გადაწყვეტილება № 6151/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.11.2025
№ დოკუმენტი 6151/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 6151/2/2025

27 ნოემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 10.11.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26151/2/2025).

 

დავის საგანი:

1. შეძენილ საქონელზე ზედმეტად გადარიცხული თანხის ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად, ხოლო, ფიზიკური პირის მიერ უპროცენტო სესხის შედეგად მიღებული სარგებლის - უსასყიდლო მომსახურების გაწევად კვალიფიკაცია და მოგების გადასახადით დაბეგვრა;

2. ფიზიკური პირის მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2025 წლის №007-131 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 21.10.2025 წლის №22866 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 77 174,39 ლარი.

მათ შორის

გადასახადი - 43 319,22

მოგების გადასახადი - 41 419,22

საშემოსავლო გადასახადი - 1 900,00

ჯარიმა - 21 609,60

საურავი - 12 245,57

 

პროცედურული გარემოებები

საწარმოს საქმიანობაა ------- გამგეობებთან სახელმწიფო შესყიდვების გზით გაფორმებული კონტრაქტების საფუძველზე დაკრძალვის და მასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 6.03.2014 წელს, დღგ-ის გადამხდელად - 30.08.2016 წელს.

აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2025 წლის №007-131 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 21.10.2025 წლის №22866 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. შეძენილ საქონელზე ზედმეტად გადარიცხული თანხის ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად, ხოლო, ფიზიკური პირის მიერ უპროცენტო სესხის შედეგად მიღებული სარგებლის - უსასყიდლო მომსახურების გაწევად კვალიფიკაცია და მოგების გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების პროცესში დამუშავდა ერთიანი საინფორმაციო სისტემის და სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს ელექტრონულ გვერდზე არსებული მონაცემები. გადასახადის გადამხდელი თანამშრომლობდა შემოწმების პროცესში, დროულად წარმოადგინა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 2 მაისის №8504 ბრძანებით 2025 წლის 8 მაისს ჩატარებული „სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურით“ გამოვლინდა, რომ საწარმოს სალაროში არ უფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი.

საწარმო არ აწარმოებს ბუღალტერიას დადგენილი წესის შესაბამისად. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის (საბანკო ამონაწერები) და გასს-ის მონაცემების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ი/მ ----- (ს/ნ ------) დოკუმენტურად შეძენილი აქვს 256 305 ლარის საქონელი, ხოლო გადარიცხულია ჯამურად 438 300 ლარი. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, თანხის სხვაობა (181 995 ლარი) არ არის დაკავშირებული კომერციულ საქმიანობასთან.

აღნიშნული თანხა ჩაითვალა ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად, ხოლო, ფიზიკური პირის მიერ უპროცენტო სესხის შედეგად მიღებული სარგებელი - უსასყიდლოდ მომსახურების გაწევად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, მე-8 ნაწილზე, 983 მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ განხორციელებული ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, მისი კვალიფიკაციის შეცვლა და ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად, ხოლო მიღებული სარგებლის უსასყიდლოდ მომსახურების გაწევად განხილვა, რამაც გამოიწვია საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მოგების გადასახადის ნაწილში, მართლზომიერია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ მოგების გადასახადში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება არც დარიცხვას და არც გადაწყვეტილებას. ითხოვს დარიცხული თანხის სრულად გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, ასევე უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 18.11.2025 წლის №----- წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემების მონაცემებით პირი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 6.03.2014 წელს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 30.08.2016 წელს. საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს ქ. ------ გამგეობებთან სახელმწიფო შესყიდვების გზით გაფორმებული კონტრაქტების საფუძველზე დაკრძალვის და მასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა. შემოწმების პროცესში დამუშავებულ იქნა ერთიანი საინფორმაციო სისტემის და სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს ელექტრონულ გვერდზე არსებული მონაცემები. გადასახადის გადამხდელი თანამშრომლობდა შემოწმების პროცესში, დროულად წარმოადგინა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 2 მაისის №8504 ბრძანებით 2025 წლის 8 მაისს ჩატარებული „სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურით“ გამოვლინდა, რომ საწარმოს სალაროში არ უფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი. საწარმო არ აწარმოებს ბუღალტერიას დადგენილი წესის შესაბამისად. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის (საბანკო ამონაწერები) და გასს-ის მონაცემების შესწავლის შედეგად დადგინდა, შპს „------“-ს (ს/ნ -------) მიერ შესამოწმებელ პერიოდში ი/მ „-------“-სგან (ს/ნ -------) დოკუმენტურად შეძენილია 256 305 ლარის საქონელი, ხოლო ბანკით გადარიცხულია ჯამურად 438 300 ლარი. გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ახსნა-განმარტება, სადაც განმარტავს, რომ გადარიცხული თანხის სხვაობა (181 995 ლარი) არ არის დაკავშირებული კომერციულ საქმიანობასთან. შემოწმების მიერ აღნიშნულ ოპერაციას საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე შეეცვალა კვალიფიკაცია და განხილულ იქნა ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად. ხოლო, ფიზიკური პირის მიერ უპროცენტო სესხის შედეგად მიღებული სარგებელი - უსასყიდლოდ მომსახურების გაწევად და საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაიბეგრა მოგების გადასახადით. საგადასახადო შემოწმების მიერ შესამოწმებელ პერიოდში გაიზარდა მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, ასევე მომჩივნის არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ მომჩივანი ვერ უთითებს თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2. ფიზიკური პირის მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების შედეგად გამოვლინდა სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. კერძოდ, დგინდება, რომ 2022-2025 წლებში საბანკო ამონაწერებით ფიზიკურ პირზე გაცემულია გაწეული მომსახურებისათვის გადახდილი თანხები. აღნიშნული განაცემები დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე2 ნაწილის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ შემოწმების შედეგად გამოვლინდა სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზას შორის და განმარტავს, რომ შემოწმების მიერ 2022-2025 წლებში ფიზიკური პირის მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საშემოსავლო გადასახადში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება არც დარიცხვას და არც გადაწყვეტილებას. ითხოვს დარიცხული თანხის სრულად გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას, გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 18.11.2025 წლის №------ წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები (სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ბიუჯეტში გადახდილი თანხების ოდენობა), ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერები და სხვა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია. შემოწმების შედეგად გამოვლინდა სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. კერძოდ, დგინდება, რომ 2022-2025 წლებში საბანკო ამონაწერებით გაცემულია ფ/პირის მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადახდილი თანხები. აღნიშნული განაცემები საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. შპს „------“-ს (ს/ნ ------) დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, ასევე მომჩივნის არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ მომჩივანი ვერ უთითებს თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. შეძენილ საქონელზე ზედმეტად გადარიცხული თანხის ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად, ხოლო, ფიზიკური პირის მიერ უპროცენტო სესხის შედეგად მიღებული სარგებლის - უსასყიდლო მომსახურების გაწევად კვალიფიკაცია და მოგების გადასახადით დაბეგვრა;

2. ფიზიკური პირის მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს საქმიანობაა გამგეობებთან სახელმწიფო შესყიდვების გზით გაფორმებული კონტრაქტების საფუძველზე დაკრძალვის და მასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა.

შემოწმების პროცესში დამუშავებულ იქნა ერთიანი საინფორმაციო სისტემის და სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს ელექტრონულ გვერდზე არსებული მონაცემები. ჩატარებული „სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურით“ გამოვლინდა, რომ საწარმოს სალაროში არ უფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი. საწარმო არ აწარმოებს ბუღალტერიას დადგენილი წესის შესაბამისად. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის (საბანკო ამონაწერები) და გასს-ის მონაცემების შესწავლის შედეგად დადგინდა, შპს-ს მიერ შესამოწმებელ პერიოდში ი/მ-სგან დოკუმენტურად შეძენილია 256 305 ლარის საქონელი, ხოლო ბანკით გადარიცხულია ჯამურად 438 300 ლარი. შემოწმების მიერ აღნიშნულ ოპერაციას შეეცვალა კვალიფიკაცია და განხილულ იქნა ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად. ხოლო, ფიზიკური პირის მიერ უპროცენტო სესხის შედეგად მიღებული სარგებელი - უსასყიდლოდ მომსახურების გაწევად და შესაბამისად დაიბეგრა მოგების გადასახადით. საგადასახადო შემოწმების მიერ შესამოწმებელ პერიოდში გაიზარდა მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა.

შემოსავლების სამსახურის №22866 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 154(1,2);275(2):