გადაწყვეტილება №26246/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26246/2/2025
18 დეკემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------ი“ (ს/ნ -----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------ის“ 1.12.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26246/2/2025).
დავის საგანი:
1. ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების საფუძველზე დავის დაწყებაზე უარის თქმის მართლზომიერება;
2. საჩივრის განუხილველად დატოვება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 13.04.2023 წლის №021-18 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 11.11.2025 წლის №24818 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 190 475,38 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 111 770
დღგ - 74 742
საშემოსავლო გადასახადი - 37 028
ჯარიმა - 55 707
საურავი - 22 998,38
პროცედურული გარემოებები
ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების საფუძვლით დავის დაწყების და აუდიტის დეპარტამენტის 13.04.2023 წლის №021-18 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების თაობაზე მომჩივანმა 2025 წლის 3 და 6 ნოემბერს საჩივრებით მიმართა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 11.11.2025 წლის №24818 ბრძანებით, საჩივრები ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო დავის განახლების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 13.04.2023 წლის №021-18 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების ნაწილში განუხილველი დარჩა საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის 11.11.2025 წლის №24818 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების საფუძველზე დავის დაწყებაზე უარის თქმის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების საფუძვლით დავის დაწყების მოთხოვნით შპს „----მა“ შემოსავლების სამსახურს მიმართა მისთვის აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ 13.04.2023 წლის 021-18 საგადასახადო მოთხოვნაში მითითებულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით.
მომჩივანი განმარტავდა, რომ შემოწმების მიმდინარეობის პერიოდში კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელი იმყოფებოდნენ საქართველოს ფარგლებს გარეთ (წარდგენილი ჰქონდა საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაცია), შესაბამისად, შემოწმების პროცესისთვის საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია მათ მიერ წარდგენილი არ ყოფილა. შემოწმება დაიწყო 2022 წლის 29 დეკემბერს, ხოლო დირექტორი და დამფუძნებელი 2022 წლის ოქტომბრიდან არ იმყოფებოდნენ საქართველოში, არ განხორციელებულა RS.GE-ზე წვდომა, რისი გადამოწმებაც შესაძლებელია IP მისამართების შემოწმებით. კომპანიის გვერდს RS.GE-ზე მართავდა მხოლოდ ბუღალტერი, რომელიც კეთილსინდისიერად ასრულებდა საკუთარ პროფესიულ ვალდებულებებს - დროულად ტვირთავდა დეკლარაციებსა და პირველად საგადასახადო დოკუმენტებს. სწორედ მის მიერ მოხდა შემოწმების დაწყების ბრძანების, საგადასახადო შემოწმების აქტისა და საგადასახადო მოთხოვნის გაცნობა. ბუღალტერს არ გააჩნდა უფლებამოსილება კომპანიის დირექტორის სახელით განეხორციელებინა სამართლებრივი მოქმედება, მათ შორის, საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრება. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 13 აპრილს გამოცემული საგადასახადო მოთხოვნა ვერ იქნა გასაჩივრებული კანონმდებლობით დადგენილ 30 დღიან ვადაში. შედეგად, კომპანიის მიერ აქტით დარიცხული თანხები დაკვალიფიცირდა აღიარებულ საგადასახადო დავალიანებად. ასევე, შემოსავლების სამსახურმა გამოიყენა საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლი და მიიღო გადაწყვეტილება კომპანიის ვალდებულების ცრუმაგიერ პირად დირექტორის და დირექტორის დის აღიარების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიის დირექტორისათვის, ქალბატონ ----თვის, ცნობილი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც 2025 წლის 10 ოქტომბერს მის დას ჩაბარდა სსიპ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის შუამდგომლობა, რომლის თანახმადაც ----ა და -----ა აღიარებულნი იყვნენ შპს ,,----ის“ ცრუმაგიერ პირებად. სწორად ამ შუამდგომლობის ჩაბარების შემდგომ გახდა ცნობილი კომპანიის დირექტორისთვის საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ, რის შემდეგაც დირექტორი დაუკავშირდა იურისტს და მისცა წარმომადგენლობის უფლებამოსილება.
ზემოაღნიშნული გარემოებების და იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებლობით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევა გამოწვეული იყო დაუძლეველი ძალის (ფორს-მაჟორული) გარემოებების შედეგად და არა კომპანიის დაუდევრობით ან უყურადღებობით, მომჩივანი ითხოვდა დავის განმხილველ ორგანოს დასაშვებად მიეჩნია დავის დაწყება 30 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, ახლად გამოვლენილი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი ვალდებულია, დაამტკიცოს, რომ კონკრეტული გარემოება, რომელსაც იგი ემყარება დავის დაწყების მოთხოვნისას, ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებაა და აღნიშნული გარემოების შესახებ არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ საჩივრებში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს დავის დაწყების საფუძველი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 ნაწილის გათვალისწინებით. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის საქმეზე წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები და არგუმენტები, რაც დავის დაწყების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების მიმდინარეობის პერიოდში კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელი იმყოფებოდნენ საქართველოს ფარგლებს გარეთ. შედეგად მათთან კომუნიკაცია განხორციელდა მხოლოდ ელექტრონული ფოსტის საშუალებით. მათი მხრიდან არ ყოფილა განხორციელებული კომუნიკაცია. შედეგად, შემოწმების პროცესისთვის საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია მათ მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება ადასტურებს, რომ კომპანიის დირექტორი, ქალბატონი ----ა და დამფუძნებელი, ბატონი ----ძე, აღნიშნულ პერიოდში ფიზიკურად არ იმყოფებოდნენ საქართველოში და დღემდე არ ჩამოსულან. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ქალბატონმა ----ამ საქართველო დატოვა 2022 წლის ოქტომბერში, ანუ მანამდე, სანამ შპს „---ის“ საგადასახადო შემოწმება დაინიშნებოდა. შემოწმება ოფიციალურად დანიშნულია 2022 წლის 29 დეკემბერს. შესაბამისად, კომპანიის უფლებამოსილ პირს არ ჰქონია ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შპს „----ის“ მიმართ მიმდინარეობდა საგადასახადო შემოწმება, ისევე როგორც შემოწმების შედეგად გამოცემული საგადასახადო მოთხოვნისა და დარიცხვის ბრძანების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიას არ მიეცა შესაძლებლობა გამოეყენებინა კანონით დადგენილი უფლება 30-დღიან ვადაში გაესაჩივრებინა საგადასახადო ორგანოს მიერ გამოცემული მოთხოვნა.
შპს „----ის RS პორტალზე ხდებოდა შეტყობინებების გაცნობა, როგორც საგადასახადო შემოწმების დაწყების, ისე შემოწმების შედეგად შედგენილი აქტისა და საგადასახადო მოთხოვნის შესახებ. საგადასახადო მოთხოვნის გაცნობის თარიღად დაფიქსირებულია 2023 წლის 19 აპრილი. RS პორტალზე წვდომა გააჩნდა მხოლოდ ორ პირს - კომპანიის დირექტორსა და ბუღალტერს. დირექტორი, ქალბატონი ----ა, საქართველოს დატოვების შემდეგ (2022 წლის ოქტომბერი) აღარ შესულა RS პორტალზე და არ განუხორციელებია ავტორიზაცია. აღნიშნული ფაქტის დადასტურება შესაძლებელია ე.წ. IP მისამართების შემოწმებით, რომლის საფუძველზეც ცხადი გახდება, რომ 2022 წლის ოქტომბრიდან -----დან (სადაც იმყოფებიან როგორც კომპანიის დირექტორი, ასევე დამფუძნებელი) RS პორტალზე არ დაფიქსირებულა არცერთი ავტორიზაცია. შესაბამისად კომპანიის RS პორტალის მართვას ახორციელებდა მხოლოდ ბუღალტერი, რომელიც კეთილსინდისიერად ასრულებდა საკუთარ პროფესიულ ვალდებულებებს - დროულად ტვირთავდა დეკლარაციებსა და პირველადი საგადასახადო დოკუმენტებს. სწორედ მის მიერ მოხდა როგორც შემოწმების დაწყების ბრძანების, ასევე შემოწმების შედეგად შედგენილ საგადასახადო შემოწმების აქტისა და მოთხოვნის გაცნობა. ბუღალტერმა არაერთხელ სცადა დირექტორთან და დამფუძნებელთან დაკავშირება -----ში, რათა მათთვის მიეწოდებინა ინფორმაცია შემოწმების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ, თუმცა უშედეგოდ ვინაიდან აღნიშნულ პერიოდში კომუნიკაცია იყო შეზღუდული, როგორც დირექტორთან, ისე დამფუძნებელთან — ----ის საემიგრაციო რეგულაციების, დროებითი ბიუროკრატიული დაბრკოლებების გამო, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას გარკვეული დროით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბუღალტერს არ გააჩნდა უფლებამოსილება კომპანიის დირექტორის სახელით განეხორციელებინა სამართლებრივი მოქმედება, მათ შორის საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრება. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 13 აპრილს გამოცემული საგადასახადო მოთხოვნა ვერ იქნა გასაჩივრებული კანონმდებლობით დადგენილ 30-დღიან ვადაში. შედეგად კომპანიის მიერ აქტით დარიცხული თანხები დაკვალიფიცირდა აღიარებულ საგადასახადო მოთხოვნად.
შემოსავლების სამსახურმა გამოიყენა საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლი და მიიღო გადაწყვეტილება კომპანიის ვალდებულების ცრუმაგიერ პირად დირექტორის და დირექტორის დის აღიარების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიის დირექტორისათვის, ქალბატონ ----თვის, ცნობილი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც 2025 წლის 10 ოქტომბერს მის დას ჩაბარდა სსიპ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის შუამდგომლობა, რომლის თანახმადაც ----ა (პ/ნ -----) და ----ა (პ/ნ -----) აღიარებული იყვნენ შპს „----ის“ ცრუმაგიერ პირებად. სწორად ამ შუამდგომლობის ჩაბარების შემდგომ გახდა ცნობილი კომპანიის დირექტორისათვის, რომ შპს „----ის“ მიმართ ჩატარდა საგადასახადო შემოწმება და შემოწმების შედეგად ბიუჯეტის მიმართ დამატებით დაერიცხა თანხები. აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდგომ დირექტორი -----ა დაუკავშირდა საქართველოში იურისტს და სთხოვა ჩართულიყო აღნიშნული საქმის წარმოებაში, მიანიჭა მას უფლებამოსილება ყოფილიყო მისი წარმომადგენელი ყველა შესაბამის უწყებაში. სწორად ამ უფლებამოსილების მინიჭების შემდგომ რწმუნებულმა პირმა მიმართ შემოსავლების სამსახურის მომსახურების სააგენტოს RS.GE-ზე მომხმარებლის და პაროლის აღდგენის მიზნით, რათა გაცნობოდა საგადასახადო შემოწმების აქტს, მოთხოვნას და მოემზადებინა და აეტვირთა საჩივარი. რწმუნებული პირის მიერ პორტალის მომხმარებლის და პაროლის აღდგენისათვის შემოსავლების სამსახურის მომსახურების სააგენტოს მიმართა 20 ოქტომბერს და იმავე დღეს მოხდა შემოსავლების სამსახურის მიერ მომხმარებლის და ახალი პაროლის გაზიარება შპს „----ის“ დირექტორის რწმუნებული პირისათვის. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილი ნორმით და დასაშვებად მიიჩნიოს დავის პროცესის დაწყება 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, ახლად გამოვლენილი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
მომჩივნის განმარტებით საზოგადოების დირექტორი და დამფუძნებელი იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ, ხოლო ბუღალტერი, რომელსაც წვდომა გააჩნდა rs.ge-ს საზოგადოების პერსონალურ გვერდზე, აგზავნიდა მხოლოდ დეკლარაციებს. შემოწმების ჩატარების და მის შედეგებთან დაკავშირებით წარდგენილი აქტების თაობაზე ცნობილი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დირექტორის და იქნა ცნობილი ცრუმაგიერ პირად. რომ ჰქონოდათ შემოწმების პროცესში ჩართულობა გაირკვეოდა, რომ არ არსებობდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საჭიროება. აღნიშნული გარემოებები უნდა ჩაითვალოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევად და საზოგადოებას უნდა მიეცეს დავის დაწყების შესაძლებლობა.
საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მიერ აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები, არ წარმოადგენს ისეთ გარემოებებს, რომლებიც მომჩივანს არ შეიძლებოდა სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
ამდენად, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხზე და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
2. საჩივრის განუხილველად დატოვება
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 აპრილის №021-18 საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 3 და 6 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2025 წლის 11 ნოემბრის №24818 ბრძანებით საჩივრები, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
საქმის ირგვლივ არსებული მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ შპს ,,----ის“ მიმართ შედგენილ 2023 წლის 30 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტს, 2023 წლის 12 აპრილის №8225 ბრძანებასა და 2023 წლის 13 აპრილის №021-18 საგადასახადო მოთხოვნას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2023 წლის 19 აპრილს.
შემოსავლების სამსახურში საჩივრები წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2025 წლის 3 და 6 ნოემბერს.
მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივრები წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა საჩივრების ვადაში წარდგენის შეუძლებლობა, სახეზეა საჩივრების განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კანონმდებლობით დადგენილი 30-დღიანი ვადის დარღვევა არ იყო გამოწვეული კომპანიის დაუდევრობით ან უყურადღებობით. აღნიშნული შემთხვევა წარმოიშვა დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორული) გარემოებების შედეგად, კერძოდ — იმით, რომ კომპანიის დირექტორი იმყოფებოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ და ბუღალტერმა ვერ შეძლო მისი ინფორმირება არსებული საგადასახადო დარიცხვის შესახებ, კომუნიკაციის შეზღუდული შესაძლებლობების გამო.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის 3.12.2025 წლის №---21-14 წერილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების 30.03.2023 წლის აქტს, მის საფუძველზე გამოცემული ამავე დეპარტამენტის 12.04.2023 წლის №8225 ბრძანებას და 13.04.2023 წლის №021-18 საგადასახადო მოთხოვნას, მომჩივანი შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 19.04.2023 წელს.
აღნიშნული აქტების გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 19.05.2023 წელს. შემოსავლების სამსახურში საჩივრები წარდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით 2025 წლის 3 და 6 ნოემბერს.
მითითებული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, ვინაიდან გასულია სადავო აქტების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 11 ნოემბრის №24818 ბრძანება ამ ნაწილში საჩივრის, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავითაღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების საფუძველზე დავის დაწყებაზე უარის თქმის მართლზომიერება;
2. საჩივრის განუხილველად დატოვება.
ფაქტობრივი გარემოებები
ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების საფუძვლით დავის დაწყების და აუდიტის დეპარტამენტის №021-18 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების თაობაზე მომჩივანმა 2025 წლის 3 და 6 ნოემბერს საჩივრებით მიმართა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის №24818 ბრძანებით, საჩივრები ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო დავის განახლების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის №021-18 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების ნაწილში განუხილველი დარჩა საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის №24818 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების საფუძველზე დავის დაწყებაზე უარის თქმის მართლზომიერების ნაწილზე საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხზე და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
ხოლო, საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილზე საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის №24818 ბრძანება ამ ნაწილში საჩივრის, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 299(4.6.7); 301( „ე“);