ბრძანება N 2405

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 06.02.2026
№ დოკუმენტი 2405
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2405

06 თებერვალი 2026

ბრძანება

შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )

(მის.: „--------“)

საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ“

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 23 დეკემბრის №28115

ბრძანების განმარტებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 29 იანვარს გამართულ სხდომაზე (ოქმი №8) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) 2026 წლის 13 იანვრის №99910/1/2026 კორესპონდენცია შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 23 დეკემბრის №28115 ბრძანების განმარტებასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 23 დეკემბრის №28115 ბრძანების განმარტებას. აცხადებს, რომ შემოწმებას ისედაც არაპირდაპირი მეთოდით ჰქონდა გაანგარიშებული საგადასახადო ვალდებულებები. მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის დავალება შესაძლოა გულისხმობდეს ხარჯად, ანუ გადახდილ თანხად ჩაითვალოს შესყიდული საქონლის ყველა ერთეულზე, წლის განმავლობაში მინიმალურ ფასად შესყიდული საქონლის ღირებულება, როგორც ეს ბრძანების სამოტივაციო ნაწილში მითითებულ სიტუაციურ სახელმძღვანელოშია განხილული. ასევე, აღნიშნავს, რომ წარდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი ითხოვდა, რომ შესადარისი კომპანიების აუდირებულ ფასებთან შედარებისას, 10%-ის ფარგლებში არსებული სხვაობების შემთხვევაში, საინვოისო ღირებულებები სრულად ჩათვლილიყო გადახდილად.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით დგინდება შემდეგი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“ ) საჩივრები შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 12 აგვისტოს №063-27 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 23 დეკემბრის №28115 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნულია შემდეგი:

1. შპს „--------“ (ს/ნ „--------“ ) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულების ხარჯში გათვალისწინებისას, იხელმძღვანელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა გადასახადის გადამხდელის კორესპონდენცია და მიუთითა, რომ გადაწყვეტილების განმარტება ნიშნავს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტებას და მის აღსრულებადობას უკავშირდება. გადაწყვეტილების განმარტება ხდება მაშინ, როდესაც მისი აღსრულება ვერ ხერხდება სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანების, ორაზროვნების ან მისი გაგების/აღსრულების სხვაგვარად გართულების გამო.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 307-ე მუხლზე, რომლის თანახმად:

1. მომჩივანსა და საგადასახადო ორგანოს უფლება აქვთ, მიმართონ დავის განმხილველ ორგანოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების განმარტების მიზნით.

2.დავის განმხილველი ორგანო გადაწყვეტილების განმარტებისას ხელმძღვანელობს იმავე ვადებით, რომლებიც დადგენილია საჩივრის განხილვისათვის.

3. განმარტება გადაწყვეტილების განუყოფელი ნაწილია და იგი ეგზავნება დავაში მონაწილე პირებსა და ორგანოებს.

4. გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგ მისი განმარტება დაუშვებელია.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილების 41-ე მუხლის თანახმად:

1. დავის განმხილველი ორგანო მხარის შუამდგომლობის საფუძველზე წერილობით განმარტებას უგზავნის მოპასუხესა და მომჩივანს.

2. განმარტებაში უნდა აისახოს გადაწყვეტილების სადავო ნაწილი, დასმული შეკითხვა და დავის განმხილველი ორგანოს განმარტება.

3. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება არ საჭიროებს განმარტებას, დავის განმხილველი ორგანო ამის შესახებ აცნობებს განმარტების მომთხოვნ პირს.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ 2025 წლის 23 დეკემბრის №28115 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის მიხედვით:

„სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულების ხარჯში გათვალისწინებისას, იხელმძღვანელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).“

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით ამავე ბრძანების სამოტივაციო ნაწილში მითითებულია სამართლებრივი ნორმები, ფაქტობრივი გარემოებები და არგუმენტაცია, რომლებსაც შემოსავლების სამსახური დაეყრდნო საკითხის სამართლებრივი შეფასების და გადაწყვეტილების მიღებისას.

ზემოაღნიშნულ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ბრძანების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილში აღწერილი გარემოებები ნათლად მიუთითებს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსზე. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ 2025 წლის 23 დეკემბრის №28115 ბრძანების შინაარსი არ შეიცავს ბუნდოვანებას და არ არსებობს მისი განმარტების საჭიროება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 307-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „--------“ (ს/ნ „--------“) მოთხოვნა შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 23 დეკემბრის №28115 ბრძანების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურის ბრძანების განმარტებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით დგინდება რომ მომჩივანის საჩივრები შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 12 აგვისტოს №063-27 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 23 დეკემბრის №28115 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ 2025 წლის 23 დეკემბრის №28115 ბრძანების შინაარსი არ შეიცავს ბუნდოვანებას და არ არსებობს მისი განმარტების საჭიროება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5),307