გადაწყვეტილება №21641/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 22.03.2024
№ დოკუმენტი 21641/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21641/2/2023

22 მარტი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 18.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21641/2/2023).

 

დავის საგანი:

დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის აუსახველობისთვის დაკისრებული ჯარიმა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 22.11.2023 წლის №CB1555464 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 5.12.2023 წლის №30408 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 200 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 22.11.2023 წლის №CB1555464 სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, განხორციელდა მომჩივნის „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა, რომელის დროსაც გამოვლინდა, რომ მომჩივნის მიერ დარღვეულ იქნა საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები. კერძოდ, დაქირავებულ პირთა რეესტრში არ იყო შეყვანილი ობიექტზე მყოფი დაქირავებული 1 მომუშავე პირი (----------).

დასაქმებულის დაქირავებულ პირთა რეესტრში ინფორმაციის აუსახველობისთვის მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლით განსაზღვრული სანქცია - ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.

სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 5.12.2023 წლის №30408 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების 112 მუხლის მე-2 პუნქტზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის №994 ბრძანების 3719 მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებზე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 2885 მუხლზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის პასუხისმგებელი პირი აღნიშნული მომენტისთვის იყო საბანკო ოპერაციის შესასრულებლად და ადგილზე დატოვებული ყავდა შვილი. ყველა შემთხვევაში უნდა იყოს თანამშრომელთა რეესტრში აღრიცხული ყველა პირი, ვინც არის ობიექტზე, მაგრამ იმ მომენტისთვის ვერ მოხერხდა შეტანა მონაცემების.

ისიგრძეგანებენ სიტუაციას, რომ უნდა მოეხდინა შეტანა რეესტრში და ითხოვს გათვალისწინებულ იქნას და არ დაჯარიმდეს, ვინაიდან მისნაირი პატარა ობიექტისთვის ეს ჯარიმაც ძალიან მძიმედ აწვება ბიუჯეტზე. არ განმეორდება ასეთი სიტუაცია, ითხოვს გათვალისწინებულ იქნას და გაუქმდეს ზემოაღნიშნული ჯარიმა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, ასევე შეასრულოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები.

საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით. ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია დამქირავებელმა უნდა ასახოს დაქირავებულ პირთა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს შემოსავლების სამსახური. დაქირავებულ პირთა რეესტრში ასასახი ინფორმაციის ნუსხა და ინფორმაციის ასახვის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 3719 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლისას, თუ გამოვლინდა დაქირავებულ ფიზიკურ პირთა შესახებ არასწორი ინფორმაცია, აღნიშნული გამოიწვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას.

საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლის თანახმად, პირის მიერ დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა − იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ დაქირავებულ პირზე 200 ლარის ოდენობით.

დადგენილია, რომ მომჩივანს დაქირავებულ პირთა რეესტრში არ ჰქონდა ასახული ინფორმაცია ერთი დაქირავებული პირის შესახებ, რაზეც შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

მომჩივნის განმარტებით, კომპანიის პასუხისმგებელი პირი აღნიშნული მომენტისთვის იყო საბანკო ოპერაციის შესასრულებლად და ადგილზე დატოვებული ყავდა შვილი. ყველა შემთხვევაში უნდა იყოს თანამშრომელთა რეესტრში აღრიცხული ყველა პირი, ვინც არის ობიექტზე, მაგრამ იმ მომენტისთვის ვერ მოხერხდა მონაცემების შეტანა. ითხოვს არ დაჯარიმდეს, ვინაიდან მისნაირი პატარა ობიექტისთვის ეს ჯარიმაც ძალიან მძიმედ აწვება ბიუჯეტზე.

საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვისას საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მომჩივნის მხრიდან ჩადენილი სამართალდარღვევა წარმოადგენს პირველ შემთხვევას.

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევებისათვის (გარდა განმეორებით ჩადენილი ქმედებებისა) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად, უნდა შეეფარდოს გაფრთხილება.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 5.12.2023 წლის №30408 ბრძანება;

3. ნაწილობრივ გაუქმდეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 22.11.2023 წლის №CB1555464 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

4. მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად, შეეფარდოს გაფრთხილება;

5. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად; 6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის აუსახველობისთვის დაკისრებული ჯარიმა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანს დაქირავებულ პირთა რეესტრში არ ჰქონდა ასახული ინფორმაცია ერთი დაქირავებული პირის შესახებ, რაზეც შეეფარდა საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმა. მომჩივნის განმარტებით, კომპანიის პასუხისმგებელი პირი აღნიშნული მომენტისთვის იყო საბანკო ოპერაციის შესასრულებლად და ადგილზე დატოვებული ყავდა შვილი. ყველა შემთხვევაში უნდა იყოს თანამშრომელთა რეესტრში აღრიცხული ყველა პირი, ვინც არის ობიექტზე, მაგრამ იმ მომენტისთვის ვერ მოხერხდა მონაცემების შეტანა. ითხოვს არ დაჯარიმდეს, ვინაიდან მისნაირი პატარა ობიექტისთვის ეს ჯარიმაც ძალიან მძიმედ აწვება ბიუჯეტზე. საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვისას საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მომჩივნის მხრიდან ჩადენილი სამართალდარღვევა წარმოადგენს პირველ შემთხვევას.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად, უნდა შეეფარდოს გაფრთხილება.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 2885; 270(7).