ბრძანება N 4765
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 4765
13.03.2023
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(ფაქტ. მის.: ---------- ;
იურ. მის.: ----------)
2021 წლის 21 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №14) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 7 ოქტომბრის №16513/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2021 წლის 21 ივლისის №14068/2/2021 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 24 ივნისის №001-217 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ბონუსების ღირებულების დღგ-ით დაბეგვრას და განმარტავს, რომ საწარმო ხელმძღვანელობდა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული №11121 სიტუაციური სახელმძღვანელოს 2018-2019 წლებში მოქმედი რედაქციით. შესაბამისად, მიღებულ ბონუსებს არ ბეგრავდა დღგ-ით, არ წერდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს და არ ხდებოდა მომწოდებლის მიერ დღგ-ის თანხის ანაზღაურება (ვალდებულებათა ურთიერთგაქვითვის წესით), ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ 2020 წლიდან დამტკიცებული იქნა №11121 სიტუაციური სახელმძღვანელოს ახალი ვერსია, საწარმო „ბონუსებს“ ბეგრავს დღგ-ით, წერს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს და დღგ-ს თანხას ინაზღაურებს მომწოდებლისგან (ვალდებულებათა ურთიერთგაქვითვის წესით). აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ს დარიცხვას 2018-2019 წლებში ბონუსის სახით მიღებულ შემოსავლებზე და მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს ამ ნაწილში დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები. გადამხდელის განმარტებით, ასევე აღსანიშნავია, რომ მომწოდებლისგან მიღებული „ბონუსების“ ნაწილი დაკავშირებულია კომპანიის მიერ საბაჟო საწყობში შეძენილ და მთლიანად რეექსპორტის რეჟიმით გატანილ საქონელთან, რომელიც არც შეძენის და არც მიწოდების შემთხვევაში არ წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას. აქედან გამომდინარე, არც ასეთი საქონლის შეძენასთან დაკავშირებული „ბონუსი“ არ უნდა წარმოადგენდეს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 10 თებერვლის №2712 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის 7 მარტიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 21 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2021 წლის 24 ივნისის №20489 ბრძანება და ამავე თარიღის №001-217 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 57 630 ლარი, მათ შორის, გადასახადი 35 208 ლარი, ჯარიმა 17 604 ლარი, საურავი 4 818 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2022 წლის 19 აპრილის №9987 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 24 ივნისის №001-217 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული ჯარიმისაგან და ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისათვის დარიცხული საურავისაგან.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 19 აპრილის №9987 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2022 წლის 7 ოქტომბრის №16513/2/2022 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 19 აპრილის №9987 ბრძანება და საჩივარი, ბონუსების ღირებულების დღგ-ით დაბეგვრის ნაწილში, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დეკლარირებულია 195 611 ლარით ნაკლები, კერძოდ, დეკლარირებული დასაბეგრი ბრუნვის შემადგენლობაში არ არის გათვალისწინებული შემდეგი ოპერაციები:
ერთ-ერთი მომწოდებლისგან გარკვეული სპეციფიკაციის საქონლის შეძენის მაღალი მაჩვენებლებისთვის მიღებული, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ე.წ. ბონუსების ღირებულება - 189 436 ლარი (2018 წლის ივლისი და დეკემბერი, 2019 წლის ივლისი და დეკემბერი);
გაწეული მარკეტინგული მომსახურების ღირებულება - 6 175 ლარი (2018 წლის დეკემბერი).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რამაც გამოიწვია შესაბამისი გადასახადის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე, ჯარიმის დარიცხვა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლზე, რომლის თანახმად:
1. საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ.
2. მომსახურების გაწევად განიხილება პირის მიერ სხვა პირისთვის მისივე ნებით, კომპენსაციის სანაცვლოდ ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადამხდელის მიერ დღგ-ის დეკლარაციაში არ არის გათვალისწინებული ერთ-ერთი მომწოდებლისგან გარკვეული სპეციფიკაციის საქონლის შეძენის მაღალი მაჩვენებლებისთვის მიღებული, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ე.წ. ბონუსები.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ბონუსის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა მხარეთა მიერ შესაბამისი ნების გამოვლენის შედეგად, რომელიც იწვევს შესაბამის იურიდიულ შედეგებს. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მიერ ნების გამოვლენის შედეგად წარმოიშობა სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც შპს „----------“ მიერ მხარეთა შორის შეთანხმებული მოქმედებების შესრულების შემთხვევაში, მომწოდებელს წარმოეშობა შეთანხმებული ფულადი ანაზღაურების გადახდის ვალდებულება. შესაბამისად, შპს „----------“ მიერ მომწოდებლისთვის გაიწევა მომსახურება, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის მიერ მიღებული „ბონუსის“ დღგ-ით დაბეგვრა და დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.