გადაწყვეტილება №24182/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 24182/2/2024
31 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „--------- “ (ს/ნ --------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----------- 23.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24182/2/2024).
დავის საგანი:
1. დამატებული ღირებულების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;
2. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 11.07.2024 წლის №002-145 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 25.09.2024 წლის №20895 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 307 853,52 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 169 003
დღგ - 137 034
საშემოსავლო გადასახადი - 31 489
ქონების გადასახადი - 480
ჯარიმა - 83 734
საურავი - 55 116,52
გადასახდელად დარიცხული გადასახადები, რომელთა გადახდის ვადა მოთხოვნის გამოცემის თარიღისთვის არ დამდგარა - 3 945 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 1 315 ლარი - გადახდის ვადა: 15.07.2024 წელი.
საშემოსავლო გადასახადი - 1 315 ლარი - გადახდის ვადა: 16.09.2024 წელი.
საშემოსავლო გადასახადი - 1 315 ლარი - გადახდის ვადა: 16.12.2024 წელი.
პროცედურული გარემოებები
გადამხდელის საქმიანობაა ----- ტერიტორიაზე კერამიკის ჭურჭლით, ველოსიპედებით და სათამაშოებით ვაჭრობა. გადამხდელად რეგისტრირებულია 4.01.1996 წელს. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესყიდვას (იმპორტი) ძირითადად ახორციელებს -----------.
აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 15 აპრილის №8641 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 2 აპრილამდე საანგარიშო პერიოდების სრული, კამერალური, გეგმიური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 28 ივნისის შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 10 ივლისს №16351 ბრძანება და 2024 წლის 11 ივლისის №002-145 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები 2024 წლის 6 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 25.09.2024 წლის №20895 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დამატებული ღირებულების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული პროგრამაში (ორისი) არასრულად ჰქონდა აღრიცხული საქონლის ჩამოწერები და რეალიზაცია. ზოგიერთი საქონელი საერთოდ არ იყო გატარებული პროგრამულად. სრულად არ იქნა წარდგენილი ამონაწერები მომსახურე ბანკებიდან. გადამხდელთან ვერ განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა და საკონტროლო შესყიდვა, ვინაიდან მეწარმემ უარი განაცხადა აღნიშნული პროცედურების ჩატარებაზე და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს გაუწია წინააღმდეგობა, რაზეც შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
2024 წლის 19 აპრილს გადასახადის გადამხდელს ელექტრონულ გვერდზე გაეგზავნა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის შესახებ ბრძანება და წერილი საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, სადაც მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის განთავსების ადგილის შესახებ. აღნიშნულ შეტყობინებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2024 წლის 15 მაისს. აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს ინფორმაცია არ წარუდგენია, რაზეც შეეფარდა ჯარიმა 400 ლარის ოდენობით, ასევე აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 15 აპრილის №----- წერილით მეწარმეს დაევალა საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე დოკუმენტაციის წარდგენა, რომელსაც პირი გაეცნო 2024 წლის 15 მაისს, თუმცა დოკუმენტაცია სრულად არ წარუდგენია, რაზეც დაჯარიმდა 1000 ლარით. საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების მიხედვით დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 21%.
მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელმა უარი განაცხადა მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელებაზე. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი მიჩნეულ იქნა ნულად. შესამოწმებელ პერიოდში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი რეალიზებულ იქნა დეკლარირებული ფასნამატით (21%) დღგ-ის დეკლარაციებით ბრუნვების პროპორციულად შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში. ამდენად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა სულ გაიზარდა
761 328 ლარით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, და აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
სამეწარმეო საქმიანობისთვის ნაქირავები აქვს სასაწყობე ფართი, მდებარე ----------ში. მეიჯარესთან არსებული სასამართლო დავის ფარგლებში გადამხდელს დაევალა არსებული სასაწყობე ფართის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მეიჯარისთვის გადაცემა.
გამომდინარე იქიდან, რომ ვერ მოახერხა აღნიშნული ფართის დათქმულ ვადაში გამოთავისუფლება, წარმოიშვა ახალი კონფლიქტი, კერძოდ მეიჯარემ ფართის შესასვლელი კარების თვითნებურად გადაკეტა, რის გამოც ხელი ეშლებოდა სასაწყობე ფართის დაცლაში, აღნიშნულს ართულებდა აღსრულების ეროვნულ ბიუროში მეიჯარის განცხადების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოებაც.
მეიჯარის განცხადების საფუძველზე ზემოთხსენებულ მისამართზე გამოცხადდნენ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები და განუმარტეს, რომ შეუძლებელი იყო ამ პერიოდში სმფ-ების ინვენტარიზაცია რამე თუ მათი ნაწილი გადატანილი ჰქონდა ახალი საწყობში და არ ჰქონდა დაფასოებული, ხოლო ნაწილი დალუქული იყო ძველ საწყობში და დავის დასრულებამდე არ შეეძლო მათი გამოტანა.
დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების დასტურად მომჩივანმა შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარს დაურთო შესაბამისი სასამართლო განჩინებები და სააღსრულებო საქმის მასალები.
იმის გათვალისწინებით, რომ საჩივრის განხილვის ეტაპისთვის მომჩივანი უკვე გადასული იყო ახალ სასაწყობე ფართში მას უკვე ჰქონდა შესაძლებლობა სრულყოფილად მოეხდინა ინვენტარიზაცია, რის გამოც შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტს საჩივრით სთხოვდა საქმის ხელახლა აუდიტის დეპარტამენტში დაბრუნებას რის შედეგადაც მომჩივნის მოსაზრებით მიღებული იქნება სხვაგვარი გადაწყვეტილება.
დავების დეპარტამენტის 2024 წლის 15 სექტემბრის სადაო ბრძანებით, უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. საჩივრის უარყოფის ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლად დავების დეპარტამენტმა სამართლებრივი ნორმები გამოიყენა შაბლონურად, განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებების კვლევის გარეშე.
განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოსთვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარუდგენლობა განპირობებულია იმ ობიექტური დაბრკოლებებით, რომელიც საგადასახადო შემოწმების პერიოდში არსებობდა, რის გამოც გადასახადის გადამხდელის სამეწარმეო საქმიანობა შეჩერებული იყო. ამდენად გადასახადის გადამხდელმა ვერ წარადგინა საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რის თაობაზეც იმთავითვე აცნობა საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებს. მომჩივნის მოსაზრებით დავის განმხილველი ორგანოს მხრიდან არ ყოფილა საქმე ყოველმხრივ გამოკვლეული. მომჩივანი ითხოვს არა დარიცხვის გაუქმებას, არამედ საკითხის ხელახლა კვლევას, რა დროსაც (სადაო აქტის გამოცემის პერიოდისგან განსხვავებით) გადასახადის გადამხდელს აქვს სრულფასოვანი შესაძლებლობა საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ყველა ის საანგარიშსწორებო დოკუმენტი, რომელიც გამოიწვევს დარიცხვის შეცვლას გადასახადის გადამხდელის სასარგებლოდ. ამდენად სადაო აქტის გამოცემისას გადასახადის გადამხდელი მოკლებული იყო რა ადმინისტრაციულ წარმოებაში სრულყოფილად მონაწილეობას და საკუთარი მოსაზრებებისა თუ მტკიცებულებების წარდგენას დავების განხილვის საბჭოსთვის წინამდებარე საჩივრით სწორედ ამ უფლებით სარგებლობის თხოვნაა გაჟღერებული.
სადაო საკითხის კვლევისას ზაფხულის პერიოდში (საშვებულებო პერიოდში) დაჩქარებული წესით მოეთხოვა საანგარიშო დოკუმენტაციის წარდგენა. სწორედ ამ პერიოდში ----- მიმართ მიმდინარეობდა არაერთი სამართალწარმოება, რის გამოც მან საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებს განუმარტა, რომ დათქმულ ვადაში შეუძლებელი იყო დოკუმენტაციის წარდგენა და მოახერხა მხოლოდ ბუღალტრის მეშვეობით ბანკებიდან ელექტრონული ინფორმაციის წარდგენა ისეც მხოლოდ გარკვეულ პერიოდის ბრუნვებზე.
სამართლებრივი საფუძველი:
„საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა-დადგენა-შეფასება უმნიშვნელოვანეს პროცედურულ სტადიას წარმოადგენს და სწორედ მასზეა დამოკიდებული გამოცემული აქტით წარმოშობილი სამართლებრივი შედეგის განსაზღვრა. რამდენადაც სწორედ დადგენილი ფაქტების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე უნდა მოხდეს მოწესრიგებისთვის სამართლის ნორმის შეფარდება.
ადამიანის უფლებები, რომლის დაცვის ვალდებულებაც გააჩნია საჯარო მოხელეს თავიანთი მოვალეობის შესრულებისას, დადგენილია და დაცულია ეროვნული და საერთაშორისო სამართლით. შესაბამის სამართლებრივ დოკუმენტებს განეკუთვნება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, საერთაშორისო პაქტი საერთაშორისო და პოლიტიკური უფლებების შესახებ და ა.შ. აუცილებელია დაცული იყოს წონასწორობა ერთის მხრივ, იმ დაწესებულების შინაგანი დისციპლინის დაცვის აუცილებლობისთვის, რომელზედაც დამოკიდებულია საზოგადოება და მეორე მხრივ, ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევასთან ბრძოლის აუცილებლობისთვის. საზოგადოებისადმი სამსახური მოიცავს საზოგადოების იმ წევრებისათვის სამსახურსა და დახმარების გაწევას, რომელიც პირადი, ეკონომიკური, სოციალური ან სხვა განსაკუთრებული ხასიათის მიზეზებით საჭიროებენ დაუყოვნებლივ დახმარებას“ განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ობიექტურად მოკლებული იყო შესაძლებლობას მოეხდინა სმფ-ების ინვენტარიზაცია, რადგან ობიექტი, სადაც განთავსებული იყო სმფ-ების დალუქული იყო მეიჯარის მიერ და გარდა სააღსრულებო წარმოებისა პოლიციაშიც მიმდინარეობდა საქმის წარმოება.
საკასაციო პალატის მოსაზრებით ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობის მიზანი, სწორედ ამგვარი ნორმატიული სტანდარტების შექმნაა, რომელიც უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო სამსახურს, მიუხედავად ერთიანი სისტემური ბუნებისა, ფუნქციური მრავალფეროვნება ახასიათებს, იქნება ეს მართლწესრიგის დაცვის, საბაჟო საგადასახადო სისტემის, სამხედრო სამსახურის თუ თვითმართველობის სფერო. ყოველ მათგანს განსხვავებული სპეციფიკა გააჩნია, თუმცა საერთოდ აქვთ მიზანი და ამოცანა - ზრუნვა საზოგადოების ინტერესების საკეთილდღეოდ (იქვე).
საკასაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით დეფინირებული სამართლებრივი ტერმინის საფუძველზე განმარტავს რომ ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი, დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგებზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს.
ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ, მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს, მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქმეზე ბს220- 210 დ.მ-ის სარჩელის გამო მოპასუხის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, სასამართლომ განმარტა შემდეგი: „საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული მართლმსაჯულებაში გათვალისწინებული გადაწყვეტილების ეს სახე ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს პროცედურული მოქმედებების ფართო დისკრეციას, მათ შორის სადავო საკითხზე კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის საკითხის გამოკვლევასა და შეფასების შესაძლებლობას. საკასაციო პალატის მოსაზრებით დ.მ.-ის სოციალური მდგომარეობა და საჭიროებანი ინდივიდუალურად უნდა შეფასებულიყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, გაეწია მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული სამართლებრივი კონსულტაცია, მისი მოქმედებების კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. გასაჩივრებული დადგენილება კი საერთოდ არ შეიცავს არანაირ მითითებას, მსჯელობას იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციული ორგანო შეეცადა მოქალაქის სამართლებრივი პრობლემის იურიდიულ ფარგლებში მოქცევას, ამგვარ მსჯელობას ასევე არ შეიცავს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებაც.“
მომჩივნის განმარტებით ამ ეტაპზე საკითხის აუდიტის დეპარტამენტში დაბრუნების შემთხვევაში უკვე აქვს შესაძლებლობა სრულად წარადგინოს სმფ-ები და მონაწილეობა მიიღოს ინვენტარიზაციის პროცესში, რაც თავსი მხრივ გამოიწვევს სადაო დარიცხვის ოდენობის შემცირებას.
2. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
2021, 2022 და 2023 წლების საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში ფიქსირდება ისეთი ხარჯი (5 294 ლარი), რომელიც არ არის დოკუმენტურად დადასტურებული. ასევე შემოსავლების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას გაიზარდა საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი და შესაბამისად განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთების კორექტირება. გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა ბუღალტრული პროგრამა ორისი სადაც არასრულად აქვს აღრიცხული საქონლის ჩამოწერები და რეალიზაცია. ზოგიერთი საქონელი საერთოდ არ არის გატარებული პროგრამულად. სრულად არ იქნა წარმოდგენილი ამონაწერები მომსახურე ბანკებიდან. გადამხდელთან ვერ განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა და საკონტროლო შესყიდვა, ვინაიდან მეწარმემ უარი განაცხადა აღნიშნული პროცედურების ჩატარებაზე, ასევე არ იქნა წარმოდგენილი აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი სააღრიცხვო დოკუმენტები. შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ვინაიდან, გადასახადის გადამხდელმა უარი განაცხადა მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელებაზე, შემოწმების მიერ, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი მიჩნეულ იქნა ნულად. არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე შესამოწმებელ პერიოდში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი რეალიზებულ იქნა (21%-იანი დეკლარირებული ფასნამატით) დღგ-ის დეკლარაციებით ბრუნვების პროპორციულად შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში. ამასთან, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საშემოსავლო გადასახადის 2021, 2022 და 2023 წლების დეკლარაციაში უფიქსირდება ხარჯი (5 294 ლარი), რომელიც არ არის დოკუმენტურად დადასტურებული. ასევე შემოსავლების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას გაიზარდა საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი და შესაბამისად განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთების კორექტირება.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ითხოვს საკითხი მისი მონაწილეობით ხელახლა იქნეს განხილული აუდიტის დეპარტამენტში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 25 სექტემბრის №20895 ბრძანება;
3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დამატებული ღირებულების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;
2. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის საქმიანობაა ველოსიპედებით და სათამაშოებით ვაჭრობა. მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელმა უარი განაცხადა მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელებაზე. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი მიჩნეულ იქნა ნულად. შესამოწმებელ პერიოდში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი რეალიზებულ იქნა დეკლარირებული ფასნამატით (21%) დღგ-ის დეკლარაციებით ბრუნვების პროპორციულად შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში. ამდენად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა სულ გაიზარდა 761 328 ლარით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 25 სექტემბრის №20895 ბრძანება;
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 302(6);