ბრძანება N 22776
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 22776
12 ოქტომბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს„-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 18 სექტემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 30 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №89) განიხილა შპს -----“ (ს/ნ -----) №104673/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 10 სექტემბრის №----- საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
2. ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების საშემოსავლო გადასახდით დაბეგვრა.
3. საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 11 მაისის №10353 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2025 წლის პირველი სექტემბრისდან 2026 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 8 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 10 სექტემბრის №20105 ბრძანება და ამავე თარიღის №---- საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა 800 811 ლარი:
მათ შორის:
გადასახადი - 496 104 ლარი
დღგ - 493 985
საშემოსავლო გადასახადი - 2 119
ჯარიმა- 247 294
საურავი-57 313
საკითხი N1.
აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:
შპს „----“ საქმიანობას წარმოადგენს სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში რეგიონებში საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა. აღნიშნულ მომსახურებას კომპანია ახორციელებს გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირების (მეწარმეების) მეშვეობით. კომპანიამ წარმოადგინა საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის პროგრამა „----“. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე არსებული და გადასახადის გადამხდელისგან მიღებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 5 453 670 ლარი, საიდანაც მხოლოდ 2 707 337 ლარი იყო დეკლარირებული. შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა
2 746 333 ლარით. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ მობილიზებული ჰქონდა თანხები და ეტაპობრივად ცდილობდა დეკლარაციების კორექტირებას დავალიანების გასწორების მიზნით. თუმცა განმარტავს, რომ კომპანიის დირექტორს, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული ფინანსური ანგარიშგებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის პროცესში, წარმოეშვა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები და ფიზიკურად ვეღარ შეძლო დეკლარაციების შედგენა, ვინაიდან, მხოლოდ დირექტორის მიერ დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ხდებოდა დეკლარაციის წარდგენა. ამასთან, გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი შეიცავს ფორმალურ უსწორობებს, კერძოდ, მისთვის გაუგებარია აქტის რომელი ნაწილით უნდა მოხდეს დავალიანების დაანგარიშება, მსჯელობის ნაწილით, სადაც დღგ-ის ნაწილში დარიცხულ თანხად მითითებულია 494 340 ლარი, თუ ჯამურ შედეგებში მითითებული მონაცემებით. გადასახადის გადამხდელი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოებები აქტის გაუქმების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.
გადასახადის გადამხდელი ასევე განმარტავს, რომ 2013 წლიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაიწყო „საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის“ პროგრამა, რომლის ფარგლებში ტრანსპორტი ემსახურება ყველა იმ მოსწავლეს, რომელსაც აქვს სკოლამდე მანძილის დაფარვის, რთული კლიმატური და გეოგრაფიული პირობების გამო გადაადგილების პრობლემა, ასევე იმ მოსწავლეებს, რომლებიც სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გადაყვანილი არიან ახლომდებარე სკოლებში. მიუთითებს, რომ 2013 წლიდან აქტიურად ჩაერთო აღნიშნულ პროგრამაში და მონაწილეობა მიიღო სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში, სადაც ხშირ შემთხვევაში იმარჯვებდა. აცხადებს, რომ მის მიერ გაცხადებული სატენდერო ფასის მეშვეობით სახელმწიფომ დაზოგა 2 400 000 ლარი. თუმცა, კომპანიის კეთილსინდისიერმა და პასუხისმგებლიანმა დამოკიდებულებამ ფინანსური სირთულეები შექმნა, ვინაიდან ტენდერებში შეთავაზებული ფასები არ იყო გათვლილი გაუთვალისწინებელ შემთხვევებზე, რომელიც მრავლად აღმოჩნდა. კერძოდ, ხშირ შემთხვევებში თავი იჩინა სკოლების რემონტის გახანგრძლივებულმა ვადებმა, რის გამოც ხელშეკრულებით გათვალისწინებული მარშუტები იცვლებოდა და შეთანხმებულზე მეტ მანძილზე უწევდა კომპანიას მომსახურების გაწევა, შესაბამისად ეზრდებოდა ხარჯები და მიდიოდა ზარალზე.
შემოსავლების სამსახური:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადისგადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შპს „-----“ საქმიანობას წარმოადგენდა სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში რეგიონებში საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა. აღნიშნულ მომსახურებას ახორციელებდა გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირების (მეწარმეების) მეშვეობით. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა
5 453 670 ლარი, საიდანაც მხოლოდ 2 707 337 ლარი იყო დეკლარირებული. შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 2 746 333 ლარით.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან, საგადასახდო შემოწმების აქტში, დღგ-ის ნაწილში არსებულ ფორმალურ უზუსტობებთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც ირკვევა რომ, დღგ-ის ნაწილში შემოწმების მიერ განსაზღვრულმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 494 340 ლარი, თუმცა აღნიშნული თანხა შემცირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხებით. შედეგად, დასარიცხმა თანხამ შეადგინა 493 985 ლარი. ამდენად, შემოწმება განმარტავს, რომ აღნიშნული წარმოადგენს სხვაობის მიზეზს.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკითხი N2.
აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:
გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული საბანკო ამონაწერებით გამოვლინდა, რომ კომპანიას უფიქსირდებოდა გადახდები ისეთ მძღოლებზე, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად. ჯამში გადახდილი აქვს 8 470 ლარი თუმცა, აღნიშნული თანხა არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275- ე მუხლის მიხედვით.
მომჩივნის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახდო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ კომპანიას დაწყებული ჰქონდა ხარვეზის გამოსწორება, რაც ნათლად იკვეთება საგადასახადო შემოწმების აქტითაც, ვინაიდან, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხვა მინიმალურია. მომჩივანი მიიჩნევს, რომ შემოწმებას უნდა გაეთვალისწინებინა წინა შემოწმების შედეგები, რადგან დროის მცირე მონაკვეთში კომპანიამ შეძლო ათასობით ფიზიკური პირის მონაცემების გადამოწმება და დაკორექტირება. მიუთითებს, რომ მხოლოდ 2 პირზე ტექნიკურად გამორჩა კორექტირება, რაც უახლოეს მომავალში აღმოიფხვრებოდა. ამასთან, გადასახადის გადამხდელისთვის გაუგებარია რატომ ხდება კომპანიის მიყოლებით შემოწმება და რატომ არ ეძლევა შესაძლებლობა გამოასწოროს წინა შემოწმებით გამოვლენილი ხარვეზები.
შემოსავლების სამსახურის პოზიცია:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვითაც შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას უფიქსირდებოდა გადახდები ისეთ მძღოლებზე, რომლებიც არ იყვნენ რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად. ჯამში გადახდილი ჰქონდა 8 470 ლარი თუმცა, აღნიშნული თანხა არ ჰქონდა დაბეგრილი გადახდის წყაროსთან.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკითხი N3.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი განმარტავს, რომ წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელს და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს შეფარდებული სანქციისგან გათავისუფლებას.
შემოსავლების სამსახური:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
2. ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების საშემოსავლო გადასახდით დაბეგვრა.
3. საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში რეგიონებში საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა, რასაც ის ახორციელებს გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირების (მეწარმეების) მეშვეობით. წარმოდგენილი და საგადასახადო ორგანოს ხელთ არსებული ინფორმაციის შესწავლით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 5 453 670 ლარი, საიდანაც დეკლარირებული იყო მხოლოდ 2 707 337 ლარი. შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 2 746 333 ლარით, რის გამოც გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა. გარდა ამისა, გადამხდელის მიერ მოწოდებული საბანკო ამონაწერებით გამოვლინდა, რომ კომპანიას ჰქონდა გადახდები გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ მძღოლებზე, ჯამში 8 470 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდის წყაროსთან არ დაბეგრილა, რის გამოც გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:158;159;163;164;101;154;275