ბრძანება N 10723

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.05.2025
№ დოკუმენტი 10723
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 10723

27 მაისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ს“ (ს/ნ ---)

(მის: ---) 2025 წლის 10 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 16 მაისის სხდომაზე (ოქმი №40) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) №95019/1/2025 საჩივარი, რომელიც ეხება 2025 წლის 10 მარტის №EL278533 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2025 წლის 6 მარტს მოთხოვა ტვირთის იმპორტის დეკლარირება და დანართის სახით ატვირთულ დოკუმენტაციაში მითითებულ იქნა შეკვეთილი საქონლის რაოდენობა და ღირებულება. აღნიშნულის საფუძველზე დარეგისტრირდა საბაჟო დეკლარაცია №---- და განისაზღვრა „წითელი დერეფანი“. შემოწმებისას დადგინდა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ნაცვლად 100 კვ.მ გრანიტისა, დალაგებული იყო 247 კვ.მ., რის გამოც კომპანიას შეეფარდა სანქცია 5293,74 ლარი. მომჩივნის მითითებით, სამართალდარღვევა გამოწვეულია მისგან დამოუკიდებელი მიზეზით და კომპანიის მიზანი არ ყოფილა გადასახადის შემცირება და თავის არიდება. შეკვეთილი იყო 100 კვ.მ გრანიტი და არ იყო ცნობილი სატრანსპორტო საშუალებაზე ზედმეტი ტვირთის არსებობის შესახებ. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული სანქციის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 6 მარტს შპს „---ს“ (ს/ნ ---) მიერ №--- საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით დეკლარირებულ იქნა ორი სახეობის გრანიტი (ინვოისი №9023). კერძოდ: ინვოისის პირველ პოზიციაზე 60 მ 2 წონით 11 600 კგ (ზომა - 20*40 სმ) საინვოისო ღირებულებით 1440 აშშ დოლარი და მეორე პოზიციაზე 40 მ 2 , წონით 9900კგ (ზომა 200*150 სმ) საინვოისო ღირებულებით 760 აშშ დოლარი. აღნიშნული დეკლარაციისთვის მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალება „eCustoms“-ის მიერ განისაზღვრა „წითელი დერეფანი“. გაფორმების ეკონომიკური ზონა „---ის“ უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება და საქონლის დათვალიერება, რის შედეგად გამოვლინდა, რომ ინვოისის მეორე პოზიციაზე დეკლარირებული გრანიტი (ზომა 200*150 სმ) არ შეესაბამებოდა რეალურად არსებულს. კერძოდ კი 1მ2 გრანიტის წონა ინვოისის მიხედვით უნდა ყოფილიყო 247,5 კგ, რეალურად აღმოჩნდა, რომ 1მ2 იწონიდა 52,8 კგ-ს, ხოლო რაოდენობა ნაცვლად 40 მ 2 აღმოჩნდა 187,2 მ 2 . საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2025 წლის 10 მარტის №002288/2025 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 247,2 მ 2 (21 500 კგ) გრანიტის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 5250 აშშ დოლარი. არადეკლარირებული 147,2 მ 2 (7 782 კგ) გრანიტის საბაჟო ღირებულება კი განისაზღვრა 1900 აშშ დოლარით, რამაც ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით შეადინა 5293,74 ლარი.

ვინაიდან შპს „---ს“ (ს/ნ ---) მიერ ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანას საბაჟო კონტროლისგან მალულად და ასევე, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება აღემატებოდა დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების 5%-ს, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, გაფორმების ეკონომიკური ზონა „----ის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 10 მარტს შედგენილი №EL278533 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შპს „---ს“ (ს/ნ ---) შეეფარდა ჯარიმა 5 293.74 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნული საქონელი 2025 წლის 10 მარტის №--- საქონლის საბაჟო დეკლარაციით გაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს. ამავე კოდექსის მე-6 მუხლი ადგენს: საბაჟო ფორმალობა არის დაინტერესებული პირის ან/და საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესასრულებლად განსახორციელებელი სავალდებულო ქმედება; საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ საქონლის საქართველოს საბაჟო ერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანაში. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია. მომჩივნის მოთხოვნაზე, ქმედების საპატიოდ ჩათვლასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. კანონმდებლის მიზანია, საბაჟო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს სამართალდამრღვევი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული სანქციის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება და საქონლის დათვალიერება, რის შედეგად გამოვლინდა, რომ ინვოისის მეორე პოზიციაზე დეკლარირებული გრანიტი (ზომა 200*150 სმ) არ შეესაბამებოდა რეალურად არსებულს. კერძოდ კი 1მ2 გრანიტის წონა ინვოისის მიხედვით უნდა ყოფილიყო 247,5 კგ, რეალურად აღმოჩნდა, რომ 1მ2 იწონიდა 52,8 კგ-ს, ხოლო რაოდენობა ნაცვლად 40 მ2 აღმოჩნდა 187,2 მ2 . საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 247,2 მ 2 (21 500 კგ) გრანიტის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 5250 აშშ დოლარი. არადეკლარირებული 147,2 მ 2 (7 782 კგ) გრანიტის საბაჟო ღირებულება კი განისაზღვრა 1900 აშშ დოლარით, რამაც ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით შეადინა 5293,74 ლარი. ვინაიდან მომჩივნის მიერ ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანას საბაჟო კონტროლისგან მალულად და ასევე, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება აღემატებოდა დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების 5%-ს, პირს შეეფარდა ჯარიმა 5 293.74 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:168 (1).