ არ განისაზღვრება საბაზრო ფასით დაუმთავრებელ მშენებლობაზე.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში ასახული გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული ძირითადი საშუალებების ღირებულება ქონების გადასახადის მიზნებისთვის მკვეთრად განსხვავდება მათი საბაზრო ფასისგან. სს ---ს საკუთრებაში არსებულ ქონებაზე გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა, რომლითაც ხდება უძრავი ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრა. სს --- არ იყენებს გადაფასების მეთოდს და არც საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საწარმოს წარმოადგენს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით დარეგულირებული შემთხვევების გათვალსწინების შესაბამისად არ ეხება საბაზრო ფასის გამოყენების შეზღუდვა.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ სს ---მა 3.06.2015 წლის №---- ხელშეკრულების თანახმად პირობითი აუქციონის გზით მიიღო ---ს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი. კომპანიას უნდა განეხორციელებინა 21 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია. აღნიშნული პროექტი წარმატებით და ყველა პირობის დაცვით იქნა შესრულებული სს ---ის მიერ 23.07.2020 წელს, რაც დასტურდება ---ის ბრძანებით. ხარჯვითი ნაწილის ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს, რომ საინვესტიციო მოცულობის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულება სს ---ის მიერ შესრულებულია და შეადგენს 21 578 783 მლნ აშშ დოლარს. კომპანიის მიერ ვალდებულების შესრულება და შენობის ექსპლუატაციაში გადაცემა განხორციელდა 2020 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდში. კომპანიას აღნიშნული შენობა ბალანსზე აღრიცხული ჰქონდა მასზე გაწეული დანახარჯების მიხედვით, თვითღირებულებით და ქონების თვითღირებულება დადასტურებულია როგორც ექსპერტიზის დასკვნებით, ასევე საინვესტიციო ვალდებულების შესრულებით. შესაბამისად, კატეგორიულად მიუღებელია 2020 წელს ექსპლუატაციაში გადაცემულ ქონებასთან მიმართებაში საბაზრო ფასის გამოყენებას, ვინაიდან აღნიშნული ქონება ექსპლუატაციაში გადაცემულია 2020 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდში, შესაბამისად, 2020 წლის ივლისამდე აღნიშნული შენობა წარმოადგენდა მშენებარე ობიექტს. მოქმედი კანონმდებლობით კი, დაუშვებელია მშენებარე ობიექტის შეფასება. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, კატეგორიულად მიუღებელია მშენებარე ობიექტზე საბაზრო ფასის გამოყენება.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოქმედი კანონმდებლობა ზღუდავს საგადასახადო ორგანოს, ქონების გადასახადით დასაბეგრი ობიექტის განსაზღვრისას საბაზრო ფასი გამოიყენოს დაუმთავრებელ მშენებლობაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ დაუმთავრებელი მშენებლობის საბაზრო ფასის განსაზღვრის თაობაზე მომჩივნის მიერ საბჭოში წარმოდგენილ საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 21.04.2022 წლის №10243 ბრძანება;

3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დასაბეგრი ქონების ღირებულების განსაზღვრა საბაზრო ფასით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2021 წლის №081-406 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 21.04.2022 წლის №10243 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოქმედი კანონმდებლობა ზღუდავს საგადასახადო ორგანოს, ქონების გადასახადით დასაბეგრი ობიექტის განსაზღვრისას საბაზრო ფასი გამოიყენოს დაუმთავრებელ მშენებლობაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ დაუმთავრებელი მშენებლობის საბაზრო ფასის განსაზღვრის თაობაზე მომჩივნის მიერ საბჭოში წარმოდგენილ საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: ; 201; 202 (2;4).

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლი.