გადაწყვეტილება №24732/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.03.2025
№ დოკუმენტი 24732/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24732/2/2025

10 მარტი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --------ი (ს/ნ ---------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- ის 11.02.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24732/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 19.09.2024 წლის №20576 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2024 წლის №024-79 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 28.01.2025 წლის №760 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 128 507.92 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 74 244

ჯარიმა - 37 121

საურავი - 17 142.92

 

ფაქტების აღწერა

საწარმოს საქმიანობაა საერთაშორისო გადაზიდვები საკუთარი ავტოტრანსპორტით.

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.04.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2023 წლის შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელს საბუღალტრო მონაცემებში შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში უფიქსირდება დამფუძნებლის/დირექტორის მიმართ ვალდებულება 555 018 ლარი, პერიოდის ბოლოს 137 458 ლარი. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, კაპიტალის შევსება მოხდა ფულადი ფორმით (მტკიცებულება არ წარმოუდგენია), ხოლო უშუალოდ შესამოწმებელ პერიოდში საწარმო სხვაობას 417 560 ლარს უხდის/უბრუნებს დამფუძნებელს/დირექტორს. შესწავლილ იქნა აღნიშნული ვალდებულების და შემდგომში ვალდებულებების შემცირების მიზნით გადახდილი თანხების მართლზომიერება, დამუშავდა ძველი პერიოდის დეკლარირებული მონაცემები, რის საფუძველზეც ვერ დადგინდა ნაშთად დაფიქსირებული ვალდებულებების კანონზომიერება.

შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე, დამფუძნებელი/დირექტორისადმი გადახდილი თანხები დაკვალიფიცირდა ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. კომპანიას ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის №32743 ბრძანება და №024-104 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 27.02.2024 წლის №4178 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

1. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, წარდგენილი დოკუმენტაციის/მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

2. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, სამივლინებო ხარჯად გაითვალისწინოს საწარმოს მიერ „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებით განსაზღვრული ნორმის ფარგლებში გაწეული სამივლინებო ხარჯი და აღნიშნულის გათვალისწინებით უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 27.02.2024 წლის №4178 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 ივლისის დასკვნის მიხედვით, შემცირებას დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადი 6 886 ლარი და ჯარიმა 1 344 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 26 ივლისის №17477 ბრძანება და №024-56 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 27.02.2024 წლის №4178 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 19.06.2024 წლის №22426/2/2024 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, საჩივარი, საწვავის ღირებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრასთან დაკავშირებით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 19.09.2024 წლის №20576 ბრძანებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საწვავის ხარჯების განსაზღვრა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით (მ.შ. ცალკეული მარკის სატრანსპორტო საშუალების საწვავის ხარჯვის ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით) და აღნიშნულის შესაბამისად განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 19.09.2024 წლის №20576 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 დეკემბრის დასკვნის მიხედვით, შემცირებას დაექვემდებარა სულ 52 944 ლარი, მათ შორის: გადასახადი 33 896 ლარი და ჯარიმა 19 048 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 20 დეკემბრის №26736 ბრძანება და №024-79 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 28.01.2025 წლის №760 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 306-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით, მიუთითა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე და აღნიშნა, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის 19.09.2024 წლის №20576 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილია ცხრილი exel-ის ფორმატში, რომლითაც დგინდება კომპანიის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით განხორციელებული რეისები და დახარჯული საწვავების ოდენობა, რომლებზედაც არ არსებობს საგადასახადო ანგარიშფაქტურა და შესაბამისად აღნიშნული თანხა დაემატა სალაროს ფულის ნაშთს, სამწუხაროდ აუდიტის დეპარტამენტმა არ გაითვალისწინა ზემოაღნიშნული ცხრილი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 19.06.2024 წლის №22426/2/2024 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, საჩივარი, საწვავის ღირებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრასთან დაკავშირებით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 19.09.2024 წლის №20576 ბრძანებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საწვავის ხარჯები განსაზღვრა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით (მ.შ ცალკეული მარკის სატრანსპორტო საშუალების საწვავის ხარჯვის ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით) და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 19.09.2024 წლის №20576 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 17 დეკემბერს გამოცემული დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა არ წარადგინა ცალკეული მარკის სატრანსპორტო საშუალების საწვავის ხარჯვის ტექნიკური მახასიათებლები, ამიტომ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია მოპოვებული იქნა მასობრივ საინფორმაციო წყაროებში. კერძოდ, გათვალისწინებულ იქნა --- ტიპის სატრანსპორტო საშუალების საწვავის წვის ნორმა, რომელიც შეადგენს 21,26/100 კილომეტრზე და დამატებული იქნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 18 აპრილის №230 ბრძანებით გათვალისწინებული ნორმა, 25%-იანი ცდომილება, რაც ჯამში შეადგენს 26,575 ლიტრს 100 კილომეტრზე. აღნიშნულის შესაბამისად განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება)სულ 52 944 ლარით, მათ შორის: გადასახადი 33 896 ლარი და ჯარიმა 19 048 ლარი.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს/მტკიცებულებებს, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 19.09.2024 წლის №20576 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება,წარმოადგენს იმავე შინაარსის საჩივარს, რომელზეც ნამსჯელი და მიღებულია დავების განხილვის საბჭოს 19.06.2024 წლის №22426/2/2024 გადაწყვეტილება.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას და მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19.09.2024 წლის №20576 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის №20576 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.04.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2023 წლის შემოწმების აქტში.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №32743 ბრძანება და №024-104 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.შემოსავლების სამსახურის №4178 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის №4178 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 ივლისის დასკვნის მიხედვით, შემცირებას დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადი 6 886 ლარი და ჯარიმა 1 344 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №17477 ბრძანება და №024-56 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №4178 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს №22426/2/2024 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, საჩივარი, საწვავის ღირებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრასთან დაკავშირებით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის №20576 ბრძანებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საწვავის ხარჯების განსაზღვრა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით (მ.შ. ცალკეული მარკის სატრანსპორტო საშუალების საწვავის ხარჯვის ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით) და აღნიშნულის შესაბამისად განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის №20576 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 დეკემბრის დასკვნის მიხედვით, შემცირებას დაექვემდებარა სულ 52 944 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 20 დეკემბრის №26736 ბრძანება და №024-79 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №760 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას და მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის №20576 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304( 21);