გადაწყვეტილება №22994/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22994/2/2024
03 სექტემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ „------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ს 30.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22994/2/2024).
დავის საგანი:
1. სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთის განსაზღვრა და მიწოდებულად განხილვა;
2. შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობის და სალაროს ინვენტარიზაციით გამოვლენილი სხვაობის
კომპანიის დირექტორის ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 17.07.2023 წლის №007-194 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 10.04.2024 წლის №8047 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 209 300,38 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 116 172
დღგ - 55 355
საშემოსავლო გადასახადი - 60 684
ქონების გადასახადი - 133
ჯარიმა - 58 086
საურავი - 35 042,38
პროცედურული გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა ლითონის ფურცლოვანის დაჭრა, დამუშავება და რეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.02.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდი, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით 7.03.2023 წლის ჩათვლით პერიოდი.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 17.07.2023 წლის №007-194 საგადასახადო მოთხოვნა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 17.07.2023 წლის №007-194 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 7.11.2023 წლის №27456 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 27.12.2023 წლის №21421/2/2023 (რეგ. 28.02.2024წ. №03/15886) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 7.11.2023 წლის №27456 ბრძანება. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 27.12.2023 წლის №21421/2/2023 (რეგ. 28.02.2024წ. №03/15886) გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 10.04.2024 წლის №8047 ბრძანებით დააკმაყოფილა ნაწილობრივ.
შემოსავლების სამსახურის 10.04.2024 წლის №8047 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთის განსაზღვრა და მიწოდებულად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას ვერ წარუდგინა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა, სადაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იქნებოდა აღრიცხული სამეურნეო ოპერაციები. გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული სმფ-ების შეძენის, დამუშავების, წარმოების და რეალიზაციის სამეურნეო ოპერაციები. შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით მოხდა შესამოწმებელ პერიოდში სასაქონლო ზედნადებებით და შესყიდვის აქტებით შეძენილი საქონლის რაოდენობის და ღირებულების დადგენა. შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში სასაქონლო ზედნადებებით და შესყიდვის აქტებით შეძენილი იყო 290 ტონა ფოლადის ფურცლოვანა, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით რეალიზებული იყო 170 ტონა დამუშავებული ფოლადის ფურცლოვანა, 2020 წლის 1 იანვრისთვის ბუღალტრული ჩანაწერების მიხედვით გადამხდელს გააჩნდა 29 ტონა ლითონის ფურცლოვანას ნაშთი, ხოლო, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, 2023 წლის 1 თებერვალს გადასახადის გადამხდელის ახსნაგანმარტებით მას გააჩნდა 25 ტონა ლითონის ფურცლოვანა. გადამხდელის შეძენისა/რეალიზაციის დოკუმენტებისა და დირექტორის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილი საწყისი და საბოლოო სასაქონლო მატერიალური მარაგების საფუძველზე დადგინდა გაყიდული სასაქონლო-მატერიალური მარაგების (ფოლადის ფურცლოვანას) რაოდენობა და ღირებულება, რომელიც შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამის საანგარიშო პერიოდებში სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ფასით იქნა რეალიზებული. შემოწმების მიერ, დადგენილი შემოსავლები საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე, 160-ე (2021 წლამდე მოქმედი 161-ე) მუხლების მიხედვით დაიბეგრა დღგ-ით და დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, მე-2, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე, 161-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 105-ე, 72-ე და 43-ე მუხლებზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ,მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე, რომლის თანახმად, კომპანიას წარმოდგენილი აქვს შპს „------“ საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც მილის ტიპის ლითონის ნაკეთობას აქვს 20-30% ლითონური ნარჩენები, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მეორადი ლითონის ფურცლოვანასგან მზადდება დამკვეთის მიერ შეკვეთა, ამ შემთხვევაში წარმოიშობა ნარჩენები 12-15%-ის ოდენობით.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი, გაითვალისწინოს შპს „------ -ი ის“ საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით განსაზღვრული დანაკარგები (მ.შ. ლითონის ფურცლოვანას დანაკარგზე 12-15%) და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტი არ ითვალისწინებს შემოსავლების სამსახურის 10.04.2024 წლის №8047 ბრძანებით გამოტანილი ვალდებულებებს და შეძენილი საქონელი, სადაც საქონლის ზომაში მითითებულია ცალი და არა კილოგრამი, საერთოდ ამოღებული აქვს გაანგარიშებიდან. ასევე, შეძენილი საქონელი, სადაც საქონლის დასახელებაში წერია მეტალის ავზი, მეტალისგან ნამზადი მილი. არ შესრულების მიზეზად აცხადებს, რომ ზემოაღნიშნულების მიმართ მას დავალება არ მიუღია. ითხოვს დაევალოს შემმოწმებელს, რომ გაითვალისწინოს ის, რომ მეტალის ავზისა და მილების გადამუშავების შედეგად მიღებული „ფურცლოვანი მეტალი“ ჩაეთვალოს რეალიზებულ საქონლად.
2. შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობის და სალაროს ინვენტარიზაციით გამოვლენილი სხვაობის კომპანიის დირექტორის ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმებით დადგენილ შემოსავალს დააკლდა ხარჯები, რაც დოკუმენტების მიხედვით იქნა გაწეული ეკონომიკური საქმიანობის პროცესში. შემოსავლებსა და ხარჯებს შორის დარჩენილი თანხა შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე - "-------"-ზე (პ/ნ „------“) გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე, 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 6.03.2023 წლის №4232 ბრძანების საფუძველზე 7.03.2023 წელს განხორციელდამომჩივანის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც გადასახადის გადამხდელის სალაროში (მდებარე ქ. თბილისში "-------"-სი №---ში) გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი 225 (ორას ოცდახუთი) ლარის ოდენობით, რაზედაც შევსებულ იქნა ოქმი. გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტში წარადგინა სალაროს ანგარიშებიდან ამონაწერები, ამონაწერების მიხედვით სალაროს ანგარიშზე 7.03.2023 წლის მდგომარეობით ფიქსირდებოდა 20 561 ლარი, ხოლო სალაროს ინვენტარიზაციის ოქმის მიხედვით 225 ლარი. შემოსვლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით (შემოსავლების სამსახურის უფროსის 30.12.2021 წლის №42109 ბრძანებით შესული ცვლილებით) დამტკიცებული ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახდო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დანართი №9-ის მუხლის თანახმად დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე „------“-ზე (პ/ნ „-------“ ) ხელფასის სახით განაცემად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით და დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის არგუმენტაცია მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოსავლების სამსახურის 10.04.2024 წლის №8047 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი, გაითვალისწინოს შპს „------- -ის“ საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით განსაზღვრული დანაკარგები (მ.შ. ლითონის ფურცლოვანას დანაკარგზე 12-15%) და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 10.04.2024 წლის №8047 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანიითხოვს დაევალოს შემმოწმებელს, რომ გაითვალისწინოს ის, რომ მეტალის ავზისა და მილების გადამუშავების შედეგად მიღებული „ფურცლოვანი მეტალი“ ჩაეთვალოს რეალიზებულ საქონლად.
2.მომჩივნის არგუმენტაცია მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
ფაქტობრივი გარემოებები
1.შემოწმების მიერ, დადგენილი შემოსავლები საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე, 160-ე (2021 წლამდე მოქმედი 161-ე) მუხლების მიხედვით დაიბეგრა დღგ-ით და დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2.შემოსვლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახდო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დანართი №9-ის მუხლის თანახმად დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით და დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურის 10.04.2024 წლის №8047 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(5,9),101,154