გადაწყვეტილება №21193/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.02.2024
№ დოკუმენტი 21193/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 21193/2/2023

28 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----------31.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21193/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 მარტის №5978 ბრძანების აღსრულების შედეგები

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 3.05.2023 წლის №001-72 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 5.09.2023 წლის №21716 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 7 680 616 ლარი.

მათ შორის

გადასახადი - 4 439 697

დღგ - 1 739 697

საშემოსავლო გადასახადი - 2 700 000

ჯარიმა - 2 219 948

საურავი - 1 020 971

 

ფაქტების აღწერა

საწარმოს საქმიანობაა მალფუჭებადი საქონლის ( ----------) იმპორტი და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე, ასევე მცირე რაოდენობით ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი აქვს ნუში და კეშიუ.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 23.02.2021 წლიდან 1.08.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 16.09.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 3 145 206 ლარს (დღგ-ის გარეშე). საწარმოს დირექტორის ზეპირი განმარტებით (წერილობითი პოზიცია არ წარმოუდგენია) შესამოწმებელ პერიოდში სამეურნეო

ოპერაციები ბუღალტრულად არ აქვს აღრიცხული, შესაბამისად შემოწმების შედეგად შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ: შესამოწმებელ პერიოდში ( ----------), თითოეულ თვეში შეძენილი და რეალიზებული საქონლის რაოდენობების მიხედვით გაანგარიშებული იქნა დოკუმენტების გარეშე თვის ბოლოს არსებული საქონლის ნაშთის რაოდენობა, რომელიც ჩაითვალა იმავე თვეში რეალიზებულად (მომდევნო თვეში შეძენილი და რეალიზებული საქონლის რაოდენობების გათვალისწინებით) კონკრეტული თვის დოკუმენტური საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასით, ხოლო ნუში და კეშიუს დოკუმენტური რეალიზაცია არ ფიქსირდებოდა, შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში გავრცელებული იქნა იმავე პერიოდის ---------- დოკუმენტურად დადასტურებული ფასნამატი. შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში შემოწმებით დადგენილი საქონლის რეალიზაციიდან მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა 12 810 209 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე). შემოწმების შედეგად დადგენილი სხვაობა 9 665 003 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე) საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად დამატებით დაიბეგრა დღგ-ით. საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. საწარმოს დღგ-ის ნაწილში გამოვლენილი სხვაობების შესაბამისად დაუდგინდა დამატებითი შემოსავალი. საწარმოს სამეურნეო ოპერაციები ბუღალტრულად არ აქვს აღრიცხული, შემოწმების შედეგად გამოვლინდა შემოსავალი 10 800 000 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გარეშე), რომელიც საწარმოს არ ჰქონდა აღრიცხული, ხოლო შემოწმებით დამატებით დადგენილი მიღებული შემოსავლის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს დირექტორს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია. შესაბამისად, შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დამატებით დადგენილი შემოსავალი ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 22.09.2022 წლის №24362 ბრძანება №001-167 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 მარტის №5978 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 მარტის №5978 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 აპრილის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების შედეგებად შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ შემცირდა, რაზეც გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 3 მაისის №001-72 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 5.09.2023 წლის №21716 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე აუდიტორის მიერ გამოგზავნილ იქნა გაანგარიშების ცხრილები, რომლის მიხედვითაც დათვლილია დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის ( ----------) ფასნამატი 271%, რომელიც გავრცელდა სხვა საქონელზეც.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიერ ---------- რეალიზაცია ხდებოდა, როგორც კომპანიებზე, რაც ნაჩვენებია სასაქონლო ზედნადებებში (სულ 12 პირზე გამოწერილი), ასევე პირებზე, რომლების რეალიზაციას ახორციელებენ ბაზრობებზე. ამ უკანასკნელზე ხდებოდა უფრო მეტი ---------- მიწოდება. კომპანიებზე მიწოდებული ---------- ფასი ხშირ შემთხვევაში ბევრად უფრო მეტია (დოკუმენტური ფასი), ვიდრე ბაზრობებზე მიწოდებული. ლოგიკურად, ნებისმიერ დროს ბაზარში ---------- ფასი ორჯერ ნაკლებია ვიდრე ნებისმიერ სუპერმარკეტში.

გამომდინარე იქედან, რომ კომპანიის მხრიდან შემოტანილი ---------- რეალიზაცია პანდემიის პერიოდს დაემთხვა, ბევრჯერ იყო შემთხვევა, რომ ბაზრობებზე საქონლის რეალიზაცია მოეხდინა თვითღირებულებით ან თვითღირებულებებზე ნაკლებ ფასად, რაზეც სამწუხაროდ დოკუმენტაცია არ არსებობს, ხოლო გადაანგარიშების ეტაპზე დიდი მცდელობის მიუხედავად, ბაზრობის მონაწილე პირებისგან არ მოხდა დადასტურება აღნიშნული ფაქტის. საგადასახადო შემოწმების აქტით დადგინდა 15 მილიონზე მეტი ლარის შემოსავალი, მაშინ როცა კომპანიას შეძენილი აქვს 4 მილიონამდე ღირებულების საქონელი. შეუძლებელია ამ და სხვა მსგავს საქმიანობაში 3-ჯერ მეტი შემოსავლის მიღება, შესაბამისად აქტით დარიცხული თანხა უნდა იყოს ლოგიკური და მიახლოებული რეალობასთან. მისი მხრიდან პირველ სადავო საკითხთან მიმართებაში თხოვნაა, შესწავლილ იქნას მსგავსი საქმიანობის მქონე კომპანიების ფასნამატი, შესაძლებელია აუდიტის დეპარტამენტში მოიპოვებოდეს შემოწმების შედეგებიც. შედარებულ იქნას მისთვის გავრცელებულ ფასნამატთან და მოხდეს აქტით დარიცხული თანხების კორექტირება.

ასევე მეორე საკითხთან მიმართებაში, ფულის მოძრაობის ნაწილში, გათვალისწინებულ იქნას მის მიერ წარდგენილი ჩანაწერები. აღსანიშნავია, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კომპანიას ერიცხებოდა დებიტორული დავალიანება, რომლის შედარების აქტის წარმოდგენა ვერ შეძლო. ამიტომ მოითხოვს, დავის განმხილველი ორგანოს მიერ იქნას გამოთხოვილი შესაბამისი წესით ინფორმაცია დებიტორული დავალიანებების შესახებ (რისი გაკეთებაც უნდა მომხდარიყო შემოწმების პროცესშიც, მაშინ როცა კომპანიის დირექტორი იმყოფებოდა საზღვარგარეთ და შემოწმებასთან თანამშრომლობა ვერ შეძლო).

ითხოვს, გათვალისწინდეს საჩივარში დაფიქსირებული თხოვნა და დამატებით შესწავლილი იქნას ფასნამატის და დებიტორული დავალიანების საკითხები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 მარტის №5978 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 მარტის №5978 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 აპრილის დასკვნის მიხედვით, გადაანგარიშების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელისთვის მიწოდებულ იქნა შემოსავლების და ხარჯების გაანგარიშების ცხრილები. გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 მარტის №5978 ბრძანების შესაბამისად, შემოსავლების გაანგარიშებასთან დაკავშირებით საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის ფასნამატის გაანგარიშების ცხრილები) არ წარუდგენია, ხოლო დებიტორულ დავალიანებასთან დაკავშირებით ელექტრონულად წარადგინა მხოლოდ რვეულში დაფიქსირებული ჩანაწერები, რომელიც შესაბამისი წესით არ არის დადასტურებული მეორე მხარის მიერ. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.

მომჩივანი ფასნამატთან და დებიტორულ დავალიანებებთან დაკავშირებით ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 მარტის №5978 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება.

ამასთან, მომჩივანი მოითხოვს შესწავლილ იქნას მსგავსი საქმიანობის მქონე კომპანიების ფასნამატი, შედარდეს მის მიმართ გამოყენებულ ფასნამატთან და მოხდეს დარიცხული თანხების კორექტირება, ასევე, საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით, მოითხოვს, დავის განმხილველმა ორგანომ გამოითხოვოს შესაბამისი წესით ინფორმაცია დებიტორული დავალიანებების შესახებ და მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით მოხდეს საგადასახადო ვალდებულების კორექტირება, რაზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 მარტის №5978 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. მომჩივნის მოთხოვნა სცდება შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 მარტის №5978 ბრძანებით მიღებული დავალების ფარგლებს, შესაბამისად საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 მარტის №5978 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 მარტის №5978 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს საქმიანობაა მალფუჭებადი საქონლის იმპორტი და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 3 145 206 ლარს.შესამოწმებელ პერიოდში სამეურნეო.ოპერაციები ბუღალტრულად არ აქვს აღრიცხული, შესაბამისად შემოწმების შედეგად შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გამო, , საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმების შედეგად დადგენილი სხვაობა დამატებით დაიბეგრა დღგ-ით. საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

საწარმოს დღგ-ის ნაწილში გამოვლენილი სხვაობების შესაბამისად დაუდგინდა დამატებითი შემოსავალი. საწარმოს სამეურნეო ოპერაციები ბუღალტრულად არ აქვს აღრიცხული, შემოწმების შედეგად გამოვლინდა შემოსავალი 10 800 000 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გარეშე),დამატებით დადგენილი შემოსავალი ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;304(21)