გადაწყვეტილება №22801/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22801/2/2024
04 ივლისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 7.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22801/2/2024).
დავის საგანი:
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 9.02.2024 წლის №002-16 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6000 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 45 371,88 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 26 357
მიწა - არასასოფლო - 21
მიწის გადასახადო (სასოფლო) - 26 336
ჯარიმა - 13 179
საურავი - 5 835,88
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული აქვს ქონების (მიწის) გადასახადი, კერძოდ:
- 2021 წელს 10.8 ჰექტარი სახნავი და სხვა მიწა და 10 ჰექტარი საძოვარი მიწა, მიწის გადასახადი 1088.8 ლარის ოდენობით;
- 2022 წელს 5.95 ჰექტარი სახნავი და სხვა მიწა, მიწის გადასახადი 511.7 ლარის ოდენობით,- 2023 წელს 5.95 ჰექტარი სახნავი და სხვა მიწა, მიწის გადასახადი 511.7 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნული მიწები დეკლარაციის მიხედვით მდებარეობს სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სადაც გადასახადის განაკვეთი ერთ ჰექტარზე შეადგენს 86 ლარს.
შემოწმების პროცესში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული მონაცემების მიხედვით, გადამოწმდა მომჩივნის სახელზე და მის მფლობელობაში/სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლის მიხედვითაც მეწარმე ფლობს როგორც საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიწებს, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო სახნავი მიწებს.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო სახნავ მიწებზე მომჩივანს გაფორმებული აქვს საიჯარო ხელშეკრულებები, კერძოდ: 29.09.2015 წელს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ---------- მომსახურების ცენტრთან 15 წლიანი საიჯარო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით წლიური საიჯარო ქირა შეადგენს 730 ლარს (ს/კ ----------), 16.08.2018 წელს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ---------- მომსახურების ცენტრთან 15 წლიანი საიჯარო ხელშეკრულება, წლიური საიჯარო ქირა შეადგენს 13 750 ლარს (ს/კ ----------) და 16.08.2018 წელს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ---------- მომსახურების ცენტრთან 15 წლიანი საიჯარო ხელშეკრულება, წლიური საიჯარო ქირა შეადგენს 13 750 ლარს, (ს/კ ----------). იჯარით აღებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწები ჯამურად შეადგენს 101.9005 ჰექტარს.
საგადასახადო შემოწმებით შედარდა პირის დეკლარირებული მონაცემები საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებულ მონაცემებს, რომლის შედეგად გამოვლინდა სხვაობები, კერძოდ, საკუთრებაში არსებულ მიწაზე გამოვლინდა მიწის გადასახადში სხვაობა 2021 წელს 31.6 ლარი, ხოლო 2022-2023 წლებში 18 ლარი. რაც შეეხება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსგან იჯარით აღებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწასთან დაკავშირებით შემოწმება მიუთითებს, რომ პირს არ აქვს დეკლარირებული 2021-2023 წლებში ქონების გადასახადში (სახნავი მიწა) 101.9005 ჰექტარი, რომლის განაკვეთი ერთ ჰექტარზე შესაბამისი რეგიონის მიხედვით შეადგენს 86 ლარს. მეწარმეს იჯარით აღებულ მიწაზე (სახნავი მიწა) 2021-2023 წლებში, თითოეულ წელს, დაერიცხა 8 763.44 ლარი.
საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის პირველ აპრილს მდგომარეობით: სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი; გამომდინარე საკუთრებაში და სარგებლობაში არსებული მიწების დეტალური შესწავლიდან მოხდა შესაბამისი კორექტირებები, მეწარმეს დაერიცხა გადასახადი და დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.
შემოწმების აქტის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 9.02.2024 წლის №002-16 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6000 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსვლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმა/საურავის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
არის კეთილსინდისიერი გადამხდელი არ იყო ინფორმირებული აღნიშნული საგადასახადო ვალდებულების შესახებ, ამიტომ ითხოვს გათვალისწინებულ იქნას მისი კეთილსინდისიერი ნება. თანახმაა გადაიხადოს დაგროვილი თანხა ძირი 26 336 ლარი, ხოლო ჯარიმა 13 179 ლარი და საურავი 5 835.88 ლარი არ დაეკისროს. წინააღმდეგ შემთხვევაში გახდება გადახდის უუნარო. არ იყო ინფორმირებული აღნიშნულ ვალდებულებასთან დაკავშირებით და არანაირი გაფრთხილება და შეტყობინება არ მიუღია შემოსავლების სამსახურისგან.
ამიერიდან არის ინფორმირებული და პირობას დებს, რომ აღნიშნულ ვალდებულებას შეასრულებს კეთილსინდისიერად დათქმული ვადის ფარგლებში განსაზღვრული რაოდენობით. ამჯერად კიდევ ერთხელ ითხოვს გადაიხადოს დაგროვილი გადასახადი 26 336 ლარი, ხოლო ჯარიმა 13 179 ლარი და საურავი 5 835.88 ლარი არ დაეკისროს და ჩაეთვალოს საპატიოდ.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახდო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
შემოწმების შედეგად განსაზღვრულია, რომ მომჩივნის მიერ დეკლარირებული გადასახადებით დაბეგვრის ობიექტი განსხვავებულია საგადასახადო შემოწმებით დადგენილი მონაცემებისგან.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
სადავო დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება და საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს სანქციებისაგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული მონაცემების მიხედვით, გადამოწმდა მომჩივნის სახელზე და მის მფლობელობაში/სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლის მიხედვითაც მეწარმე ფლობს როგორც საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დაარასასოფლო-სამეურნეო მიწებს, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო სახნავი მიწებს. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო სახნავ მიწებზე მომჩივანს გაფორმებული აქვს საიჯარო ხელშეკრულებები, კერძოდ: 29.09.2015 წელს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მომსახურების ცენტრთან 15 წლიანი საიჯარო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით წლიური საიჯარო ქირა შეადგენს 730 ლარს, 16.08.2018 წელს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მომსახურების ცენტრთან 15 წლიანი საიჯარო ხელშეკრულება, წლიური საიჯარო ქირა შეადგენს 13 750 ლარს და 16.08.2018 წელს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მომსახურების ცენტრთან 15 წლიანი საიჯარო ხელშეკრულება, წლიური საიჯარო ქირა შეადგენს 13 750 ლარს. იჯარით აღებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწები ჯამურად შეადგენს 101.9005 ჰექტარს. საგადასახადო შემოწმებით შედარდა პირის დეკლარირებული მონაცემები საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებულ მონაცემებს, რომლის შედეგად გამოვლინდა სხვაობები, კერძოდ, საკუთრებაში არსებულ მიწაზე გამოვლინდა მიწის გადასახადში სხვაობა 2021 წელს 31.6 ლარი, ხოლო 2022-2023 წლებში 18 ლარი. რაც შეეხება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსგან იჯარით აღებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწასთან დაკავშირებით შემოწმება მიუთითებს, რომ პირს არ აქვს დეკლარირებული 2021-2023 წლებში ქონების გადასახადში (სახნავი მიწა) 101.9005 ჰექტარი, რომლის განაკვეთი ერთ ჰექტარზე შესაბამისი რეგიონის მიხედვით შეადგენს 86 ლარს. მეწარმეს იჯარით აღებულ მიწაზე (სახნავი მიწა) 2021-2023 წლებში, თითოეულ წელს, დაერიცხა 8 763.44 ლარი.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება და საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს სანქციებისაგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7).