გადაწყვეტილება №20423/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 08.12.2023
№ დოკუმენტი 20423/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20423/2/2023

08 დეკემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ "------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------"-ს 31.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20423/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 18.03.2022 წლის №6824 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №227-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 4.07.2023 წლის №15709 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 179 072 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 576 228

საშემოსავლო გადასახადი - 576 212

ქონების გადასახადი - 16

ჯარიმა - 288 209

საურავი - 314 635

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა შავი და ფერადი ლითონების ჯართის შეძენა და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 3.07.2020 წლის №"------" წერილით საგადასახადო ორგანოს ეცნობა, რომ საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა მომჩივნის მიერ ფიზიკური პირებისგან შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების (შესყიდვის აქტები) გაყალბების ფაქტი.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ, საგამოძიებო სამსახურის აღნიშნული წერილის და დადგენილების საფუძველზე, ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 31.01.2017 წლიდან 2.07.2020 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2020 წლის 22 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზების მონაცემებით გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება მხოლოდ დოკუმენტური რეალიზაციები. წარდგენილი საბუღალტრო მონაცემების, დოკუმენტაციის ანალიზით და მომჩივნის ახსნა-განმარტებებიდან გაირკვა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია ფულადი საშუალებები, სასაქონლომატერიალური ფასეულობები და დებიტორ-კრედიტორული დავალიანებები.

ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შედგა ფულადი საშუალებების მოძრაობის ანგარიში, რის შედეგადაც მიღებული დადებითი სხვაობა, რომლის გასვლა ან/და არსებობა რაიმე დოკუმენტით ან ჩანაწერით არ დასტურდებოდა, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, განხილულ იქნა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად იმ თვეებზე გადანაწილებით, როცა კომპანიას უფიქსირდებოდა ფულის დადებითი ნაშთი, საშუალო წლიური საკასო ხარჯის 10%-იანი ოდენობის გათვალისწინებით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. ამასთან, განაცემთა შესახებ ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენისათვის, თვეების მიხედვით, საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის საფუძველზე დაეკისრა ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 30.09.2020 წლის №29481 ბრძანება და №227-45 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 1.12.2020 წლის №35601 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

- საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმები განხილული იქნა ერთ სამართალდარღვევად და აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შეფარდებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად განისაზღვრა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 1.12.2020 წლის №35601 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 26 იანვრის დასკვნის მიხედვით, შემცირებას დაექვემდებარა ჯარიმა სულ 2 000 ლარი, აღნიშნულზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2021 წლის №227-1 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 27.04.2021 წლის №12748 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 15.10.2021 წლის №13067/2/2021 გადაწყვეტილებით საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საბჭოს 2021 წლის 15 ოქტომბრის №13067/2/2021 გადაწყვეტილების საფუძველზე, საჩივარი ხელახლა იქნა განხილული და შემოსავლების სამსახურის 18.03.2022 წლის №6824 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, იმ შემთხვევაში, როდესაც სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში დადგენილი არ არის გადასახადის გადამხდელის მიერ კონკრეტული დოკუმენტის გაყალბების ფაქტი, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განსაზღვროს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, კერძოდ, დაადგინოს ფიზიკური პირებისგან შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (ჯართის) ღირებულება, ამასთან, საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად (ამ მუხლის ამოქმედების შემდგომ პერიოდში ფიზიკური პირებისგან შეძენილი სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან მიმართებით), განახორციელოს გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის დაკავება და აღნიშნულის გათვალისწინებით, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 18.03.2022 წლის №6824 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 1 თებერვლის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 1 032 979 ლარით, მის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №227-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 4.07.2023 წლის №15709 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 მარტის №6824 ბრძანების შესაბამისად განხორციელდა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით განსაზღვრა. კერძოდ, იმ შემთხვევებში, როდესაც სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში დადგენილი არ იყო გადასახადის გადამხდელის მიერ კონკრეტული დოკუმენტის გაყალბების ფაქტი, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის №0256 სიტუაციურ სახელმძღვანელოზე დაყრდნობით. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, შემოწმებამ იხელმძღვანელა ზემოაღნიშნული სიტუაციური სახელმძღვანელოთი, რადგან გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი შესყიდვის აქტები მოიცავდა მხოლოდ 2017 წელს, ხოლო დანარჩენ 2018, 2019, 2020 წლებში მინიმალური ფასის დადგენა წარდგენილ დოკუმენტებზე დაყრდნობით ვერ განხორციელდებოდა, ზემოაღნიშნული გადაანგარიშების შედეგად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები შემცირდა სულ 1 032 979 ლარით, მათ შორის, გადასახადი 688 652 ლარით, ხოლო ჯარიმა 344 327 ლარით. ამასთან, გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი გარემოება, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშების შედეგად, იმ შესყიდვებზე, რომლებზედაც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე და აუდიტორების ინფორმაციით დადგენილია დოკუმენტის გაყალბების ფაქტი, საერთოდ არ მოხდა შესყიდვის ხარჯის გათვალისწინება. დანარჩენ შესყიდვებზე, რომლებიც არ დასტურდება შემოწმების მიზნებიდან გამომდინარე ან არასრულფასოვნად არის შესყიდვის აქტი შედგენილი, ხარჯების განსაზღვრა მოხდა სიტუაციური სახელმძღვანელო №0256- ის გათვალისწინებით 75%. არ მომხდარა დოკუმენტურად დადასტურებული (სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი და რეალიზებული) ფასნამატის გავრცელება.

შემოწმების აქტში მითითებული სიყალბის ფაქტზე სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ არსებობს. ამავე დროს, უტყუარად არის დადგენილი, რომ რეალურად გაყიდულია საქონელი, რომელიც შეძენილი იყო და საგადასახადო შემოწმების მიზანია სწორედ შესამოწმებელ პერიოდში შეძენის გამოსაქვითი ხარჯების დადგენა. თუ ხარჯების დადგენა ხდება არაპირდაპირ მეთოდით, არ იქნა სრულად გათვალისწინებული კომპანიის მიერ წარდგენილი შეძენის დოკუმენტები, მაშინ არაპირდაპირი მეთოდი უნდა იქნეს გავრცელებული ყველა დაუდასტურებელ შესყიდვაზე, მიუხედავად იმისა რომელ მათგანზეა სადაო გაყალბება.

ასევე აღსანიშნავია, რომ შემმოწმებელმა აუდიტორებმა დაადგინეს დოკუმენტური შეძენა რეალიზაციიდან ფასნამატი 2.5%. აღნიშნული ფასნამატიდან გამომდინარე, მოხდა შესყიდვების გადანაწილება რეალიზაციის პერიოდის მიხედვით, მაგრამ ხარჯების გამოქვითვისას გაითვალისწინეს მხოლოდ შესყიდვის ხარჯის 75% სიტუაციური სახელმძღვანელო №0256 მიხედვით. მიაჩნია, რომ №0256- ში უპირველეს ყოვლისა მითითებულია შესყიდვის უმცირესი ფასის გათვალისწინება, ხოლო იმ შემთხვევებში, როდესაც შეძენის ფასი ვერ დგინდება 25% ფასნამატი, ანუ 75%-ის ხარჯებში გათვალისწინება. მათ შემთხვევაში, შემმოწმებლებმა დადგინეს ფასნამატი 2.5%, აღნიშნულ ფასნამატზე დაყრდნობით მოახდინეს გაანგარიშება და დაბეგვრის მიზნებისთვის მხოლოდ 75% იქნა ხარჯებში გათვალისწინებული. შემმოწმებელი აუდიტორები დაეთანხმებიან, რომ მათ შემთხვევაში 25%-იანი ფასნამატი არარეალურია. საქონლის სარეალიზაციო ფასნამატი შეადგენს 2.5%-3%-მდე და 25%-იანი რენტაბელობით დარიცხვის განხორციელება მძიმე ტვირთია.

მომჩივანი ითხოვს აუდიტორებს მიეცეთ მითითება, არაპირდაპირი მეთოდით ხარჯები გადაანგარიშდეს ყველა დაუდასტურებელ შეძენებზე, მიუხედავად იმისა, სავარაუდო სიყალბეა გამოვლენილი თუ არა. ხარჯებში, გათვალისწინებული 75%-ის ნაცვლად, გათვალისწინებული იქნეს დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი და ის გავრცელდეს ყველა დაუდასტურებელ შესყიდვებზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში და რომ დავების განხილვის საბჭოს 15.10.2021 წლის №13067/2/2021 გადაწყვეტილებით საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა რა შემოსავლების სამსახურს, ამავე სამსახურის 2022 წლის 18 მარტის №6824 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, იმ შემთხვევაში, როდესაც სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში დადგენილი არ არის გადასახადის გადამხდელის მიერ კონკრეტული დოკუმენტის გაყალბების ფაქტი, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განსაზღვროს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, კერძოდ, დაადგინოს ფიზიკური პირებისგან შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (ჯართის) ღირებულება, ამასთან, საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად (ამ მუხლის ამოქმედების შემდგომ პერიოდში ფიზიკური პირებისგან შეძენილი სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან მიმართებით), განახორციელოს გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის დაკავება და აღნიშნულის გათვალისწინებით, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული 2023 წლის 1 თებერვლის დასკვნის მიხედვით შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 1 032 979 ლარით, ხოლო ხსენებული დასკვნით ირკვევა შემდეგი:

- დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კერძოდ, იმ შემთხვევებში, როდესაც სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში დადგენილი არ არის გადასახადის გადამხდელის მიერ კონკრეტული დოკუმენტის გაყალბების ფაქტი, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის №0256 სიტუაციურ სახელმძღვანელოზე დაყრდნობით კერძოდ, დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაციის 75%-ის ოდენობით. აღნიშნულის გათვალისწინებით, განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

- საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის საფუძველზე, განხორციელდა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის დაკავება. შესაბამისად დაკორექტირდა აქტით დარიცხული თანხები.

ამასთან, აღნიშნულზე დამატებით, აუდიტის დეპარტამენტი 16.10.2023 წლის №"------" წერილით წარმოდგენილ ინფორმაციში აღნიშნავს, რომ დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განსაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, იხელმძღვანელა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოთი, კერძოდ 25% რენტაბელობის საფუძვლით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი შესყიდვის აქტები მოიცავდა მხოლოდ 2017 წელს, ხოლო დანარჩენ 2018, 2019, 2020 წლებში მინიმალური ფასის დადგენა წარდგენილ დოკუმენტებზე დაყრდნობით ვერ განხორციელდებოდა.

მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, აღნიშნავს, რომ თუ ხარჯების დადგენა ხდება არაპირდაპირ მეთოდით, არ იქნა სრულად გათვალისწინებული კომპანიის მიერ წარდგენილი შეძენის დოკუმენტები, მაშინ არაპირდაპირი მეთოდი უნდა იქნეს გავრცელებული ყველა დაუდასტურებელ შესყიდვაზე, მიუხედავად იმისა რომელ მათგანზეა სადავო გაყალბება. დაბეგვრის მიზნებისთვის მხოლოდ 75% იქნა ხარჯებში გათვალისწინებული. მათ შემთხვევაში 25%-იანი ფასნამატი არარეალურია. საქონლის სარეალიზაციო ფასნამატი შეადგენს 2.5%-3%-მდე და 25%-იანი რენტაბელობით დარიცხვის განხორციელება მძიმე ტვირთია. ითხოვს არაპირდაპირი მეთოდით ხარჯები გადაანგარიშდეს ყველა დაუდასტურებელ შეძენებზე, მიუხედავად იმისა, სავარაუდო სიყალბეა გამოვლენილი თუ არა. ხოლო, ხარჯებში გათვალისწინებული 75%-ის ნაცვლად, გათვალისწინებული იქნეს დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი და ის გავრცელდეს ყველა დაუდასტურებელ შესყიდვებზე.

ამგვარად, მომჩივანი სადავო გარემოებად ასევე მიუთითებს გარემოებას, რაც შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 მარტის №6824 ბრძანებით არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სასამარლო პროცესი მიმდინარეობს, დირექტორმა აღიარა საქონლის გარკვეულ რაოდენობაზე დოკუმენტების გაყალბება, მაგრამ რჩება დოკუმენტების რაოდენობა რომელზეც სიყალბე არ დასტურდება, ამდენად ასეთ შემთხვევებზე 75%-ის ხარჯად ჩათვლა არასწორია. ზემოაღნიშნულზე არსებობს სასამართლოს განჩინება, ბოლო სხდომა ჩანიშნულია უახლოეს მომავალში და საქმე რომელიც ჯერ კიდევ დასრულებული არ არის, ანუ გამოძიება დასრულებული არ არის, განხორციელდა გადაანგარიშება კვლავ იმ დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომელიც აუდიტორს გააჩნდა შემოწმების პროცესში.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის არგუმენტზე, რომ სიყალბესთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურის მიერ დადებულია კონკრეტული დასკვნა, რომელიც ცვლის შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს და აღნიშნული შემმოწმებლისათვის ცნობილი ვერ იქნებოდა, რადგან შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

საბჭო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 4.07.2023 წლის №15709 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს არაპირდაპირი მეთოდით ხარჯების გადაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შედგა ფულადი საშუალებების მოძრაობის ანგარიში, რის შედეგადაც მიღებული დადებითი სხვაობა, რომლის გასვლა ან/და არსებობა რაიმე დოკუმენტით ან ჩანაწერით არ დასტურდებოდა, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, განხილულ იქნა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად იმ თვეებზე გადანაწილებით, როცა კომპანიას უფიქსირდებოდა ფულის დადებითი ნაშთი, საშუალო წლიური საკასო ხარჯის 10%-იანი ოდენობის გათვალისწინებით.გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა. ამასთან, განაცემთა შესახებ ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენისათვის, თვეების მიხედვით, საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის საფუძველზე დაეკისრა ჯარიმა.

- საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმები განხილული იქნა ერთ სამართალდარღვევად და აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შეფარდებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად განისაზღვრა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

შემოსავლების სამსახურის 1.12.2020 წლის №35601 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 26 იანვრის დასკვნის მიხედვით, შემცირებას დაექვემდებარა ჯარიმა სულ 2 000 ლარი, აღნიშნულზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2021 წლის №227-1 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, იმ შემთხვევაში, როდესაც სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში დადგენილი არ არის გადასახადის გადამხდელის მიერ კონკრეტული დოკუმენტის გაყალბების ფაქტი, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განსაზღვროს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, კერძოდ, დაადგინოს ფიზიკური პირებისგან შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება, ამასთან, საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად, განახორციელოს გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის დაკავება და აღნიშნულის გათვალისწინებით, დარიცხული თანხების კორექტირება.

 

გადაწყვეტილება

მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(5),133(3),275,291.