ბრძანება N 836
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 836
23 იანვარი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს “---”-ის (ს/ნ ---)
(მის.: --) 2023 წლის 19 და 25 დეკემბრის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს “---”-ის (ს/ნ ---) №86147/1/2023 და N86249/1/2023 საჩივრები, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 27 ნოემბრის №259-5 საგადასახადო მოთხოვნას (ბრძანება №002214). აღნიშნული საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 11 იანვრის სხდომაზე (ოქმი №2).
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივრებში განმარტავს, რომ დეკლარაცია დააზუსტა და არ უნდა მომხდარიყო თანხის დარიცხვა. ითხოვს მოთხოვნის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის დეკლარირების კანონშესაბამისობის სამმართველოს 2023 წლის 1 ნოემბერს პროგრამულ მოდულში დაეწერა შპს „---“-ის (ს/ნ ---) 2023 წლის სექტემბრის საანგარიშო პერიოდის დაუბეგრავი დოკუმენტების რისკი. შესწავლილ იქნა შპს „---“- ის 2023 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდის გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტები და ამავე პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია, რომლის შედეგადაც დეკლარირებულ მონაცემთან შედარებით გამოვლინდა სხვაობა 5081.19 ლარის დღგ-ის თანხა. 2023 წლის 2 ნოემბერს გადამხდელს გაეგზავნა შეტყობინება დასაბეგრი დოკუმენტების შესახებ რის შემდეგაც, შპს „---“-ის (ს/ნ ---) მიერ არ იქნა დაზუსტებული დღგ-ის დეკლარაცია და დასაბეგრ სხვაობაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე 2023 წლის 27 ნოემბერს N259-5 საგადასახადო მოთხოვნის და N002214 ბრძანების მიხედვით მოხდა 5081.19 ლარის დღგ-ის თანხის დარიცხვა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივრები და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა;
გ) საქონლის იმპორტი. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „ე“ პუნქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია:
ა) შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
გ) საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები;
ე) შეასრულოს საგადასახადო ორგანოს და მისი უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, აგრეთვე ხელი არ შეუშალოს ამ უფლებამოსილ პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირების მიერ შესწავლილ იქნა 2023 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტები. შედეგად გამოვლინდა სხვაობა 5081.19 ლარის დღგ-ის დასაბეგრი თანხა. მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორცილებელი უფლებამოსილი პირების მხრიდან მიუხედავად გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაციისა, მომჩივნის მიერ არ მომხდარა ზემოაღნიშნული თანხის შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო მოთხოვნა (ბრძანება) გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს “---”-ის (ს/ნ ---) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
2023 წლის 2 ნოემბერს გადამხდელს გაეგზავნა შეტყობინება დასაბეგრი დოკუმენტების შესახებ რის შემდეგაც, მომჩივნის მიერ არ იქნა დაზუსტებული დღგ-ის დეკლარაცია და დასაბეგრ სხვაობაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე 2023 წლის 27 ნოემბერს N259-5 საგადასახადო მოთხოვნის და N002214 ბრძანების მიხედვით მოხდა 5081.19 ლარის დღგ-ის თანხის დარიცხვა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 158; 159; 61.