ბრძანება N 19244

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.08.2024
№ დოკუმენტი 19244
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 19244

23 აგვისტო 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“-ის (ს/ნ -----------------)

(ფაქტ. მის.: ----------------------------;

იურ. მის.: ------------------------------)

2024 წლის 29 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 8 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №86) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ -----------------) 2024 წლის 29 ივლისის №91076/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 ივლისის №001-143 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილი სალაროს არაგონივრულ ნაშთის პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ ბუღალტრულ აღრიცხვაში დაფიქსირებული ნაშთიდან 2024 წლის 25 თებერვალს, 22 მარტსა და 18 აპრილს არარეზიდენტ მომწოდებელს (-----------) ავანსად გადაუხადა სულ 143 000 აშშ დოლარი (382 879 ლარი). შესაბამისად, აღნიშნული თანხა ვერ იქნებოდა ნაშთად კომპანიაში ინვენტარიზაციის ჩატარების მომენტში. აცხადებს, რომ საქონლის შერჩევისა და ტრანსპორტირების უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილი იყო დირექტორის ვიზიტი -------ის რესპუბლიკაში ივნისის თვეში. შემოწმების მიმდინარეობის გამო დირექტორის ვიზიტი გადაიდო, შესაბამისად საქონლის მოწოდება შეფერხდა. აღნიშნულის დამადასტურებლად წარმოადგენს თანხის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს და -----ის რესპუბლიკაში გამგზავრების მიზნით შეკვეთილ და შეცვლილ ბილეთებს. აღნიშნავს, რომ შესაძლოა დავის განხილვის პროცესში მიღებულ იქნეს საქონელი არარეზიდენტი მომწოდებლისგან (-----ის რესპუბლიკიდან), რაც დაადასტურებს სალაროში არსებული ნაშთის მიზნობრივად გაცემას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირება/შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 მაისის №11556 და 2024 წლის 28 ივნისის №15246 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“-ის (ს/ნ -----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 7 თებერვლიდან 2024 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 21 მაისის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 28 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2024 წლის 5 ივლისის №15932 ბრძანება და ამავე თარიღის №001-143 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 144 111 ლარი, მათ შორის, გადასახადი 88 741 ლარი, ჯარიმა 50 464 ლარი, საურავი 4 906 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შპს „------“ გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2023 წლის 7 თებერვლიდან. გადამხდელის ძირითადი ეკონომიკური საქმიანობის საგანს წარმოადგენს ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი საოჯახო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის საცალო რეალიზაცია. პირი ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს ქ. თბილისში, ------ის ქ. №--ში იჯარით აღებულ ფართში. შპს „----“ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვას ახდენს საბუღალტრო პროგრამა „ინფოში“ თანხობრივ ჭრილში, ხოლო საქონლის მოძრაობის აღსარიცხად იყენებს პროგრამა „----ს“.

შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მონაცემების დამუშავებისა და „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის ბრძანება №22708 დანართი №9-ის „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების მიხედვით დგინდება, რომ პირს სალაროში უფიქსირდება არაგონივრული ნაშთი ყოველი თვის ბოლოს, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, 2024 წლის 1 მარტის მდგომარეობით, არაგონივრული ნაშთი დადგენილია 394 995 ლარის ოდენობით (საკასო ხარჯებისა და საკასო შემოსავლების 10%-ის გათვალისწინებით).

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 21 მაისის №11545 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სალაროს ინვენტარიზაციის მონაცემებით, 21 მაისის მდგომარეობით, ქ. თბილისში, -------ის ქ. №------ში არსებულ ობიექტზე დათვლილმა ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 439,2 ლარი, ხოლო იმავე დღის მონაცემებით საბუღალტრო პროგრამაში 1110 ანგარიშზე დაფიქსირებული ფულის ნაშთია 459 402 ლარი.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101- ე, 154-ე მუხლების გათვალისწინებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დადგენილი ფულადი სახსრების ის ნაწილი, რომელიც აღემატება გონივრულ ნაშთს, დაკვალიფიცირდა პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე, გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. შედეგად, 493 744 ლარით (394 995/0.8) გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შემოწმებით, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

ამასთან, გადასახადის გადამხდელს მიეცა რეკომენდაცია 2024 წლის 1 მარტიდან და 2024 წლის 21 მაისამდე წარმოშობილი არაგონივრული ნაშთი, ფულადი სახსრების ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით, ასახოს შესაბამისი პერიოდის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციაში.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას, გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს, გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს სალაროში უფიქსირდება არაგონივრული ნაშთი ყოველი თვის ბოლოს, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, 2024 წლის 1 მარტის მდგომარეობით, არაგონივრული ნაშთი დადგენილია 394 995 ლარის ოდენობით (საკასო ხარჯებისა და საკასო შემოსავლების 10%-ის გათვალისწინებით). ამასთან, ჩატარებული სალაროს ინვენტარიზაციის მონაცემებით, 21 მაისის მდგომარეობით, ქ. თბილისში, -----ის ქ. №---ში არსებულ ობიექტზე დათვლილმა ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 439,2 ლარი, ხოლო იმავე დღის მონაცემებით საბუღალტრო პროგრამაში 1110 ანგარიშზე დაფიქსირებული ფულის ნაშთია 459 402 ლარი.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ავანსად გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაცია საბუღალტრო პროგრამაში ასახული არ არის, შესაბამისად პოტენციური არარეზიდენტი მომწოდებლის შესახებ ინფორმაცია (რომლის რეზიდენტობაც შემოწმებისთვის ცნობილი არ ყოფილა) შემოწმებისთვის მიწოდებული არ ყოფილა. ამასთან, დაფუძნებიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე პირი ახორციელებს მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე შეძენა-რეალიზაციის ოპერაციებს და 2024 წლის 5 აგვისტოს მდგომარეობითაც კი საბაჟოზე იმპორტირებული საქონელი არ ფიქსირდება, ხოლო არაგონივრული ნაშთი დაბეგრილია შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს - 2024 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდში. საბუღალტრო პროგრამისა და მოწოდებული ინფორმაციის შესწავლის შედეგად ასევე დგინდება, რომ პირს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ყოველი თვის ბოლოს უფიქსირდება გარკვეული რაოდენობის არაგონივრული ნაშთი (საშუალოდ 30 000 ლარამდე ოდენობით), აღნიშნულთან დაკავშირებით ყოველი საანგარიშო პერიოდის თვის დასაწყისში ხდებოდა კაპიტალის შემცირება და მომდევნო დღეს ხელახლა გაზრდა სალაროს ოპერაციებით, რათა სალაროში ნაშთის ოდენობა დაფიქსირებულიყო გონივრულ ფარგლებში. აღნიშნული ოპერაციები გონივრული ნაშთის განსაზღვრის დროს მონაწილეობას არ იღებენ. მოწოდებული ინფორმაციით აგრეთვე ირკვევა, რომ პირს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწესდებო კაპიტალის ნაშთი აღარ უფიქსირდება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებით სალაროს არაგონივრული ნაშთის დადგენა, აღნიშნულის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცია და შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით გადასახადის გადამხდელს დღემდე არ უფიქსირდება საბაჟო ოპერაციები, საქონლის იმპორტი. ასევე, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“-ის (ს/ნ -----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილი სალაროს არაგონივრულ ნაშთის პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირება/შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №11556 და №15246 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 7 თებერვლიდან 2024 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 21 მაისის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ №15932 ბრძანება და №001-143 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 144 111 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მონაცემების დამუშავებისა და „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის ბრძანება №22708 დანართი №9-ის „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების მიხედვით დგინდება, რომ პირს სალაროში უფიქსირდება არაგონივრული ნაშთი ყოველი თვის ბოლოს, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, 2024 წლის 1 მარტის მდგომარეობით, არაგონივრული ნაშთი დადგენილია 394 995 ლარის ოდენობით (საკასო ხარჯებისა და საკასო შემოსავლების 10%-ის გათვალისწინებით).

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №11545 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სალაროს ინვენტარიზაციის მონაცემებით, მომჩივანის ერთერთ ობიექტზე დათვლილმა ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 439,2 ლარი, ხოლო იმავე დღის მონაცემებით საბუღალტრო პროგრამაში 1110 ანგარიშზე დაფიქსირებული ფულის ნაშთია 459 402 ლარი.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101- ე, 154-ე მუხლების გათვალისწინებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დადგენილი ფულადი სახსრების ის ნაწილი, რომელიც აღემატება გონივრულ ნაშთს, დაკვალიფიცირდა პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე, გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. შედეგად, გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შემოწმებით, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

ამასთან, გადასახადის გადამხდელს მიეცა რეკომენდაცია 2024 წლის 1 მარტიდან და 2024 წლის 21 მაისამდე წარმოშობილი არაგონივრული ნაშთი, ფულადი სახსრების ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით, ასახოს შესაბამისი პერიოდის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციაში.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“ .2 „ა“ და „ბ“);